საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/536 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 1 მარტი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის „სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულება” 24-ე მუხლის სიტყვის „ჰომოსექსუალიზმი” და „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის №282/ნ ბრძანების №1 დანართის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივები” მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვის „ჰომოსექსუალიზმი” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16 მუხლებთან და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №536) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა ლევან ასათიანმა, ირაკლი ვაჭარაძემ, ლევან ბერიანიძემ, ბექა ბუჩაშვილმა და გოჩა გაბოძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2012 წლის 16 ივლისს.
2. №536 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ და 2007 წლის 27 სექტემბრის №282/ნ ბრძანებების სადავო ნორმების თანახმად, ჰომოსექსუალიზმი მიეკუთვნება შიდსის რისკ ჯგუფებს. თავის მხრივ, შიდსის რისკ ჯგუფებისადმი მიკუთვნება წარმოადგენს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აბსოლუტურ წინააღმდეგ ჩვენებას. ამასთანავე, სისხლისა და მისი კომპონენტების დონორის საექიმო გამოკვლევა გულისხმობს პირისთვის ეპიდანამნეზის ჩატარებას და ამ პროცესში დონორის აივ-ინფექციით და ჰეპატიტით დაინფიცირების ისეთი რისკ ფაქტორების განსაზღვრას, როგორებიცაა: ჰომოსექსუალიზმი, პროსტიტუცია და ნარკომანია.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები ჰომოსექსუალებად ახდენენ თვითიდენტიფიკაციას და ისინი წარმოადგენენ სადავო ნორმების სუბიექტებს. შესაბამისად, მათ ეკრძალებათ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი თანასწორობის, თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა და აწესებენ განსხვავებულ მოპყრობას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. კერძოდ, სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობასთან მიმართებით ჰეტეროსექსუალებისა და ჰომოსექსუალების მიმართ მოქმედებს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირების არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თუმცა სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა გამართლებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
6. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ჰომოსექსუალისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აკრძალვას საფუძვლად უდევს ჰომოსექსუალ მამაკაცებში სარისკო სქესობრივი ქცევის შესაძლო არსებობა. კერძოდ, სამედიცინო თვალსაზრისით, დაუცველი ანალური სქესობრივი აქტის დროს აივ/შიდსითა და ჰეპატიტით დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე დაუცველი ვაგინალური სქესობრივი აქტის შემთხვევაში. აღნიშნული აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების დაცვა. მოსარჩელე მხარის აზრით, ჰომოსექსუალიზმი მიუთითებს სექსუალურ ორიენტაციაზე და არა სექსუალურ ქცევაზე. ჰომოსექსუალობა ავტომატურად არ გულისხმობს აქტიურ სქესობრივ ცხოვრებასა და ჯანმრთელობითვის საშიში ინტიმური ქცევების, მათ შორის, ანალური სქესობრივი კონტაქტის არსებობას. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმები კრძალავენ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას არა სარისკო სქესობრივი ქცევის, არამედ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე და იგი ვრცელდება იმ ჰომოსექსუალებზეც, რომლებიც საერთოდ არ კავდებიან სარისკო სქესობრივი ქცევით, დაცული ანალური სქესობრივი კონტაქტი აქვთ ან/და ჰყავთ მუდმივი პარტნიორი, რაც შიდსის რისკ ფაქტორის მინიმუმამდე შემცირებას იწვევს. შესაბამისად, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში.
7. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმაში ტერმინი „ჰომოსექსუალიზმი” ვიწროდ განიმარტება და მასში მოაზრებულ იქნება არა პირის სექსუალური ორიენტაცია, არამედ ჰომოსექსუალური სქესობრივი ქცევა, სადავო ნორმებს კონსტიტუციურობის პრობლემა მაინც არ მოეხსნებათ. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ამგვარი განმარტების პირობებშიც, სადავო ნორმები ვერ გავრცელდება ჰეტეროსექსუალ მამაკაცსა და ქალზე ან/და ჰეტეროსექსუალ მამაკაცზე, რომლებიც დაუცველი ანალური სქესობრივი კონტაქტით კავდებიან. შესაბამისად, სადავო ნორმების მიღების შესაძლო ლეგიტიმური მიზანი ვერც ამ შემთხვევაში მიიღწევა და მათ შეუნარჩუნდებათ დისკრიმინაციული ხასიათი.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, პირს უფლება აქვს ჩააბაროს სისხლი და გახდეს სისხლის ან/და მისი კომპონენტების დონორი. ამასთანავე, ეს უფლება იცავს ადამიანის ინტიმური და პირადი ცხოვრების სფეროებს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ნებისმიერი პირი დამოუკიდებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრაში, სქესობრივი პრაქტიკისა და სექსუალური ქცევის არჩევაში. სადავო ნორმების საფუძველზე, ჰომოსექსუალ პირს ეკრძალება გახდეს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორი და აღნიშნული შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის სექსუალური ორიენტაცია. შესაბამისად, სახეზეა ჩარევა მოსარჩელეთა სექსუალური ცხოვრების უფლებაში, რაც ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.
9. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლება მოიცავს პირის სექსუალურ ცხოვრებას, როგორც სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალ სფეროს. სადავო ნორმების არსებული რედაქციის პირობებში, სახეზეა ჩარევა ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში, რაც მოსარჩელეების პირადი ცხოვრების ხელყოფას იწვევს. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა ვერ გამართლდება გადაუდებელი აუცილებლობით ან სხვა რომელიმე ლეგიტიმური მიზნით. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.
10. მოსარჩელეთა განმარტებით, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების 21-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის ჩაბარებისას დონორს უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა, მათ შორის, ჰეპატიტსა და შიდსზე. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება კონსტიტუციური უფლებების დაცულ სფეროში უფრო მსუბუქ ჩარევას წარმოადგენს და გამართლებულია არსებული ლეგიტიმური მიზნებით. ამასთანავე, თუ ლაბორატორიული კვლევა არასაკმარის საშუალებად იქნება მიჩნეული, სადავო ნორმები უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მან მოიცვას სარისკო სექსუალური ქცევის მქონე როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, განურჩევლად პირთა სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა. აღნიშნული მიდგომის შემთხვევაში, სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აკრძალვის საფუძველი აღარ იქნება ჰომოსექსუალური ორიენტაცია და რეგულირებები კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოექცევა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება №2/2/438 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
2. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირება, რომელიც ითვალისწინებს სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის აკრძალვას სექსუალური ორიენტაციიდან ან/და სექსუალური ქცევიდან გამომდინარე, წარმოადგენს მათ სქესობრივ ცხოვრებაში ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
3. მოთხოვნის ამგვარად დაყენება, უკავშირდება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმებით არ ხდება მოსარჩელეთა სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგება და მათი სქესობრივი ცხოვრების თავისუფლების შეზღუდვა. გარკვეული სექსუალური ორიენტაციის ან/და სექსუალური ქცევის მქონე პირთათვის სისხლის დონორობის აკრძალვა, მიმართულია სისხლის ჩაბარების სფეროს რეგლამენტირების და არა რომელიმე პირის სექსუალური ქცევის, ორიენტაციის ან/და ცხოვრების რეგულირებისაკენ. სადავო ნორმები არ ადგენს პირის სქესობრივი ცხოვრების განსაზღვრასთან დაკავშირებით რაიმე სახის ვალდებულებას და არ ზღუდავს მათი მოქმედების თავისუფლებას, პირადი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია მოსარჩელეთა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმა ზღუდავს მათ სქესობრივ ცხოვრებას. როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია შინაარსობრივად არ უკავშირდება სადავო ნორმას, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში, კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო ნორმის იმგვარ შინაარსზე, რომელიც მას არ გააჩნია. ამგვარად, არგუმენტაცია, რომელიც ამ თვალსაზრისით არის მითითებული სარჩელში, არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. №536 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №536 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის „სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულება“ 24-ე მუხლის სიტყვის „ჰომოსექსუალიზმი“ და „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის №282/ნ ბრძანების №1 დანართის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივები“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვის „ჰომოსექსუალიზმი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №536 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის „სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულება“ 24-ე მუხლის სიტყვის „ჰომოსექსუალიზმი“ და „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის №282/ნ ბრძანების №1 დანართის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივები“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვის „ჰომოსექსუალიზმი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოთ მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი