ოთარ ბარათაშვილი, გიგლა ვეკუა,ვიოლეტა გაგუა, ზურაბ დევდარიანი და ვახტანგ წულაძე საქართველოს პარლამენტის წინაააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1486 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ოთარ ბარათაშვილი, გიგლა ვეკუა,ვიოლეტა გაგუა, ზურაბ დევდარიანი, ახტანგ წულაძე |
თარიღი | 21 თებერვალი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1.,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვები:,,კომპენსაცია აუნაზღაურდებათ 2016 წლის პირველ იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით“ |
მე-11 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; მე-19 მუხლის პირველი , მე-2 და მე-3 პუნქტები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქ/პუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქ/პუნქტი, 31-ე მუხლის, 311-ე მუხლის, 312-ე მუხლების და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქ/პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
1) სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2) მოსარჩელეები არიან სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირები. შვიდივე ყოფილი მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდა 15.05.1999 წელს და კანონის საფუძველზე დღეისათვის იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას 560 ლარის ოდენობით 01.01.2016 წლიდან.
3) სარჩელში მითითებული სადაო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგანაც დავის საგანს წარმოადგენს 27.10.2015 წლის N 4579-1ს კანონის ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობა, რამაც მოსარჩელეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირი და უშუალო ზეგავლენა მოახდინა.
4) სარჩელში მითითებული სადაო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად არ განუხილავს, თუმც ამჟამად განხილვაშის სტადიაშია თ.ანდღულაძის და ნ. ბირკაიას ანალოგიური სარჩელი. გთხოვთ მოცემული სარჩელი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად გაუერთიანოთ სასამართლოში შეტანილ სარჩელს (12.06.2019 წ. N1427 ნომრით). ასევე ანალოგიური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. 22.02.2018 წლის N 2/4/1240 განჩინებით საკონსტიტუციო სასამრთლომ სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო დაუსაბუთებლობის გამო. მოცემული სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებითად განსხვავდება სახალხო დამცველის სარჩელისაგან, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სრულიად სხვაგვარად ასაბუთებენ დავის სამართლებრივ შინაარს.
5) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი პირდაპირ პასუხობს სადაო კანონის (ნორმის) ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობის გარდუვალობას.
6) სადაო საკითხზე სარჩელის შეტანის ვადა არ არსებობს.
7) დავის საგანს წარმოადგენს არაკანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, არამედ თვით კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) 27.12.2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო N 2542-ის კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. კანონის მე-3 მუხლით განისაზღვრა კომპენსაციის ძირითადი პრინციპები - სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა და მუდმივობა და კომპენსაციის მიღების სახელმწიფო გარანტია. კანონის მე-7 მუხლით განისაზღვრა კომპენსაციის ოდენობა - არაუმეტეს 560 ლარისა.
კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დაწესდა, რომ მოსამართლეს კომპენსაციაზე უფლება წარმოიშობა 65 წლის ასაკიდან თუ: 1) მოსამართლეს დაუმთავრდა სამოსამართლეო უფლებამოსილება 2) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან 3) საპენსიო ასაკის მიღწევის გამო და 4) აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა კომპენსაციის გაანგარიშების წესი, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის ოდენობა არის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლო ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
15.05.1999 წელს განხორციელებული სასამართლოს რეფორმით მოხდა საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსა) ლიკვიდაცია, რის საფუძველზედაც უფლებამოსილება შეუწყდა ყველა მოსამართლეს. იმათ გარდა, ვისაც ჩაბარებული ჰქონდა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამ დროისათვის მოსამართლეთა ხელფასი იმდენად მცირე იყო, რომ დაწესებული გაანგარიშებით კომპენსაციის ოდენობამ მაქსიმუმ შეადგინა 120 ლარი.
2) ყოფილ მოსამართლეთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს პარლამენტმა 13.10.2006 წელს N3567 კანონით ცვლილება შეიტანა კომპენსაციის გაანგარიშების არსებულ წესში (მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი). დადგინდა, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის ოდენობა არის მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე, რამაც გამონაკლისის გარეშე შეადგინა 560 ლარი.
3) 24.04.2012 წელს საქართველოს პარლამენტმა N6061 კანონით კვლავ შეიტანა ცვლილება კომპენსაციის გაანგარიშების არსებულ წესში, რომლითაც თანაბართა მიმართ დაწესდა ორი ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული რეგულაცია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა) 24.04.2012 წლის N6061 კანონი ამოქმედდა 01.09.2012 წლიდან, რომლითაც კომპენსაციის კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის საერთო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე“.
ამგვარი გაანგარიშებით 1999 წლის 15 მაისს უფლებამოსილება შეწყვეტილ მოსამართლეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაშიარსებული საშუალო თანამდებობრივი სარგო აბსოლუტურად იგივე იყო, რაც ბოლო ერთი თვის თანამდებობრივი სარგო.კანონში შეტანილმა ამგვარმა ცვლილებამ კომპენსაციის გაანგარიშების წესი დააბრუნა 27.12.2005 წლის N2542-რს კანონის მდგომარეობაში ანუ კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა მაქსიმუმ 120 ლარი.
ბ) მაგრამ გაანგარიშების ეს წესი შეეხო მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც 65 წლის გახდნენ 01.09.2012 წლის შემდეგ, ხოლო იმათ რომლებიც 65 წლის გახდნენ 01.09.2012 წლამდე სახემწიფო კომპენსაციის კანონის 36- ე მუხლით 13.10.2006 წლის N3567 კანონით მოპოვებული უფლება 560 ლარზე შეუნარჩუნდათ ე.ი. თანაბართა მიმართ კანონით განხორციელდა ორი ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული რეგულაცია.
კანონში შეტანილი ამგვარი ცვლილების არაკონსტიტუციურობაზე იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც 65 წელი შეუსრულდათ 01.09.2012 წლის შემდეგ (ასეთი აღმოჩნდა შვიდი) მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რათა თანაბართა მიმართ დაწესებულიყო თანაბარი მოპყრობის წესი.
საქართველოს პარლამენტმა 27.10.2015 წელს მიღებული N 4579-1ს კანონით დაადასტურა და აღიარა 24.04.2012 წლის კანონის არაკონსტიტუციურობა (დისკრიმინაციული ხასიათი) და თანაბარ ბენეფიციართა მიმართ დააწესა კომპენსაციის გაანგარიშების თანაბარი წესი. კანონი ამოქმედდა 01.01.2016 წლიდან, თუმცა მისი მოქმედება არ გავრცელებულა შვიდი მოსამართლის დარღვეული კონსტიტუციური უფლებების აღდგენაზე იმ დროიდან, რა დღიდანაც იგი დაირღვა ანუ 01.09.2012 წლიდან
27.10.2015 წლის N 4579-1ს კანონის ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობის დასაბუთება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებაში.
27.10.2015 წლის N 4579-1ს კანონის მიზანი იყო 24.04.2012 წლის N 6061-1ს დისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშებაში თანაბართა მიმართ დაწესებულიყო თანაბართა მოპყრობის წესი, რაც პროსპექტულად 01.01.2016 წლიდან განხორციელდა კიდეც, მაგრამ კანონის რეგულაცია არ გავრცელდა იმ დროიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, რა დროიდანაც 24.04.2012 წლის კანონით დაირღვა შვიდი ბენეფიციარი მოსამართლის საკუთრების კონსტიტუციური უფლებები 65 წლის ასაკიდან 560 ლარის ოდენობით კომპენსაციის დანიშვნაზე.
65 წლის ასაკიდან 560 ლარის ოდენობით კომპენსაციაზე უფლება 27.10.2015 წლის კანონით 1) თ. ანდღულაძეს მიეცა არა 65 წლის ასაკიდან, არამედ 66 წლისა და 4 თვის ასაკიდან. 2) ო. ბარათაშვილს - 67 წლისა და 6 თვის ასაკიდან. 3) ნ. ბირკაიას 65 წლისა და 11 თვის ასაკიდან. 4) ვ. გაგუას - 66 წლისა და 11 თვის ასაკიდან. 5) გ. ვეკუას - 66 წლისა და 7 თვის ასაკიდან. 6) ზ. დევდარიანს - 66 წლისა და 3 თვის ასაკიდან. 7) ვ. წულაძეს - 67 წლისა და 10 თვის ასაკიდან (იხ. დანართი). 65 წლის ასაკიდან გასაცემი თანხა (ბენეფიციუმი) შვიდივე მოსამართლეზე მთლიანად შეადგენს 58 000ლარამდე.
დისკრიმინაციის ცნების ზოგად განმარტებას გვაძლევს საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის თანახმადაც „დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით“.
კომპენსაციის მიღების უფლება 24.12.2012 წლის კანონსაც არცერთი მოსამართლისათვის არ წაურთმევია, მაგრამ 7 მოსამართლის მიმართ მისი ოდენობა იმდენად შეამცირა, რომ მათთვის აზრი დაკარგა კომპენსაციის უფლების პრაქტიკულმა რეალიზაციამ, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ, კომპენსაციის ნაცვლად 65 წლის ასაკიდან მიეღოთ სახელმწიფო პენსია, რომელიც მცირედით, მაგრამ მაინც აღემატებოდა კომპენსაციის თანხის ოდენობას, რომელიც დაწესდა 24.04.2012 წლის N6061-1ს კანონით და რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იღებს განურჩევლად იმისა, საერთოდ აქვს თუ არა მუშაობის სტაჟი (ამ საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2010 წლის N ბს-479-459 კ-10 გადაწყვეტილება). ერთი სიტყვით 24.04.2012 წლის კანონმა სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლა 7 მოსამართლის მიმართ არარად აქცია და შეურაცხყო. ისინი მიუხედავად იმისა, რომ მათ აბსოლუტურად ისეთივე კეთილსინდისიერებით გაიარეს განსაკუთრებული სახელმწიფო სამსახური, როგორც ყველა იმ დანარჩენმა მოსამართლემ, ვისაც 560 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 65 წლის ასაკიდან.
27.10.2015 წლის კანონმა 7 მოსამართლის უფლება 560 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 65 წლის ასაკიდან (კომპენსაციის კანონის მე-12 მუხლის 1 პუნქტი) კი არ დააწესა, არამედ უფრო გვიან. რის გამოც ამ კანონით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში (ქონებრივად) აღმოჩნდა 7 მოსამართლე, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ იმ ყველა დანარჩენ მოსამართლეთაგან განსხვავებით, რომელთაც 560 ლარის ოდენობით უფლება კომპენსაციაზე მიიღეს 65 წლის ასაკიდან. ამით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“ და ამავე პუნქტის მოთხოვნა, რომ აკრძალულია დისკრიმინაცია ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიხედვით (იგივე შინაარსისაა კონსტიტუციის ძველი რედაქციის მე-14 მუხლი, რომელიც 24.04.2012 წლის N6061-1ს კანონის მიღებისას მოქმედებდა).
27.10.2015 წლის N 4579-1ს კანონის ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობის დასაბუთება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებაში
კომპენსაციაზე უფლების მოპოვების ძირითად საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლა ე. ი. კომპენსაციას (ყოველთვიურ ფულად თანხას) სახელმწიფო გასცემს წარსულში ნამსახურობისათვის. გასარკვევია, წარმოადგენს თუ არა კომპენსაცია, როგორც სოციალური კატეგორია, ბენეფიციარების ისეთ საკუთრებას, რომელსაც იცავს კონსტიტუციის მე-18 მუხლი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.03.2006 წლის N 2/7/365 371 განჩინებაში ნათქვამია, რომ „საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საკითხები სოციალური უფლების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით (ახალი მე-19 მუხლი) აღიარებულია საკუთრების უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა, მაგრამ იმავდროულად მას აქვს ეკონომიკური ხასიათი ამიტომ რიგი უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (დღევანდელი მე-19) ფარგლები“.
აღნიშნული განმარტება საფუძველს გვაძლევს გავარკვიოთ კომპენსაციის, როგორც სოციალური უფლების, რა ნაწილზე ვრცელდება კონსტიტუციის მე-19 (ძველი 21) მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების შინაარსი და რა ნაწილზე არ ვრცელდება იგი. მართალია კომპენსაციის უფლების მქონე სუბიექტმა იგი სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული ნამსახურობით მოიპოვა, მაგრამ მისი უშუალოდ გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა დაუშვებელია, ისე როგორც პენსიონერს რომელსაც აქვს საქალაქო ტრანსპორტით იაფი მგზავრობის უფლება, მაგრამ მისი სხვისთვის გადაცემა ეკრძალება. ასეთივეა ჯანმრთელობის სოციალური პაკეტი და ა. შ. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა იცავს ისეთ უფლებას, რომლის სარგებლობა, მფლობელობა და განკარგვა (საკუთრების უფლება) ბენეფიციარს არ ეზღუდება.
ბენეფიციარს არ ეზღუდება კოპმენსაციის სახით ყოველთვიურად დანიშნული ფულადი სახსრების უშუალოდ განკარგვის უფლება, რაც ეკონომიკური ხასიათის უფლებაა, მისი ხელყოფა (შემცირება ან გაუქმება) შეიძლება მოხდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლით (ძველი კონსტიტუციის 21-ე მუხლი) დადგენილი წესით.
24.04.2012 წლის N 6061 კანონით შვიდ მოსამართლეს სხვა თანაბართაგან განსხვავებით 560 ლარის ოდენობით კომპენსაციაზე უფლება 440 ლარით შეუმცირეს ე. ი. კანონმა მათ წაართვა ამ რაოდენობის ფულად სახსრებზე საკუთრების უფლება. ისმევა კითხვა, რომელი კანონის საფუძველზე მოხდა ამ კონსტიტუციური უფლების წართმევა? საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი (ძველი 21-ე) სახელმწიფოს აძლევს თუ არა ამგვარ უფლებას და რა პირობებში? კანონის მიღების დროისათვის (24.04.2012 წელს) მოქმედებდა 24.08.1995 წლის კონსტიტუცია, რომლის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. მეორე პუნქტით კი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირევლ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით“. ამის იდენტურია ამჟამად მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი.
როგორც ხედავთ, საკუთრების უფლების ჩამორთმევა კონსტიტუციის 21-ე (მე-19) მუხლით დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით. გადაუდებელი აუცილებლობისას კი - იგი უნდა განხორციელდეს ორგანული კანონის საფუძველზე სათანადო ანაზღაურებით.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით „.. უფლება კონკრეტული ოდენობის... პენსიაზე... არ შედის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში და თავისუფლებებში („Aurola v. Finland”). „თუმცა მოთხოვნა“ - პენსიასთან დაკავშირებით - შესაძლებელია წარმოადგენდეს საკუთრებას კონვენციის პირველი და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მნიშვნელობით, თუ კი იგი „საკმარისად რეალიზებადი“ და „ლეგიტიმურად მოთხოვნადი“ სარგებელია (stran qzeek refinezies and stratis andreadis v. Greece”). (provednoya v. Russia აბზაცი 38).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე „Case of belane nagy v. Hungary”. პენსიის ცვლილება განხორციელდა კანონის ცვლილებით დადგენილი ახალი პირობებით. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ „საჩივარი უნდა შემოწმდეს პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებაში, რომელიც იკითხება შემდეგნაირად: „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში“.
ევროსასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში სასამართლო ასევე აღნიშნავს: „... თუ სარგებელი რომელიც გაიცემოდა მოქმედი კანონმდებლობით... კანონიდან იქნა ამოღებული, კერძოდ, კანონმდებლის რეტროსპექტული შესწორებით... ამგვარი ღონისძიება საჭიროებს დამაჯერებელ დასაბუთებას პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისათვის“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადაო არ არის ის გარემოება, რომ კომპენსაციის სახით მუდმივად გასაცემი ყოველთვიური თანხა წარმოადგენს ბენეფიციარის პირად საკუთრებას და იგი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს პარლამენტს 24.04.2012 წლის N 6061 კანონის მიღების დროს (იმ დროისათვის მოქმედი კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებსაც რომ თავი დავანებოთ) დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა 01.09.2012 წლის შემდეგ 65 წლის ასაკს მიღწეული მოსამართლეების მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის 560 ლარის 440 ლარით შემცირება და მისი დაყვანა არაუმეტეს 120 ლარზე, რა საზოგადოებრივი საჭიროებით იყო გამოწვეული? არ არის გამორიცხული, რომ ეს დასაბუთებული იყოს და ინახებოდეს საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში ან არქივში. ასე მაგ: რომ ამ თანხის კომპენსაციის სახით გაცემა გამოიწვევდა ბიუჯეტის დეფიციტს ან მოსახლების გაღატაკებას (ლაპარაკია მთლიანად 58 000 ლარზე), მაგრამ ამგვარ დოკუმენტაციაზე თუკი იგი არსებობს, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად დასაშვებად უნდა ცნოს, რათა ეს საკითხები გაირკვეს, თუ აღმოჩნდება, რომ კანონში ცვლილება საზოგადოებრივი საჭიროებით იყო გამოწვეული ასეთ შემთხვევაში მოსამართლეები სარჩელზე, ცხადია უარს იტყვიან. თუ არ იტყვიან, თვით საკონსტიტუციო სასამართლო ეტყვის მათ უარს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
24.04.2012 წლისა და 27.10.2015 წლის კანონები ერთმანეთთან იმანენტურ არსებით კავშირშია: პირველი წარმოადგენს მე-2 ის საფუძველს, მათი ერთმანეთისაგან გათიშვა და მხოლოდ 27.10.2015 წლის კანონის კონსტიტუციურობის ავტონომიურად განხილვა შედეგს არ მოგვცემს, რადგანაც პირველი რომ არ ყოფილიყო (მოსამართლეების მიმართ) მე-2 კანონის მიღება საჭირო აღარ იქნებოდა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა საზოგადოების საჭიროება (მისი გაღატაკების საშიშროება) არსებობდა 24.04.2012 წლის კანონის მიღების დროს, მაგრამ 27.10.2015 წლის კანონის მიღების დროს იგი აღმოიფხვრა, რაც უნდა დადასტურდეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს. საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის ამგვარად გარკვევა, პირდაპირ არის დაკავშირებული 27.10.20125 წლის კანონის ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხთან ანუ კანონის რეტროსპექტულად მოქმედების მოთხოვნის სამართლიანობა-უსამართლობასთან. კანონიერებაზე საკონსტიტუციო კონტროლი ასეთ შემთხვევაში თუ განუხრელად არ განხორციელდა, საქართველოს პარლამენტს შეუძლია ნებისმიერი პირის მიმართ შეამციროს, გააუქმოს ან შეწყვიტოს ბენეფიციართა მიმართ სოციალური უზრუნველყოფა და რამდენიმე წლის შემდეგ განაახლოს ან არ განაახლოს და რეტროსპექტულად დარღვეული უფლებები არ აღადგინოს. ეს იქნება სახელმწიფო შტოთა შორის ურთიერთკონტროლის უარყოფა, რაც დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოსათვის ჰეტეროგენულია.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 22.02.2018 წლის N 2/4 1240 განჩინებით ანალოგიური სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო არ მიიღო არსებითად განსახილველად, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს ჰქონდა შეტანილი, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის იმ ნორმატული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც კრძალავს (არ აწესებს) კანონის უკუქცევითი ძალის გამოყენებას.
მოცემული კონსტიტუციური სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებითად განსხვავდება სახალხო დამცველის მიერ შეტანილი სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებისაგან, რაც გამოიხატება შემდეგში:
ა) სახალხო დამცველი თავისი სარჩელით ითხოვდა 27.10.2015 წლის N 4579-1ს კანონით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში შესული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას. ეს ცვლილება კონსტიტუციურია და სრულიად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლების მოთხოვნებიდან, რომელზედაც აპელირებდა მოსარჩელე.თუმც იმ დროისათვის ეს გამოწვეული იყო გარკვეული სარედაქციო - კორექტორული უზუსტობებით.
ბ) 27.10.2015 წლის N 4579-1ს კანონით არაერთი ცვლილება შევიდა ,,სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა მუხლებში, საიდანაც 7 მოსამართლის კონსტიტუციური უფლება (საკუთრების ხელშეუვალობის და სამართლის წინაშე თანასწორობა) დაირღვა მხოლოდ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების შემდეგი ფორმულირებით: ,,იმ პირს, რომელსაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით“. 01.01.2016 წლამდე დადგენილი ოდენობით კომპენსაციის მიღების უფლება 01.09.2012 წლიდან 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა მოსამართლეს ჰქონდა, მაგრამ როგორც მივუთითეთეს ოდენობა არ აღემატებოდა 120 ლარს და უფრო ნაკლები იყო ვიდრე ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“საქართველოს კანონის დადგენილი თანხის ოდენობა. 27.10.2015 წლის კანონი კონსტიტუციური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერში: ,,2016 წლის 1 იანვრის“ ნაცვლად ჩაიწერებოდა ,,2012 წლის 1 სექტემბრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით“. სწორედ ეს წარმოადგენს მოცემული სარჩელის მოთხოვნას (კანონის არაკონსტიტუციურობას) და ამით განსხვავდება იგი სახალხო დამცველის სარჩელისაგან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი