კარლ რეინჰოლდ აუგუსტსსონი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1650 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | კარლ რეინჰოლდ აუგუსტსსონი |
თარიღი | 24 სექტემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N368 დადგენილებით დამტკიცებული პირბადის ტარების წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N368 დადგენილებით დამტკიცებული პირბადის ტარების წესის მე-3 მუხლის ა2) ქვეპუნქტი - „ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას“; |
მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული ნორმა არღვევს მისი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და არამართლზომიერად, დაუსაბუთებლად ზღუდავს მისი თვითგამოხატვის უფლებას. აღნიშნული ჩარევა/შეზღუდვა გამოწვეულია სწორედ გასაჩივრებული ნორმით
გ) სარჩელში მითითებული საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხები რეგულირდება კონსტიტუციის მე-12 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის გამხდარი მთავრობის კანონქვემდებარე აქტის კონკრეტული ნორმა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ღია საჯარო სივრცეებში ყოფნისას/გადაადგილების პირბადის ტარების სავალდებულოობა
ნორმის შესაბამისობა საქართველოს კოონსტიტუციის მე-12 მუხლთან.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, რაც საკმაოდ ვრცელი, ზოგადი ცნებაა და შესაძლოა პიროვნების ცხოვრების მრავალ ასპექტში იქნას გამოხატული. პიროვნების განვითარების უფლება მოიცავს პიროვნების თვითიდენთიფიცირების, თვითრეალიზებისა და განვითარების უფლებებს, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც ვიზუალური ჩაცმულობის სტილით, გარეგნული იერსახითა და სხვ. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს, კონკრეტულად აღმასრულებელი ხელისუფლების კანონქვემდებარე აქტის შესაბამისად, ადგილი აქვს აღნიშნულ უფლებაში ჩარევას, რამდენადაც, ზ/ხსენებული აქტი მიმართულია პიროვნებისთვის კონკრეტული შემზღუდველი რეგულაციის დაწესების - სახეზე პირბადის ტარების სავალდებულოობისკენ. იმდენად, რამდენადაც პიროვნების თვითგამოხატვა მის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებს უკავშირდება, რამდენადაც მას ხშირად თვითიდენთიფიცირება სწორედ თავისი გარეგნული, ფიზიკური იერსახის წარმოჩენით სურს, აღნიშნული შეზღუდვა ცალსახად იჭრება მისი თავისუფალი განვითარების სფეროში. აღნიშნული რეგულაციით დათრგუნულია უფლება, პირი კონკრეტული იერსახით წარსდგეს საზოგადოების წინაშე, რათა საზოგადოების მხრიდან, პიროვნებისთვის სასურველი გამოხატულებით იქნას აღქმული. აღწერილი ფორმით, პიროვნებას შესაძლოა სურდეს გარკვეული შთაბეჭდილების, პიროვნული პორტრეტის შექმნა საზოგადოების თვალში, რათა წარმოჩენილი იქნას როგორც დადებითი ან უარყოფითი მხარეები და ინდივიდუალიზმი. ყოველივე აღნიშნული ადამიანის ყოველდღიური ცხოვების ნაწილია, რის განხოციელებაშიც, დაუშვებელია დასაბუთებული ლეგიტიმური მიზნის არსებობის გარეშე ჩარევა.
უფლებაში ჩარევის თანაზომიერება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც.“ – (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-29).
„თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად საინტერესოა, წარმოადგენს თუ არა ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულოობა თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში მოქცეულ შეზღუდვას.
უნდა ითქვას, რომ პირბადის ტარება დაკავშირებულია კოვიდ-პანდემიის შეზღუდვებთან, რაც, მოსარჩელისთვის სრულიად გასაგებ გარემეობას წარმოადგენს და დავას არ იწვევს რიგი შეზღუდვების აუცილებლობა პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გასამკლავებლად. თუმცა, არსებობს სამეცნიერო დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ ღია სივრცეში გადაადგილებისას ნიღბების ტარებას ეფექტი არ გააჩნია და საერთოდ, იგი არ არის რეკომენდებული. ეს იმიტომ, რომ ღია სივრცეში ვირუსის გადადების რისკი, ფაქტობრივად არ არსებობს. აღნიშნულის შესახებ, აღსანიშნავია შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ე.წ. „გაიდლაინი“ სადაც აღნიშნულია, რომ „ნიღბის ტარება არ არის აუცილებელი გარეთ ყოფნისას, სხვებისგან მოშორებით, ან, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნის შემთხვევაში“.[1] ამასთან, სამედიცინო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან, მსგავსი განცხადებები კეთდება და რეკომენდაციები გაიცემა საქართველოშიც. კერძოდ, ექიმი ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რომ ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვის შემთხვევაში, ნიღბის ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან ამას აზრი არ აქვს.“[2] აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლების შემზღუდველი ნორმა, რომელიც პირდაპირ იჭრება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში, მოკლებულია რაციონალურ ახსნას, რამეთუ არ არსებობს ღია საჯარო სივრცეში ნიღბის ტარების სამედიცინო სავალდებულოობა და დასაბუთებაც, რასაც, თავის მხრივ უნდა წარმოექმნა, მისი ამკრძალავ ნორმად ქცევის შესაძლებლობა. იმდენად, რამდენადაც, აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ნორმას არ გააჩნია, იგი ვერ პასუხობს უფლებაში ჩარევის/უფლების შეზღუდვის სტანდარტს. ამდენად, მისი მოქმედება მიჩნეული უნდა იქნას, როგორც არაკონსტიტუციური.
ნორმის განჭვრეტადობა
ამასთან, ბუნდოვანია და არაგანჭვრეტადია ნორმის დათქმა „ღია საჯარო სივრცეში“. დასაზუსტებელი და გაუგებარია, თუ რა ადგილები იგულიხმება საჯარო სივრცეებში, ქალაქების, დაბების რა მონაკვეთები შეიძლება ჩაითვალოს საჯარო სივრცედ და ხომ არ შეიძლება, ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის გამო, არამართლზომიერად მოხდეს პიროვნების უფლების შეზღუდვა? საჯარო სივრცედ, შესაძლოა, განმარტებული იქნას ადგილები, სადაც საზოგადოება ხშირად იყრის თავს. თუმცა, თავისი არსით, ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც არ არის კერძო საკუთრება, შესაძლოა ასევე ჩაითვალოს საჯარო სივრცედ. აღნიშნული ინტერპრეტაციით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს წარმოეშობათ შესაძლებლობა, არამართლზომიერად გამოიყენონ სანქცია სუბიექტების მიმართ, აღნიშნული ნორმის მოქმედების პირობებში. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებულ ნორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზით ხასიათდება და მოკლებულია კონკრეტულ, განჭვრეტად განმარტებას.
თავის ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში, კონსტიტუციონალისტი ქეთევან ერემაძე აღნიშნავს, რომ „პირველი ხელშესახები გზავნილი ნორმის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით არის ის, რომ არსებობს გონივრული საფუძველი მისი არაერთგვაროვნად წაკითხვის შესაძლებლობისთვის, ანუ ნორმის ბუნდოვანება, არასიცხადე, უმეტესწილად, განპირობებულია იმით და იმავდროულად გამოიხატება იმაში, რომ ის არ იკითხება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, იძლევა გონივრულ საფუძველს სხვადასხვა შინაარსით წაკითხვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.”[3]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ნორმის განმარტებისას უნდა გაირკვეს როგორც კანონმდებლის ნება, ისე თავად კანონის ნება. ცალკეულ შემთხვევაში, კანონმდებელმა შესაძლოა საკმარისი სიზუსტით, სიცხადით და ადეკვატური კონკრეტულობით ვერ გამოხატოს საკუთარინება. შესაბამისად, ამა თუ იმ ნორმის ტექსტი პრაქტიკულად დაშორდება კანონმდებლის რეალურ შეხედულებებსა და სურვილებს მის შინაარასთან დაკავშირებით, ანუ კანონის ნება დაშორდება კანონმდებლის ნებას. ასეთ დროს სამართალშემფარდებელი აუცილებლად უნდა გაერკვიოს გამოსაყენებელი ნორმის ნამდვილ არსში, ჩაწვდეს კანონმდებლის კონკრეტულ მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე — ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 17.). აღნიშნულ შემთხვევაში სწორედაც, რთულად შესაცნობი და ბუნდოვანია კანონმდებლის ნება, რაც არსებითად ართულებს მის აღქმას. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმა არ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის სტანდარტებს და იგი უნდა იქნას მიჩნეული ძალადაკარგულად.
[1] იხ. ნიღბის ტარების გაიდლაინი: https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/prevent-getting-sick/cloth-face-cover-guidance.html
[2] იხ. ალექსანდე გოგინავას მოსაზრება: https://imedinews.ge/ge/covid19/134707/ramdenad-epeqturia-kustarulad-damzadebuli-nigbebi
[3] ქეთევან ერემაძე, „ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში“, გვ. 138
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა