საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/4/798,801,803,815,817,830 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 20 ოქტომბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ოქტომბერი 2016 15:01 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
დავის საგანი: 1) №798 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2) №801 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3) №803 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4) №815 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5) №817 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
6) №830 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 19 და 20 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №798, №801 და №803). 2016 წლის 9 და 15 აგვისტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე და პაატა სილაგაძე) კვლავ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №815, №817 და №830). №798, №801, №803, №815, №817 და №830 კონსტიტუციური წარდგინებების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 20 ოქტომბერს.
2. №798, №801, №803, №815, №817 და №830 კონსტიტუციურ წარდგინებებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, რაც ჩადენილია ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. №798 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მსჯავრდებული გოჩა გასვიანი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების ჩადენისათვის - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 5 იანვრის განჩინებით დაუშვებლად ცნო მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა) მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 13 ივლისს შეაჩერა მსჯავრდებულ გოჩა გასვიანის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. №801 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი, რომლის თანახმადაც, ვახტანგ ოქროპირიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების ჩადენისათვის და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 13 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება ვახტანგ ოქროპირიძის მიმართ და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
7. №803 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მსჯავრდებული დავით გოჩიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების ჩადენისათვის- ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო მოხმარებისათვის ორ ეპიზოდში და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის პირველი დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენები დავით გოჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის 273-ე მუხლის ნაწილში დარჩა უცვლელი. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 11 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება დავით გოჩიაშვილის მიმართ და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
8. №815 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენით დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორ ნ. კიკვაძესა და ბრალდებულ ბექა თვალოძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბექა თვალოძე ცნობილ იქნა დამნაშავედ მარიხუანას მოხმარების 2 ეპიზოდში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენი უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 28 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება ბექა თვალოძის მიმართ და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
9. №817 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით სულიკო გელაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელი. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 28 ივლისს შეაჩერა შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება სულიკო გელაშვილის მიმართ და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
10. №830 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ნიკა გაფრინდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების ჩადენისათვის და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით დაუშვებლად ცნო მსჯავრდებულის შუამდგომლობა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ საქმისწარმოება 2016 წლის 8 სექტემბერს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება ნიკა გაფრინდაშვილის მიმართ და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
11. №798, №801, №803, №815, №817 და №830 კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12. კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არ მომხდარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, საყურადღებოა აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბუნება. კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, პირი ნარკოტიკის მოხმარებით მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს. ამასთან, პატიმრობა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. წარდგინებებში აღნიშნულია, რომ ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. განსახილველ საქმეში კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბერს მიიღო განჩინება №3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის“. ხსენებული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. №3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმა არის №798, №801, №803, №815, №817 და №830 კონსტიტუციურ წარდგინებებში სადავოდ გამხდარი ნორმის იდენტური.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, №798, №801, №803, №815, №817, №830 კონსტიტუციურ წარდგინებებში სადავოდ გამხდარი ნორმა საქმის განხილვის მომენტისათვის ძალადაკარგულია. ამავე დროს, არ არსებობს სამართალწარმოების გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, №798, №801, №803, №815, №817 და №830 კონსტიტუციურ წარდგინებაზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს №798, №801, №803, №815, №817, №830 კონსტიტუციურ წარდგინებებზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი