საქართველოს მოქალაქე მერი ჩხენკელი თბილისის მერიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/825 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 17:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მერი ჩხენკელი თბილისის მერიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №27.25.838 განკარგულებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ წესდების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები „ან/და შერჩევითი“, „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ან/და შერჩევითი“, „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ან/და შერჩევითი“ და „ვ“ ქვეპუნქტების სიტყვების „ან/და შერჩევითი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №825) მომართა საქართველოს მოქალაქე მერი ჩხენკელმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 26 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
2. №825 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №27.25.838 განკარგულებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ წესდების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს მონიტორინგის სამსახურის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე ფუნქციებს, მათ შორის, სადავო ნორმების „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება, ჩაატაროს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ჰიგიენის, კვების, აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის, აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვის და შენობის არსებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობის, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის, სტანდარტების, ინკლუზიური მიდგომების დანერგვის და განხორციელების, ასევე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ფინანსური საქმიანობის, განხორციელებული და დაგეგმილი შესყიდვების გეგმიური ან/და შერჩევითი მონიტორინგი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად იგი „კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამსახურში შემოსულ განცხადება/საჩივრებს და ამზადებს საპასუხო გადაწყვეტილების/წერილის პროექტებს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება და, იმავდროულად, ადგენს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა“. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“.
5. №825 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მერი ჩხენკელი ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დირექტორის 2015 წლის 24 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო გათავისუფლდა ქ. თბილისის №162 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან.
6. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები მონიტორინგის სამსახურს აძლევს საშუალებას, შეარჩიოს კონკრეტული საბავშვო ბაღი და შერჩევითი მონიტორინგის საფუძვლით დაარღვიოს კონსტიტუციის მოთხოვნები, ხოლო მონიტორინგის შედეგები ხსენებული ბაღების თანამშრომელთა დევნისთვის გამოიყენოს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, რადგან „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მონიტორინგის სამსახურს საშუალებას აძლევს, შერჩევითობის პრინციპით, საკუთარი ნება-სურვილით სხვა პირთა მფლობელობაში არსებულ ობიექტში შევიდეს ამ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლოს ნებართვის გარეშე და ჩაატაროს ჩხრეკა. მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი ჩხრეკის კანონიერება ეჭვის ქვეშ დგება, რადგანაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლს, ხოლო ამ არაკანონიერი ჩხრეკის შედეგად გამოვლენილი ე. წ. დარღვევებით ილახება კონსტიტუციის მე–17 მუხლით გარანტირებული პატივისა და ღირსების უფლება.
8. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტსაც, რადგან დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომლის არსებობასაც ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის ეს დანაწესი და რომელიც უშუალოდ დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს.
9. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-1). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №825 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №27.25.838 განკარგულებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის- „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ წესდების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ან/და შერჩევითი“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, მონიტორინგის სამსახური „კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამსახურში შემოსულ განცხადება/საჩივრებს და ამზადებს საპასუხო გადაწყვეტილების/წერილის პროექტებს“, შესაბამისად, იგი საერთოდ არ შეიცავს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ სიტყვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში არ არის იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის არსი და არსებობს N825 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მათ საფუძველზე ჩატარებული შემოწმების და გამოვლენილი ე.წ. დარღვევებით ილახება მისი პატივისა და ღირსების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც შეიძლება ადამიანს შეექმნას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალულ მოპყრობას არ წარმოადგენს. „მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-180). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება იმ დისკომფორტს, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლენილ დარღვევებს. ადამიანის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტის დადგენა (თუნდაც შეცდომით) არ იწვევს იმ სიმძიმის დისკომფორტს, რომ შეფასდეს როგორც პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა. ამგვარად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტებით დაცულ სფეროს შორის. შესაბამისად, №825 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებას, ვინაიდან ისინი მონიტორინგის სამსახურს საშუალებას აძლევს შევიდეს სხვა პირთა მფლობელობაში არსებულ ობიექტში და მათი ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს ჩხრეკა. მოთხოვნის ამგვარად დაყენება აშკარად გამოწვეულია მოსარჩლის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორი აღქმით. სადავო ნორმები ადგენენ ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას შეამოწმოს სააგენტოს მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებები. სააგენტოს მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებები იმყოფება სააგენტოს და არა შემოწმებას დაქვემდებარებული პირების მფლობელობაში, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართების წარმოსაჩენად. ამავე დროს, მოსარჩელეს არ მოჰყავს არც ერთი არგუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა, თუ რატომ არის სახელმწიფო ორგანოს მიერვე დაფუძნებული ა(ა)იპ-ის მონიტორინგი მისი პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა ან რატომ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ შექმნილი სერვისის კონტროლის ხარისხი რაიმე ასპექტით მისი პირადი სივრცის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადავო ნორმების მიმართებას კონსტიტუციის მე-20 მუხლთან და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. მოსარჩელე მხარეს ასევე მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც განმტკიცებულია შრომის თავისუფლება. ხსენებული კონსტიტუციური დებულების დარღვევის სამტკიცებლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს. თუმცა ამავე დროს მოსარჩელე არ მიუთითებს ხსენებული აქტის არსებობა რატომ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მის არარსებობას რა კავშირი აქვს სადავო ნორმებთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც N825 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №825 („საქართველოს მოქალაქე მერი ჩხენკელი თბილისის მერიის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი