საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 536 |
ავტორ(ებ)ი | ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი, გოჩა გაბოძე |
თარიღი | 11 ივლისი 2012 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქეების: ლევან ასათიანის, ირაკლი ვაჭარაძის, ლევან ბერიანიძის, ბექა ბუჩაშვილისა და გოჩა გაბოძის საკონსტიტუციო სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები არ არსებობს. სარჩელი აკმაყოფილებს "საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მოთხოვნებს. ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ბ) სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი პირების მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს მოქალაქეების: ლევან ასათიანის, ირაკლი ვაჭარაძის, ლევან ბერინიძის, ბექა ბუჩაშვილისა და გოჩა გაბოძის მიერ გასაჩივრებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანების სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულების 24–ე მუხლი და ასევე 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ №282/ნ ბრძანების სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დანართის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტი „ჰომოსექსუალიზმს“ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორად ყოფნის აბსოლუტურ წინააღმდეგჩვენებად მოიაზრებს. საქართველოს მოქალაქეები: ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე ჰომოსექსუალებად ახდენენ თვითიდენტიფიკაციას და მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს განსჯადია „საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე - 19 მუხლით განსაზღვრული საკითხები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. საქართველოს მოქალაქეების: ლევან ასათიანის, ირაკლი ვაჭარაძის, ლევან ბერიანიძის, ბექა ბუჩაშვილისა და გოჩა გაბოძის სარჩელი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს ეხება. დ) სარჩელში მითითებული არც–ერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, ვინადაინ სადავო საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვ) სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა დარღვეული არ არის. ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძელებლია ნომატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის XXI თავის და „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავის მე-12 მუხლის შესაბამისად არის დამტკიცებული, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ №282/ნ ბრძანება „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონის 141–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. არც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონი სისხლისა და მისი კომპონენეტების დონორობაზე „ჰომოსექსუალიზმის“ ან სხვა რაიმე საფუძვლით შეზღუდვას არ აწესებს და სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების საკითხებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას ანდობს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 124–ე მუხლის თანახმად, დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაა. „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დონორის სამედიცინო შემოწმების, დონორისაგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღების წესს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები იერარქიულად მათზე მაღლა მდგომი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების საფუძველზეა მიღებული, მათ კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას არ არის აუცილებელი იერარქიულად მაღლა მდგომი საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობის განხილვა.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანების სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულების 24–ე მუხლის და ასევე 2007 წლის 27 სექტემბრის “სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ” №282/ნ ბრძანების სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დანართის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე „ჰომოსექსუალიზმი“ [1] სისხლისა და მისი კომპონენტების დონორად ყოფნის აბსოლუტური წინააღმდეგჩვენებაა. აღნიშნული აკრძალვა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16 და მე-20 მუხლებს.
I. გ ა ს ა ჩ ი ვ რ ე ბ უ ლ ი ნ ო რ მ ე ბ ი ე წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ი ს მ ე – 1 4 მ უ ხ ლ ს :
I.1. გასაჩივრებული ნორმები დისკრიმინაციულია. კერძოდ, განსხვავებულ მოპყრობას აქვს ადგილი ორი სხვადასხვა ჯგუფის - ჰომოსექსუალების და ჰეტეროსექსუალების [2] მიმართ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
I.2. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ი ს მ ე – 1 4 მ უ ხ ლ ი მ ო ი ც ა ვ ს ს ე ქ ს უ ა ლ უ რ ო რ ი ე ნ ტ ა ც ი ა ს , რ ო გ ო რ ც დ ი ს კ რ ი მ ი ნ ა ც ი ი ს გ ა ნ დ ა ც უ ლ ნ ი შ ა ნ ს :
I.2.1. საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში პირდაპირ არ არის ნახსენები სექსუალური ორიენტაცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი მოიცავს სექსუალურ ორიენტაციას, როგორც დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშანს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეში – შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ აღნიშნავს, რომ მე-14 მუხლში „არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა“ და „მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში“ [3]. აქედან გამომდინარე თანასწორობა შეიძლება დაირღვეს იმ ნიშნის მიხედვითაც, რომელსაც კონსტიტუციის მე-14 მუხლი ტექსტობრივად არ ითვალისწინებს.
I.2.2. 2010 წლის 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლები - გიორგი გოცირიძე და თამარ კორძაია ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი მოიცავს სექსუალურ უმცირესობებს, მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ არ მიუთითებს მათზე. [4] შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე.
I.2.3. თანასწორობის ზოგადი ნორმის მიერ სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაციისგან დაცულ საფუძვლად მოაზრებას საერთაშორისო სამართალიც უჭერს მხარს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1994 წელს აღიარა, რომ გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის დისკრიმინაციის ამკრძალავი მუხლი ვრცელდება ჰომოსექსუალებზე, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ პირდაპირ არ მიუთითებს სექსუალურ ორიენტაციასა ან გენდერულ იდენტობაზე [5]. მსგავსად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანასწორობის ნორმა მოიცავს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მახასიათებლები არ არის კონვენციის ტექსტში ნახსენები [6].
I.3. გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი მ ო პ ყ რ ო ბ ი ს გ ა მ ა რ თ ლ ე ბ ა შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა ა რ ს ე ბ ი თ ი , გ ო ნ ი ვ რ უ ლ ი დ ა ო ბ ი ე ქ ტ უ რ ი მ ი ზ ე ზ ე ბ ი თ :
I.3.1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. სასამართლოს მოსაზრებით, სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით [7]. ჰომოსექსუალი და ჰეტეროსექსუალი პირების მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის გამართლება შეუძლებელია არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზით.
I.3.2. აკრძალვის მიზეზები გასაჩივრებული ნორმატიული აქტების ტექსტებიდან გამომდინარეობს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანების სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულების 24–ე მუხლის თანახმად, „ჰომოსექსუალიზმი“ შიდსის რისკ ჯგუფებს მიეკუთვნება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ №282/ნ ბრძანების სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დანართის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, „ჰომოსექსუალიზმი“ აივ-ინფექციითა და ჰეპატიტით დაინფიცირების რისკ-ფაქტორად განიხილება. შესაბამისად, ჰომოსექსუალებისთვის სისხლის დონორად ყოფნის აკრძალვის მიზეზი „ჰომოსექსუალიზმის“ აივ/შიდსის და ჰეპატიტით დაინფიცირების რისკ-ფაქტორად განხილვაა, ხოლო აკრძალვის ლეგიტიმური მიზანი - დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების დაცვა.
I.3.3. ჰომოსექსუალური სქესობრივი ურთიერთობის აივ/შიდსის და ჰეპატიტებით დაინფიცირების რისკ-ფაქტორად განხილვას ჰომოსექსუალ მამაკაცებში სარისკო სქესობრივი ქცევის შესაძლო არსებობა უდევს საფუძვლად. კერძოდ, სამედიცინო თვალსაზრისით, დაუცველი ანალური სქესობრივი აქტის დროს აივ/შიდსისა და ჰეპატიტების ერთი პარტნიორიდან მეორე პარტნიორზე გადატანის შანსი პროცენტულად მეტია, ვიდრე დაუცველი ვაგინალური სქესობრივი აქტის დროს [8]. თუმცა, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულ ნორმათა ტექსტის ფორმულირება, მისი ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სცდება დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფისა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზანს, რადგან ბრძანებათა ტექსტი სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას არა სარისკო სექსუალური ქცევის საფუძველზე, არამედ პიროვნების სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე კრძალავს.
I.3.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანებასა და 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ №282/ნ ბრძანებაში ნახსენები „ჰომოსექსუალიზმი“ სექსუალურ ორიენტაციაზე მიუთითებს და არა სქესობრივ ქცევაზე. ჰომოსექსუალობა აქტიურ სქესობრივ ცხოვრებასა და ჯანმრთელობისთვის საშიში ინტიმური ქცევებით, მათ შორის ანალური სექსით დაკავებას ავტომატურად არ გულისხმობს. სექსუალური ქცევის გარდა, სექსუალური ორიენტაცია ემოციურ, სოციალურ და გენდერულ ფაქტორებს მოიცავს [9]. გასაჩივრებულ ნორმათა ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მითითებული შეზღუდვა ისეთი კატეგორიის პირებზეც ვრცელდება, რომლებიც სექსუალური ორიენტაციით ჰომოსექსუალები არიან, მაგრამ შესაძლოა საერთოდ არ კავდებოდნენ სქესობრივი ცხოვრებით და სარისკო ინტიმური ქცევებით. აღნიშნული შეზღუდვა კვალიფიცირდება როგორც იდენტობის საფუძველზე განხორციელებული განსხვავებული მოპყრობა და არ წარმოადგენს მხოლოდ ქცევის საფუძველზე დადგენილ განსხვავებულ მოპყრობას.
I.3.5. შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანება და 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ №282/ნ ბრძანება სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციას ახდენს და მისი გამართლება არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით შეუძლებელია.
I.3.6. თუ გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტთა ტექსტებში „ჰომოსექსუალიზმი“ ვიწროდ განიმარტება - როგორც ჰომოსექსუალური სქესობრივი ქცევა და არა როგორც სექსუალური ორიენტაცია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ და №282/ნ ბრძანებებათა შესაბამისი ნორმები მაინც არაკონსტიტუციური დარჩება.
I.3.7. ანალური სქესობრივი აქტი ინფექციების გადამდებ მაღალ რისკ ქცევად განიხილება, მიუხედავად მონაწილეთა სექსუალური ორიენტაციისა და სქესისა [10]. ჰომოსექსუალი მამაკაცების გარდა, ანალური სქესობრივი აქტით შეიძლება დაკავდნენ როგორც ჰეტეროსექსუალი მამაკაცები, ასევე ჰეტეროსექსუალი ქალისა და მამაკაცის წყვილი.
I.3.8. გასაჩივრებულ ნორმათა მიხედვით, სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აკრძალვა, არცერთი შესაძლო განმარტების მიხედვით, არ მოიცავს მამაკაცსა და ქალს, რომლებსაც აქვთ ჰეტეროსექსუალური ანალური სქესობრივი კონტაქტი და ჰეტეროსექსულ მამაკაცს, რომელიც სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ანალური სქესობრივი აქტით სხვა მამაკაცთან კავდება. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის - სისხლისა და/ან მისი კომპონენტების ბენეფიციართა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა გასაჩივრებული ნორმების მიერ მხოლოდ სელექციურად, ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის ანალური სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში ხდება.
I.3.9. სექსუალურად აქტიურ ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის ურთიერთობა შეიძლება არ მოიცავდეს ანალურ სქესობრივ აქტს და გამოიხატებოდეს სხვა სექსუალურ ქცევაში, რომელიც აივ/შიდსის და ჰეპატიტით დაინფიცირების მაღალ რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს [11]. სექსუალურად აქტიურ ჰომოსექსუალ მამაკაცს შეიძლება სტაბილური სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს ან მხოლოდ დაცული სქესობრივი კავშირი ჰქონდეს, რასაც სქესობრივი გზით აივ/შიდსითა და ჰეპატიტებით დაინფიცირების შანსი მინიმუმამდე დაჰყავს.
I.4. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ და №282/ნ ბრძანებებში არსებული ჩანაწერი, ნორმათა განმარტების ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში, დისკრიმინაციულია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს ეწინააღმდეგება და აღნიშნული ჩარევის გამართლება არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით, მათ შორის სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნით, შეუძლებელია.
II. გ ა ს ა ჩ ი ვ რ ე ბ უ ლ ი ნ ო რ მ ე ბ ი ე წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ი ს მ ე – 1 6 მ უ ხ ლ ს :II.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ და №282/ნ ბრძანებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. II.2. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქცევის საყოველთაო თავისუფლებას არსებითად განამტკიცებს [12] და ითვალისწინებს პირის უფლებას, ჩააბაროს სისხლი და გახდეს სისხლისა და/ან მისი კომპონენტების დონორი. II.3. თავისუფალი განვითარების უფლება ასევე იცავს ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრების სფეროებს [13]. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, ადამიანი დამოუკიდებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრაში, სქესობრივი პრაქტიკისა და სექსუალური ქცევის არჩევაში. II.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ და 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ №282/ნ ბრძანებები ზღუდავენ მოსარჩელე პირების თავისუფალი განვითარების უფლებას, რადგან, ერთი მხრივ, მოსარჩელეებს უკრძალავენ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას და, მეორე მხრივ, აღნიშნულ აკრძალვას სექსუალური ორიენტაციის და/ან სექსუალური ქცევის ნიადგზე ახდენენ, რის გამოც მოსარჩელეებს სექსუალური ცხოვრების სფეროში ზღუდავენ. II.5. გასაჩივრებული ნორმების მიერ მოსარჩელეების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევის გამართლება ლეგიტიმური მიზნით შეუძლებელია. საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნის არსისა და დასაბუთების ნაწილის I.3.1 - I.3.9. პარაგრაფებში მოსარჩელეთა მიერ მოყვანილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზანი ვერ ამართლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ და №282/ნ ბრძანებების მიერ მოსარჩელეების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვას.
III. გ ა ს ა ჩ ი ვ რ ე ბ უ ლ ი ნ ო რ მ ე ბ ი ე წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ი ს მ ე – 2 0 მ უ ხ ლ ს :III.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ და №282/ნ ბრძანებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. III.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, პირადი ცხოვრების ხეულშეუხებლობა მოიცავს პირის სქესობრივ ცხოვრებას, როგორც სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალ სფეროს [14]. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, როგორც ადამიანის ცხოვრების სექსუალური სფეროს დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება, აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სექსუალურ ორიენტაციასთან და სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით განხილულ საქმეებზე [15]. III.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ და 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ №282/ნ ბრძანებები ერევიან მოსარჩელეების სქესობრივ ცხოვრებაში, ვინაიდან სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აკრძალვას მათი სექსუალური ორიენტაციის და/ან მათი სექსუალური ქცევის საფუძველზე ახდენენ. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმების მიერ სახეზეა მოსარჩელეების პირადი ცხოვრების ხელყოფა. III.4. საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გასაჩივრებული ნორმების მიერ მოსარჩელეების პირად ცხოვრებაში ჩარევის გამართლება შეუძლებელია გადაუდებელი აუცილებლობით ან სხვა ლეგიტიმური მიზნით. საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნის არსისა და დასაბუთების ნაწილის I.3.1 - I.3.9. პარაგრაფებში მოსარჩელეთა მიერ მოყვანილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზანი ვერ ამართლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ და №282/ნ ბრძანებების მიერ მოსარჩელეთა პირადი ცხოვრების ხელშუხებლობის შეზღუდვას. IV. გ ა ს ა ჩ ი ვ რ ე ბ უ ლ ი ნ ო რ მ ე ბ ი ა რ ა კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი უ რ ი ა , თ უ ნ დ ა ც მ ა თ მ ი ე რ გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ ე ბ უ ლ ი ჩ ა რ ე ვ ი ს გ ა მ ა რ თ ლ ე ბ ა შ ე ს ა ძ ლ ე ბ ე ლ ი ი ყ ო ს , რ ა დ გ ა ნ ჩ ა რ ე ვ ი ს მ ი ზ ა ნ ი უ ფ რ ო მ ს უ ბ უ ქ ი გ ზ ი თ შ ე ი ძ ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ს მ ი ღ წ ე უ ლ ი :IV.1. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ და №282/ნ ბრძანებებით საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16 და მე-20 მუხლებით დაცულ სფეროებში განხორციელებული ჩარევის გამართლება შესაძლებელია, გასაჩივრებული ნორმები მაინც არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს. ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა დაუშვებელია, თუკი ჩარევის ლეგიტიმური მიზანი პროპორციული და ნაკლებ მზღუდავი გზით შეიძლება იქნეს მიღწეული [16]. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების დაცვა, რაც ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება მოვიაზროთ, უფრო მსუბუქი ჩარევით შეიძლება იქნეს მიღწეული, ვიდრე ადგილი აქვს გასაჩივრებული ნორმატიული აქტების შემთხვევაში. IV.2. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფისა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ჩარევით უკვე არის გათვალისწინებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების 21-ე მუხლის თანახმად, სისხლის ყოველი ჩაბარებისას დონორს აუცილებლად უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის, ჰეპატიტებსა და აივ/შიდსზე. IV.3. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ლაბორატორიული გამოკვლევები არ არის საკმარისი სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების მისაღწევად, ბრძანებებში მითითებული აბსოლუტური აკრძალვის ჯგუფების ჩამონათვალი შეიძლება ჩამოყალიბდეს ისე, რომ მოიცვას სარისკო სექსუალური ქცევის მქონე როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, განურჩევლად პირთა სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა. აღნიშნული მიდგომით, აკრძალვის საფუძველი აღარ იქნება ჰომოსექსულური ორიენტაცია ან ჰომოსექსუალური სქესობრივი კავშირი ორ მამაკაცს შორის, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ და №282/ნ ბრძანებებს კონსტიტუციურსამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს. IV.4 შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებათა ამჟამინდელი ფორმულირება სადავო საკითხის არათანაზომიერ რეგულირებას ახდენს, რაც სცდება დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, პროპორციული შეზღუდვის ფარგლებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ №241/ნ ბრძანების სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულების 24–ე მუხლის და 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ №282/ნ ბრძანების სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დანართის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტით იზღუდება მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციის მე–14, მე–16 და მე–20 მუხლებით აღიარებული უფლებები. გთხოვთ, არაკონსტიტუციურად სცნოთ გასაჩივრებულ ნორმათა შესაბამისი ნაწილები.
სქოლიო:
[1]. ტერმინი „ჰომოსექსუალიზმის“ გამოყენება დაუშვებელია, რადგან სუფიქსი "იზმი" შესაძლოა მხოლოდ იდეოლოგიაზე მიუთითებდეს. ადამიანის სექსუალური ორიენტაცია თანდაყოლილი მახასიათებელია და იდეოლოგიისგან განსხვავებით მისი შეძენა, შეცვლა ან დაკარგვა შეუძლებელია.
[2]. „ჰეტეროსექსუალობა - მდგრადი ფიზიკური, ემოციური და რომანტიული ლტოლვა საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ; ჰომოსექსუალობა – მდგრადი ფიზიკური, ემოციული და რომანტიული ლტოლვა საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიმართ“ - ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის განმარტება, http://www.apa.org/helpcenter/sexual-orientation.aspx
[3]. შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/1-392, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2008, I ნაწილი, პარაგრაფი 5.
[4]. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლები - გიორგი გოცირიძე და თამარ კორძაია ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო, 2010, სამოტივაციო ნაწილი, გვ. 2.
[5]. Toonen v. Australia, N488/1992, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, 1994, პარაგრაფი 8.7.
[6]. Salgueiro da Silva Mouta v Portugal, no. 33290/96, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 1999, პარაგრაფი 28.
[7]. ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/7/219, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2003, 2003 წლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კრებული, 2004, გვ. 163.
[8]. Ahluwalia V.K., Ahluwalia M., აივ/შიდსი, გადადება, პრევენცია და ალტერნატიული თერაპიები, 2005, Lotus Press, გვ. 6
[9]. Carroll J.L., სექსუალობა დღეს: მრავალფეროვნების მიმღებლობა, 2012, Wadsworth Publishing, გვ. 270
[10]. Hong P.R., ჯანმრთელობის განათლების კვლევის ტენდენციები, 2007, Nova Science Publishers, Inc. გვ. 27
[11]. Hope D.A., თანამედროვე პერსპექტივები ლესბოსურ, გეი და ბისექსუალურ იდენტობებზე, 2009, Springer Science and Business media LLC, გვ. 9
[12]. ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გიორგი ხუბუა, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, 2005, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 63.
[13]. ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გიორგი ხუბუა, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, 2005, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 64.
[14]. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/3/407, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2007, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 4.
[15]. Dudgeon v United Kingdom, no.7525/76 1981, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 1981, პარაგრაფი 63; Smith and Grady v United Kingdom, no.33985/96 და no.33986/96, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 1999, პარაგრაფი 112.
[16]. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/1/468, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2012, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 32; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/1/484, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2012, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 18. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა