ოთარ ბარათაშვილი, გიგლა ვეკუა, ვიოლეტა გაგუა, ზურაბ დევდარიანი და ვახტანგ წულაძე საქართველოს პარლამენტის წინაააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/1486 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2021 18:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში ‒ სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი ‒ წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე ‒ წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი ‒ წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ოთარ ბარათაშვილი, გიგლა ვეკუა, ვიოლეტა გაგუა, ზურაბ დევდარიანი და ვახტანგ წულაძე საქართველოს პარლამენტის წინაააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1486) მომართეს ოთარ ბარათაშვილმა, გიგლა ვეკუამ, ვიოლეტა გაგუამ, ზურაბ დევდარიანმა და ვახტანგ წულაძემ. №1486 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 24 თებერვალს. №1486 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1486 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 312 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელს ან/და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეს, რომელსაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, მე-2 პუნქტი ადგენს საჯარო ინტერესებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების ჩამორთმევის პირობებს.
5. №1486 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესთან დაკავშირებით რამდენჯერმე განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, მოსარჩელეთა მითითებით, ხსენებულ საკანონმდებლო აქტში 2006 წლის 13 ოქტომბრის ცვლილებით (ამოქმედდა 2006 წლის 1 ნოემბერს), მოსამართლისათვის დასანიშნი კომპენსაცია გამოითვლებოდა მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლით საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე, რაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დაწესებული კომპენსაციის ოდენობის ზედა ზღვრის გათვალისწინებით შეადგენდა 560 ლარს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2012 წლის 24 აპრილის ცვლილებით (ამოქმედდა 2012 წლის პირველი სექტემბრიდან), დადგინდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის განსხვავებული წესი, კერძოდ, მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%–ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე, ამგვარი გაანგარიშებით, ყოფილი მოსამართლეთა ხელფასი იმდენად მცირე იყო, რომ კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა მაქსიმუმ 120 ლარი. გაანგარიშების ეს წესი კიდევ ერთხელ შეიცვალა 2016 წლის 1 იანვარს და კომპენსაციის ოდენობა კვლავ გაუტოლდა 560 ლარს.
6. მოსარჩელეები არიან მოსამართლეები, რომლებმაც კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის ასაკს მიაღწიეს 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში. მოსარჩელეთა მითითებით, ხსენებული დროის ინტერვალში სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იმ დროს არსებული სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე ნაკლები იყო. შესაბამისად, მათ კომპენსაციის მიღების ნაცვლად, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებით ისარგებლეს. ამასთან, მართალია, 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული კანონის საფუძველზე მოსარჩელეებს გაუჩნდათ ახალი წესით გაანგარიშებული კომპენსაციის მიღების უფლება, თუმცა ამ კანონის მოქმედება და, შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების წესი არ გავრცელდა უკუძალით იმ პერიოდზე, როდესაც მოსარჩელეები და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები იღებდნენ დღეს არსებულ კომპენსაციაზე ბევრად უფრო ნაკლები ოდენობის სახელმწიფო პენსიას.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ერთი მხრივ, საერთო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის პირველ სექტემბრამდე და 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, საერთო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, რამდენადაც შესადარებელ ჯგუფებს განსხვავებულად მიეცათ სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესადარებელი პირები არსებითად თანასწორები არიან და, შესაბამისად, მათ უნდა მიეღოთ თანაბარი ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ დიფერენცირება დისკრიმინაციულია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
8. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმები ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას. ისინი მიუთითებენ, რომ კომპენსაციის მიღება ეკონომიკური ხასიათის უფლებაა, რომლის გაუქმება, შეცვლა ან შემცირება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2012 წლის პირველი სექტემბრის შემდგომ 65 წლის ასაკს მიღწეული მოსამართლეებისთვის სახელმწიფო კომპენსაცია არსებითად შემცირდა, სოციალური უზრუნველყოფის ამგვარი ცვლილება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გამართლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიჩნეულ უნდა იქნეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმით მოწესრიგებულ ურთიერთობას.
2. №1486 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით,“ კონსტიტუციურობას. მოსარჩელეთათვის პრობლემურია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის №4579-Iს კანონით განხორციელებული ცვლილებით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველი იანვრამდე გაუვრცელებლობის საკითხი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი ადგენს კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, კომპენსაციის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება პენსიის ოდენობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად. აღნიშნულისგან განსხვავებულ, საგამონაკლისო წესს პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ადგენს ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ხსენებული პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რომელთა კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდებათ 2016 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა. ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი მე-2 პუნქტის პირველი მე-2 წინადადების შესაბამისი სიტყვები ადგენს კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ წესს იმ პირებისთვის, ვისაც კომპენსაციის მიღება შეჩერებული ჰქონდათ. კერძოდ, სადავო ნორმის მიხედვით, შესაბამის პირს (პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელს/საერთო სასამართლოების მოსამართლეს), რომელსაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში აღნიშნული კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით. ამდენად, სადავოდ გამხდარი ნორმა საგამონაკლისო წესით განსაზღვრავს შეჩერებული კომპენსაციის გადაანგარიშების წესს. იმისათვის, რომ პირი მოექცეს სადავო ნორმის მოქმედების სფეროში, ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ ფაქტის დადასტურება, რომ მას 2016 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაციის მიღება.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაცია შეჩერდება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას: ა) კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას; გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპენსაციის შეჩერება გულისხმობს დანიშნული კომპენსაციის დროებით არმიღებას ამ კანონის 30-ე მუხლში მითითებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან განმარტება, რომ მათ დანიშნული ჰქონდათ სახელმწიფო კომპენსაცია და შემდგომ, რომელიმე დასახელებული საფუძვლის არსებობის გამო მოხდა მისი შეჩერება, უფრო მეტიც, მოსარჩელე მიუთითებს, რომ რამდენადაც კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის დროს სახელმწიფო პენსია აღემატებოდა კომპენსაციის ოდენობას, მათ აირჩიეს, რომ მიეღოთ სახელმწიფო პენსია. შესაბამისად, იმ პირებთან მიმართებით, რომელთაც 2016 წლის პირველ იანვრამდე არ ჰქონდათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღება შეჩერებული, სადავო ნორმა ვერ დაადგენს სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების წესს და, მით უფრო, ვერ დაარეგულირებს მისი უკუძალით გავრცელების საკითხს.
5. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში მისაღები კომპენსაციის საკითხი, საერთოდ არ ექცევა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების რეგულირების სფეროში. შესაბამისად, სადავო ნორმა მოსარჩელეებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას ვერ შეუზღუდავს. ამავე დროს, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ ავტორიტეტული განმარტება, რომელიც დადასტურებდა სადავო ნორმის შინაარსთან დაკავშირებით მათ მიერ გამოთქმული პოზიციის მართებულობას ან პრაქტიკაში გაზიარების შემთხვევებს.
6. დამატებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორ პირთა უთანასწორო მოპყრობა და პირიქით. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
7. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან შესაფასებლად აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ გამოკვეთოს პირთა წრე, რომელთა შორისაც ხდება დიფერენცირებული მოპყრობა, რადგან თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. ამასთანავე, მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს არა მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტის არსებობა, არამედ შეზღუდვის არაგონივრულობა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-12-14“).
8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე შესადარებელ ჯგუფებად ასახელებს, ერთი მხრივ, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც კომპენსაციის მიღების ასაკს მიაღწიეს და, შესაბამისად, კომპენსაცია დაენიშნათ 2012 წლის პირველ სექტემბრამდე და 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, საერთო სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში. ბუნებრივია, რომ პირთა ჯგუფზე, რომლებიც კომპენსაციის მიღებისათვის საჭირო ასაკს მიაღწევენ დროის კონკრეტულ პერიოდში, გავრცელდება კომპენსაციის ოდენობის გამოთვლის ის წესი, რომელიც თავად დროის ამ პერიოდში მოქმედებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომაა დაუშვებელი კომპენსაციის გამოთვლის წესში ცვლილების განხორციელება და რატომ წარმოადგენენ კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის თანასწორ სუბიექტებს ის პირები, რომელთაც კომპენსაცია დაენიშნათ დროის სხვადასხვა პერიოდში მოქმედი წესის შესაბამისად. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ არსებობს რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი, რომელთაც მოსარჩელეთა იდენტურ დროის პერიოდში (2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე) წარმოეშვათ კომპენსაციის მიღების უფლება, თუმცა, მათგან განსხვავებით, იმყოფებოდნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და იღებდნენ უფრო მეტი ოდენობის თანხას.
9. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1486 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1486 („ოთარ ბარათაშვილი, გიგლა ვეკუა, ვიოლეტა გაგუა, ზურაბ დევდარიანი და ვახტანგ წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი