საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 545 |
ავტორ(ებ)ი | ალბერტ ნურბეგიანი |
თარიღი | 30 ოქტომბერი 2012 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი სრულად აკმაყოფილებს ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს; გ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხები გადაწყვეტილი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერლ დ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით; ე) მსგავსი კონსტიტუციური სარჩელის შესატანად კანონით ვადა განსაზღვრული არაა; ვ) კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის განხილვა შესაძლებელია იერარქიულად მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ვარ თვითმფრინავ ტუ-154-ის ყოფილი პილოტი, II ჯგუფის შრომის ინვალიდი, რომელიც დაინვალიდდა 10 600 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავის განგერმეტიზაციის შემდეგ სამგზავრო რეისის თბილისი-ოდესას შესრულების დროს 1987 წლის 12 ივნისს. თვითმფრინავის განგერმეტიზაციის შემდეგ საექიმო-საფრენო საექსპერტო კომისიის მიერ მე ჩამოწერილი ვიყავი საფრენო სამუშაოდან, და საექიმო-საშრომო საექსპერტო კომისიამ მცნო II ჯგუფის შრომის ინვალიდად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მე გამესაზღვა საწარმოზე ვალდებულებების შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შემდგომში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს #3/269, 12.03.2004წ. გადაწყვეტილების შესაბამისად, სადაც მოპასუხე მხარედ გამოდიოდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავიაციო ადმინისტრაცია, მე გამესაზღვრა საინვალიდო პენსია 662.19 ლარის ოდენობით, და აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ დამტკიცებული იყო საოლქო სასამართლოს (საქმის #3ბ/1822, 16.11.2004წ.), შემდგომში კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (#ბს-1453-1179-კ-04, 21.04.2005წ.) და აღნიშნულ თანხას ვღებულობდი 2006 წლის სექტემბრის თვემდე. 2006 წლის სექტემბრის თვეში, დღემდე ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მე შემიწყვიტეს საინვალიდო პენსიის გადახდა. არაოფიციალურად განმიმარტეს, რომ გადახდა შეწყდა იმ საფუძველზე, რომ ლიკვიდირებული იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო და საავიაციო ადმინისტრაციაც. შემდგომში, ჩემს მიერ დადგენილი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნული სტრუქტურები მართლაც ლიკვიდირებულები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უბრალოდ კი არ იყვნენ ლიკვიდირებულნი, არამედ გადაყვანილ იყვნენ ჯერ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, შემდგომში კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, რომელიც 24.06.2004წ. #195-რს კანონის თანახმად (რომელიც ხელმოწერილია ქვეყნის პრეზიდენტის ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის მიერ) წარმოადგენს ლიკვიდირებული საავიაციო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს. აღსანიშნავია, რომ თავისი არსებობის დროს, ლიკვიდირებული საავიაციო ადმინისტრაციის კომისია მიხდიდა საინვალიდო პენსიას, მაგრამ აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობის შეწყვეტის შემდეეგ, როგორც საავიაციო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ავტომატურად #195 კანონის თანახმად ვალდებული იყო გაეგრძელებინა ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსიის გადახდა, მით უფრო, რომ სალიკვიდაციო კომისიის საბოლოო აქტში ასევე ჩაწერილი იყო, რომ ლიკვიდირებული საავიაციო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, და სალიკვიდაციო კომისია მუშაობის დროს ხელმძღვანელობდა იმ კანონმდებლობით, რომელიც ხელმოწერილი იყო ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის მიერ, და სხვა დოკუმენტებით, კერძოდ: - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წლის 26 ივნისს ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ) 408-ე მუხლში ნათვქამია, რომ `თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით~. - საქართველოს შრომის კოდექსის (2006 წლის 25 მაისს ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ მ.სააკაშვილის მიერ და იმავე დღეს დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ) 35-ე მუხლის მე-6 პუნქტში ნათქვამია, რომ `დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები~. - საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლში ნათქვამია, რომ `სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე~. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მე შემეძლო არც კი მიმემართებინა სასამართლოსათვის, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამ მრავალფეროვანი დოკუმენტების შესაბამისად ვალდებული იყო გადაეხადა ჩემთვის, და მე, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ხელთ უკვე მქონდა სასამართლო გადაწყვეტილება #3/269, 12.03.2004წ., მაგრამ მე კიდევ ერთხელ მივმართე სასამართლოს და კიდევ ერთხელ მოვიგე ორი სასამართლო პროცესი: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა კოლეგიის #3/269-04, 30.10.2007წ. განჩინებით ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა საკითხი. აღნიშნულ განჩინებაში ჩაწერილი იყო, რომ ჩემთვის გაცემული სააღსრულებო ფურცელში მითითებული უნდა იყოს ახალი უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. მაგრამ როდესაც აღნიშნული სამინისტრო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაასაჩივრა იგი სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პოზიცია და კვლავ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ, ამასთან ერთად თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მაგრამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 5 სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგ არც კი მოისურვა ამ გადაწყვეტილებების შესრულება, და მაშასადამე, დამტოვა, II ჯგუფის შრომის ინვალიდი არსებობის წყაროს, წამლების, მკურნალობის გარეშე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე ხელთ მაქვს 5 კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, და ასევე სხვა პილოტ-ინვალიდებს აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებები გამოტანილი მათ სასარგებლოდ, მაგრამ ყველა ჩვენი უბედურება დაკავშირებული არის მთავრობის #53 დადგენილებასთან. ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ თუ არსებობს უფლებამონაცვლე, იგი ვალდებულია გადაუხადოს ინვალიდებს, და ეს პუნქტი ეხება ყველა ჩვენ პილოტ-ინვალიდს, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უფლებამონაცვლეობის საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დადგენილი. მაგრამ შემდგომი პუნქტები ისე გაუგებრად არის შედგენილი, რომ, მაგალითად, ერთი პუნქტის თანახმად 2007 წლის მარტის თვიდან ახალი თანხები ვერ იქნება დადგენილი. ლოგიკური კითხვა – რატომ პილოტ-ინვალიდების ერთი ნაწილისათვის უფლებამონაცვლეობის საკითხი დადგენილი არის 2007 წლის მარტამდე, ხოლო მეორე ნაწილისათვის – სამუდამოდ? დაწვრილებით განვიხილოთ #53 დადგენილების გასაჩივრებული მუხლებისა და პუნქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის #93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის #48 ბრძანებულება შრომითი მოვალეობის შსრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ, ხოლო საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილებით დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. მითითებული კანონქვემდებარე აქტები მსგავსი შინაარსის ურთიერთობებს არეგულირებენ, მაგრამ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ დამსაქმებლს ლიკვიდაციის შემთხვევაში, შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. #48 ბრძანებულების თანახმად, დამქირავებლისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად აუცილებელი იყო ორი პირობის არსებობა: ზიანის შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიღება და დამქირავებლის ბრალის არსებობა. რაც შეეხება სარჩოს ოდენობას და მისი მიღების ხანგრძლივობას, ეს უკანასკნელი პირდაპირ იყო დამოკიდებული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მის უფლებამონაცლვე ორგანიზაციას ეკისრებოდა, ხოლო 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არა ჰყავთ, საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვას, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფდა სსიპ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. რაც შეეხება #53 დადგენილებას, მასში მითითებულია, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება დამსაქმებლის ბრალის არსებობსას, `შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის~ თანახმად, შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევბში. #53 დადგენილების თანახმად, იმ დაზარალებულთა მიმართ, რომლთა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის უფლებამონაცვლე არ ჰყავს, 2007 წლის 01 მარტიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეწყდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, #53 დადგენილება საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი სახელშეკრულებო შეთანხმების საგნად აქციონ, ხოლო სახელმწიფოს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების უფლებამონაცვლეობისგან ათავისუფლებს. #53 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2007 წლის 01 მარტის შემდეგ არ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემლები შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლს #48 ბრძანებულების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არ არსეობიბს პირობებში გასაცემების დანშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში. #48 ბრძანებულების იმ დებულებებში, რომლებიც უფლებამონაცვლის არ არსებობის პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს არეგულირებდნენ, მითითებული იყო, რომ 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არა ჰყავთ, საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთ აღრიცხვას, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველჰყოფდა სსიპ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარლგებში. 2007 წლის 01 მარტის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებში, სახელმწიფო სწორედ ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლდა, ხოლო ჩანაწერი, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში, #53 დადგენილებით განსაზღვრულ ქცევის წესს 2007 წლის 01 მარტამდე წარმოშობილ ურთიერთობებზეც ავრცელებს. #53 დადგენილებაში მითითებულია, რომ `მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში~. აღნიშნული უშუალოდ მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება #53 დადგენილების მიღებამდე წარმოეშვათ, მაგრამ დადგენილების მიღების მომენტისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. აღნიშნული წესიდან გამომდინარე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომელ კანონს უნდა დაემორჩილოს მოსამართლე. როგორც უკვე აღვნიშნე, #53 დადგენილება საწარმოო ტრავმა მიღებულ პირთა უფლებრივ მდგომაროებას მნიშვნელოვნად აუარესებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ღირებულებათა ნორმატიული წესრიგი ცალკეული მოქალაქის ქცევათა დეტერმინაციის საშუალებაა. ასეთი წესრიგის პირობებში ადამიანებს აქვთ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში და მის მიერ ჩადენილ მოქმედებს შეაფასებს არსებული ნორმატიული სინამდვილის პირობებში. აღნიშნული განმარტება საკონსტიტუციო სასამართლომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების უკუძალის აკრძალვასთან დაკავშირებით გააკეთა. თუმცა, გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში, ადამიანებს შეიძლება ქონდეთ როგორც სისხლის სამართლებრივ, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში. #48 ბრძანებულებით განსაზღვრული გარანტიები საწარმოო ტრავმა მიღებულ პირებს აძლევდა იმის საფუძველს, რომ სარჩოს მიღების გონივრული მოლოდინი ქონოდათ. ამ მოლოდინის დასასრულად კი შეიძლება მივიჩნიოთ #53 დადგენილების მიღების შემდგომი და არა წინა პერიოდი. 2007 წლის 01 მარტამდე დავალიანების დაფარვის და ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულების დაკისრება, შემდგომ პერიოდზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შეწყვეტას გულისხმობს. აღნიშნული ჩანაწერი კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და სასამართლოსთვის მიმართვის უფლებს (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით). საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონკრეტულ შემთხვევაში, საწარმოო ტრავმა მიღებულ პირთა სასამართლოსთვის მიმართვისა და საკუთრების უფლების დაცვა სწორედ უშუალო სამართლად უნდა იქცეს. ასევე ყურადღება მინდა მივაპყრო იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმიდან არ იკვეთება თუ რა მიზანს ისახავს მთავრობა სადავო დადგენილების გამოცემისას. არ ჩანს ის გარემოება, რომ ფინანსურმა კრიზისმა სახელმწიფო აიძულა, შეეწყვიტა რეგრესული პენსიის დაფინანსება. თუ რა საზოგადოებისათვის სასარგებლო სიკეთის მოტანა ამოძრავებდა საქართველოს მთავრობას სადავო ნორმების დადგენით, არ იკვეთება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით სახელმწიფო ცდილობს მოიშოროს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია თუ რამდენად უნდა აგოს სახელმწიფომ პასუხი მის მიერ დაფუძნებული, თუნდაც 100%-იანი სახელმწიფო საწარმოს ვალდებულებებისათვის. მაშინ როდესაც ადამიანი დაკარგავს შრომით უნარს მას არა მხოლოდ მორალური ზიანი მიადგება იმით, რომ განიცდის ფიზიკურ დასახიჩრებას, არამედ ერთმევა არსებობისათვის აუცილებელი, თუნდაც მინიმალური საშუალებების მოპოვების შესაძლებლობა. სხვისი ბრალით გამოწვეული შრომისუუნარობის შEდეგად ადამიანი კარგავს უნარს, ხელი მიუწვდებოდს სასიცოცხლოდ აუცილებელ სიკეთეებზე, ამავე დროს იზრდება მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯებიც. საწარმოების გაკოტრება საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ნორმალური მოვლენაა. მაგრამ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში შრომისუუნარო ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ კერძო ინიციატივას, მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს საქმიანობას მოჰყვა, რომლის მძიმე შედეგების კომპენსირება სახელმწიფომ თავის დროზე საკუთარ თავზე დროზე საკუთარ თავზე აიღო, მით უმეტეს, ცხადი ხდება ის, რომ სახელმწიფომ არ შეიძლება არასტაბილური ეკონომიკის უარყოფითი შედეგების თანმდევი საწარმოს გაკოტრების ფაქტზე მითითებით თავი დააღწიოს პირის დახმარების ვალდებულებას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს მთავრობის #53-ე დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს გაცემის ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის დებულებათა საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმები ათავისუფლებენ სახელმწიფოს, მისი ორგანოების ან მოსამსახურეთა მიერ ადამიანისათვის მიყენებული ბრალეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან შესაბამისი სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების და მისი სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის შემთხვევაში. იმისათვის, რომ სახელმწიფომ თავი აარიდოს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, მას შესაძლებლობა ეძლევა, მარტივად ლიკვიდაცია გაუკეთოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს და ამით თავიდან აიცილოს საბიუჯეტო სახსრებიდან ზიანის ანაზღაურება. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს მიერ ადამიანისათვის მიყენებული ზიანისათვის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობა არა სახელმწიფო ორგანოს ან აღნიშნულ ორგანოში დასაქმებულ მოსამსახურეს, არამედ სახელმწიფოს. ამგვარად, სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები წარმოადგენენ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში. ისინი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენენ სახელმწიფოს. დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს ორგანო არ შეიძლება აღიქმედეს სუვერენული სახელმწიფოსაგან მოწყვეტილ, საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედ ფეოდალურ ერთეულად. სახელმწიფო ორგანო ერთიანი სახელმწიფოებრივი ორგანიზმის, მისი ნებელობის გამოხატულობაა. საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო ორგანოს ქმედებებით თუ აქტებით კონკრეტული სამართლებრივი შედეგები დგება სახელმწიფოს და არა ქმედების განმახორციელებელი კონკრეტული ორგანოს და მით უმეტეს საჯარო მოხელის მიმართ. იმ პირებს, რომლებთანაც კანონი დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაშიც შედიან სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, სრულიად დასაბუთEბული მოლოდინი გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანოები სახელმწიფოებრივი ნების განმახორციელებელები არიან, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი არღვევს მისი მანდატის დამდგენ კანონს და აშკარად ამეტებს თავის უფლებამოსილებას. მხოლოდ სახელმწიფოა პასუხისმგებელი მისი ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო და ზიანის მომტანი ქმედებისათვის. ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რსურსების ფარგლებში მოსახლეობის უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლების დაცვის სულ მცირე მინიმალურად აუცილებელი დოჯნე მაინც რომ უზრუნველყოს. სხვანაირად, აზრი ეკარგება სახელმწიფოთა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მოქმედებანი ამ მიმართულებით სტაბილურ, ევოლუციურ ხასიათს უნდა ატარებდეს და დადებითი დინამიკით გამოირჩეოდეს. შეღავათი შეიძლება გონივრულ ზღვრამდე შემცირდეს, არ შეიძლება შეღავათი იმდენად უმნიშვნელოდ გახდეს, რომ მას მხოლოდ სიმბოლურად თუ შეიძლება ეწოდოს შეღავათი. სადავო ნორმებით არათუ მოხდა პირების მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელთა ჯანმრთელობასაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიადგა ზიანი, არამედ ყოველთვიური სარჩოს შეწყვეტით კიდევ უფრო გაუარესდა მათი მდგომარეობა, რაც არ შეესაბამება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტით გარანტირებული პროგრესული განვითარების მოთხოვნებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა