საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N815 |
ავტორ(ებ)ი | პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი |
თარიღი | 9 აგვისტო 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ მოხმარებისთვის, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენით დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორ ნ. კიკვაძესა და ბრალდებულ ბ. თვალოძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე, რომლის თანახმად, ბექა თვალოძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით, სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და ბექა თვალოძეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 8 ოქტომბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. 2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განანჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენი შეიცვალა: ბექა თვალოძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. 3. 2016 წლის 1 თებერვალს მსჯავრდებულმა ბექა თვალოძემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. 4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. 5. კასატორი – მსჯავრდებული ბექა თვალოძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით (70 გრამამდე) „მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული სანქცია არის ჩადენილი ქმედებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და, შესაბამისად, სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველ სასჯელს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ მოწვეული სპეციალისტების განმარტებების მოსმენის შემდეგ მიიჩნია, რომ 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომ მისი შენახვის ფაქტი მიუთითებდეს გასაღების მიზნის არსებობაზე; საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით „მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. 6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ბექა თვალოძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას, მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვასა და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.
სამართლებრივი გარემოებები:1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო. 2. მოცემულ საქმეში მსჯავრდებული ბექა თვალოძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის (ორი ეპიზოდი) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე ,,გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოტივაცია, კერძოდ:
დასკვნა:საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას მიაჩნია, რომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, შესაძლოა მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შეიძლება გაუმართლებელ ჩარევად ჩაითვალოს პირის თავისუფლებაში და შეუსაბამო იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა