ნიკა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1668 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნიკა ნოზაძე |
თარიღი | 28 დეკემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 36-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ისეთი კატეგორიის საარსრულებო საქმეზე, სადაც სააღსრულებო ფურცლით ქონების იძულებითი რეალიზაცია დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებით აძლევს უფლებამოსილებას ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს ამ ქონებაზე აღსრულება პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე ან პროკურორის წერილობითი უარის მიღების შემდგომ. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადება, რომლის თანახმადაც: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით: ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით; ასევე ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძვლები, ვინაიდან:
ა) სარჩელი თავისი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ.
გ) სარჩელში დასმული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) საკონსტიტუციო სარჩელით წარმოდგენილი სადავო საკითხი აქამდე გადაწყვეტილი არ ყოფილა სასამართლოს მიერ;
ე) კონკრეტული სადავო საკითხი გადაწყვეტილი არ არის საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) დაცულია საკონსტიტუციო სარჩელის წარმოდგენი ვადა;
ზ) სადავო აქტი წარმოადგენს საკანონმდებლო აქტს, კანონს;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დავის არსის მოკლე მიმოხილვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 28.07.2017 წელს საქმეზე #2/8344-16 მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ნიკა ნოზაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ნიკა ნოზაძის, თამარ ჭანტურიას, თენგიზ ჭანტურიას და ლია ჭანტურიას საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე – ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ს/კ 01.72.14.034.818, საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხა ნიკა ნოზაძეს, თამარ ჭანტურიას, თენგიზ ჭანტურიას და ლია ჭანტურიას შორის განაწილდეს წილების შესაბამისად - ნიკა ნოზაძეს (1/2 ნაწილი), თენგიზ ჭანტურიას (1/2 ნაწილი), თამარ ჭანტურიას (1/8 ნაწილი), ლია ჭანტურიას (1/8 ნაწილი);
აღნიშული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ანა ჩოგოვაძემ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით 22.10.2020 წელს გასცა სააღსრულებო ფურცელი საქმეზე #2/8344-16.
2020 წლის 28 ოქტომბერს ნიკა ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ანა ჩოგოვაძის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებით აღსასრულებლად, რაზედაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო საქმის A20096079 წარმოება. დაწყებული წარმოების ფარგლებში განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის შეფასდა სარეალიზაციო ქონება, ეცნობათ გარდამავალი უფლების მქონე სუბიექტებს, გაფრთხილებული იქნენ მოვალეები და ქონება მომზადდა იძულებით აუქციონზე რეალიზაციისათვის.
ქონების იძლებითი აუქციონზე რეალიზაციამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა ნოზაძემ მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მიერ 2021 წლის 20 სექტემბერს გამოტანილი განჩინება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რომლის თანახმადაც ყადაღა დაედო ნიკა ნოზაძის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ს/კ 01.72.14.034.818. აღნიშნული ქონება წარმოადგენს სწორედ იმ ქონებას, რომლის იძულებითი რეალიზაცია დაადგინა სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სასამართლო განჩინება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
აღნიშნულის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით #70296, ნიკა ნოზაძეს ეცნობა, რომ ვინაიდან ქონებაზე რეგისტრირებული იქნა სისხლის სამართლის ყადაღა, მათ 2021 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურიდან მიიღეს მომართვა, სადაც აღნიშნული იყო რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უძრავი ქონების რეალიზაცია ამ დროისათვის იყო მიზანშეუწონარი. ამდენად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და სააღსრულებო საქმეზე შეაჩერა იძულებითი ქონების რეალიზაცია, რის თაობაზეც პირდაპირ ეცნობა ნიკა ნოზაძე - „სსიპ აღსრუ;ების ეროვნული ბიურო ამ ეტაპზე მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას განახორციელოს ქონების რეალიზაციასტან დაკავშირებული სააღსრულებო მოქმოდებები“. (იხ. წერილით #70296)
ამდენად მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმის ის შინაარსი, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ანიჭებს უფლებამოსილებას და ვალდებულებასაც რომ შეაჩეროს ისეთი კატეგორიის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება სადაც ქონების რეალიზაცია დადგენილია სასამართლოს გადაწყევტილებით იმ შემთხვევაში თუ ქონებაზე გავრცელდა სისხლის სამართლის ყადაღა და პროკურორი იძლევა ან არ იძლევა წერილობით თანხმობას ქონების რეალიზაციაზე, მიგვაჩნია რომ უხეშად არღვევს ნიკა ნოზაძის „სამართლიანი სასამართლოს უფლებას“ რომელიც აღიარებულია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
1.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით დაცული სფერო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობის შესახებ. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს”. /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1/.
ამასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა”. /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59/.
ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს“ /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8 /.
მაშასადამე, სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9/.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის N1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“/
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი, ქმედითი აღსრულებაც, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა“ /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის №2/5/879 გადაწყვეტილება „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3/
1.2. შეზღუდვის იდენტიფიცირება
გასაჩივრებული ნორმის გასაჩივრებული შინაარსი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ანიჭებს უფლებამოსილებას და ამავე დროს ავალდებულებს შეაჩეროს იძულებითი აღსრულება ქონებაზე, მათ შორის ისეთ შემთხვევაშიც კი როდესაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო ფურცელი გაცემული სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც უნდა მოხდეს ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, თუ ამ ქონებას ყადაღა დაედო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად და პროკურატურის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. სადავო ნორმის შინაარსი არ შეიცავს ასევე დისპოზიციას იმ შემთხვევის დასარეგულირებლად, როცა პროკურატურა თანხმობას არ გამოთქვამს ქონების რეალიზაციის შესახებ, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურატურის უარის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აჩერებს აღსრულებას უძრავ ქონებაზე. მაზე მეტყველებს პრაქტიკაც და ნორმის შინაარსიც. თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ მივდივართ, და სადავოთ ვხდით საერთოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების კონსტიტუციურობას პროკურატურის წერილობითი თანხმობის მიღებამდე ან/და თანხმობის/არ მიღების შემდეგ შეაჩეროს ისეთი სააღსრულებო საქმის წარმოება, რომელზეც ქონების რეალიზაცია დადგენილია უშუალოდ სასამართლო გადაწყვეტილებით და მასზედ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება, შეაჩეროს მასზედ ზემდგომი (სასამართლოს) ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ზღუდავს მოსარჩელის (ზოგადად პირის) კონსტიტუციურ უფლებას და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულ სფეროში ჩარევა აშკარად სახეზეა.
„ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების შესაძლებლობას, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში“ /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქო ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8 /
1.3. სადავო ნორმის გასაჩივრებული შინაარსის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებულობა
როგორც დავინახეთ, ნორმის სადავოდ გამხდარი შინაარსი ახდენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული უფლების დაცულ სფეროში ჩარევას, ვინაიდან ზღუდავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების შესაძლებლობას, რომლის იდენტიფიცირება ჩვენ უკვე მოვახდინეთ სარჩელის 1.2. პარაგრაფში. ახლა შევეცდებით სასამართლოს დავუსაბუთოდ, რომ ჩარევა წარმოადგენს არაკონსტიტუციურს და არალეგიტიმურს.
ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. დემოკრატია ეყრდნობა რა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას, „უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს... მაშინ როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა“ / საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება NN1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45/.
შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება შესაძლოა შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი და კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, აღნიშნულ უფლებაში ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის ნათლად ფორმულირებული წესის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული/თანაზომიერი საშუალებით.
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“, II-60/.
ადამიანის უფლებაში ჩარევა არ უნდა იყოს თვითმიზანი, იგი უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული, არსებითად ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა“ / საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ , II-9 /.
ჩვენს შემთხვევაში, შესაძლებელია სახეზე იყოს სადავო ნორმის გასაჩივრებული შინაარსის ლეგიტიმური მიზანი, როგორიცაა მაგალითად - „სხვა პირთა უფლებების დაცვა აღსრულების წარმოებისას“ (ანდა სხვა რომელსაც დაასახელებს მოპასუხე მხარე), მაგრამ მიგვაჩნია რომ სწორედ ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციულად მიღწევის საშუალებას ითვალისწინებს სადავო ნორმა.
ჩვენი პრეტენზია სადავო ნარმის გასაჩივრებულ შინაარსთან დაკავშირებით მდგომარეობს ძირითადად შემდეგში, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმა (გასაჩივრებული შინაარსი) ითვალისწინებს ისეთ პროედურებს, როცა ხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სასამართლო კონტროლის მექანიზმის გარეშე, და ამ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან/და პროკურატურა. კერძოდ, სადავო ნორმის დისპოზიციით დადგენილია შემდეგი პროცედურები რომელთა არსებობისას აღსრულების ეროვნული ბიურო აჩერებს აღსრულებას უძავ ქონებაზე და ესენია: ა) ქონებას სისხლის სამართლის საქმეზე დაედო ყადაღა, ბ) პროკურატურა თანახმაა ან არ არის თანახმა მოხდეს ქონების რეალიზაცია, გ) აღსრულების ეროვნული ბიურო აჩერებს იძულებით აღსრულებას უძრავ ქონებაზე. ამდენად, გვაქვს სამი ეტაპი, რომელტა შორის არც ერთ ეტაპზე არ ხდება იმ საკითხის განხილვა და გამოკვლევა რომ ქონებაზე მიღებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ქონების იძულებითი რეალიზაცია. პირველი ეტაპი არის - „სისხლის სამართლის საქმეზე ქონებაზე ყადაღის დადება“. წარმოების ამ ეტაპზე სისხლის სამართლის მოსამართლისათის უცნობია, რომ ქონებაზე რომელსაც იგი ადებს ყადაღას არსებობს სხვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქონების რეალიზაციის შესახებ. ამდენად სასამართლო ისე ირებს გადაწყვეტილებას, რომ იგი არ აანალიზებს მანამდე უკვე არსებულ სასამართლო გადაწყევტიელბას ვინაიდან მან ამის შესახებ არ იცის. წარმოების მეორე ეტაპი არის პროკურატურის თანხმობა და მესამე ეტაპია რის აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყევტილება. მიგვაჩნია, რომ ეს ორგანოები, როგორიცაა პროკურატურა და არსრულების ეროვნული ბიურო, არ არიან უფლებამოსილნი შეაჩერონ სასამართლოს გადაწყევტილებები. ამდენად, სადავო ნორმით (გასაჩივრებული შინაარსით) დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების შეჩერების ისეთი მექანიზმი, რომლის თანახმადაც აღსრულების შეჩერება ხდება სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც ქმნის სწოერდ ნორმის არაკონსტიტუციურობას.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა შეფასება და არაკონსტიტუციურად მიიჩნია ისეთი საკითხის მომწესრიგებელი ნორმა, რომელიც უშვებდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას სასამართლო კონტროლის გარეშე.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სასამართლო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ობიექტურ გარემოებათა არსებობისას, გამოსცეს დროებითი დასაბუთებული აქტი აღსრულების შეუძლებლობის და შეჩერების შესახებ და დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შეჩერების გადაწყვეტილების მოსაპოვებლად. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის და საქმეზე სპეციალისტად მოწვეული აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების უფლებამოსილების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემა თავისთავად ვერ იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უნდა იყოს დროებითი ხასიათის, მოიცავდეს მხოლოდ იმ გონივრულ დროს, რაც ობიექტურად საჭიროა დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე უნდა მიიღოს თვით სასამართლომ“ /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27-28/.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა