იზოლდა შანიძე საქართვლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/16/1617 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 10 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2021 15:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე– სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი ‒ წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: იზოლდა შანიძე საქართვლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №4901 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4, მე-16, მე-17, მე-18, 25-ე, 31-ე და 34-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1617) მომართა საქართველოს მოქალაქე იზოლდა შანიძემ. №1617 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 16 ივლისს. №1617 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 10 დეკემბერს.
2. №1617 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №4901 ბრძანების საფუძველზე, იზოლდა შანიძეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს ‒ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 6 სექტემბერს A11012680 სააღსრულებო საქმეზე განხორციელებული ქმედების ‒ სააღსრულებო წარმოების დამთავრების ბათილად ცნობასა და სააღსრულებო წარმოების განახლებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი განსაზღვრავს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპსა და მის შემადგენელ ელემენტებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით მოწესრიგებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი განამტკიცებს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი შეეხება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დადგენილია საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საჯარო თანამდებობის განხორციელების გარანტიები. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სხვდასხვა უფლებრივი კომპონენტები. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი კი აწესრიგებს ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს.
5. №1617 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე იზოლდა შანიძეს აქვს მრავალწლიანი დავა აბაშის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურთან, სამსახურიდან უკანონოდ გადაყვანისა და გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, აბაშის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით და 2007 წლის 01 ივნისის განჩინებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა აბაშის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2005 წლის 02 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში აღდგენისა და 2006 წლის 1 თებერვლიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე, როგორც შესაბამისი განჩინება, დღემდე არ აღსრულებულა.
6. მოსარჩელის პოზიციით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 6 სექტემბერს A11012680 სააღსრულებო საქმეზე განხორციელებული ქმედება ‒ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, ისევე, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №4901 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა არის უკანონო და ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერების მატერიალურ და პროცედურულ მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია.
7. №1617 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებისა და 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულებას, აბაშის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2005 წლის 02 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში აღდგენას, აგრეთვე, თანამდებობაზე 2006 წლის 18 დეკემბრიდან აღდგენას და ამ პერიოდისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. აღნიშნულის გარდა, მოსარჩელე მოითხოვს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის სხვადასხვა სამართლებრივი მნიშვნელობის ქმედების განხორციელების ვალდებულების დაკისრებას.
8. №1617 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. №1617 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარედ მითითებულია ფიზიკური პირი. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირების კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე, იხილავს მხოლოდ იმ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს, რომლებიც მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, №1617 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გამოკვეთოს სადავო სამართლებრივი აქტის სამართლებრივი ბუნება და დაასაბუთოს მისი ნორმატიული ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი არ იქნება არსებითად განსახილველად მიღებული.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის გამიჯვნა ხდება სადავო აქტის ადრესატთა წრისა და მოწესრიგების საგნის გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება იგი ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5).
4. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №4901 ბრძანებას, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც, თავის მხრივ, იგი ითხოვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ A11012680 სააღსრულებო საქმეზე 2013 წლის 6 სექტემბერს სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ განხორციელებული ქმედების ბათილად ცნობასა და სააღსრულებო წარმოების განახლებას.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, ნათელია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გასაჩივრებული ბრძანება არ ადგენს პირთა განუსაზღვრელი წრისკენ მიმართულ ქცევის ზოგად წესს. კერძოდ, აღნიშნულ ბრძანებას გააჩნია ერთჯერადი მოწესრიგების ეფექტი და მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრავს როგორც სუბიექტთა წრეს, ისე რეგულირების საგანს. ამგვარად, სადავო სამართლებრივი აქტის მოქმედება ამოიწურება მოსარჩელე მხარესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის ერთჯერადად გადაწყვეტით და ვერ იქნება გამოყენებული სხვა, ანალოგიური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №4901 სადავო ბრძანება, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის, არ შეიძლება განხილულ იქნეს ნორმატიულ აქტად.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1617 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1617 კონსტიტუციური სარჩელი („იზოლდა შანიძე საქართვლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში