საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/6/827 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 17:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 22 მარტის №IIს კანონის მე-2 მუხლისა და „„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 22 მარტის №380-IIს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №827) მიმართა საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განსახილველად გადაეცა 2016 წლის 15 სექტემბერს. №827 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
2. №827 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს საკუთრების საყოველთაო უფლებას და მას ხელშეუვალ ძირითად უფლებად აცხადებს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია საკუთრების უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები.
4. „„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, ისევე როგორც „„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, ადგენს შესაბამისი კანონების ამოქმედების თარიღს და ასეთად ორივე დასახელებული აქტი განსაზღვრავს 2013 წლის 1 ივნისს.
5. „„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 22 მარტის №IIს კანონით შეიცვალა დასუფთავების მოსაკრებლის გამოთვლის წესი, ქ. თბილისის მოსახლეობასა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, თავად შეარჩიონ დასუფთავების ოპერატორი და, ნაცვლად შესაბამისი მოსაკრებლისა, დასუფთავების ღირებულება გადაიხადონ ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
6. „„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 22 მარტის №380-IIს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით განხორციელდა რიგი ცვლილებები, მათ შორის განისაზღვრა, რომ „დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი“.
7. №827 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის მომსახურებისთვის, ისევე როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებისთვის, თავად ჰყავდა შერჩეული მომსახურების განმახორციელებელი ოპერატორი, რომელთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზეც იღებდა აღნიშნულ მომსახურებას. ამავე დროს „დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასურის) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2011 წლის 24 ივნისს მიღებული №7-38 გადაწყვეტილების თანახმად, ნარჩენების გატანის მომსახურების ტარიფი იმპერატიულად იქნა მიბმული მომხმარებლის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად მის მიერ შერჩეულ ოპერატორთან ხელშეკრულების არსებობისა, მოსარჩელეს ამავე მომსახურებისთვის დაუდგინდა მოსაკრებლის გადახდა ქ. თბილისის მთავრობის მიერ შერჩეული ოპერატორისთვის. აღნიშნულმა ფაქტობრივად გამოიწვია მისი დავალდებულება, ორმაგი ტარიფით გადაეხადა მოსაკრებელი ერთი და იგივე მომსახურებისთვის.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმატიული აქტების განმარტებითი ბარათის თანახმად, მათი მიღების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა ქ. თბილისის საკრებულოს №7-38 გადაწყვეტილების უკანონობა. მოსარჩლის აზრით, ცვლილების ძალაში შესვლის თარიღად 2013 წლის 1 ივნისის და არა უშუალოდ ხსენებული უკანონო გადაწყვეტილების მიღების თარიღის განსაზღვრით, ფაქტობრივად დაკანონდა და ლეგიტიმური სახე მიეცა მისთვის და მისი ოჯახისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ქონებრივი საკითხები, რაც გაუმართლებლად იწვევს მისთვის გაორმაგებული ოდენობის ხარჯების გაღებას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლების შეზღუდვას, ხოლო სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა გახდება მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. შედეგად, იგი შეძლებს, დაიბრუნოს ზედმეტად გადახდილი მოსაკრებელი, ისევე როგორც სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
10. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს შეეძლო, სადავო აქტებისთვის მიენიჭებინა უკუძალა და მისი ამოქმედების თარიღად სწორედ ქ. თბილისის საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილების მიღების თარიღი განესაზღვრა. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში დაკონკრეტებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ამ აქტებისთვის უკუძალის მინიჭება და მათი ამოქმედების თარიღად 2011 წლის 24 ივნისის განსაზღვრა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №827 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს კანონში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების თარიღს. მოსარჩელე მხარე მათ არაკონსტიტუციურად ცნობას ითხვოს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, მოთხოვნის დასასაბუთებალად კი მიუთითებს, რომ დასახელებულ ნორმებს უნდა მიენიჭოს უკუძალა და მათი ამოქმედება უნდა მოხდეს 2011 წლის 24 ივნისიდან (ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2011 წლის 24 ივნისს №7-38 გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან). უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს საკუთრების უფლებას და არ არეგულირებს კანონის დროში მოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან მიმართებით მოსარჩლე ვერ მოითხოვს კანონის უკუძალით გამოყენების ვალდებულების დადგენას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით კანონის უკუძალით გამოყენების მოთხოვნა აპრიორი დაუსაბუთებელია.
3. ამავე დროს, განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ მოსარჩელე პრობლემურდ მიიჩნევს 2011 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 1 ივნისამდე მოქმედ ქ.თბილისში დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს. კერძოდ, იგი უთითებს, რომ კანონმდებლობა მას აკისრებდა დადგენილი მოსაკრებლის, გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობის პროპორციულად გადახდის ვალდებულებას, მაშინ, როდესაც იმავე მომსახურებისთვის თავად ჰყავდა შერჩეული ოპერატორი და მის მიმართ ახორციელებდა მომსახურების საფასურის გადახდას ხელშეკრულების საფუძველზე. ამგვარი წესების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ნორმები მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ. ამის სანაცვლოდ ის დავობს სასურველი და, მისი აზრით, კონსტიტუციური რეგულაციის ამოქმედების თარიღის განმსაზღვრელი ნორმის კონსტიტუციურობაზე. „იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ესა თუ ის მოქმედი ნორმატიული აქტი, მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს სწორედ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელისათვის სასურველი ან, მისი აზრით, კონსტიტუციური ნორმატიული აქტის ამოქმედების გადავადების განმსაზღვრელი აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს პრობლემას უქმნის მოქმედი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები: ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს კანონის უკუძალით გამოყენების საკითხის მიმართებას კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროსთან, ხოლო მეორე მხრივ იგი სადავოდ არ ხდის კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომლებიც მის მიერ პრობლემურად მიჩნეულ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს განსაზღვრავს. შესაბამისად, №827 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №827 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი