საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/11/1604 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 10 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2021 15:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1604) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1604 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 10 დეკემბერს.
2. №1604 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-6 მუხლი ადგენს შეზღუდვებს სოციალური პაკეტის მიღებაზე, კერძოდ, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სოციალური პაკეტი შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გასცემს სოციალურ დახმარებას ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის - სოციალური პაკეტის სახით. ამასთან, სახელმწიფო სოციალური დახმარების გაცემას წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები განახორციელებენ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში. თუმცა სოციალური დახმარება უნარჩუნდებათ პირებს, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ კერძო სექტორში და ასევე საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ მკვეთრად და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
6. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმები დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს პირებს, რომლებსაც უნარჩუნდებათ სოციალური პაკეტის მიღების უფლება და რომლებსაც უწყდებათ აღნიშნული უფლება შრომითი საქმიანობის განხორციელების ადგილის ან კანონმდებლობით მინიჭებული ქმედუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განმსაზღვრელი სტატუსის მიხედვით. კერძოდ, ერთი მხრივ, შესადარებელი პირები არიან ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში და ამავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ კერძო სექტორში. მეორე მხრივ კი, შესადარებელი პირები არიან საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი მკვეთრად და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
7. მოსარჩელის განმარტებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს გააჩნიათ იდენტური საჭიროებები. შესაბამისად, მათი ინტერესი, მიიღონ გათვალისწინებული სოციალური პაკეტი, არის თანაბარი. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ, ზოგადად, სოციალური პაკეტით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებლის (ფულადი და არაფულადი სარგებელი) მოცულობა, შესაძლოა, განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის შეზღუდვა აქვს დასაქმებულ პირს. თუმცა როგორც საჯარო საქმიანობის განხორციელებამდე, ისე საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდშიც პირთა ინტერესი, უზრუნველყოფილი იყვნენ მათი შეზღუდვის შესაბამისი მოცულობის სოციალური პაკეტით, არის თანაბარი. იმავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურება და ფულადი სოციალური უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი, თავისი დანიშნულებით და მიზნობრიობით სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი ერთმანეთის ალტერნატივად განხილვა და შრომის ანაზღაურებით სოციალური პაკეტის ჩანაცვლება დაუშვებელია.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ცალკეული პირების შესაბამისი სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის სრულად გამორიცხვა წარმოადგენს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას და, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეფასდეს შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენებით. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, მათი სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრიდან გამორიცხვა ვერ იქონიებს არსებით გავლენას საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესზე. შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი არ გამოდგება სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისთვის დაუძლეველ საჯარო ინტერესად. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დიფერენცირებას არ გააჩნია რაიმე ლოგიკური ახსნა, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას, ეფექტიანი და შესაბამისი ზომების მიღებით ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების რეალიზებას, ასევე მათ სრულ ინკლუზიასა და მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო, განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის, ხელს უნდა უწყობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებასა და მათი პროფესიული შესაძლებლობების რეალიზებას. ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირის დასაქმების შემდგომ სოციალური გარანტიების წართმევა კი ნეგატიურ გავლენას ახდენს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესზე. იმავდროულად, სოციალური პაკეტი არ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმუშევრობის დახმარებას. სოციალური პაკეტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სათანადო პირობების შექმნა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, სხვა მოქალაქეთა მსგავსად მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამდენად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოციალური გარანტიებით, როდესაც ის დასაქმებულია, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან მიმართებით სრულდება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1604 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1604 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში