საქართველოს მოქალაქე სტეფანე კვირკვაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/662 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ნოემბერი 2016 12:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი- სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სტეფანე კვირკვაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის, 801 მუხლის მე-4 პუნქტისა და 81-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №662) მიმართა საქართველოს მოქალაქე სტეფანე კვირკვაიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 4 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 11 ნოემბერს.
2. №662 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ფარგლებში, გარდა ამავე პუნქტში მითითებული გამონაკლისი შემთხვევისა. ამავე კანონის 801 მუხლის მე-4 პუნქტი სწავლის საფასურის სახელმწიფოს მხრიდან დაფარვის ანალოგიურ წესს ადგენს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტისათვის, 81-ე მუხლი კი განსაზღვრავს ზოგადად სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობებსა და მათი განსაზღვრის წესს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი „საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ“.
5. მოსარჩელე სტეფანე კვირკვაია არის ყოფილი სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტად ეთმობა ყურადღება ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვას და ამ პროცესში დაცვის მაღალი სტანდარტების დადგენას, მოსარჩელე, ქონებრივი მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა, უარი ეთქვა განათლების მიღების უფლებაზე.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა იმდენად მნიშვნელოვანი ნორმა-პრინციპია, რომ მისი ვიწროდ, მხოლოდ სიტყვა-სიტყვით განმარტება დააკნინებდა ამ პრინციპის სამართლებრივ მნიშვნელობას. სახელმწიფოს, აღნიშნული უფლების ფარგლებში, ეკისრება ვალდებულება, თანასწორად მოეპყროს არსებითად თანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირებს და, ამის საპირისპიროდ, განსხვავებულად - პირებს, რომლებიც იმყოფებიან განსხვავებულ პირობებში.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაზე საუბრისას ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევები. თუკი პირდაპირი დისკრიმინაცია ღიად ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას, არაპირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევაში ნორმა, ერთი შეხედვით, ნეიტრალური ჩანს, თუმცა მისი მოქმედება განსხვავებულ შედეგებს იწვევს ნორმის სხვადასხვა ადრესატისათვის და ამით ნეგატიურ გავლენას ახდენს პირთა კონკრეტული ჯგუფის უფლებაზე.
8. მოსარჩელე მხარის მითითებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულების შედეგად ირიცხება ამა თუ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მას ენიჭება სტუდენტის სტატუსი, თუმცა, ქონებრივი მდგომარეობის გამო, მან შესაძლოა ვერ შეძლოს სწავლის პროცესის წარმატებით დასრულება განსხვავებით იმ სტუდენტისაგან, რომელსაც საშუალება აქვს სწავლის საფასური გადაიხადოს. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე ხდება დისკრიმინაცია ქონებრივი ნიშნით.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ადგენს უმაღლესი განათლების ძირითად მიზნებს. კერძოდ, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, „თ“ ქვეპუნქტი კი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა და სხვა ნიშნებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ხელს უწყობს როგორც სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების კანონში ცხადად ფორმულირების მიუხედავად, სადავო ნორმები სრულად ეწინააღმდეგება მათ შინაარსს.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით მიუთითებს საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობებზე სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთხელ განიმარტა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი წინა პირობები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კონსტიტუციური სარჩელის ფორმალური შესაბამისობა. ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუკი ის ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ამგვარი ფორმალური შეუსაბამობის არსებობა კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს თავისთავად წარმოადგენს, მიუხედავად სარჩელის შინაარსისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/4/621 განჩინება საქმეზე „შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-1).
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის შედგენის წესს, სავალდებულო რეკვიზიტებს, ასევე იმ სავალდებულო დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს თან. კერძოდ, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები. მაშასადამე, დასახელებულ სუბიექტთა ან მათი მისამართების არმითითება, ან არასწორად მითითება განაპირობებს კონსტიტუციური სარჩელის ფორმით შეუსაბამობას ზემოთ ხსენებული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებთან და, შესაბამისად, ქმნის მისი არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს.
3. №662 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო აქტს წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მოპასუხე მხარედ კი მითითებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელებზე „მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა“. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, შესაბამისად მისი არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში სწორედ საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არ არის მოპასუხის ვინაობა. შესაბამისად, №662 კონსტიტუციური სარჩელი ვერ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №662 („საქართველოს მოქალაქე სტეფანე კვირკვაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა