კარლ რეინჰოლდ აუგუსტსსონი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/22/1650 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 11:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: კარლ რეინჰოლდ აუგუსტსსონი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა2 ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1650) მომართა კარლ რეინჰოლდ აუგუსტსსონმა. №1650 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 27 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს.
2. №1650 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა2 ქვეპუნქტის თანახმად, პირბადის გამოყენება აუცილებელია ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს. მოსარჩელე მხარეს მაგალითად მოჰყავს სამედიცინო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც აღნიშნავს, რომ ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვის შემთხვევაში, პირბადის ტარება აუცილებელი არ არის, ვინაიდან არ არსებობს ვირუსის გავრცელების რისკი. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ლეგიტიმური მიზნის არსებობის გარეშე, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, წარდგეს საზოგადოების წინაშე იმ გარეგნული იერსახით, რომელსაც თავად აირჩევს. აღნიშნული კი არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმა ვერც განჭვრეტადობის კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კერძოდ, ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება „საჯარო სივრცეში“, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებს თვითნებობის შესაძლებლობას, პირის მიმართ არამართლზომიერად გამოიყენოს შესაბამისი სანქცია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს, რის გამოც, საჭირო არ არის პირბადის ტარება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმით დადგენილი წესის არაზუსტ აღქმას. სადავო ნორმა ადგენს პირბადის ტარების ვალდებულებას ღია საჯარო სივრცეში. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა სადავო რეგულირების მიზანმიმართულება. რეგულაციის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენცია და, ამ გზით, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება. სასამართლოს განმარტებით, ღია საჯარო სივრცეში ყოფნა/გადაადგილება, თავისთავად, არის დაკავშირებული დაინფიცირების რისკთან, ვინაიდან აღნიშნულ სივრცეში რთულია, პირი მუდმივად იცავდეს დისტანციას და, მით უფრო, ყოველწუთიერად აკონტროლებდეს მას. ასევე შეუძლებელია, პირმა წინასწარ უტყუარად განჭვრიტოს, რომ იგი აღნიშნულ სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას ყოველთვის იქნება მარტო და იქ მოულოდნელად არ გამოჩნდებიან სხვა ადამიანები სხვადასხვა, მათ შორის, ახლო დისტანციაზე. შესაბამისად, ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას ყოველთვის შეიძლება, წარმოიშვას ვირუსის გავრცელების საფრთხე და ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი შემთხვევების გამოყოფა, როცა პირი აღნიშნულ სივრცეში ყოფნისას თუ გადაადგილებისას, ერთი მხრივ, თავად არ ჩავარდება დაინფიცირების რისკის ქვეშ და, მეორე მხრივ, თუკი უკვე დაინფიცირებულია, თავად არ იქნება ვირუსის გავრცელების რისკის მატარებელი. ამდენად, ღია საჯარო სივრცეში ყოფნა/გადაადგილება ყოველთვის დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების რისკთან და ნორმას მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის N1/5/1558 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გიორგი ლაშხი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-16).
4. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა იძლევა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. კერძოდ, განუჭვრეტადია, თუ რა იგულისხმება „საჯარო სივრცეში“, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებს თვითნებობის საშუალებას, პირის მიმართ არამართლზომიერად გამოიყენოს შესაბამისი სანქცია.
5. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მიემართება პასუხისმგებლობის დამდეგნი ნორმის მიმართ წაყენებულ მოთხოვნას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით. კონსტიტუციის სწორედ აღნიშნული დებულების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის N2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, არ არის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, ვინაიდან იგი ადგენს ღია საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულებას და საერთოდ არ ეხება ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხს, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე სადავო რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობას არ ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ მხრივ დაუსაბუთებელია.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1650 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1650 კონსტიტუციური სარჩელი („კარლ რეინჰოლდ აუგუსტსსონი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე