საქართველოს მოქალაქე ნინო კორძაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 551 |
ავტორ(ებ)ი | ნინო კორძაძე |
თარიღი | 31 იანვარი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიმაჩნია, რომ არ არსებობს ჩემი საკონსტიტუციო სარჩელის სკონსტიტუციო სასამართლოში არმიღების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კანონის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ,რომლითაც დადგენილია, რომ: _,,საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“ მაძლევს უფლებას აღვძრა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოვითხოვო სქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის და 44-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ დასახელებული მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29- მუხლს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.constcourt.ge/ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია განვაცხადო, რომ მსგავი სარჩელი, დავის ამავე საგანზე და ამავე საფუძვლით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილული არ ყოფილა და არც ამჟამად არ იმყოფება წარმოებაში. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ,, პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:_,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ ვხვდი საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ,, ქვეპუნქტსა და 44-ე მუხლის შესაბამისობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ და დაცულ საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას,დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამრიგად, მიმაჩნია, რომ მოცემული სარჩელი განსახილველად ექვემდებარება სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამასთანავე, სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით. მოგეხსენებათ, რომ სადავოდ ვხდი,12.04.2009 წლის ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ,, ქვეპუნქტსა და 44-ე მუხლის შესაბამისობას, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებულ და დაცულ უფლებასთან. ასეთი სარჩელს აღძვრის სპეციალურ ვადას კი არ ადგენს საქართველოს ორგანული კანონის ,, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. ამრიგად, სარჩელი ხანდაზმული არ არის. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელი სრულად აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, დაცულია სარჩელის ამ კანონით გათვალისწინებული ფორმა და შევსებულია მისი ყველა ველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ვითხოვ, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი 12.04.2009 წლის ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი და 44- მუხლი. მოგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს 1/136-2007წლის გადაწყვეტილებით დავინიშნე გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2007 წლის 2 აგვისტოს 1/147-2007 წლის გადაწყვეტილებით, მივლინებულ ვიქენი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის 18 მარტის 1/44 გადაწყვეტილებით მივლინებული ვიქენი გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ხოლო 2009 წლის 18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009წლის 19 ოქტომბრის 1/349 გადაწყვეტილებით, გავთავისუფლდი მოსამართლის თანამდებობიდან და ჩავირიცხე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლებრივ საფუძვლად დაუდო იმ დროს მოქმედი (06.13.1996 წლის ) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი და 54.1 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული მუხლები მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების და რეზერვში ჩარიცხვის საფუძვლად ადგენდნენ სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს ლიკვიდაციასა და მოსამართლის თანამდებობის შემცირებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 22 ოქტომბრის 1/352 გადაწყვეტილებით ,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 26 ოქტომბრიდან 2010 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მივლინებული ვიქენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. ხოლო, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კვლავ ჩავირიცხე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. ჩემს მიერ მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების 2,6 წლის განმავლობაში, ისუტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიტანა 10 სხვადასხვა სახის გადაწყვეტილება ჩემს მიმართ, რომელთა საფუძველზეც, სხვადასხვა დროს მივლინებული ვიქენი სამ სხვადასხვა სასამართლოში, ორჯერ გადაყვანილი ვიყავი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. ერთხელ, რეზერვში ყოფნის დროს დამეკისრა 3 თვის ვადით მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, რის შემდეგაც, დღემდე კვლავ ვირიცხები საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. მიმაჩნია, რომ მოსამართლეებისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა და რეზერვში გადაყვანა ანტიკონტიტუციურია , ამასთან იგი, ეჭქვეშ აყენებს მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპს. მაგრამ ვინაიდან, 06.13.1996 წლის საქართველოს ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ, რომლის საფუძველზეც ჩავირიცხე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში გაუქმებულია და დღეს მოქმედებს 12.04.2009წლის ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც ასევე ადგენს ვადაზე ადრე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში გადაყვანის საკითხს, წინამდებარე სარჩელით შევეხები მხოლოდ დღეს მოქმედ კანონს. კერძოდ, მიმაჩნია, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი და 44-ე მუხლი, რომელიც ეხება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს სასამართლოს ლიკვიდაციისა და მოსამართლის თანამდებობის შემცირებისას ანტიკონსტიტუციურია შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ზემოდ დასახელებული მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომლითაც აღიარებულია და დაცულია საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება განახორციელოს და დაიკავოს პროფესიული უფლებამოსილება ნებისმიერ სახელმწიფო თანამდებობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისა და უფლებამოსილების განხორციელების პირობებსა და ვადას ადგენს საქართველოს კოსნტიტუცია და მისგან გამომდინარე ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელთა საფუძველზეც უფლებამოსილების განხორციელების ვადა მკაცრად განსაზღვრულია და იგი შეადგენს 10 წელს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც , რომ მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ემყარება საქართველოს კონტიტუციით და საქართველოს ორგანული კანონით ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ აღიარებულ და დაცულ პრინციპებს, როგორიცაა მოსამართლის დამოუკიდებლობა, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა. მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ დასახელებული მუხლები ასევე ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. სადავო ნორმები შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან, რომლითაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის თანხვედრა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. საქართველო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებშიც იგი გამოდის ხელშემკვრელ მხარედ. თანახმად ამისა, საქართველოში მოქმედებს სპეციალური საერთაშორისო აქტი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოსა და მოსამართლეთა ურთიერთობებს. მხედველობაში მაქვს ,,მოსამართლეთა სტატუტის ევროპული ქარტია,,. ქარტიაში მითითებულია რომ სტატუტის ძირითადი პრინციპები , რომლითაც უზრუნველყოფილია სასამართლოთა და მოსამართლეთა კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა , აუცილებლად უნდა იყოს ასახული უმაღლესი კატეგორიის ნორმატიულ აქტში, ანუ კონსტიტუციაში. აღნიშნული დებულება აღიარებულია და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 84-ე და 86- ე მუხლებით. ასეთ ვითარებაში დაუშვებელია სხვა კანონმდებლობის არსებობა, რომელიც მიზანდ ისახავს ან გამოიწვევს ამ ნორმებით დაცული პრინციპების დარღვევას. ჩვენს შემთხვევაში კი, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ,, ქვეპუნქტი და 44-ე მუხლები, საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ ორგანოს -იუსტიტიის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციური და საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას. 2. მოსამართლე და მისი სამართლებრივი სტატუსი, განსხვავებულია ნებისმიერ სხვა თანამდებობის პირის , თუნდაც უმაღლესი რანგის მოხელის, სამართლებრივი მდგომარეობისაგან. მხოლოდ მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა განსაზღვრული ყველაზე ხანგრძლივად -10 წლის ვადით და ეს ვადა მოსამართლის საქმიანობის სხვა სოციალურ გარანტიებთან ერთად დაცულია საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასასმართლოების შესახებ ,, 36-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან. ამავეს ითხოვს გაეროს ,,სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების შესახებ“ საერთაშორისო აქტი, რომელიც ადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიებს, ითხოვს, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მათი დამოუკიდებლობა, ანაზღაურება, მსახურების პირობები, პენსიები და საპენსიო ასაკი დაცული იყოს კანონით და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლედ ყოფნის ვადის ამოწურვამდე , მათ გათავისუფლებას (მე-11 და მე-12 პუნქტები). მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ხაზგასმა მეტყველებს იმაზე, რომ უფლებამოსილების ვადა, არა მხოლოდ შიდა კანონმდებლობით, არამედ, საერთაშორისო აქტების თანახმადაც, მიჩნეულია მოსამართლის და სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითად საფუძვლად. აქედან გამომდინარე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცნება ,,რეზერვი,, თავისთავად ქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობის ეჭქვეშ დაყენების სამართლებრივ პირობას. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და მათი რეზერვში ჩარიცხვის სამართლებრივი საფუძველი უკავშირდება სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეამციროს მოსამართლის შტატი ან გამოაცხადოს რომელიმე სასამართლოს ლიკვიდაცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს, მოსამართლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება და გადაიყვანოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში, ისე რომ ადგილი არ ექნება მოსამართლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას,სისხლის სამართლი დანაშაულის ჩადენას, საპენსიო ასაკის მიღწევას და სხვა საფუძველს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მოსამართლეს, ან მის საქმიანობას. ასეთი სამართლებრივი საფუძვლებით მოსამართლის რეზერვში გადაყვანა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კანონით დადგენილ უფლებამოსილების განხორციელების 10 წლიან ვადას, არამედ, მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპს. 2005 წლის 6 ივნისიდან დღემდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული იქნა 96 მოსამართლე. (იხ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 17.01.2013 წლის 37/36-03-ო პასუხი, ნინო კორძაძის 2013 წლის 16 იანვრის განცხადებაზე) 3. გარდა რეზერვის ,,ინსტიტუტის,, ასეთი სამართლებრივი საფუძვლით არსებობისა, საერთო სასამართლოების შესახებ ,,ორგანული კანონის,, 44-ე მუხლით რეზერვში ჩარიცხვის, რეზერვში ყოფნისა, რეზერვიდან ამორიცხვის და უფლებამოსილების დაკისრების წესი და პროცედურები ანტიკონსტიტუციურია(ეწინააღმდეგება 29-ე მუხლს), რაც გამოიხატება შემდეგში :- მაშინ, როცა , ყველა საერთაშორისო აქტი იმპერატიულად მოითხოვს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დაცვას, საქართველოს ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ 44-ე მუხლი დისპოზიციურია და აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობას , საკუთარი მიხედულებისამებრ გადაწყვიტოს, გაათავისუფლოს მოსამართლე ვადამდე დაკავებული თანამდებობიდან და ჩარიცხოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში, თუ, მისცეს მას საშუალება განაგრძოს სამოსამართლეო საქმიანობა. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, 43-ე მუხლით და ის არსებითად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო აქტებით, ამავე საკითხის გადაწყვეტის წესს, გარდა 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ,, ქვეპუნქტისა,სადაც საუბარია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ისეთ არაკონსტიტუციურ წესზე, როგორიცაა სასამართლოს ლიკვიდაცია და მოსამართლის თანამდებობის შემცირება. სწორედ, ეს ორი გარემოებაა მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვის წინაპირობა, მაშინ, როდესაც საერთაშორისო აქტები , კერძოდ, ,,მოსამართლეთა სტატუტის ევროპული ქარტიის“ დანიშვნისა და შეუცვლელობის პრინციპი , არ გამორიცხავს რა სასამართლო ლიკვიდაციას (დახურვას), არ ცნობს ამავე მოტივით, მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და სათადარიგო სისტემაში ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე , საერთაშორისო აქტები, უარყოფენ მოსამართლის საქმიანობის განხორციელების ამდაგვარ წყვეტას - თუ არა ავადმყოფობის, დისციპლინური დევნის გამო საქმიანობის ვადის შეჩერების ან კანონით გათვალისწინებული სხვა სუბიექტური შემთხვევებისა. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი ასევე კრძალავს თანამდებობიდან მოსამართლის ვადამდე გათავისუფლებას და სხვაგან გადაყვანას თუ არა, კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ,,კანონით განსაზღვრული შემთხვევები,, წინააღდეგობაში არ უნდა მოდიოდეს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ 10 წლიან ვადასთან. აქვე, განმეორებით შევეხები იმას, რომ რეზერვში ჩარიცხვას, სხვა სასამართლოში გადასვლის შეთავაზების აუცილებლობა წინ არ უძღვის. ეს კი საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ნებისმიერი მოსამართლის მიმართ, მისი წარმატებული სამოსამართლო საქმიანობის მიუხედავად, ყოველგვარი წინასწარი განმარტების გარეშე, დააყენოს საკითხი მისი რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე და ამ გზით მოახდინოს ზემოქმედება მოსამართლეზე- ხელი შეუშალოს და აღკვეთოს კიდეც მოსამართლის მიერ მისი საქმიანობის განხორციელება კანონის და შინაგანი რწმენის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს ხელი შეუწყოს მოსამართლის მართლმსაჯულების მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ განხორციელებას, ფაქტობრივად, საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ 44-ე მუხლის გამოყენებით, მოსამართლეთა რეზერვში ყოველგვარი განმარტების გარეშე ჩარიცხვის შესაძლებლობით, ერევა მოსამართლის საქმიანობაში და ზეგავლენას ახდენს მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ზემოაღნიშნული გარემოება პირდაპირ უკავშირდება მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებლობის ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული პრინციპები კი,პირველ რიგში დაცულია და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების , არამედ მისი განხორციელების შესაძლებლობას. მოსამართლის მიერ უფლებამოსილების განხორციელება უნდა მიმდინარეობდეს, დამოუკიდებლობის, მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად, კანონით მკაცრად განსაზღვრული 10 წლიანი ვადის ფარგლებში. ჩემს მიერ სადავოდ ქცეული 44-ე მუხლის ზემოდასახელებლი ხარვეზი კი, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, რაც მას ხდის ანტიკონსტიტუციურ კანონად. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ,,ლიკვიდაცია,, ნიშნავს საქმიანობის შეწყვეტას, გაუქმებას, დახურვას, საქართველოს პირობებში ლიკვიდირებული სასამართლოს ადგილას, იქმნება ახალი და იმავე ინსტანციის სასამართლო, იმავე ტერიტორიული იურისდიქციით, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონი არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,სულ მცირე შესთავაზოს მოსამართლეს ახალ სასამართლოში დანიშვნა. მაგალითად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 15 სექტემბრის 1/222 გადაწყვეტილებით(იხ. დანართი11-12), ლიკვიდირებულ იქნა გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული, გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული, ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო, სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოები და მათ ნაცვლად შეიქმნა იმავე ინსტანციის გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო ; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს 1/170 გადაწყვეტილებით(იხ.დანართი13), გამოცხადდა ლიკვიდაცია ბათუმის და ქობულეთის რაიონული სასამართლოების. მათ ნაცვლად შეიქმნა ბათუმის საქალაქო სასამართლო 13 საშტატო ერთეულით, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრი მოსამართლის საშტატო ერთეულიც იქნა გათვალისწინებული. ეს სასამართლოებიც იმავე ინსტანციის სასამართლოებია, რაც იყო ბათუმის საქალაქო და ქობულეთის რაიონული ლიკვიდირებული სასამართლოები. ბ) ანტიკონსტიტუცია არა მხოლოდ მოსამართლის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის წესი, არამედ, რეზერვში ყოფნის ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, ორგანული კანონით 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 3 წლიანი ვადაც. ეს პუნქტიც ეწინააღმდეგება მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების 10 წლიან ვადას, ვინაიდან, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება ამავე მუხლის პირველი პუნქტით დასაშვებია უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მაგალითად, დანიშვნიდან მესამე წელს, როგორც ეს მოხდა ჩემს შემთხვევაში (იხილეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს 1/136 გადაწყვეტილება და 2009 წლის 19 ოქტომბრის 1/349 გადაწყვეტილება). ამრიგად, მოსამართლედ გამწესების დღიდან, რეზერვიდან საბოლოო ამორიცხვამდე ვადა შეადგენს ჩემს შემთხვევაში 6,5 წელს. რეზერვში ჩარიცხვის 3 წლიანი ვადა ასევე არ შეესაბამება ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ“ დებულებას, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, განმარტავს რა რეზერვის შექმნის მიზანს, პირდაპირ უთითებს, რომ რეზერვით გარანტირებულია მოსამართლის სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის დაცვა. დ)ანტიკონსტიტუციურია აგრეთვე , საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ეს პუნქტიც დისპოზიციურია, რამდენადაც, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხედულებისამებრ წყდება მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვის საკითხი, რაც თავისთავად არღვევს მოსამართლის უფლებას , ჰქონდეს გარანტირებული სამსახური 10 წლის ვადით. კანონში არ არის მითითებული, თუ რითი ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას. დისპოზიციურია ამ საკითხში ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტიც. ამასთანავე, მოსამართლის რეზერვში ყოფნა მნიშვნელოვნად აუარესებს მის მატერიალურ მდგომარეობას, რამდენადაც, განსხვავებით მოქმედი მოსამართლის ხელფასისგან, მისი სარგო რეზერვში ყოფნის დროს შეადგენს 500 ლარს (იხილეთ საქართველოს კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ 1-ლი მუხლის ,,მ,, ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელის ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე,, ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს მოსამართლის სტატუსთან შეუფერებლი საქმიანობა ან თანამდებობა. საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს მოსამართლის სტატუსტან შესაფერის საქმიანობის წრეს, რაც საკმაოდ შეზღუდულია, რაც კიდევ მეტად აუარესებს კიდევ უფრო აუარესებს რეზერვში მყოფ მოსამართლის მატერიალურ მდგომარეობას და ქმნის მასზე ზემოქმედების საუკეთესო პირობებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ 44-ე მუხლი ანტიკონსტიტუციურია, როგორც მოსამართლის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების 10 წლიანი გარანტიის და მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების მხრივ, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული დისკრეციული უფლებამოსილების კუთხითაც. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის, ამორიცხვის, ახალ სამსახურებრივ ადგილზე მათი გამწესების საკითხის გადაწყვეტისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბევრად ცდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ ზოგად დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებს. ეს კი აშკარად არაკონსტიტუციურს ხდის საბჭოს საქმიანობას და რეალურ საფუძველს უქმნის ამ ორგანოს, ზემოქმედება მოახდინოს მოსამართლეზე, როგორც დამოუკიდებელ და შეუცვლელ თანამდებობის პირზე, მისი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების პროცესში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული უფლებები , ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის აიძულოს მოსამართლე თავად თქვას უარი რეზერვში ყოფნაზე, რითაც იგი ფაქტობრივად იუარესებს თავის არა მხოლოდ ამჟამინდელ, არამედ, სამომავლო მდგომარეობასაც, რაც დაკავშირებულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიებთან, პენსიებთან და აშ. რეზერვში ყოფნა ზღუდავს რეზერვის მოსამართლის სამომავლო დანიშვნასაც, რამდენადაც, ახალი სამუშაო ადგილის ვითარებაშიც კი, რეზერვის მოსამართლეს არანაირი კანონისმიერი გარანტია არ გააჩნია, რომ მას დანიშნავენ. მაგალითად, თუ თავისუფალია შტატი, რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე მაინც არ არის გარანტირებული, რომ , კანონისმიერი საფუძვლით, იუსტიციის საბჭო მას ამ ადგილს შესთავაზებს, ან უპირატესობას მიანიჭებს კონკურსის წესით დასანიშნ მოსამართლეობის კანდიდატებზე, რადგან კანონი ასეთ ვალდებულებას არ აკისრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა და მოსამართლედ მისი მივლინება, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, ისე როგორც, მოსამართლეთა რეზერვში გადაყვანის საკითხი. ე) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს და საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი ანიჭებს მოქალაქეს უფლებას დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. მოსამართლესთან მიმართებაში , ეს მუხლი ისევე გამოიყენება როგორც სხვა მოხელეთა მიმართ ,,დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფ თანამდებობა,, ამავდროულად ულისხმობს შეასრულოს ამ თანამდებობისთვის დამახასიათებელი სამუშაო. თავისთავად, თანამდებობის დაკავება უკავშირდება შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებას. თუ უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია, ამ მუხლით მოსამართლემ უნდა დაიკავოს და განახორციელოს უფლებამოსილება 10 წლის ვადით. აქედან გამომდინარე, რეზერვში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ვადაც უნდა შეესაბამებოდეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადას. ვ) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი არაკონკრეტულია მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვს მინიმალური ვადის განსაზღვრაშიც. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პირი შეიძლება რეზერვიდან ამოირიცხოს და სამოსამართლეო უფლებამოსილება დაეკისროს , როგორც 1 თვით, ისე რამოდენიმე წლით, მხოლოდ იმ პირობით, რომ უფლებამოსილების დაკისრების მაქსიმალური ვადა, არ უნდა აღემატებოდეს მისი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ფარგლებს. გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ კი, მოსამართლე კვლავ ირიცხება რეზერვში , უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე (თვალსაჩინოებისთვის იხ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 22 ოქტომბრის 1/351 გადაწყვეტილება რეზერვიდან 3 თვით ამორიცხვისა და უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 37/36-03-ო პასუხი, ნინო კორძაძის განცხადებაზე ). მიმაჩნია, რომ სადავო ნორმის ეს ნაწილიც არაკონსტიტუციურია და მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა და თანამდებობაზე გამწესება უნდა მოხდეს არანაკლებ იმ ვადისა, რაც მას დარჩა უფლებამოსილების ამოწურვამდე. მეტიც, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვისას, მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან თანახმად ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, ორგანული კანონისა. რეზერვიდან ამორიცხვისას, მოსამართლეს ეკისრება უფლებამოსილების განხორციელება , ისე რომ ის თანამდებობაზე დანიშნული არ არის. სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია კანონის საფუძველზე მოსამართლედ დანიშნულ პირს. საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, 36- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამართლედ პირი ინიშნება 10 წლის ვადით. ამდენად, რეზერვიდან ამორიცხვის და მოსამართლედ გამწესებისას, ეს ვადა უნდა იქნას დაცული. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი