თენგიზ მესხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/21/1626 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 11:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: თენგიზ მესხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაღმდეგ.
დავის საგანი: „ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტინგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის №32/ო-№102 ერთობლივი ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1626) მომართა თენგიზ მესხმა. №1626 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს.
2. №1626 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. „ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტინგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის №32/ო-№102 ერთობლივი ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტის თანახმად, „ავადმყოფს, რომელსაც სპეციალიზებულ ონკოლოგიურ დაწესებულებაში (ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ონკოდისპანსერი) მკურნალობის პროცესში უდგინდება დაავადების IV კლინიკური ჯგუფი და დაწყებული აქვს ნარკოტიკული საშუალებით სიმპტომური მკურნალობა, დაწესებულებიდან გაწერის დროს ეძლევა ამონაწერი ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფთა სამედიცინო ბარათიდან (შემდგომში _ ონკოლოგიური ფორმა“ ) ნარკოტიკული საშუალების იმ სადღეღამისო დოზის მითითებით, რომელიც ეძლეოდა სტაციონარში. „ონკოლოგიური ფორმა“ მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ბეჭდით, ხელმძღვანელის (ან მისი მოადგილის), განყოფილების გამგისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს აქვს შარდის ბუშტის ლატერალური კედლის პირველი სტადიის, პირველი კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნე. დაავადების მიმდინარეობის ფონზე მას აღენიშნება მუდმივი ხასიათის ძლიერი ტკივილები, რაც სამედიცინო ცნობების მიხედვით, საჭიროებს ძლიერი ნარკოტიკული საშუალებებით მართვას.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა, სისტემური თვალსაზრისით, მზღუდავი ხასიათისაა, რადგან იძლევა იმ პირთა ჯგუფის ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებზეც შესაძლებელია ონკოლოგიური ფორმის გაცემა. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციის თანახმად, ონკოლოგიური ფორმა ეძლევა მხოლოდ იმ ავადმყოფს, რომელსაც მკურნალობის პროცესში უდგინდება დაავადების IV კლინიკური ჯგუფი. იმის გამო, რომ მოსარჩელის შემთხვევაში მისი დაავადება არის I (და არა IV) კლინიკური ჯგუფის სტადიაში, მას ერთმევა ონკოლოგიური ფორმის მიღების შესაძლებლობა, რომლის საფუძველზეც, იგი, ნარკოტიკული საშუალებების მეშვეობით, შეძლებდა სიმპტომურ მკურნალობას. შესაბამისად, მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალებებით სიმპტომური მკურნალობისთვის საჭირო ონკოლოგიური ფორმის გაცემა დაკავშირებულია დაავადების სტადიაზე და არა დაავადებიდან გამოწვეული ტკივილის ხარისხზე.
7. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ტკივილის რაოდენობრივი დახასიათების მეთოდს, რაც შესაძლებლობას იძლევა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განისაზღვროს პაციენტის ტკივილის ხარისხი. მაშინ, როდესაც არსებობს ტკივილის რაოდენობრივი გაზომვის შესაძლებლობა და არსებობს დაავადებები, რომელთაც შეუძლიათ ისეთი რაოდენობრივი ტკივილის გამოწვევა, როგორიც შეიძლება ჰქონდეთ მე-4 კლინიკური ჯგუფის მქონე პაციენტებს, ნარკოტიკული საშუალებების მოსარგებლეთა წრის კლინიკური ჯგუფის კატეგორიით შემოსაზღვრა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
8. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, სიცოცხლის უფლება თავის თავში მოიაზრებს უკეთესი ხარისხით სიცოცხლის უფლებასაც. მაშინ, როდესაც პირს აქვს დაავადებით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილები, მას უნდა ჰქონდეს ნარკოტიკულ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა. ამასთან, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უფლების ფარგლებში სახელმწიფოს ეკისრება ისეთი ჯანდაცვის სისტემის შექმნის პოზიტიური ვალდებულება, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად გამოიყენონ ჯანდაცვის სერვისი. სახელმწიფოს მიერ შექმნილ ჯანდაცვის სისტემას უნდა შეეძლოს პაციენტთა მდგომარეობის ხარისხობრივი გაუმჯობესება ან გამოუვალ მდგომარეობაში პაციენტის ტკივილის ისეთი მართვა, რომ იგი არ გახდეს არაჰუმანური და არაადამიანური მდგომარეობის მსხვერპლი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს და 28-ე მუხლის პირველ პუნქტს.
9. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
2. №1626 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტინგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის №32/ო-№102 ერთობლივი ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „ავადმყოფს, რომელსაც სპეციალიზებულ ონკოლოგიურ დაწესებულებაში (ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ონკოდისპანსერი) მკურნალობის პროცესში უდგინდება დაავადების IV კლინიკური ჯგუფი და დაწყებული აქვს ნარკოტიკული საშუალებით სიმპტომური მკურნალობა, დაწესებულებიდან გაწერის დროს ეძლევა ამონაწერი ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფთა სამედიცინო ბარათიდან (შემდგომში _ ონკოლოგიური ფორმა“) ნარკოტიკული საშუალების იმ სადღეღამისო დოზის მითითებით, რომელიც ეძლეოდა სტაციონარში. „ონკოლოგიური ფორმა“ მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ბეჭდით, ხელმძღვანელის (ან მისი მოადგილის), განყოფილების გამგისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით“.
3. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც საშუალება ეძლევათ, ავთვისებიანი სიმსივნის შედეგად გამოწვეული ტკივილები მართონ ნარკოტიკული საშუალებების მეშვეობით. ვინაიდან აღნიშნული წესი არ ვრცელდება I კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პირებზე, მათ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, ეზღუდებათ ნარკოტიკულ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს და მისგან მომდინარე უფლებების შეზღუდვას. აშკარაა, რომ გასაჩივრებული რეგულაცია მიემართება მხოლოდ პირთა კონკრეტულ წრეს – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებს, რომელთაც უდგინდებათ დაავადების IV კლინიკური ჯგუფი და დაწყებული აქვთ ნარკოტიკული საშუალებებით სიმპტომური მკურნალობა. სადავო ნორმას, დასახელებული პირების მიმართ გააჩნია უფლებააღმჭურველი ხასიათი, ანიჭებს რა მათ ნარკოტიკული საშუალებების მეშვეობით მკურნალობის შესაძლებლობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციით, დადგენილი კონკრეტული სუბიექტთა წრე ვერ იქნება წაკითხული I კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთათვის ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობის შესაძლებლობის გამომრიცხავ რეგულირებად. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის რეგულირება, იმთავითვე შემოიფარგლება IV კლინიკური ჯგუფის მქონე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირებით და არ წარმოადგენს რომელიმე სხვა (მათ შორის, მოსარჩელის მსგავსი) კატეგორიის პირებისთვის შემზღუდველ რეგულირებას. ამდენად, სადავო ნორმას არ გააჩნია ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობაც შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მეშვეობით მკურნალობის შესაძლებლობას.
5. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ეს არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციის საფუძველზე, შეტანილია საქართველოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე მუხლის „ზ“ და „ჟ“ პუნქტების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს, შესაბამისად, მათ ბრუნვასთან დაკავშირებული ქმედებები (დამზადება, შეძენა, შენახვა...) ექვემდებარება სპეციალური კონტროლის რეჟიმს, რაც, თავის მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამასთან, ამავე მუხლის „ს“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა ლეგალურია მაშინ, როდესაც იგი ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. აღნიშნული ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობა ზუსტად გაწერს იმ საფუძვლებსა და პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვა. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ის ქმედებები, რომელთა განხორციელების საფუძველი და წესი უშუალოდ არ არის გაწერილი ნორმატიულ დონეზე, მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის შემადგენელ კომპონენტებს და ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, იწვევს ადმინისტრაციულსამართლებრივ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ. საქართველო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 მუხლები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავი). ამასთან, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ II სიაში მოთავსებულია ბრუნვისათვის შეზღუდული ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა სამედიცინო მიზნით გამოყენებაც დასაშვებია.
6. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის პრობლემა მომდინარეობს არა სადავო ნორმიდან, არამედ იმ რეგულაციებიდან, რომლებიც ზღუდავს სამედიცინო მიზნით გამოყენებადი ნარკოტიკული საშუალებების თავისუფალ ბრუნვას. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი კატეგორიის პირებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ნარკოტიკულ საშუალებებზე, მან უნდა იდავოს იმ რეგულაციების კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც პირებს, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, ერთმევათ ნარკოტიკული საშუალებების მეშვეობით მკურნალობის შესაძლებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1626 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1626 („თენგიზ მესხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე