საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/545 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 10 აპრილი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, კანონის უკუქცევითი ძალით მოქმედების აკრძალვისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან მიმართებით. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “ამ მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის წყდება სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 01 მარტიდან” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „თუ... პირებს მიაჩნიათ, რომ მათ დაუწესდათ ნაკლები ოდენობის სარჩო ან სხვა გასაცემი, ვიდრე უნდა დაწესებოდათ... ითვლება, რომ არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და კანონთა სამართლიანობისა და შეუქცევადობის პრინციპთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - ალბერტ ნურბეგიანი და მისი წარმომადგენელი გიორგი ჭიქაბერიძე. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - ფიქრია ზირაქაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №545) მომართა საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანმა. №545 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2012 წლის 2 ნოემბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 19 დეკემბერს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი; “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე იყო პილოტი, რომელიც ავარიის შედეგად გახდა შრომისუუნარო და მიენიჭა II ჯგუფის ინვალიდის სტატუსი. მოსარჩელეს განესაზღვრა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 2006 წლის სექტემბერში მას შეუწყვიტეს ინვალიდობის პენსია იმ საფუძვლით, რომ ლიკვიდირებული იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო და საავიაციო ადმინისტრაცია, თუმცა აღნიშნული სტრუქტურების სამართალმემკვიდრე გახდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელიც ვალდებული იყო გადაეხადა აღნიშნული თანხა.
5. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ შრომითი უნარის დაკარგვა ადამიანს არა მხოლოდ მორალურ ზიანს აყენებს, არამედ მას ერთმევა არსებობისათვის აუცილებელი მინიმალური საშუალებების მოპოვების შესაძლებლობა. იგი მიიჩნევს, რომ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში შრომისუუნარო ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენება სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს საქმიანობას მოჰყვა, რომლის მძიმე შედეგების კომპენსირება თავის დროზე სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. შესაბამისად, სადავო ნორმიდან არ იკვეთება, საზოგადოებისათვის რა სასარგებლო სიკეთის მოტანა ამოძრავებდა საქართველოს მთავრობას.
6. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მან მოითხოვა, რომ სადავო დადგენილების მუხლის მე-4 პუნქტის გასაჩივრებული სიტყვები შემოწმდეს არა უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
7. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ვინაიდან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია მხოლოდ ის, რომ სასამართლოს დავისას არ იქნეს გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულება, ვინაიდან სადავო დადგენილების ამოქმედებით იგი ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული და მისი გამოყენება ვერ მოხდება სასამართლოს მიერ. აქედან გამომდინარე, სადავო დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სადავოდ გამხდარ სიტყვებს არა აქვთ მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
8. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაუქმდა ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ შესაბამისი საწარმოს გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში პირს არ აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები არ აუარესებს პირის მდგომარეობას და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დებულებებს.
9. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სადავო დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, მთავრობამ ახლებურად მოაწესრიგა სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, მიიჩნია, რომ დადგენილების მიღებამდე მოქმედი კანონმდებლობით არსებული სარჩოს გაცემა უნდა მომხდარიყო 2007 წლის 1 მარტამდე, ხოლო სადავო დადგენილებით შეიცვალა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების პროცედურა და ყოველთვიური სარჩოს გაცემის ნაცვლად დადგინდა ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, არ ირღვევა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებები.
10. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პირი თვლის, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონმდებლობის მიხედვით, მას უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობა ჰქონდა, მან უნდა გაასაჩივროს ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ აქტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იდავოს ახალი დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა. “შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების საფუძველზე, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება, მათ შორის, სადავო ნორმებიც ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისთვის სადავო ნორმები გაუქმებულია და ძალა აქვს დაკარგული.
2. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №545 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №545 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი