საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №3/7/831 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2016 11:11 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №831) მომართეს საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანიამ და მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“. №831 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2016 წლის 19 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 28 დეკემბერს.
2. №831 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კრძალავს კანონის მიღების ან გაუქმების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით, დანიშნოს რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“. მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არავის „არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“, ხოლო მე-4 პუნქტი ადგენს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, კანონის მისაღებად ან მის გასაუქმებლად რეფერენდუმის ჩატარების აკრძალვა უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს. მოსარჩელეთა მტკიცებით, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში გამორიცხული არ არის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდეს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას, ამიტომ ხალხს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ბერკეტი იმისა, რომ რეალური ზედამხედველობა განახორციელოს ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე. აღნიშნული მიზნის მიღწევის ეფექტურ მექანიზმად სარჩელში დასახელებულია პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაუქმების შესაძლებლობა რეფერენდუმის გზით.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რეფერენდუმის მეშვეობით, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, მოირგონ პოზიტიური კანონმდებლის როლი და ხმათა უმრავლესობით მიიღონ მათთვის სასურველი საკანონმდებლო რეგულაციები.
7. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმის თანახმად, რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვს 200 000 ამომრჩეველს. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს რეალობაში, ამომრჩეველთა საერთო ოდენობის გათვალისწინებით, რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნისთვის კანონმდებლობით დადგენილი ამომრჩეველთა კვოტა ძალიან მაღალია, რაც გაუმართლებლად ართულებს რეფერენდუმის ჩატარების უფლებით სარგებლობას და წარმოადგენს უხეშ ჩარევას ხალხის მიერ ხელისუფლების უშუალოდ განხორციელების პრინციპში.
8. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობებს, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას და საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
2. მოცემულ საქმეზე მოსარჩელეები არიან: საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს. შესაბამისად, მოსარჩელეებს უფლება აქვთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმების თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ უფლება, მიმართონ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიაჩნიათ, რომ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს. დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დააფიქსირა, რომ აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საჭიროა, მოსარჩელე მოითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ნორმებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №2/5/492 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2,3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება №1/5/517 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება №1/2/541 საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2 ).
3. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი მოქცეულია საქართველოს კონსტიტუციის არა მეორე, არამედ პირველ თავში. შესაბამისად, მოსარჩელეები არ წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს, იდავონ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №831 შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №831 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი