შპს "ემ ჯი ალიანსი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/19/1610 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 11:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ემ.ჯი. ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის პირველ ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1610) მომართა „შპს ემ.ჯი. ალიანსმა“. №1610 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 3 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს.
2. №1610 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დაუშვებელია, სადავოდ ქცეული უფლების დიფერენცირება მოხდეს მასთან დაკავშირებული მატერიალური ფასის მიხედვით და პირს შეეზღუდოს უფლება, მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ამგვარი რეგულაციით, პირს შეიძლება მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის საფუძველზე, პირის წინააღმდეგ სხვა სასამართლო დავაში შეიძლება პრეიუდიციულად იქნეს გამოყენებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები. ამდენად, საქმის სამართლიანად განხილვის კონსტიტუციური უფლება არ შეიძლება უკავშირდებოდეს დავის საგნის ღირებულებას და სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება, რაც შესაძლებლობას მისცემს მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს მის წინააღმდეგ მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დაუშვებელია, სადავოდ ქცეული უფლების დიფერენცირება მოხდეს მასთან დაკავშირებული მატერიალური ფასის მიხედვით და პირს შეეზღუდოს უფლება, მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზით. მისი აღნიშვნით, თავისთავად, არაკონსტიტუციურია ის ფაქტი, რომ გასაჩივრების უფლების შეზღუდვა ხდება დავის საგნის ღირებულებით. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტის საფუძველზე უნდა შეფასდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რამდენად არსებობს ყველა საქმეზე გასაჩივრების კონსტიტუციური ინტერესი და, შესაბამისად, ხდება თუ არა სადავო ნორმით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა.
3. უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გასაჩივრების ინტერესი პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლების შეზღუდვის ინტენსივობას. სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამოწმებს, არსებობს თუ არა სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეთხვევაში, გასაჩივრების მომეტებული საჭიროება და რამდენად აღემატება ხსენებული უფლების შეზღუდვის შედეგად შელახული მოსარჩელის ინტერესი სადავო ნორმით დაცულ სიკეთეებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის ინტერესი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, პირდაპირ არის დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლების ინტენსივობაზე. რაც უფრო ინტენსიურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
4. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით გასაჩივრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით, როგორიც არის პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემის გადატვირთვისგან დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სასამართლოს გადატვირთულობა მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს, რომელიც, ერთი მხრივ, აფერხებს საქმეთა დროულ განხილვას, ხოლო, მეორე მხრივ, ართულებს საქმეთა სრულყოფილად გამოკვლევას. ამდენად, სასამართლოს გადატვირთულობის პრევენცია პირდაპირ კავშირშია მართლმსაჯულების გამართულ ფუნქციონირებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ უკლებლივ ყველა საქმეზე სააპელაციო სასამარლოსათვის მიმართვის უფლების დადგენა მნიშვნელოვნად გააუარესებდა ზემდგომი სასამართლოების საქმიანობის ეფექტურობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69). „სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სასამართლო სისტემის არსებობა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ადეკვატური, დროული დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/12/1229, 1242, 1247, 1299 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-16). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევად დასაშვებია საქმის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების შეზღუდვა.
5. სადავო ნორმის საფუძველზე, პირს ეზღუდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება იმ შემთხვევაში, როდესაც დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს. ამგვარი რეგულირება, ცხადია, ამცირებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობას. სასამართლოსთვის სამუშაო ტვირთის შემცირებით, ხორციელდება მართლმსაჯულების სფეროში დროის, ადამიანური თუ მატერიალური რესურსების დაზოგვა. ეს კი ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას და მისი რესურსების ეფექტიანად გამოყენებას მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებისათვის. ამდენად, სადავო ნორმა, უდავოდ, ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიც არის პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემის გადატვირთვისგან დაცვა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის N2/11/1557 განჩინება საქმეზე „შპს „იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
6. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გასაჩივრების კონსტიტუციური ინტერესი ყველა საქმეზე ერთნაირი არ არის და იგი დამოკიდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლების ინტენსივობაზე. ამდენად, გასაჩივრების უფლების შეზღუდვა, თავისთავად, ნორმის არაკონსტიტუციურობაზე არ მიუთითებს. მოსარჩელე მხარემ ნათლად უნდა დაანახოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მას გააჩნია გასაჩივრების მომეტებული საჭიროება, რომელიც აღემატება სადავო ნორმით დაცულ სიკეთეებს. მოსარჩელეს კი, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ მას გააჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გადამოწმების ისეთი განსაკუთრებული ინტერესი, რომლის უგულებელყოფაც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებდა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის N2/11/1557 განჩინება საქმეზე „შპს „იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ამდენად, №1610 კონსტიტუციური სარჩელი, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1610 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ემ.ჯი. ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე