• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების““ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ
      • 28.12.2017
      • N2/19/850
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების““ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ
      • 17.05.2017
      • N3/1/850
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიან

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N850
ავტორ(ებ)ი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი
თარიღი 26 სექტემბერი 2016

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი. კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:

კონსტიტუციური სარჩელი ფორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული არ არის, შესაბამისად სარჩელი წარმოდგენილია ფორმის გარეშე, თუმცა სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ და მასში აღნიშნულია ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მითითებები;

სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის მიერ;

სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი,

ამავდროულად, სარჩელში მითითებული არცერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად.

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური გამართლება და საჭიროება

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, ისევე როგორც 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება შეამოწმოსროგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნის, ასევე მისი საქმიანობის კონსტიტუციურობა. მნიშვნელოვან განმარტებას იმასთან დაკავშირებით თუ რა მიიჩნევა არაკონსტიტუციურად ამ შემთხვევაში, გვაძლევს თავად კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“ ასეთივე აკრძალვა დადგენილია „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“საქართველოს კანონისმე-5 მუხლის მე-2 პუნქტით. ამასთან, ამავე კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

მართალია, ერთი მხრივ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და მისი ინსტიტუციური რეალიზების კონკრეტული ფორმა, პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, თუმცა ამავდროულად საქართველოს კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, რომელიც ხელყოფს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციით გამყარებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს და მთლიანად იმ საფუძვლებს, რაზეც დგას საქართველოსკონსტიტუცია.

აღსანიშნავია 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, სადაც მითითებულია: „საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანია და განუყოფელი. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.“ ხოლო1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა ცალსახად მიუთითებს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებაზე „დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება“ და „განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.“ამრიგად, საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი დოკუმენტები ცალსახად განამტკიცებენ სახელმწიფო და ეროვნულ სუვერენიტეტს. თუმცა ამგვარი მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება იმ პირობებში, თუკი საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისად საქართველოში არსებული დემოკრატიული წესწყობილება არ იქნება „თავდაცვისუნარიანი“. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ „დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად.“[1] ამგვარად, თავდაცვისუნარიანი დემოკრატია თავისთავში მოიაზრებს გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას მაშინ, როდესაც ამა თუ იმ უფლების რეალიზება საფრთხეს უქმნის დემოკრატიის საწყისებს. სწორედ ასეთ ერთ-ერთ გამართლებულ შეზღუდვას წარმოადგენს იმ ტიპის პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომელიც ზემოთნახსენებ საფრთხეებს ქმნიან. აღსანიშნავია, რომ ასეთი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის საბჭოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საგულისხმოა გერმანიისა და იტალიის კონსტიტუციები, რომლებიც ითვალისწინებენ „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ უზრუნველმყოფ მექანიზმებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ავსტრალიამ 1950 წელს მიიღო სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომლითაც პირდაპირ გააუქმაკომუნისტური პარტია. ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების გამოძახილია,ასევე,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ უფლებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაერთიანებული ერების მიზნების საწინააღმდეგოდ (მუხლი 29(2) და მუხლის 30). უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც (მუხლი 17).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey დაადგინა, რომ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია აწარმოს კამპანია კანონში ანდა სახელმწიფოს კონსტიტუციურ და სამართლებრივ წესწყობილებაში ცვლილებების სასარგებლოდ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს კანონიერი და დემოკრატიული ბ) ცვლილება თავისთავად უნდა იყოს შესაბამისობაში ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებთან.[2]მოცემულ საქმეში სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა პარტიის ლიდერების განცხადებები და მოქმედებები, პარტიის მიერ დასახული მიზნები და პოლიტიკა, მიიჩნია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის რელიგიისგან დამოუკიდებლობა და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პრინციპები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პოლიტიკური პარტიის უფლება იარსებოს და იმოღვაწეოს ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე. სასამართლოს აზრით, ისეთი პოლიტიკური პარტიის არსებობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული მიზნებისა და დემოკრატიის ძირითად ფასეულობათა შეცვლას (როგორიც ამ შემთხვევაში კეთილდღეობის პარტია იყო, რომელსაც ქვეყნის მართვა შარიათის კანონებით და ისლამური რელიგიით სურდა) შეიძლება შეიზღუდოს. ამგვარად, სასამართლომ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კეთილდღეობის პარტიის აკრძალვა არ ჩათვალა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევად.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლთან შესაბამისად ცნო ასევე ესპანეთში პოლიტიკური პარტია ჰერიბატასუნას დაშლა. სასამართლოს აზრით, სახელმწიფოს არ შეიძლება მოეთხოვოს, რომ მან დაიცადოს მანამ, სანამ პოლიტიკური პარტია მოიკრებს ძალაუფლებას და გადადგამს კონკრეტული ნაბიჯებს იმგვარი პოლიტიკის განსახორციელებლად, რომელიც შეუსაბამოა კონვენციისა და დემოკრატიის სტანდარტებთან, თუმცა დემოკრატიისათვის ამგვარი პოლიტიკით საფრთხის შექმნა უნდა იყოს საკმარისად არსებული და მოახლოებული.[3]

 

2. პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურობა

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეისწავლის არამხოლოდ პოლიტიკური პარტიის შექმნის საფუძვლებს, არამედ მის საქმიანობასაც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რა მისია და მიზნებია გათვალისწინებული აღნიშნული პარტიის წესდებაში ან სხვა დამფუძნებელ დოკუმენტებში, არსებითი მნიშვნელობა აქვს პარტიის წევრების განცხადებებსა და მოქმედებებს რეალურ დროში. ამ მხრივ აღსანიშნავია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  • 2016 წლის 13 აგვისტოს „ცენტრისტებმა“ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა გამოაქვეყნეს. რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა და შეიცავდა ისეთ წინასაარჩევნო დაპირებებს, რომლებიც ცხადად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ მიერ კონსტიტუციით განსაზღვრულ განვითარების გეზს. რეკლამაში ნათქვამია, რომ პარტია მოსახლეობას პირდება 400 ლარიან რუსულ პენსიას, ორმაგი მოქალაქეობის კანონის შემოღებას და რუსული სამხედრო ძალების დაკანონებას. რეკლამას ფონად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ტანკების სურათები ადევს (ელ. რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=8gLyqZVDHwE). 2016 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია “TV Pirveli”-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსული პენსია ეს სათაურია ????? პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ბედუკაძემ განმარტა, როგორც რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანთა კატეგორიისთვის გადაცემული თანხა, რომელიც „შრომობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ქმნიდა პროდუქციას“. მან ასევე განაცხადა, რომ „ვალდებულებას იღებს რუსეთი ამ ადამიანებზე, [პენსიები] ეს არის ინვესტიცია ქართულ ოჯახებში, ვისაც ნებავს აიღებს და ვისაც არა - არა“ (ელ.რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=R6cxI1cpwio).
  • 2016 წლის 15 ივნისს ვლადიმერ ბედუკაძემ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში განაცხადა,[4] რომ ცენტრისტებს აქვთ საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის გეგმა, რომელიც მოწონებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ. მისივე განცხადებით, საქართველოში ლტოლვილების დაბრუნების პრობლემა არ არსებობს, თუკი დავიწყებთ რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ასევე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი აცხადებს, რომ მისთვის ყველა მეზობელი სახელმწიფო ოკუპანტია, თუმცა კითხვაზე კონკრეტულ პასუხს „გაურბის“. ამავდროულად ჟურნალისტი ახსენებს, რომ წინა ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა (ელ.რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=YbBFDpyM5EM).
  • გადაცემა „ქრონიკის“ სიუჟეტში[5] ბედუკაძემ აღნიშნა, რომ ვინც მათ პარტიას არაკონსტიტუციურად აღიქვამდა, ყველა იყო სამშობლოს მოღალატე. ამის მიზეზად კი იგი ასახელებს იმას, რომ სხვებმა იციან რა სიტუაციაა ქვეყანაში და ცდილობენ, რომ ქვეყნის ასეთი ოკუპაცია გაგრძელდეს. მან აღნიშნა: „ჩვენ ვცდილობთ ბაზები დავაკანონოთ და მოვაქციოთ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ ვცდილობთ, საქართველო და რუსეთი გახდეს სტრატეგიული პარტნიორები. ვცდილობთ, რომ მჭიდრო კავშირი, ურთიერთთანამშრომლობა შედგეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანაა რუსეთი გახდეს საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი... ერთადერთი გასაღები ქვეყნის გამთლიანების, არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“.
  • პარტიას საკუთარ ვებმისამართზე გამოქვეყნებული აქვს „პოლიტიკური ხელშეკრულება ამომრჩეველთან“ , სადაც სხვა დაპირებებთან ერთად მითითებულია, რომ „50 დღეში საქართველოს ყველა პენსიონერი, ვინც გამოთქვამს სურვილს მიიღებს რუსულ პენსიას, რომელიც არის საშუალოდ 400 ლარი“; „100 დღეში დაიწყება დევნილების დაბრუნების პროცესი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც დასრულდება 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად“; „საქართველო გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში“.

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრსეი გაცხადებული მიზანი - საქართველოს ტერიტორიაზე „რუსული ბაზების დაკანონება“, არსებული მოცემულობის გათვალსიწინებით სხვა არაფერია თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული სამხედრო შენაერთების კანონიერად ცნობა (ხოლო უარეს შემთხვევაში დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსება) და ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მხარდაჭერა, რაც ცალსახად ანტიკონსტიტუციური საქმიანობაა.

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისათვის ასევე საფრთხის შემცველია რუსული პენსიისა და პასპორტების დარიგება. ამ მხრივ გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მიერ დამკვიდრებული პოლიტიკა, როდესაც იგი საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით ამართლებს ძალის გამოყენებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის. ამგვარად, პოლიტიკური პარტია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პოტენციურად მეტი რუსეთის მოქალაქის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, ამავდროულად გზას უხსნის რუსეთის ფედერაციას, რომ მან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრას მისცეს ლეგიტიმაცია.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მიერ არჩეულ კურს არ წარმოადგენს ევრაზიულ კავშირში შესვლა. დეკლარირებული მიზანი, რომელიც საქართველომ ხალხის ნებაზე დაყრდნობით (რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე) აირჩია არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. შესაბამისად, „ცენტრისტების“ დაპირება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს.

გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტორიც, რომ სადავო პოლიტიკური პარტიის წევრები არ აღიარებენ რუსეთის ფედერაციას ოკუპანტად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით. ცხადია, პოლიტიკოსებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური მრწამსი და შეხედულება ამა თუ იმ მოვლენაზე, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მათ სრულ თავისუფლებას. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვები ხდება მაშინ, როდესაც იგი აშკარად არასახელმწიფოებრივი ხასიათის მატარებელია და ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ წესწყობილებას, ქვეყნის მიერ არჩეულ კურსს.

იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გეგმავს რუსული სამხედრო ბაზების „დაკანონებას“, რუსული პენსიისისა და პასპორტების დარიგებას, აღნიშნული აშკარად მიუთითებს მის მთავარ მიზანზე- მოშალოს არსებული წესრიგი, დაუქვემდებაროს სახელმწიფო აგრესორ მეზობელ ქვეყანას და მოსპოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა. მსგავსად კეთილდღეობის პარტიის საქმისა, ამ შემთხვევაშიც „ცენტრისტების“ კამპანია შესაძლო ცვლილებებზე ცალსახად ეწინააღმდეგება „ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს“. მოცემულ შემთხვევაში საფრთხე ასევე არის რეალური და გარდაუვალი, რაზეც მეტყველებს უკანასკნელ პერიოდში პრორუსული ძალების გააქტიურება და მათ მიმართ გაზრდილი მხარდაჭერა (პარტიის „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობები საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით[6], NDI-ის კვლევები ბოლო წლებში, რომლის თანახმადაც გაიზარდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა[7] და სხვა). საფრთხის რეალურობას და გარდაუვალობას მიუთიუთებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პარტია დარეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტად 2016 წლის 08 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და მოიპოვოს საქართველოს მიერ არჩეული დასავლური კურსის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ელექტორატის მხარდაჭერა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“საქმიანობის მიზანია საქართველოს დემოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამგვარად, დგას მისი საქმიანობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების და მისი აკრძალვის საფუძვლები.


[1]ოკონელი რ., თავდაცვისუნარიანი დემოკრატია და ადამიანის უფლებათა პრინციპები, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა I,102

[2]Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey, ECHR, Judgment of 13.2.2003, para 98

[3]Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey, ECHR, Judgment of 13.2.2003, para 102, Herri Batasuna and Batasuna v. Spain , ECHR, judgment of 30 June 2009, para 81

 

[4]1:28 დან

[5]00:45-01:45

[6]<http://netgazeti.ge/news/132500/>

[7]<http://www.tabula.ge/ge/story/100597-ndi-31-mxars-uchers-rusetis-dafudznebul-evraziul-kavshirs>

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ