უცხოური საწარმოს ფილიალი „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N814 |
ავტორ(ებ)ი | ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა |
თარიღი | 5 აგვისტო 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი პირების მიერ, კონსტიტუციის მეორე თავით, გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით. სს „თბილისის თამბაქომ“ (საიდენტიფიკაციო კოდი N206093528) აღძრა სარჩელი „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის“ (საიდენტიფიკაციო კოდი N04067494), „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობის“ (საიდენტიფიკაციო კოდი N211401160), ასევე სხვა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის, მიუღებელი შემოსავლის, უსაფუძვლო გამდიდრების და მათზე დარიცხული პროცენტის სახით ჯამში 92 000 000 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება. სს თბილისის თამბაქოს განმარტებით, მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხე კომპანიების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებით, რაც სს თბილისის თამბაქოს აზრით გამოიხატა იმაში, თითქოს ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედი, ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა და სხვა მოპასუხეები ახორციელებენ თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას. მოსარჩელის აზრით, მოპასუხეები არღვევენ საქართველოს კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვიდაც: აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია „უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანით“. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების საერთო სასამართლოს მოსამართლის მიერ მოსარჩელის შეხედულებით განხორციელებულმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოსარჩელე მეწარმე სუბიექტის კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს. საქართველოს კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ძირითად უფლებებთან მიმართებაში. ამასთანავე გაცნობებთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნული კანონებიდან მითითებული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. სადავო საკითხთან მიმართებაში არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ასევე არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი რამე სხვა კანონი რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის მიზნით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს წინამდებარე კოსტიტუციური სარჩელის განსახილველად უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
- საქართველოს კანონის თამბაქოს კონტროლის შესახებ მე-5 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ი“ ქვეპუნქტის წინადადების ნაწილის - „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ (ნორმატიული შინაარსის) არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. საქართველოს კანონონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციასა და მოხმარების გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს მხოლოდ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით. ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვის მიზნებში მითითებულია, რომ აკრძალულია თამბაქოს რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის სამხედრო მოასამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანით. თავისმხრივ, კანონმდებელმა აღნიშნული შეზღუდვა პირველად დააწესა 2008 წლის 30 დეკემბრის ცვლილებით, რომელიც განახორციელა 2003 წლის 6 ივნისის საქართველოს კანონში „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ , მიუხედავად იმისა რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ 2010 წლის კანონმა 2003 წლის კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადა, აღნიშნული შეზღუდვა უცვლელად გაიზიარა და დღესაც ძალაში გახლავთ. კანონმდებლის მიერ 2008 წლის 30 დეკემბერს აღნიშნული შეზღუდვის შემოღების მიზანს წარმოადგენდა „ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის #2301-რს დადგენილებით) მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. მოპასუხის მიერ, ამ მხრივ, სამწუხაროდ, არასწორედ იქნა გაგებული კონვენციის მოთხოვნები და მისი პრევენციული მიზნები, რამაც კანონით რეგულირებული სუბიექტების კონსტიტუციური უფლებების შელახვა გამოიწვია. საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების და ცვლილებების შეტანის თაობაზე განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მე-5 მუხლში დამატებულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვა ელექტრონული ან მექანიკური მანქანების საშუალებით. (ეს საშუალებები საქართველოში არცაა განვითარებული), აგრეთვე იკრძალება თამბაქოს ნაწარმის გათამაშებების, ლატარიის, ლოტოს, მომგებიანი ან სხვა აზარტული თამაშების საშუალებით დარიგება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმით მონაწილეობა, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალი ფასებით, მათ შორის ჯარისკაცთა სადღეღამისო ულუფაში მისი შეტანა. აღნიშნული აკრძალვები, განმარტებითი ბარათის შინაარსიდან და კანონმდებლის მიზნებიდან გამომდინარე უნდა ეყრდნობოდეს კონვენციის მოთხოვნებს და წარმოადგენდეს გარკვეულ პრევენციულ ზომებს მოწევის შემცირების მიზნით, თუმცა ამ მხრივ სადავო ნორმა თავისი იმპერატიული მოთხოვნებით გასცდა არამხოლოდ კონსტიტუციით დაცული და აღიარებული ფუნდამენტური უფლებების ფარგლებს, არამედ ასევე ზემოთაღნიშნული ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს. კონვენციის მე-16 მუხლი, რომელიც შეეხება თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვანებისათვის ხელმისაწვდომობის შემცირებას, ითვალისწინებს ზოგადად მოსახლეობაში თამბაქოს ნაწარმის უფასო დისტრიბუციის შეზღუდვას და არა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლს. ტერმინის “ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად” შემოღებით მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტი აშკარად სცილდება კონვენციის მე-16 მუხლის ფარგლებს. კონვენციის მე-16 მუხლის მიზნების მიღწევა შესაძლებელია საქართველოს კანონის თამბაქოს კონტროლის შესახებ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სხვა დანაწესებითაც ისე, რომ არ შეილახოს მეწარმე სუბიექტების კონსტიტუციური თავისუფლებები. კონვენცია იცნობს სატარიფო და საგადასახადო ზომებით თამბაქოს მოხმარების შემცირებისათვის ბრძოლის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული რეგულაცია შეიძლება შეეხოს მხოლოდ სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას და არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ცალსახად და კონსტიტუციით დაცულ მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კანონით კონკურენციის შესახებ იკრძალება დომინანტური პოზიციის მქონე სუბიექტების მიერ ბაზარზე არასამართლიანი ფასების დაწესება, თუმცა არც ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედი და არც ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა დომინანტურის სტატუსით არ სარგებლობენ. არ შეიძლება და დაუშვებელია კონვენციის შემზღუდავი შესაძლებლობების იმგვარი გამოყენება და განმარტება, რაც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან და საფრთხის ქვეშ დააყენოს ამ უფლებათა დაცვის და დაფარვის ფარგლები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან აშკარაა, რომ უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვის მიზანი არ არის და არასოდეს ყოფილა მესამე პირთა - მითუმეტეს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელთა ეკონომიკური უფლებების დაცვა ან ამ უფლებათა სამართლებრივი უზრუნველყოფა. არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკურ აგენტზე ან თამბაქოს ნაწარმის რეალიზატორ სადისტრიბუციო კომპანიაზე. სადავო ნორმა ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელთან უშუალო შემხებლობაში მყოფ წინადადებას, რომლითაც დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამ ნორმაში გამოყენებული ტერმინი „მეწარმეობა“ (თავისუფალი მეწარმეობა), შინაარსობრივად იგივეა, რაც „სამეწარმეო“ საქმიანობა. სწორედ ამ ტერმინს იყენებს და მის განმარტებას იძლევა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“. ამ კანონის პირველი მუხლის, მეორე პუნქტის მიხედვით, „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“. სამეწარმეო საქმიანობის (იგივე მეწარმეობის) მონაწილე კი არის მეწარმე, რაც დადასტურებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ტერმინს „კონკურენცია“, ქართული ენის განმარტებითი და უცხო სიტყვათა ლექსიკონების მიხედვით ზოგადად გამოხატავს მეტოქეობას, ბრძოლას, უპირატესობის მოპოვებას რაიმე ასპარეზზე. ბუნებრივია, კონსტიტუციაში აღნიშნული ტერმინი უფრო კონკრეტული შინაარსისაა და მასში იგულისხმება ეკონომიკური კონკურენცია, რაც „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით არის „მეტოქეობა, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტები ცდილობენ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა კონკურენტებზე უფრო წარმატებით განახორციელონ, სთავაზობენ რა მომხმარებელს უკეთეს პირობებს ფასებთან, ხარისხთან, შეფუთვასთან, მომსახურების სტანდარტებთან და სხვა ეკონომიკურ მახასიათებლებთან დაკვშირებით“. კონსტიტუციის 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციის მხარდაჭერის კონსტიტუციური ნორმა თვალნათლივაა განვრცობილი კანონში „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“. აღნიშნული კანონის 1-3-ე თავებში, გათვალისწინებულია კონკურენციის შეზღუდვის ადმინისტრაციული და დისკრიმინაციული ბარიერების აკრძალვა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ძალიან კატეგორიულია სახელმწიფოს მიმართ. ნორმაში მკვეთრად არის გამოხატული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება (სახელმწიფო ვალდებულია...). აღნიშნული ნორმის განმარტება გულისხმობს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისათვის ხელის შეწყობას და ბაზარზე ზემოქმედების თანაბარი უფლებების დადგენას. თვით სახელმწიფოსაც არა აქვს უფლება ამ სფეროში რაიმე პრივილეგია დაიდგინოს ამ ურთიერთობის სხვა, კერძო სუბიექტებთან. მეწარმეობის თავისუფლება საქმიანობის საყოველთაო თავისუფლების გამოხატულება, შრომის თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მისმა მონაწილემ თავისუფლად უნდა გამოიყენოს თავისი პიროვნული და ქონებრივი შესაძლებლობები. კონკურენცია ორგანულად უკავშირდება მეწარმოებას, მეწარმეობის თავისუფლებას და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის საძირკველს. აღსანიშნავია ისიც, რომ არაჯანსაღ კონკურენციად მიიჩნევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და არა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია ან ფასთაწარმოქმნის სხვა რაიმე შეზღუდვა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო მესამე წინადადების თანახმად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. აქ განმტკიცებულია სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის ვალდებულება კონსტიტუციური პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისათვის ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ქმედებებით ხელი შეუწყოს ბაზარზე საწარმოს დაშვებას. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რაც საშუალებას მისცემს საწარმოს, შეუფერხებლად, ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. მეწარმეობის თავისუფლება კი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. კონსტიტუციის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი. ხელშეკრულების, საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს იმ ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ისევე, როგორც საკუთრების უფლება წარმოადგენს საკუთრებითი წესრიგის გამოვლინებას, თავისუფალი მეწარმეობაც შესაძლებელია მხოლოდ სამეწარმეო წესრიგის ფარგლებში. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული. ფასეულობებისადმი ასეთი დამოკიდებულებით, სახელმწიფო ახდენს კერძო და საჯარო ინტერესების ერთმანეთისაგან არა გაუცხოებას, არამედ უზრუნველყოფს მათ შორის სამართლიანი ბალანსისა და მშვიდობის დამყარებას. ამით სახელმწიფო ქმნის ისეთ ეკონომიკურ მართლწესრიგს, რომელშიც მეწარმის ინტერესები არა თუ წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების სამართლებრივად ანგარიშგასაწევ ინტერესებთან, არამედ მათ ემსახურება. კონკურენტული ბაზრის პირობებში თავად ბაზრის კანონებია სამეწარმეო წესრიგის საფუძველი და ზედმეტი ხდება სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობა რეგულირების გზით. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანმიმართულებაა თავისუფალი, კონკურენტული ბაზარი. მხოლოდ ასეთი ბაზრის პირობებში შეიძლება ავლენდეს სუბიექტი მეწარმისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას. მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი სუბიექტის თავისუფალი წარმოშობა, საქმიანობა და არსებობის შეწყვეტა. კონკურენციისადმი ხელის შეწყობით სახელმწიფო ახალისებს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი სუბიექტების საქმიანობას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებას. კონკურენციის არსებობისა და განვითარების სამართლებრივი გარანტიები გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი სამართლებრივი ნორმებისა და ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მეწარმოების თავისუფლების განვითარებას, ქონებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ფორმალურ თანასწორობას, კერძო საკუთრების დაცვას, შეთანხმების თავისუფლებას, დარღვეული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, მეწარმე სუბიექტების მიერ კონკურენციული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობის აღიარებას და, სახელმწიფოს მხრიდან, კონკურენციისადმი სხვა დახმარებებს. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის სისტემები იმ ქვეყნებში, რომლებიც ორიენტირებული არიან საბაზრო პრიორიტეტებზე ეკონომიკის რეგულირებაში. კანონმდებლის ჩარევის ფარგლები მთავრდება იქ, სადაც ბაზრის ბუნებრივი კანონებით წესრიგდება ესა თუ ის ურთიერთობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეწარმის საქმიანობა არ შეიძლება იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც აუცილებელია კერძო ინტერესების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მეწარმეებს უნდა შეექმნათ სამართლებრივი გარანტიები იმისათვის, რომ მათ ეფექტიანად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა სამოქმედო ტერიტორიის მიუხედავად, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია მათი საქმიანობის ეკონომიკური დანახარჯები და მომგებიანობა. ნებისმიერი ნორმატიული ჩარევა, რომელიც გაუცხოვდება და დაუპირისპირდება ბაზრის ბუნებრივ კანონებს, ხელოვნურად თავსმოხვეული და არაეფექტიანი იქნება. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი საფუძვლიანია და ვითხოვთ მის დაკმაყოფილებას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა