მაია თოდუა და მიხეილი წურწუმია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/1643 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 იანვარი 2025 19:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მაია თოდუა და მიხეილი წურწუმია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1643) მომართეს მაია თოდუამ და მიხეილი წურწუმიამ. №1643 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 2 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 27 დეკემბერს.
2. №1643 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი განსაზღვრულია ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები, ფორმა და წესი.
5. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინების, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებისა და სხვა ამგვარი მოქმედებისთვის, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მასში კი არ მოიაზრება საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დაცვა. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების ამგვარად შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
6. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას და იძლევა ორაზროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარის მითითებით, მათთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობს ტერმინები – „მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება“ და „სხვა ამგვარი მოქმედება“. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, ამ ტერმინთა შინაარსი ძალიან ფართოა და მათი არსის განსაზღვრა დამოკიდებული ხდება ნორმის ადრესატთა მსოფლმხედველობაზე, აზროვნების სტილზე, მრწამსსა და სხვა პიროვნულ მახასიათებლებზე. შესაბამისად, მოსარჩელეების პოზიციით, შეუძლებელია, საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა, დამოუკიდებლად განსაზღვროს, თუ როდის ჩაითვლება მისი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და რა შემთხვევაში დაეკისრება მას პასუხისმგებლობა.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სათანადო საფუძვლების არსებობისას და კონსტიტუციითვე განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს იმაზე უფრო ფართო მიზნების მისაღწევად, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამასთანავე, თავად სადავო ნორმის ტექსტში გამოყენებული ტერმინები ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას სრულად. სადავო ნორმა განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება პირის მოქმედება წვრილმან ხულიგნობად და, ამასთან, ადგენს რომელი ადმინისტრაციული სახდელები შეიძლება იქნეს გამოყენებული სამართალშემფარდებლის მიერ ხსენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. კანონმდებელი უფლებამოსილია განსაზღვროს, თუ რა ურთიერთობასთან მიმართებით უნდა იქნეს გამოყენებული ესა თუ ის ადმინისტრაციული სახდელი და რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს იგი იმ მიზნის მიღწევას, რაც კანონმდებელს სურს. ... ადმინისტრაციული სახდელის დაწესებისას კანონმდებლისთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების ფარგლები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევისთვის სახდელის რა მოცულობითა და ზომით შეფარდება იქნება ადეკვატური. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სახდელის ფორმა, მისი სიმკაცრე საშუალებას აძლევს სამართალშემფარდებელს, დაიცვას სამართლიანი ბალანსი სამართალდამრღვევის უფლებების შეზღუდვასა და სხვათა უფლებების დაცვას შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შერჩევისას კანონმდებლის მიხედულების ფარგლები ფართოა, იგი ამ სფეროში არ სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს იმას, რომ სანქცია სამართალდარღვევად შერაცხული ქმედებისაგან დამოუკიდებლადაც იქცეს გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის წყაროდ. ამ სფეროში კანონმდებლის ფართო მიხედულების ფარგლებიდან გამომდინარე, სანქციის ზომა საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გახდეს. „საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
4. ამდენად, აშკარაა, რომ ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს არა მხოლოდ ქმედების აკრძალვით უფლების შეზღუდვის ფაქტი, არამედ, ასევე უნდა დაასაბუთოს სანქციის აშკარად არაპროპორციული ხასიათი. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნას და, ამასთანავე, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ ითვალისწინებს. ხსენებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსარჩელეთათვის პრობლემურია არა აკრძალული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქცია (მისი სახე, მოცულობა ან/და სხვა ფაქტორი), არამედ თავად აკრძალვის შინაარსი. შესაბამისად, მათი პრობლემა მომდინარეობს სადავო ნორმის იმ ნაწილიდან, რომელშიც განსაზღვრულია წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა. იმავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიმართული იქნებოდა ადმინისტრაციული სახდელის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1643 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას. სადავო ნორმის თანახმად, აკრძალულ ქმედებად განისაზღვრება წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. მოსარჩელეთათვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობს ტერმინები – „მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება“ და „სხვა ამგვარი მოქმედება“. მათი პოზიციით, ამ ტერმინთა შინაარსი ძალიან ფართოა და მისი არსის განსაზღვრა დამოკიდებული ხდება ნორმის ადრესატთა მსოფლმხედველობაზე, აზროვნების სტილზე, მრწამსსა და სხვა პიროვნულ მახასიათებლებზე. აღნიშნული კი მიუთითებს ნორმის ბუნდოვანებასა და მისი შინაარსის განუჭვრეტადობაზე. ამასთანავე, მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამომწურავად ჩამოთვლის იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მასში კი არ მოიაზრება საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დაცვა. ამდენად, მოსარჩელე მხარე, ზემოხსენებულ არგუმენტებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნას.
7. მოსარჩელე მხარის პირველი არგუმენტი მიმართულია სადავო ნორმის ბუნდოვანების წარმოსაჩენად. კერძოდ, მოსარჩელეთა განმარტებით, ტერმინების - „მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება“ და „სხვა ამგვარი მოქმედება“, შინაარსი ძალიან ფართოა და მათი არსის განსაზღვრა დამოკიდებული ხდება ნორმის ადრესატთა მსოფლმხედველობაზე, აზროვნების სტილზე, მრწამსსა და სხვა პიროვნულ მახასიათებლებზე. შესაბამისად, მოსარჩელეების პოზიციით, შეუძლებელია, საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა დამოუკიდებლად განსაზღვროს, თუ როდის ჩაითვლება მისი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და რა შემთხვევაში დაეკისრება მას პასუხისმგებლობა.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა განჭვრეტადობის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, რიგ შემთხვევებში, ვერ იქნება ინდივიდუალიზებული, დროსა და სივრცეში იზოლირებული ქცევის წესი. ამგვარ ნორმათა მიზანი მისი ხანგრძლივ პერსპექტივაში გამოყენება და ურთიერთობათა ფართო და მუდმივად განვითარებადი სპექტრის მოცვაა. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები გამოიყენება დინამიკური, წინასწარ არაიდენტიფიცირებადი ურთიერთობების დასარეგულირებლად. საზოგადოების, სოციალური ურთიერთობების მრავალფეროვნება, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის წინასწარ განისაზღვროს, თუ რა ფორმით, რა მეთოდის გამოყენებით მოხდება კანონმდებლობით დაცული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. კანონმდებლისთვის მაქსიმალურად დეტალიზებული, ხისტი მოწესრიგების შემოღების ვალდებულების დადგენა შეიცავს ამა თუ იმ საზოგადოებრივად საშიში ქმედების დაუსჯელად დატოვების საფრთხეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელს არ ექნება შესაძლებლობა, ესა თუ ის სამართლებრივი სიკეთე დაიცვას ზოგადი აკრძალვების დაწესებით, ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ ინდივიდები მოძებნიან გზას, ხსენებული სამართლებრივი სიკეთის კანონით აუკრძალავი ფორმით დასაზიანებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეალისტური იქნება, კანონმდებელს მოეთხოვოს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების კონკრეტიზაციის ძალიან მაღალი ხარისხით ჩამოყალიბება. დასაშვებია, პასუხისმგებლობის დამდგენი ისეთი ზოგადი საკანონმდებლო ნორმის მიღება, რომელიც გონივრულობის ფარგლებში ექვემდებარება განმარტებას და, ამ გზით, უზრუნველყოფს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული, დაცული სიკეთის ხელყოფის ყველა შესაძლო შემთხვევის დასჯადობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. მათი პოზიციით, სადავო ნორმის ბუნდოვანების გამო, ისინი ვერ ახდენენ აკრძალული ქმედების იდენტიფიცირებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია, თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „„მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები -ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფაქტობრივი შედეგი სცდება სადავო ნორმის აკრძალვას და სანქციის შიშით, პირი იძულებული ხდება, თავი შეიკავოს კონკრეტული ქმედების განხორციელებისაგან.
10. როგორც უკვე აღინიშნა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინების აკრძალვა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთანავე, ერთი ადამიანის მიერ მეორე პირის ლანძღვა-გინებისას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან ერთად, წარმოიქმნება ლანძღვა-გინების ადრესატის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფრთხეც, იმდენად, რამდენადაც სწორედ პირადი ცხოვრების უფლებით არის დაცული ადამიანის მორალური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები _ „დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-5). სადავო ნორმა მკაფიოდ განსაზღვრავს აკრძალულ ქმედებებს და იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც ხდება კონკრეტული აკრძალვის დაწესება. კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
11. მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია იმის წარმოსაჩენად, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმიდან მომდინარე „მსუსხავი ეფექტი“. გაუგებარია, მოსარჩელეთათვის რა წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რომელიც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა სადავო ნორმით დაწესებული აკრძალვიდან გამომდინარე, თავს იკავებენ ამ ქმედების განხორციელებისაგან. ამ კუთხით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, სულ მცირე, ის მაინც წარმოაჩინოს, თუ რაში ვლინდება „მსუსხავი ეფექტი“ - რა მიაჩნია სადავო ნორმით დაწესებული აკრძალვის მიღმა არსებულ ქმედებად, რომლის ჩადენის გამოც მას, ბუნდოვანი დისპოზიციის გათვალისწინებით, შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმაში გამოყენებულ ცალკეულ ტერმინებზე ბლანკეტური მითითება, მათი ბუნდოვანების წარმოსაჩენად, დამატებითი არგუმენტების წარმოდგენის გარეშე, ვერ გამოდგება სადავო ნორმიდან მომდინარე „მსუსხავი ეფექტის“ სამტკიცებლად. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის რაიმე კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, მისი აზრით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
12. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე მეორე არგუმენტად მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხდება ისეთი მიზნების (საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დაცვისათვის) მისაღწევად, რომლებსაც თავად კონსტიტუცია არ მოიაზრებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების უფლება არ არის აბსოლუტური და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია, დაექვემდებაროს შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციაში მოხსენიებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
13. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. სადავო ნორმის საჯარო ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა და ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტირება. ამასთანავე, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია ადამიანების პატივისა და ღირსების დაცვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, მათ შორის, ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტირება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნაწილია. ამავე დროს, ადამიანის მორალური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, მათ შორის, მისი დაცვა ვერბალური თავდასხმებისგან და გარანტირება იმისა, რომ „თავი დაანებონ“, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლებით დაცულ სიკეთეს (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები _ „დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-5).
14. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის, ისევე, როგორც „სხვათა უფლებების“, კერძოდ კი, ადამიანის მორალური/ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის და პირადი ცხოვრების დაცვა ვერ იქნება მიჩნეული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძვლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, კონსტიტუცია უშვებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1643 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1643 კონსტიტუციური სარჩელი („მაია თოდუა და მიხეილი წურწუმია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში