უცხოური საწარმოს ფილიალი „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/814 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ნოემბერი 2016 18:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი- წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: უცხოური საწარმოს ფილიალი„ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №814) მიმართა უცხოური საწარმოს ფილიალმა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობამ“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 8 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
3. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.
5. №814 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სს „თბილისის თამბაქომ“ სარჩელი აღძრა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობისა“ და ასევე სხვა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის, მიუღებელი შემოსავლის, უსაფუძვლო გამდიდრებისა და მათზე დარიცხული პროცენტის სახით 92 000 000 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება. სს „თბილისის თამბაქოს“ განმარტებით, მოპასუხეები ახორციელებენ თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას და არღვევენ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნას.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვების შემოღება, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის №2301-რს დადგენილებით) მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხსენებული კონვენცია ითვალისწინებს, ზოგადად, მოსახლეობაში თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდების შეზღუდვას და არა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არღვევს როგორც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ასევე სცილდება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკურ აგენტებზე. არაჯანსაღ კონკურენციად მიიჩნევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და არა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია ან ფასწარმოქმნის სხვა რაიმე შეზღუდვა. მოსარჩელის აზრით, მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი ბაზარზე სუბიექტების თავისუფალი საქმიანობა და ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბება. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მეწარმის საქმიანობა იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც შეაფერხებს მეწარმის ნორმალურ ფუნქციონირებას.
8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღოს, მოსარჩელე აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.
3. №814 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ,,ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა“, რომლის სამართლებრივი ფორმაც არის უცხოური საწარმოს ფილიალი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი“, შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენს საწარმოს ფილიალს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ვერ ჩაითვლება იურიდიულ პირად. ამდენად, ვერ სრულდება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა - სარჩელი არ შემოუტანია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №814 შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5,მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №814 („უცხოური საწარმოს ფილიალი „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა