საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების““ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/19/850 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 19:25 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების““ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები““ საქმიანობის კონსტიტუციურობა.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენელი - გიორგი მშვენიერაძე;მოპასუხის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - ვახტანგ ბოხაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №850) მომართა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა (სულ 33-მა დეპუტატმა). №850 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 27 სექტემბერს. №850 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 21 ივლისს.
2. №850 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია, რაც განმტკიცებულია 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტითა და 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციით. მოსარჩელეთა განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრებასა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის იმგვარი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანსაც სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და კონსტიტუციით გამყარებული ფუნდამენტური ღირებულებების ხელყოფა წარმოადგენს.
4. მოსარჩელეთა აზრით, კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო პარტიის აკრძალვის საჭიროებაზე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები გამართლებულად მიიჩნევენ ისეთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეზღუდვას, რომელიც თავისი მოღვაწეობით ხელყოფს ზემოხსენებულ საჯარო ინტერესებს.
5. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია მისი შექმნის კონსტიტუციურობისაგან იზოლირებულად. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის აქტის გაუქმებისათვის საკმარისია პოლიტიკური პარტიის საქმიანობა იყოს არაკონსტიტუციური. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურობის გამორკვევისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ფორმალურად გაცხადებულ მიზნებს, არამედ მათ მიერ ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებებსა და განცხადებებსაც. მოსარჩელეთა აზრით, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ გამოირჩევა იმგვარი განცხადებებით, რომლებიც ცხადად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები უთითებენ „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც, მათ შორის, მოიცავდა დაპირებას „რუსული პენსიისა“ და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული სამხედრო ძალების დაკანონების თაობაზე.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ გაცხადებული მიზანი - საქართველოს ტერიტორიაზე „რუსული ბაზების დაკანონება“ - არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო შენაერთების კანონიერად ცნობას (ხოლო უარეს შემთხვევაში - დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსებას) და, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება ფიზიკური პირისა და პოლიტიკური გაერთიანების გამოხატვის თავისუფლების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით განმტკიცებული ღირებულების, ფარგლები. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ ფიზიკურ პირს აქვს უფლება, გამოხატავდეს სურვილს, რომელიმე სახელმწიფო დაეპატრონოს ქვეყანას და განახორციელოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, თუკი ამგვარი გამოხატვა რეალური საფრთხის მატარებელი არ არის. მაშინ, როდესაც, პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი უფლებამოსილება არ გააჩნიათ და მათი გამოხატვის თავისუფლება იმთავითვე პირობადებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
9. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისათვის ასევე საფრთხის შემცველია „რუსული პენსიისა“ და პასპორტების დარიგება, რამდენადაც გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მიერ დამკვიდრებული პოლიტიკა - საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ძალის გამოყენების გამართლება. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტია გამარჯვების შემთხვევაში ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ბაზების „დაკანონებას“, ამ სახელმწიფოს პენსიისა და პასპორტების დარიგებას გეგმავს, ცალსახაა, რომ ამგვარი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მართალია პირები (ვლადიმერ ბედუკაძე, თემურ ხაჩიშვილი), რომლებიც მოქმედებნდნენ პარტიის სახელით, არ იყვნენ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, მაგრამ საზოგადოების მიერ მათი ქმედება აღიქმებოდა, როგორც „ცენტრისტების“ საქმიანობა და ასოცირდებოდა მასთან, ამასთან, ამის საწინააღმდეგო პოზიცია არ დაფიქსირებულა პოლიტიკური გაერთიანების არც ერთი წევრისაგან.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველია.
12. მოპასუხის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მიუთითა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება, მიუთითოს მოპასუხის მისამართი. წინამდებარე წესის დაუცველობა კი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არ არის მოპასუხის, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ის მისამართი, რომლითაც იგი რეგისტრირებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციამდე კანონმდებლობა მარეგისტრირებელ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, შეამოწმოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და მისი შესაბამისობა კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან. თუმცა, რეგისტრაციის შემდგომ პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობაზე რაიმე კონტროლის განხორცილების უფლებამოსილება მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტების“ საქმიანობის კონსტიტუციურობა, მას რაიმე პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით ვერ ექნება.
14. 2017 წლის 9 ოქტომბერს, 12 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების და მათი წარმომადგენლის შუამდგომლობები სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული შუამდგომლობებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარეს აღარ მიაჩნია საჭიროდ საკონსტიტუციო სამართალწარმოების გაგრძელება, ვინაიდან პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია და აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობას ვერ მიიღებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი - სულ 33 დეპუტატი. 2017 წლის 9 ოქტომბერს მოსარჩელეთა (სულ 31 დეპუტატის) წარმომადგენელმა, ივანე პეტრიაშვილმა მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. 2017 წლის 12 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმომწერი დარჩენილი ორი დეპუტატის მიერ წარმოდგენილი იმავე შინაარსის შუამდგომლობები.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №850 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №850 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების““ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი