საქართველოს მოქალაქე ნინო კორძაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/551 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 5 ნოემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნინო კორძაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 44-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №551) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნინო კორძაძემ. №551 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2013 წლის 1 თებერვალს.
2. №551 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 28 ივნისს.
3. №551 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 44-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება“. ამავე კანონის სადავო 44-ე მუხლი არეგულირებს მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესებასთან, სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს №1/136-2007 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დაინიშნა გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. ამავე საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს №1/147-2007 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 18 მარტის №1/44 გადაწყვეტილებით მოსარჩელე მიავლინეს გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ხოლო 2009 წლის 18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №1/349 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 22 ოქტომბრის №1/352 გადაწყვეტილებით, 2009 წლის 26 ოქტომბრიდან 2010 წლის 30 იანვრის ჩათვლით, მოსარჩელე მიავლინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, განსაზღვრული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, იგი კვლავ ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში, რომელშიც დღემდე ირიცხება.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და დაცულია საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა და განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია დამატებით ადგენს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისა და უფლებამოსილების განხორციელების პირობებსა და ვადას, კერძოდ, მოსამართლის უფლებამოსილების ვადა შეადგენს 10 წელს.
10. მოსარჩელის აზრით, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის არსებობა წარმოადგენს მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითად საფუძველს. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული „რეზერვის“ ცნება ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის დამოუკიდებლობას. სადავო ნორმების მიხედვით, რეზერვში ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეამციროს მოსამართლის შტატი ან გამოაცხადოს რომელიმე სასამართლოს ლიკვიდაცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს, მოსამართლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, შეუძლია, შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება და გადაიყვანოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში, ისე რომ, სახეზე არ იქნება იმგვარი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მოსამართლეს ან მის საქმიანობას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული საფუძვლებით, მოსამართლის რეზერვში გადაყვანა ცალსახად ეწინააღმდეგება მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპს.
11. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ რეზერვში ჩარიცხვას წინ არ უძღვის მოსამართლისთვის სხვა სასამართლოში გადასვლის შეთავაზება. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, ნებისმიერი მოსამართლის მიმართ, წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, ყოველგვარი წინასწარი განმარტების გარეშე, დააყენოს საკითხი მისი რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე და ამ გზით მოახდინოს ზემოქმედება მოსამართლეზე, ხელი შეუშალოს და აღკვეთოს კიდეც მოსამართლის მიერ მისი საქმიანობის განხორციელება კანონის და შინაგანი რწმენის შესაბამისად. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, არამედ მისი განხორციელების შესაძლებლობას. მოსამართლის მიერ უფლებამოსილების განხორციელება უნდა მიმდინარეობდეს დამოუკიდებლობის, მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად, კანონით მკაცრად განსაზღვრული 10 წლიანი ვადის ფარგლებში.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
13. მოსარჩელის განმარტებით, არაკონსტიტუციურია არა მხოლოდ მოსამართლის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის წესი, არამედ სადავო კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეზერვში ყოფნის 3 წლიანი ვადაც, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების 10 წლიან ვადას. ამასთან, აღნიშნული დებულება ეწინააღმდეგება თავად რეზერვის არსს და დანიშნულებას, რადგან ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეზერვით გარანტირებულია მოსამართლის სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის დაცვა.
14. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვის საკითხს, რაც არღვევს მოსამართლის უფლებას, ჰქონდეს გარანტირებული სამუშაო 10 წლის ვადით. კანონში არ არის მითითებული, თუ რითი ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას. ამგვარი დისკრეციის არსებობა მოსამართლეზე ზემოქმედების განხორციელების დამატებით საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, სადავო კანონის 44-ე მუხლი არაკონსტიტუციურია, როგორც მოსამართლის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების 10 წლიანი გარანტიის, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული დისკრეციული უფლებამოსილების კუთხითაც.
15. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, პირი შეიძლება რეზერვიდან ამოირიცხოს და სამოსამართლეო უფლებამოსილება დაეკისროს როგორც 1 თვით, ასევე რამდენიმე წლით, მხოლოდ იმ პირობით, რომ უფლებამოსილების დაკისრების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ფარგლებს. გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ კი მოსამართლე უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კვლავ რეზერვში ირიცხება.
16. მოსარჩელის აზრით, მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა და თანამდებობაზე გამწესება უნდა მოხდეს არანაკლებ იმ ვადისა, რაც მას დარჩა უფლებამოსილების ამოწურვამდე. მეტიც, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვისას მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, რეზერვიდან ამორიცხვისას მოსამართლეს ეკისრება უფლებამოსილების განხორციელება, ისე რომ, ის თანამდებობაზე დანიშნული არ არის. ამის საპირისპიროდ, სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია კანონის საფუძველზე მოსამართლედ დანიშნულ პირს, ხოლო სადავო კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამართლედ პირი ინიშნება 10 წლის ვადით. ამდენად, რეზერვიდან ამორიცხვის და მოსამართლედ გამწესებისას ხსენებული ვადა დაცული უნდა იყოს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
18. მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია და მტკიცებულებები: 2005 წლის 6 ივნისიდან 2013 წლის 16 იანვრამდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში გადაყვანილ მოსამართლეებს უფლებამოსილმა ორგანომ, შესთავაზა თუ არა, წერილობითი ფორმით, სხვა სასამართლოში უფლებამოსილების დაკისრება. დადებით შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ იქნეს 2005 წლის 06 ივნისიდან 2013 წლის 16 იანვრამდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში გადაყვანილი მოსამართლეებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვა სასამართლოში უფლებამოსილების განხორციელების შეთავაზების შესახებ წერილობითი მიმართვა და მოსამართლეების პასუხი ასეთ შეთავაზებაზე. უარყოფით შემთხვევაში, საბჭომ განმარტოს, რატომ არ ხდებოდა საერთო სასამართლოების რეზერვში მოსამართლეთა გადაყვანის დროს სხვა სასამართლოში უფლებამოსილების დაკისრების წერილობითი შეთავაზება. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული მტკიცებულებები დაადასტურებს მის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნის საფუძვლიანობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი პასუხობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №551 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სხვა ნორმებთან ერთად სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, „სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს წინასწარი წერილობითი თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში“. მოსარჩელე, მართალია, უთითებს, რომ იგი სადავოდ ამ ნორმასაც ხდის, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია მიმართულია მხოლოდ სასამართლოს ლიკვიდაციისა და, მოსამართლეთა თანამდებობის შემცირების შემთხვევაში, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე რეზერვში ჩარიცხვის წესის არაკონსტიტუციურობისკენ („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები). მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ზემოაღნიშნული ურთიერთობების ამგვარ მოწესრიგებას და სასარჩელო არგუმენტაციაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი კი განსხვავებულ ურთიერთობას არეგულირებს. კერძოდ, ეს ნორმა შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლოს ლიკვიდაციის ან მოსამართლეთა რაოდენობის შემცირების გამო ხდება მოსამართლისთვის ქვემდგომი ან იმავე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება.
3. №551 კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ გვხვდება არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა შემხებლობაშია მოსარჩელის უფლებებთან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით, №551 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №551 (საქართველოს მოქალაქე ნინო კორძაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №551 (საქართველოს მოქალაქე ნინო კორძაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი