მაია თოდუა და მიხეილი წურწუმია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1643 |
ავტორ(ებ)ი | მაია თოდუა, მიხეილი წურწუმია |
თარიღი | 30 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი პუნქტი: „წვრილმანი ხულიგნობა- საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის სამართლებრივი რეგლამენტაციით განსაზღვრულია ნეგატიური შინაარსობრივი შემადგენლობის მქონე იმ პროცესუალურ წინაპირობათა ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის დადასტურება იქცევა კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლად, თუმცა, ამ შემთხვევაში გვაქვს მოცემულობა, როცა:
ა) კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შესაბამისობაშია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული მოწესრიგებით დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) კონსტიტუციური სარჩელი წარდგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს შემდეგი გარემოებები:
მოსარჩელეები კარგად აცნობიერებენ რა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განმტკიცებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების განსაკუთრებული მნიშვნელობას, ადამიანის, როგორც ღირსების მქონე ინდივიდის პიროვნული თვითრეალიზაციის და საზოგადოებრივი პროგრესის გარანტირების თვალსაზრისით, რაც უპირველესად, სახელისუფლებო ძალაუფლების სამართლებრივი შეზღუდვის გზითაა მიღწევადი. კონსტიტუცია, როგორც ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი პოზიტიურ-სამართლებრივად განამტკიცებს ადამიანის, როგორც ბუნებით, აგრეთვე მის სოციალურ ფენოტიპთან დაკავშირებულ უფლებებს და აღნიშნულის შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებსაც, განსახილველად წარმოდგენილ შემთხვევაში კი, სადავოდ გამხდარი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო რეგლამენტაცია, მისით იდენტიფიცირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და აღნიშნულის აღკვეთით დაცული სამართლებრივი სიკეთეები - საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე, თუმცა თავისთავად დაცვის ღირს სამართლებრივ და მორალურ კატეგორიებს წარმოადგენენ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციით განსაზღვრელი საფუძვლებში არ მოიაზრებიან და შესაბამისად მოსარჩეელებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ იმ, აბსოლიტურად დასაშვებ და მოსალოდნელ მოცემულობაში, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, სოციუმში დადგენილი ქცევის ზოგადი სტანდარტისგან განსხვავებულად გამოხატავენ პოზიციას, იქცევიან რა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166 -ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებლად, დაეკისრებათ შესაბამის ადმინისტრაციული სახდელი, მათი აზრისა და გამოხატვის თავისუფლება იქნება ხელყოფილი აღნიშნულის ლეგიტიმურად მიჩნევის მიზნობრიობით აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის პირობებში იმდენად, რამდენადაც ქართული მართლწესრიგი გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის მაღალ სტანდარტს ადგენს და საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვდის გარანტირების მიზნებისთვის აღნიშნულის შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
დ)კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აქამდე განხილული და გადაწყვეტილი არ ყოფილა.
ე)კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყეტადია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი მოწესრიგების შესაბამისად.
ვ)წარმოდგენილი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის მიზნებისთვის კანონმდებლობა სპეციალურ ვადას არ ითვალისწინებს.
ზ)სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
განსახილველად წარმოდგენილ სარჩელში, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელ და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ სამართლებრივ მოწესრიგებასთან მიმართებით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის გარანტირების მიზნებისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინების, მოქალაქეთა შეურაცხმყოფელი გადაკიდებისა და სხვა ამგვარი მოქმედებისთვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტით დაცული სფერო და მისი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლების იდენტიფიცირება ამავე მუხლის მე-5 პუნქტის კონტექსტში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტით დაცული სფერო
გამოხატვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში მცხოვრები ღირსების მქონე ინდივიდის თავისუფალი განვითარებისა და საზოგადოებრივი პროგრესის უზრუნველყოფის წინაპირობის, განსაკუთრებული როლი აღიარებულია ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის -კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აზრის თავისუფლება : „...დიდი ხანია დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ფუნქციონალურ ელემენტს მიეკუთვნება.[1]“ გამოხატვის თავისუფლება დაცულია ადამიანის იმანენტურ უფლებათა დაცვის, ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმით, როგორიც არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თვაისუფლებათა ევროპული კონვენცია (შემდგომში-ევროკონვენცია). ევროკონვენციის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის ნორმატიული მოწესრიგების თანახმად დაცულია ყველა პირის შესაძლებლობა, საჯარო ხელისუფლების ჩარევისგან დამოუკიდებლად გამოხატოს აზრი, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია. ევროკონვენციის 1-ელი კარით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის მიზნებისთვის მისი მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა შორის არის საქართველოც, ვალდებულნი არიან როგორც პოზიტიური თვალსაზრისით, ეროვნულ კანონმდებლობაში კონვენციურად აღიარებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნებისთვის მინიმალური გარანტიების ასახვასა და მის ეფექტიან პრაქტიკულ განხორციელებადობაზე კონტროლს რომ მოიაზრებს, აგრეთვე ნეგატიურადაც, რაც უფლებით დაცულ სფეროში, საამისოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა არ არსებობის პირობებში, ჩარევისგან თავის შეკავებას გულისხმობს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის სამართლებრივ რეგლამენტაციასთან დაკავშირებით არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკითა და ევროკონვენციის მე-10 მუხლის დაცულ სფეროსთან, მოქმედების ფარგლებთან და შეზღუდვის დასაშვებად მიჩნევისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში-ევროსასამართლო) მიერ გაკეთებული განმარტების შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ იმგვარი იდეები თუ მოსაზრებები, რომლის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან ან რომელიც ნეიტრალურია, არამედ ისეთი ინფორმაციაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან ამაღელვებელია, რადგანაც ასეთია შემწყნარებლობის, ლიბერალიზმის და პლურალიზმის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება. 2016 წლის 30 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში, საქმეზე „იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა შემდეგი : “ თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასთვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის მიერ, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ. გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა“[2].
აქვე უნდა განიმარტოს ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებისთვის დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტი ერთმანეთისგან დიფერენცირებულად განხილავს აზრის, როგორც განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისგან შემდგარ კატეგორიას, რომლის მცდარობა თუ უტყუარობა აბსოლიტურად პირად წარმოდგენებთანაა დაკავშირებული და ფაქტის, როგორც მტკიცებულებით დადასტურებას დაქვემდებარებული მოცემულობის ცნებებს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აზრად მიჩნეულია „შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ნორმატიული მოწესრიგების შესაბამისად კი დაცულია ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, ყველას აზრის აბსოლიტური თავისუფლება. რიგ საკითხებთან დაკავშირებით ადამიანთა შეხედულებები და მოსაზრებები დაუშვებელია დაექვემდებაროს სახელმწიფოს მხრიდან რანგირებას აღნიშნულის მართებულობის, მცდარობის, ზნეობრივად მიუღებლობის, ამორალურობის თუ სხვა რაიმე მოტივით და ამგვარი გამოხატვისთვის განისაზღვროს დაცვის განსხვავებული ხარისხი. აზრისგან განსხვავებით ფაქტები უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებს. აზრისა და ფაქტის ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2004 წლის 11 მარტით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში, საქმეზე:“ საქართველოს მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმარტა შემდეგი : “ ფაქტები ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს. შესაბამისად, ფაქტების გავრცელება ექვემდებარება მათი სისწორის, ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას. მაშინ როდესაც მოსაზრების ნამდვილობის მტკიცება შეუძლებელია და შესაბამისად, ამის ვალდებულებაც აზრის გამომთქმელს არ უნდა ეკისრებოდეს.“[3] ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ხაზი გაუსვა აზრის გამოხატვის თავისუფლების სრულყოფილად განხორციელების მიზნებისთვის არა მხოლოდ სათანადო გარანტიების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულებას, არამედ ინდივიდის თავისუფლად და უშიშრად აზრის გამოხატვის კონტექსტში საზოგადოებრივი მიმღებლობის მნიშვნელობას და განმარტა, რომ : „დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად. დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით[4].“
ამდენად, თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობის, გამორჩეულობისა და განსხვავებულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს აზრის გამოხატვის სათანადო დონეზე დაცვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ: „ შეუძლებელია იმ მოსაზრებების თუ გამონათქვამების შემოფარგვლა და ამომწურავად იდენტიფიცირება, ტერმინოლოგიის განსაზღვრა, რომელიც მთლიანად საზოგადოებისთვის, ყველა ადამიანისთვის მისაღებია. ... ამიტომ, სახელმწიფოს არ გაანია უფლებამოსილება დაყოს აზრები „მართებულ“ თუ „არამართებულ“, „სასურველ“ თუ „არასასურველ“ და სხვა სახის კატეგორიებად. თუ ადამიანს, არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს ან თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს - მის ღირსებას.“[5] ინსტიტუციონალურ დემოკრატიულ ტრადიციათა გათვალისწინებითა და კანონის უზენაესობის პრინციპის ეფექტიანი პრაქტიკული განხორციელებადობის მიზნებისთვის, ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით დაცულ სფეროში დასაშვებზე მეტად ჩარევის რისკის მინიმიზაციას რომ ახდენენ, აუცილებელია ყოველ კონკრეტულ საზოგადოებაში დროთა განმავლობაში გაბატონებულ ზნეობრივ შეხედულებებთან არათავსებადობის მოტივით არ დაწესდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა აზრის გამოხატვისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაშია აზრი დაეკარგება პლურალიზმის, ტოლერანტობის, განსხვავებულ შეხედულებათა მიმართ შემწყნარებლობის გამოხატვის ნორმა -პრინციპის, როგორც ასეთის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები
გამოხატვის თავისუფლება არ განეკუთვნება აბსოლიტურად უზრუნველყოფილ უფლებათა კატეგორიას და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის პირობებში ექვემდებარება შეზღუდვას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის დასაშვები ზღვარი კუმულაციური წესით რომ მოითხოვს სამი წინაპირობის არსებობას, კერძოდ, მოცემული ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის საკანონმდებლო რეგლამენტაციას, იმ დათქმით, რომ უფლებამზღუდავი ნორმა თვით უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს, მეორე მხრივ, აღნიშნული უნდა მიემართებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ერთი ან რამდენიმე კანონიერი ინტერესის დაცვას და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებაში, უკანასკნელი ცნება კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უნდა განიმარტოს „მწვავე სოციალური საჭიროების“ კონტექსტში. მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა განხორციელდეს კონსტიტუციაში მოცემული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგი საშუალების გამოყენებით, „... რათა ადამიანის უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური უფლების არსებობა მხოლოდ ფორმალურ, დეკლარაციულ ხასიათს შეიძენდა.დემოკრატიული სახელმწიფო პატივისცემით უნდა მოეკიდოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მისი შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული, საჭირო და აუცილებელი თავად დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, ადამიანთა თანაცხოვრებისათვის.“[6]
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ნორმატიული მოწესრიგების შესაბამისად აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდუს, თუ :
1. შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით - შესაბამისად ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტით
2. შეზღუდვა მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგ კანონიერ ინტერესთაგან რომელიმეს დაცვას,კერძოდ:
ა. სახელმწიფო უსაფრთხოებას;
ბ. საზოგადოებრივ უსაფრთხეობას;
გ.ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას;
დ. სხვათა უფლებების დაცვას
ე. კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას
ვ. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას.
3. შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უნდა იყოს კრიტიკულად აუცილებელი, აღნიშნული ცნება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განიმარტება ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვად : „ რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და ქმედითი შესაძლებლობა“. შესაბამისად უფლებამზღუდავი ნორმისა და ლეგიტიმური მიზნის არსებობა საკმარისი არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად. მნიშვნელოვანია დაცულ იქნეს თანაზომიერების მკაცრი კონსტიტუციური სტანდარტი და ამდენად არ მოხდეს ადამიანის უფლების იმაზე მეტი ხარისხით შეზღუდვა, ვიდრე ამას დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის უკიდურესი აუცილებლობა მოიაზრებს.
გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი ნორმები აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს, რაც გამომდინარეობს კიდევაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, კანონმდებელთათვის რომ განამტკიცებს ვალდებულებას საკითხთა ნორმატიული მოწესრიგება მოახდინონ მკაფიო, არაორაზროვანი, ცხადი და ყველასთვის ადვილად გასაგები ფორმით, რათა ნორმის სუბიექტებმა მარტივად განსაზღვრონ აღნიშნულის დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები და უზრუნველყონ აღნიშნულის შესატყვისი მოქმედების განხორციელება. კანონის ხელმისაწვდომობა კი გულისხმობს მის გამოქვეყნებას საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის ნორმატიული მოწესრიგების შესაბამისად საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის გარანტირების მიზნებისთვის წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინების, მოქალაქეთა შეურაცხმყოფელი გადაკიდებისა და სხვა ამგვარი მოქმედებისთვის. ზემორე განვითარებულ მსჯელობაში უკვე აღინიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება,დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად არ განეკუთვნება აბსოლიტურად უზრუნველყოფილ უფლებათა კატეგორიას და კონსტიტუციითვეა დადგენილი აღნიშნული ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის დასაშვები ზღვარი. უფლებათა ეფექტიანი პრაქტიკული განხორციელებადობის მიზნებისთვის კი აუცილებელია საკითხთის მომწესრიგებელი ნორმები შეესაბამებოდნენ უფლებით დაცული სფეროსა და აღნიშნულის შეზღუდვის ფარგლების განსაზღვრის კონტექსტში დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებს. სადავოდ გამხდარი ნორმის სამართლებრივი რეგლამენტაციის პრაქტიკაში მოქმედებით კი იქმნება მოცემულობა, როცა მოსარჩეელები დგანან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული გამოხატვის თავისუფლების უშუალოდ დარღვევის რისკის წინაშე, ყოველ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სოციუმისთვის მიუღებელი, ზნეობრივად და მორალურად გაუმართლებელი ფორმით მოახდენენ საკუთარ მოსაზრებათა აფიშირებას, იმდენად, რამდენადაც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ რეგულირებაში მითითებული საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის მიზანი, სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუქნტით,გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურად მიჩნევის მიზნობრიობით განსაზღვრულ საფუძვლებთან. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, თვით დადგენილია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები, ამ კონტექსტში დაწესებული შიდა კონსტიტუციური ზღვრის შესაბამისად, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, სხვათა უფლებების დაცვის, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტირებისთვის, შესაბამისად საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინების, მოქალაქეთა შეურაცხმყოფელი გადაკიდებისა და სხვა ამგვარ ქმედებათა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაცია და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრა კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ მიზნებიდან ერთ-ერთის მიღწევას მაინც უნდა ემსახურებოდეს.
საზოგადოებრივი წესრიგი, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობის სისტემა, ცხადია აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნებისთვის კონსტიტიტუციით განსაზღვრულ საზოგადოებრივი უსაფრთხეობის ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი არ არის. აღნიშნულის ლუსტრირების მიზნებისთვის კი მნიშვნელოვანია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების ნორმატიული მოწესრიგებით დადგენილი, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ცნების ლეგალურ დეფინიციას შორის არსებული თვისობრივი სხვაობა წარმოვაჩინოთ, კერძოდ, საზოგადოებრივ უსაფრთხოებად მოაზრებულია -„პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის,ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა“, ხოლო მართლწესრიგად იდენტიფიცირდება საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობის სისტემა, ზნეობრივი ნორმები, რომელთაც არ აქვთ კოლიზიური მიმართება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულირებასთან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ შეუძლებელია სადავო ნორმაში ამოკითხულ იქნას სხვათა უფლებების დაცვის კანონიერი ინტერესიც, ვინაიდან, აქ გამოხატვის საპირწონედ უნდა არსებობდეს სხვა კონსტიტუციით აღიარებული უფლება ან თავისუფლება, საჯარო მორალი ან ზნეობა, რომელთან დაკავშირებული საკითხებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად ობიექტურად განსჯადი ვერ იქნება და მხოლოდ სუბიექტურ მიხედულებას შესაძლოა დაექვემდებაროს, წარმოადგენს უფრო კოლექტიურ საჯარო ინტერეს, ვიდრე ყოველ ცალკეულ ინდივიდთან დაკავშირებულ სუბიექტურ უფლებას. ამასთან, მოქალაქეთა სიმშვიდე, როგორც სასურველი მოცემულობა, რომლის მიღწევასაც ემსახურება სადავოდ გამხდარი ნორმის მოქმედება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნობრიობით განსაზღვრულ საფუძველთა კატეგორიას არ განეკუთვნება, აღნიშნული ცხადია, ერთი მხრივ, უფლებამზღუდავი ნორმის სადავოდ გამხდარი ნორმატიულ შინაარსა და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურად აღიარებულ უფლებასთან მიმართების დადგენის მიზნობრიობით გრამატიკული ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენების ეტაპზევე, რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, რომ მოქალაქეთა სიმშვიდე, როგორც ასეთი არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ეფექტიანი პრაქტიკული რეალიზების გარანტირების ერთ-ერთი საშუალება და არა დამოუკიდებელი, თავისთავადი ავტონომიური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი სიკეთე, რომლის მიღწევის მიზნითაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანის იმანენტურ უფლებათა შეზღუდვის დასაშვებად მიჩნევა.
ზემორე წარმოდგენილი მსჯელობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს იმდენად, რამდენადაც არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებთან.
ამასთან უნდა ითქვას, რომ სადავოდ გამხდარი ნორმის საკანონმდებლო რეგლამენტაცია აგრეთვე ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის პრინციპით დადგენილ მოთხოვნებს რაც უფლებამზღუდავი ნორმის საჯარო გამოქვეყნების გზით მასზე ხელმწისაწვდომობის უზრუნველოფასთან ერთად მოიაზრებს მკაფიო, ნათელი და არაორაზროვანი ფორმულირების გაკეთების აუცილებლობას, მისით აკრძალული ქმედების ზუსტ იდენტიფიცირებას შესაბამის სამართლებრივ შედეგზე მითითებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობაზე ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში და აღნიშნა, რომ ამ სახის სამართლებრივი რეგლამენტაცია „ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა[7]. კონფლიქტურ სიტუაციათა მრავალგვარობის გამოისობით შეუძლებელია ყველა მათგანის ამომწურავი განსაზღვრა სამართლებრივი რეგლამენტაციის ფარგლებში, მაგრამ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით ნორმა იმგვარად არ იყოს რეგულირებული რომ ქმნიდეს ფართე მიხედულებით განმარტების შესაძლებლობას, მის ადრესატს კი ზუსტი წარმოდგენა არ შეექმნას აკრძალული ქმედების არსზე და აღნიშნულის განხორციელების სამართლებრივ შედეგებზე, რა მოცემულობაც, სადავაოდ გამხდარი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში ნამდვილად გვაქვს იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეებისთვის სრულიად გაუგებარია რას მოიაზრებს სადავოდ გამხდარ ნორმაში მოცემული სიტყვათწყობა- „ მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება“ და „სხვა ამგვარი მოქმედება“, რომელიც კანონმდებლის მიერ არჩეული ფორმულირების სტილის მიზეზით ერთმანეთისგან უნდა გამომდინარეობდნენ, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ თვით „მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება“ ქმნის ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას და პრობლემას წარმოადგენს აკრძალული ქცევის ერთიანი სტანდარტის დამკვიდრების კონტექსტში, სრულიად გაუგებარია რას მოიაზრებს ფრაზა - „სხვა ამგვარი მოქმედება“ რამეთუ აღნიშნულის არსის გააზების ვარიაცები ნორმის ადრესატთა პიროვნულ მახასიათებლებზე, მსოფლხედვაზე, გამოხატვის თვითგანსაზღვრულ ფორმებზე, აზროვნების სტილზე, მრწამსზე და სხვა მრავალგვარ ცვლად გარემოებაზეა დაფუძნებული. მოცემულ ცნებათა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციური წესით შეფასებას დაქვემდებარება სასამართლო განხილვის ეტაპზე ნამდვილად რელევანტურ მიდგომად გამოიყურება, მაგრამ ალოგიკურია საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, რომელსაც საკითხში ექსპერტიზა არ აქვს, მოვთხოვოთ პოზიციონირებამდე დაფიქრდეს მისი კონკრეტული ქმედება რამდენად ჩაითვლება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლის პირველ ნაწილით „სხვა ამგვარ ქმედებათა“ კატეგორიაში მოაზრებულ ქცევად, რომლისთვისას კანონი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს. შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლის პირველი ნაწილის, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარს, თანადროულად აქვს როგორც ლეგიტიმურ მიზანთან მიმართების, აგრეთვე განსაზღვრულობის პრინციპით დადგენილ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებული ხარვეზი, რაც მოსარჩელეთა არგუმენტირებული პოზიციით, მისი არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკმარის საფუძვლებს წარმოადგენს.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის N2/2/180-183 გადაწყვეტილება, პ.6
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/6/561,568 გადაწყვეტილება, II. პ. 40
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის N2/1/241 გადაწყვეტილება, პ.3
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/3/421,422 გადაწყვეტილება, II, პ.7
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/6/561,568 გადაწყვეტილება, II, პ.41
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/2/516,542 გადაწყვეტილება, II, პ. 7
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/2/516,542 გადაწყვეტილება, II, პ.30.ნ
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა