საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/18/731 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 12 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 ოქტომბერი 2017 17:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოპალეიშვილი − წევრი;
მერაბ ტურავა − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სანქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის პირველ მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №731) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 2 მარტს. №731 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 12 ოქტომბერს.
2. №731 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ჩადენილი არაერთგზის და აღნიშნული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპი. კონსტიტუციის მე-16 მუხლი განსაზღვრავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2014 წლის 5 ნოემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (50,24 გრამის ოდენობით), უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის, ჩადენილი არაერთგზის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით მოსარჩელის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), სასჯელის ნაწილში კი დარჩა უცვლელი.
6. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ბლანკეტური შინაარსისაა. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაცია ერთმანეთისგან არ მიჯნავს სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. სადავო ნორმით დაკვალიფიცირდება როგორც ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის არაერთგზის შეძენა-შენახვა, ასევე სხვა გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი და მაღალი სოციალური საშიშროების მქონე ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა და შენახვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კონკრეტული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელი გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალურად, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების საფუძველზე. სადავო ნორმით არ არის უზრუნველყოფილი ამგვარი ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა, ვინაიდან მოსამართლე შებოჭილია სადავო ნორმით მყარად დადგენილი სასჯელის ზომით და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსამართლე თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოშობს თავისუფლების აღკვეთის ადეკვატურ საფრთხეს, მოსამართლეს არ გააჩნია უფლებამოსილება, სხვა სახის სასჯელი შეუფარდოს პირს.
8. მოსარჩელე მხარე აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და შენახვისთვის, გაუმართლებელია დასახელებული სასჯელის გამოყენება 50,24 გრამი ნედლი მარიხუანის არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №731 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისათვის გათვალისწინებული სანქცია) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. №731 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 28 ივლისის (№1221-რს) კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შენიშვნას დაემატა მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად, „ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ზემოხსენებული ცვლილებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი აღარ აწესებს სასჯელს ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე), ნედლი და გამომშრალი მარიხუანის არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) და ამავე დანართის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი და გამომშრალი მარიხუანის არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე ძალადაკარგულია.
4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ხსენებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №731 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) და ამავე დანართის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი და გამომშრალი მარიხუანის არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
7. №731 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისათვის გათვალისწინებული სანქცია) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
8. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მიუთითებს ერთი კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების - ნედლი მარიხუანის არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის დაწესებული სანქციის არაკონსტიტუციურობაზე. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი, თუ რა შემხებლობა გააჩნია ნარკოტიკული საშუალებების (გარდა ნედლი მარიხუანისა), მისი ანალოგების, პრეკურსორებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონოდ დამზადებისთვის, წარმოებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის სადავო ნორმით დადგენილ სასჯელს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებთან. შესაბამისად, არგუმენტებისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში №731 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისათვის გათვალისწინებული სანქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №731 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისათვის გათვალისწინებული სანქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №731 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) და ამავე დანართის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი და გამომშრალი მარიხუანის არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა