საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N738 |
ავტორ(ებ)ი | პაატა ქობულაძე |
თარიღი | 21 მარტი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვეის გამო. კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, საქართველოს მოქალაქე, პაატა ქობულაძე, რომლის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლების დარღვევის რეალური საფრთხეც არსებობს სადავო ნორმით. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიაში მიმდინარე პაატა ქობულაძის კუთვნილი სახლის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცების პროცესი. პაატა ქობულაძის საკუთრების უფლება და მისი რეალიზაცია წარმოადგენს საქათველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს (იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოღაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს საფუძლიანი ვარაუდი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მით უფრო რამდენიმე არარა გადაწყვეტილების გამოტანის ფონზე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ არქიტექტურის სამსახური მომდევნო გადაწყვეტილებასაც დააფუძნებს მთავრობის დადგენილების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, კონსტიტუციასთან შეუსაბამო სადავო მუხლის მე-2 ნაწილზე. , ,, მშენებლობის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ,,,. საქართველოს მთავრობის დადგენილების გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ძირითად უფლებებთან. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს მთავრობის № 57-ე დადგენილების სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით. არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონები, საქართველოს კანონი ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,, საქართველოს კანონი ,, ნორმატიული აქტების შესახებ,, და საქართველოს კანონი ,, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ,, . მათი კონსტიტუციურობა ეჭვმიუტანელია და სადაოდ არ მიგვაჩინია, სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს სადავო ნორმის დასახელებულ კანონებთან მიმართებაზეც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. საქართველოს მთავრობის № 57 - დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ,,,. არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით
სადავო ნორმა ზღუდავს საკუთრების უფლებასა და მის რეალიზაციას ასევე კონსტიტუციის 39-ე მუხლით აღიარებულ უფლებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშნელობაზე. სასამართლოს შეფასებით “საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. კონსტიტუცირი პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან“. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი, რომლის მიხედვით „კანონად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც კანონის ხარისხის მოთხოვნებს პასუხობს. კანონის ხარისხი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან “(№1/3/407-26.12.2007 გადაწყვეტილება). თავის მხრივ, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და გულისხმობს, რომ ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა“ (№2/2-389-26.10.2007 გადაწყვეტილება). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებებშიც ნათლადაა გამოკვეთილი სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის მნიშვნელობა. კერძოდ, „არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოთ, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. „განჭვრეტადობის პრინციპი“, თუმცა მის სრულყოფილად აღსანიშნავად უფრო ტერმინი „განსაზღვრულობის პრინციპია“ შესატყვისი.“ სასამართლოს შეფასებით „განსაზღვრულობის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშრებული სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“ (2/3/406,408-30.10.2008 გადაწყვეტილება). მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ პრინციპებს.დადგენილების სადავო დებულებიდან ნათლად ჩანს, რომ უცილობელი დასჯის მოთხოვნა სუბიექტურ შინაარსს ატარებს. ის გაუმართლებლად ფართო დისკრეციას აძლევს საჯარო მოხელეს, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც სადავო ნორმაზე მითითებით გამოსცემს არარა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს , რომელთა შესრულებაც შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო. ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. სადავო ნორმის აშკარა შეუსაბამობა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპთან იწვევს აგრეთვე იმას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საჯარო მოხელეების მხრიდან განხორციელდეს ნორმის სხვადასხვაგვარი, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგო, განმარტება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით „სამართალშემოქმედი კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას ვალდებულია, ნათლად და გარკვევით ჩამოაყალიბოს ნორმის იურიდიული შინაარსი. ნორმის რაციონალური განმარტება უნდა გამორიცხავდეს მისი არაკონსტიტუციური შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. სამართალშემოქმედის მიზანი, მოახდინოს რაციონალური შეზღუდვის დაწესება, ადეკვატურად უნდა იქნეს ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება უფლების დარღვევის მაღალი საფრთხე, ხოლო სამართალშემფარდებლის მიერ თუნდაც სწორად ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ვერ იქნება საკმარისი აღნიშნული საფრთხის პრევენციისთვის. „ცალკეულ შემთხვევაში კანონმდებელმა შესაძლოა საკმარისი სიზუსტით, სიცხადით და ადეკვატური კონკრეტულობით ვერ გამოხატოს თავისი ნება. შესაბამისად, ამა თუ იმ ნორმის ტექსტი პრაქტიკულად დაშორდება კანონმდებლის რეალურ შეხედულებებსა და სურვილებს მის შინაარსთან დაკავშირებით... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ). სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მნიშნელოვანია ასევე ის, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება პრაქტიკაში. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „გადამოწმებას ექვემდებარება ხომ არ გამოიწვია ნორმის შინაარსსა და პრაქტიკაში მის გამოყენებას შორის განსხვავება ნორმის შეუსაბამობამ სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებთან. თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის თვითნებური და ადამიანის უფლებებისათვის საზიანო გამოყენება, მაშინ ნორმა სავსებით დააკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს.“ საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა ნორმის შინაარსის განსაზღვრულობის მასშტაბზე. მართალია, „საკანონმდებლო რეგულირებისას იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ აუცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს“. ამავდროულად, „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბის მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგი.“ ზემოთქმულიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციასა და საქართველოს კანონებს. 2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები ,, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ,, არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით
ცალსახაა, რომ სადავო ნორმა ახდენს ჩარევას საკუთრებაში. ჩარევა ხდება იმგვარად, რომ მშენებლობის ნებართვის მაძიებელს არ აქვთ იმის გარანტია, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო, თავისი ჩინოვნიკის მეშვეობით სამართლებრივი ძალის არმქონედ არ ცნობს მის მიერ გამოვლენილ ნებას და მისგან გამომდინარე სხვადასხვა მოქმედებებს ქონების შეძენასთან, დარეგისტრირებასთან, განკარგვასთან, დატვირთვასთან, ან სხვადასხვა სახის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციოო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სრულიად საპირისპირო დასკვნის შესაძლებლობას იძლევა სადავო ნორმა. მასში არ იკვეთება ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ნათელია, რომ არ არის დაკმაყოფილებული პროპორციულობის ტესტიც. საგულისხმოა, რომ საკითხი ეხება საკუთრების უფლებას, ხოლო „საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძელს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის“ საციცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ - მესაკუთრისთვის, როგორც სუბიექტისთვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებიდან ნათლად იკვეთება, საკუთრების უფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის № 1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). “იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).. “უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე. საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-ერთ წყაროს. საკუთარი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის მიზნით ადამიანის მისწრაფება, შექმნას საკუთარი ქონება, უდავოდ იმსახურებს სახელმწიფოს პატივიცემას, რაც საკუთრების შეძენის ისეთ საკანონმდებლო რეგლამენტაციაში უნდა გამოიხატოს, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ ცალკეული ინდივიდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას, ხოლო მერე მხრივ ეფექტურ სამოქალაქო ბრუნვას.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“II-38). საკუთრების უფლების შეზღუდვასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ს „საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სადავო ნორმის შემთხვევაში, აღნიშნული პრინიცპები დარღვეულია. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-29). სადავო ნორმა უკრძალავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ყოველგვარ მსჯელობას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მანამ სანამ დამრღვევის მიერ არ იქნება წარდგენილი დარღვევისათვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი. ამ ნორმის პრაქტიკაში რეალიზებას თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ახდენს არა მხოლოს კონსტიტუციის, არამედ საქართველოს კანონის, ,, ნორმატიული აქტების შესახებ,,მე-7 მუხლის მე-7, მე-9 ნაწილების და მე-12 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 60-ე პრიმა, 62-ე მუხლების, საქართველოს კანონის ,,პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების უხეში დარღვევით. არქიტექტურის სამსახური სრულიად უკანონოდ, კანონქვემდებარე მთავრობის ხსენებულ # 57-ე დადგენილებას აყენებს კანონებზე და კონსტიტუციაზე მაღლა, ასრულებს მხოლოდ მის სადაო ნორმას და საქართველოს კანონის ,,პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების უხეში დარღვევით, აჩერებს პროექტის შეთანხმების, ლეგალიზებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურას და მშენებლობის კანონიერად წამომწყებ მოქალაქეს უკანონოდ თხოვს არ გამოცემული ადმინისტრაციული დარღვევის აქტისა და არ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონიერად კუთვნილ, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მოქალაქეს უარს ეუბნება იმით, რომ განცხადებას განუხილველად ტოვებს. სადაო ნორმის ამგვარი დეფინიცია და პრაქტიკაში გამოყენება სცილდება კონსტიტუციურობის, კანონიერების ყოველგვარ ზღვარს. გადის კონსტიტუციის ფარგლებიდან. ადამიანს ართმევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელს აიძულებენ თავად ითხოვოს დასჯა-დაჯარიმება, წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მიცემაზე უარს ეუბნებიან და მუდმივად ნებართვის გარეშე ამყოფებენ. ამგვარი ანტიკონსტიტუციური პრაქტიკა დამკვიდრებულია თბილისის მერიაში და მის შესაბამის სამსახურებში. ,,პროდუქციის,, უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის,, 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, უნებართვოდ დაწყებული მშენებლობის დროს, დამრღვევს ეძლევა მითითება გამოასწოროს დარღვევა რისთვისაც ეძლევა 20 დღიანი ვადა, ამ ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ანდა პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილეების მიღებამდე. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ მითითება დროულად არ შესრულდა მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, / მაგალითად გაიცა მშენებლობის ნებართვა, / დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. მითითებული კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა გულისხმობს ადმინისტრაციული საქმის მხოლოდ და მხოლოდ გამამტყუნებელ შედეგს, სხვა შედეგის დადგომას გამორიცხავს. სადავო ნორმა, კანონსაწინააღმდეგოდ წყვეტს ლეგალიზაციის, პროექტის შეთანხმების პროცესს, ცალსახად ითხოვს ე.წ. დამრღვევის მხოლოდ დასჯა - დაჯარიმებას და არ დაკისრებული სასჯელის წინსწრებით აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემას კრძალავს. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეს არ შეიძლება უარი ეთქვას, კანონით კუთვნილი საკუთრების უფლების რეალიზაციაზე, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, აქედან გამომდინარე სახლის ექსპლოატაციაში მიღებასა და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაზე ჯარიმის გადაუხდელობის მოტივით. მით უფრო არ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო. უდავო ფაქტია, რომ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების იძულებით გადახდევინებისა და მათი ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების გამართული საკანონმდებლო მექანიზმი მოქმედებს დღეს საქართველოში. ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ხარჯზე ამ მექანიზმის გამკაცრება, კონსტიტუციური ფარგლებიდან მისი გატანის გზით, აშკარად ანტიკონსტიტუციურია. იგი არ შეესაბამება დემოკრატიული, დასავლურ ღირებულებებზე მოწყობილი სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, მთავრობის №57 დადგენილების სადავო ნორმაზე მითითებით, ჩემს მიმართ, 2016 წლის 08 იანვარს გამოსცა № 2378592 გადაწყვეტილება. 2016 წლის 19 თებერვალს გამოსცა № 2444257, გადაწყვეტილება, 2016 წლის 08 თებერვალს კვლავ გამოსცა იმავე საკითხზე № 2417740 გადაწყვეტილება, 2016 წლის 17 მარტს კვლავ გამოსცს № 2488926 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებებით, არქიტექტურის სამსახურმა აშკარა უკანონო უარი მითხრა მშენებლობის ნებართვის მოცემაზე დატოვა რა განუხილველი ჩემი განცხადებები. ეს გადაწყვეტილებები სადავო ნორმის დეფინიციაზე დაყრდნობით და მისგან გამომდინარე კატეგორიულად მოითხოვენ გადავიხადო არ დაკისრებული ჯარიმა, არ არსებული სამართალდარღვევისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მომცემენ კანონით კუთვნილ მშენებლობის ნებართვას, ჩემ კანონიერ მოთხოვნას, სახლის პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის გაცემის თაობაზე დატოვებენ განუხილველად. ეს მუქარა თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რამდენჯერმე მოიყვანეს სისრულეში. / იხ, დანართი, ხსენებული გადაწყვეტილებები ./ იმის გამო, რომ ჩემს მიმართ საერთოდ არაა გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი და შესაბამისად არა მაქვს დაკისრებული ჯარიმა, ამ ფაქტობრივი მიზეზების გამო მე არ შემიძლია შევასრულო მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ, სადავო ნორმაზე დაყრდნობით გამოცემული ხსენებული აშკარად კანონშეუსაბამო ადმინისტრაციულ - სამართლბრივი აქტების მოთხოვნა- გადავიხადო არ დაკისრებული ჯარიმის თანხა. ცალსახაა, რომ ზემოთ დასახელებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი ყველა აქტი , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოცემისთანავე არარა აქტებია. ამავე კოდექსის 60 -ე პრიმა მუხლით კი, ისინი ბათილ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ. საქართველოს კანონები - ,, ნორმატიული აქტების შესახებ,, , ,, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი,, ასევე ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,, მთლიანად შეესაბამებიან საქართველოს კონსტიტუციას, იცავენ მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და მის რეალიზაციას. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კონსტიტუციას არამედ მისგან გამომდინარე ხსენებულ კანონებსაც. შესაბამისად, მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს მთავრობის 2009 წლის № 57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები ,, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ,, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა