საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/17/738 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 11:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეპაატა ქობულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - პაატა ქობულაძე; მოპასუხის წარმომადგენელი - ლალი თევდორაშვილი; მოწმეები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამართლებრივი განყოფილების უფროსი - გიორგი კიკვიძე, სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“ სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი - დავით აბრამიძე, სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“ სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების იურისტი - გიორგი მძევაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - მამუკა ჯაყელი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №738) მიმართა საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძემ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 22 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 23 დეკემბერსა და 2017 წლის 19 აპრილს.
2. №738 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში - მთავრობის №57 დადგენილება) 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლის, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი ადგენს, რომ „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
5. №738 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისის მერიაში მიმდინარეობს პაატა ქობულაძის სახლის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი. სადავო ნორმის საფუძველზე კი სახლის პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის გაცემის თაობაზე მოსარჩელის განცხადება განუხილველი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არ არის გამოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის აქტი და არ აქვს დაკისრებული ჯარიმა.
6. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას ანიჭებს, ის არ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს, იძლევა სხვადასხვაგვარი, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობას. №738 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა ზეგავლენას ახდენს მესაკუთრის მიერ ქონების შეძენაზე, დარეგისტრირებაზე, განკარგვაზე და სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს უკრძალავს მსჯელობას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მანამ, სანამ დამრღვევის მიერ არ იქნება წარდგენილი სამართალდარღვევის აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი. მაშინაც კი, როდესაც მოქალაქის მიმართ პრაქტიკულად გამოცემული არ არის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არ არის დაკისრებული ჯარიმა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო სადავო ნორმის საფუძველზე განუხილველად ტოვებს განცხადებას.
8. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, რადგან იგი არ შეესაბამება სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოტანილია უკანონო გადაწყვეტილებები მისი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რამაც შესაძლოა მისთვის გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს.
10. მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადავო ნორმის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 39-ე მუხლებთან. მთავრობის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემა საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა პროექტის დარღვევით მშენებლობა ან უკანონო მშენებლობა. სამართალდამრღვევ პირს კანონმდებლობით უფლება აქვს, მიმართოს ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, რომლის შემოწმების აქტის საფუძველზეც, დაეკისრება ჯარიმა. აღნიშნული ჯარიმის გადახდა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს. თუკი პირი არ ეთანხმება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობას, იგი ელოდება დაჯარიმების შესახებ შესაბამის დადგენილებას, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. მოპასუხის აზრით, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენა ემსახურება მსგავსი დარღვევების პრევენციას. მოპასუხეს მიაჩნია, რომ კანონის დარღვევის გზით საკუთრებით სარგებლობა არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამასთან, მშენებლობის უნებართვოდ წარმოების აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებ შეზღუდვას.
12. მოპასუხის განცხადებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის შუამდგომლობა ნორმის შეჩერების თაობაზე. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი არგუმენტები, თუ რა გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სადავო ნორმის მოქმედებამ.
13. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამართლებრივი განყოფილების უფროსის გიორგი კიკვიძის განცხადებით, ქალაქში მიმდინარე მშენებლობები მოწმდება როგორც შემოსული ინფორმაციის, ასევე ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებული პერიოდული მონიტორინგის საფუძველზე.
14. მოწმის თქმით, მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე, რის შემდგომაც მოითხოვა აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს თავად გამოაქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირის დაჯარიმების შესახებ.
15. მოწმის, სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“ სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის დავით აბრამიძის განცხადებით, არქიტექტურული სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების მიზანია უნებართვო მშენებლობების პრევენცია. მისი მითითებით, სადავო სიტყვების გაუქმების შემდგომ პირი კვლავ დაჯარიმდება, თუმცა მშენებლობის ნებართვის მისაღებად არ დაეკისრება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში დაჯარიმების შესახებ გამოცემული აქტების წარმოდგენის ვალდებულება. სადავო ნორმის მიხედვით, დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის ქვითრის წარდგენის მოთხოვნა არსებობს იმისთვის, რათა დადასტურდეს სამართალდარღვევის არსებობა.
16. მოწმის, სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“ სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების იურისტის გიორგი მძევაშვილის განცხადებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემა ჯარიმის აქტის წარდგენის გარეშე წარმოშობს იმ შედეგს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იქნება უფლებამოსილი, შეადგინოს სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მოწმის აზრით, თუკი გაუქმდება სადავო ნორმა, მაშინ მშენებელი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ვალდებული იქნება, მოახდინოს შენობის დემონტაჟი.
17. მოწმის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, მამუკა ჯაყელის განცხადებით, სადავო ნორმა არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას, არამედ მშენებელს აძლევს დისკრეციას, განსაზღვროს დაკისრებული ჯარიმის გადახდით მიიღებს მშენებლობის ნებართვას თუ მოახდენს შენობის დემონტაჟს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლის „მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-22).
3. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ სფეროში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით, არ წარმოადგენს სხვა კონსტიტუციური დებულებებით დაცული სფეროს ნაწილს. მოსარჩელემ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლოს წარმოუდგინა არგუმენტები მხოლოდ საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ სფეროში.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №738 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
6. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო არ გასცემს მშენებლობის ნებართვას შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მის მიმართ არ არის გამოცემული სამართალდარღვევის აქტი და მას ჯარიმა არ დაკისრებია.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
8. 2017 წლის 7 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მოსარჩელე პაატა ქობულაძის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება (საქმე №3/2078-16) და ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სასამართლო დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-746-730(კ-12) განჩინებაში მოცემულ განმარტებას და აღნიშნა, რომ მთავრობის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი არ გულისხმობს არარსებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ნორმა გამოიყენა არასწორად, რამდენადაც მოსარჩელეს მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის სამართალდარღვევის აქტისა და ჯარიმის ქვითრის წარდგენა დაავალა, მაშინ როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დადგენილება არ მიუღია.
9. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს საერთო სასამართლოების მიერ მთავრობის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის განმარტებას, მის პრაქტიკაში გამოყენებას და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ნორმიდან გამომდინარეობს მშენებლობის ნებართვის გასაცემად მშენებლობის სამართალდარღვევის აქტისა და ჯარიმის ქვითრის წარდგენის ვალდებულება, მაშინ როდესაც სამართალდარღვევისათვის არ არის გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №738 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №738 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეპაატა ქობულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა