სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1419 |
ავტორ(ებ)ი | სს „თიბისი ბანკი“ |
თარიღი | 23 აპრილი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ბოლო წინადადება, კერძოდ - „აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე“. |
1. 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი 2. 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტი 3. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი 4. 34-მუხლის მე-3 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი
„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი
საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტი
კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. სადაო სამართლებრივი ნორმებით, რომლის განხილვის უფლებამოსილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ირღვევა მოსარჩელე სს „თიბისი ბანკისთვის“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მინიჭებული უფლება. კერძოდ,
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 27 დეკემბერს წარედგინა კრედიტორის სს „თიბისი ბანკის“ (სს „ბანკი რესპუბლიკას“ უფლებამონაცვლე) განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 26 ივლისს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემული №2/2888-12 სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების დაწყების მიზნით (იხ.დანართი N1. განცხადების მიღების ბარათი, სააღსრულებო ფურცელი, სასამართლო გადაწყვეტილება).
იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ელექტრონულად, სააღსრულებო წარმოების მასალების სანახავად და თანდართული დოკუმენტების ავთენტურობის შესამოწმებლად შეგიძლიათ ეწვიოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე (www.nbe.gov.ge) განთავსებულ ელექტრონული სააღსრულებო წარმოებას, საქმის მასალების სანახავად შეიყვანეთ გადახდის შემდეგი იდენტიფიკატორი: "1225898890" და საიდენტიფიკაციო კოდი: "204856263"
№2/2888-12 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით:
მოპასუხეებს: შპს “ლეონს“, ელგუჯა ელიაურსა, დავით ადეიშვილსა და ანზორ ადეიშვილს მოსარჩელე - სს ბანკი „რესპუბლიკას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საერთო ჯამში - 1,073,397.40 აშშ დოლარი, სახელმწიფო ბაჟი - 5,000 ლარი, ხოლო წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯი - 20,000 ლარი. ხოლო დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონებები, მათ შორის უძრავი ქონებები:
- ელგუჯა ელიაურის კუთვნილი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა №2ა, ბინა №17, საკადასტრო კოდი: 01.14.07.010.005.01.017;
- ელგუჯა ელიაურის კუთვნილი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი თამარაშვილის ქუჩა №2ა, ბინა №18, საკადასტრო კოდი:N01.14.07.010.005.01.018;
- დავით ადეიშვილის კუთვნილი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი რაზმაძის ქუჩა №35, №3/12, საკადასტრო კოდი: 01.14.11.029.039
სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა მოპასუხეების შპს „ლეონის“, ელგუჯა ელიაურის, დავით ადეიშვილისა და ანზორ ადეიშვილის სხვა ქონებებზეც აღსრულების მიქცევის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად კრედიტორის სს „ბანკი რესპუბლიკას“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება სრულად.
სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ, სააღსრულებო წარმოება შეჩერდა არაერთხელ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებებით, პროკურორის მომართვის გამო. სულ სააღსრულებო წარმოება პროკურორის მიმართვის გამო შეჩერდა:
დავით ადეიშვილის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე თბილისი, რაზმაძის ქ. №35, საკ. კოდი: 01.14.11.029.039 – სააღსრულებო წარმოება შეჩერდა ხუთჯერ, 20.07.2013 წელს 4 თვით, 28.01.2015 წელს 2 თვით, 20.04.2015 წელს 3 თვით, 02.06.2016 წელს 3 თვით და 05.09.2016 წელს ასევე სამი თვით.
ზურაბ ცქიტიშვილის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე თბილისი, ბელინსკის ქ. №35, საკ. კოდი: 01.15.02.015.005.01.500 - სააღსრულებო წარმოება შეჩერდა ოთხჯერ, 25.07.2013 წელს - 4 თვით, 20.04.2015 წელს 3 თვით, 02.06.2016 წელს 3 თვით და 05.09.2016 წელს ასევე სამი თვით.
ელგუჯა ელიაურის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, თამარაშვილის ქ. №2ა, ბ.№17, საკ. კოდი: 01.14.07.010.005.01.017 და თბილისი, თამარაშვილის ქ. №2ა, ბ. №18 საკ. კოდი: 01.14.07.010.005.01.018 სააღსრულებო წარმოება შეჩერდა ექვსჯერ, 13.09.2013 წელს 2 თვით, 18.11.2013 წელს 2 თვით, 27.01.2015 წელს 1 თვით, 20.04.2015 წელს 3 თვით, 02.06.2016 წელს 3 თვით და 05.09.2016 წელს ასევე სამი თვით.
(იხ.დანართი N2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებები).
აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში გახლდათ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის სწორედ ის მუხლები, რომელიც ძალადაკარგულადაა ცნობილი მათი ნორმატიული შინაარსის არასწორად განმარტების გამო (მუხლი 36, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „ზ“, მუხლი 70, პუნქტი 1).
სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ვითომდა სააღსრულებო მოქმედებების გატარების მიზნით, არაერთხელ შეფასდა აღსრულების ქვემდებარე ქონებები. კერძოდ,
დავით ადეიშვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისი, რაზმაძის ქ. №35, საკ. კოდი: 01.14.11.029.039 – შეფასებულია სამჯერ - 15.04.2013 წელს და 30.05.2016 წელს და 17.05.2017 წელს.
ელგუჯა ელიაურის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, თამარაშვილის ქ. №2ა, ბ.№17, საკ. კოდი: 01.14.07.010.005.01.017 და თბილისი, თამარაშვილის ქ. №2ა, ბ. №18 საკ. კოდი: 01.14.07.010.005.01.018 შეფასებულია ოთხჯერ, 26.02.2013 წელს, 08.12.2014 წელს, 30.05.2016 წელს და 17.05.2017 წელს.
მას შემდეგ რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (ახლანდელი 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) მიმართებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებით ფაქტობრივად ფორმალურად განახლდა სააღსრულებო წარმოება (იხ.დანართი 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება N1009).
მიუხედავად საქმის წარმოების განახლებისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა უძრავი ქონებების რეალიზაცია, დაიწყო მიმოწერა პროკურატურასთან და სწორედ საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით არ განახორციელა უძრავი ქონებების რეალიზაცია და საბოლოოდ 2018 წლის 27 ივლისს განგვიმარტა, რომ სააღსრულებო წარმოება კვლავ შეჩერებულია სწორედ სადაო ნორმის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20.06.2018 წლის N12/8055-18 განჩინების საფუძველზე დადებული ყადაღის გამო (იხ. დანართი N4. აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხი ბანკს, N53877). საგულისხმობა რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თავად მიმართა პროკურატურას, იმ საკითხის გამოკვლევის მიზნით, თვლიდა თუ არა პროკურატურა აღსრულების შეჩერებას მიზანშეწონილად (იხ.დანართი 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა N41106, საქართველოს მთავარი პროკურატურის მომართვა N13/46756).
აქვე გაცნობებთ, რომ კრედიტორის აღსასრულებელი მოთხოვნა გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასურის ჩათვლით დღეის მდგომარეობით შეადგენს 923,397.40 აშშ დოლარს და 60,563.81 ლარს. ბოლო შეფასების დასკვნის მიხედვით სარეალიზაციო ყადაღადადებული უძრავი ქონებების ღირებულებამ შეადგინა საკ.კოდი 01.14.11.029.039 – 634,000 ლარი, საკ. კოდი: 01.14.07.010.005.01.017 და საკ. კოდი: 01.14.07.010.005.01.018 – 417,000 ლარი (იხ.დანართი 6. შეფასები აქტები).
დღემდე, აღსრულების ეროვნული ბიურომ არაერთხელ მიმართ პროკურატურას კითხვით თუ როდის დასრულდება გამოძიება, მაგრამ უშედეგოდ. პროკურატურა აკეთებს მხოლოდ განმარტებას, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია უძრავი ქონებების რეალიზაცია (იხ. დანართი 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვები, საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილები).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის ბიუროსეული გაგების ნორმატიული შინაარსი ბანკს აყენებს ფინანსურ ზიანს, ასევე ხელს უშლის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღსრულებაზე უფლებამოსილი პირი დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით არის მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესის შესაბამისად, საქმე არ შეიძლება კერძო აღმასრულებელს გადაეცეს (ამასთან სააუქციონო მომსახურების გაწევა მაინც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ევალება).
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საშუალო საპროცენტო სარგებელი სესხებზე უცხოურ ვალუტაში არის წლიური 8,6%. შესაბამისად, ეს სწორედ ის სარგებელია, რასაც ყველაზე მინიმალურ შემთხვევაში მიიღებდა ბანკი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნაკისრი მოვალეობების დროულად შესრულების, რეალური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის შემთხვევაში.
ბანკისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სესხის გაცემით მიღებული სარგებელი. თანხის მიუღებლობა პირდაპირ პროპორციულია ბანკის შემოსავლის ოდენობაზე.
ამასთან, კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 10/08/2017 წლის #117/04 ბრძანების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ეროვნული ბანკის 28/10/2013 წლის N100/04 ბრძანების 42-ე მუხლის შესაბამისად ბანკს დაევალა სესხის დაუბრუნებელი თანხის 100% -ით დარეზერვება, შესაბამისად ვერ ახერხებს ვერც აღნიშნული თანხის გამოყენებას და მისი საქმიანობის შესაბამისად მის განკარგვას.
უძრავი ქონებების რეალიზაციის და შესაბამისად ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესი დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სისხლის სამართლის საქმეზე დადებული ყადაღის გამო და განახლება დამოკიდებულია პროკურორის ნებაზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რის გამოც ბანკის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადა განუსაზღვრელად იქცა.
უმნიშვნელოვანესია ფაქტობრივი გარემოება, რომ გამოძიება, რის გამო ქონებას ადევს ყადაღა და პროკურატურას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ქონების რეალიზაცია, მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“. ფაქტია, რომ მიმდინარე გამოძიება არ არის არავითარ კავშირში იპოთეკის უფლების ნამდვილობასთან, ძირითადი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებთან და სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული მოთხოვნების კანონიერებასთან.
სადაო ნორმატიული აქტის შინაარსის და მისი განმარტება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, ბანკს როგორც კრედიტორს, შესაბამისად სახეზეა საკონსტიტუციო სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძველი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ქონებაზე სისხლის სამართლის ყადაღის დადების შემდეგ, ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებასაღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, პროკურორის წერილობითი თანხმობით ან ასეთი თანხმობის მიღებამდე, სასამართლოს კონტროლის გარეშე, როდესაც სასამართლოს არ უმსჯელია ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერების მიზანშეწონილობაზე.
არსებული ფაქტობრივი გარემოებებით:
- ბანკი წარმოადგენს კრედიტორს, რომლის მოთხოვნა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით;
- აღსრულება მიმდინარეობს იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით;
- სააღსრულებო ფურცლით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც განხორციელდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, იძულებით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებებიც.
- წარმოდგენილია სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უძრავ ქონებაზე (იპოთეკის საგნებზე) ყადაღის დადების თაობაზე და არა სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ;
- გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე და ძიების საგანს არ წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის ან/და იპოთეკის უფლების ნამდვილობა;
- სასამართლოს მიერ არ არის ნამსჯელი უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერების მიზანშეწონილობის თაობაზე;
- ყადაღის დადების შესახებ განჩინებიდან არ ირკვევა, რომ განჩინების მიმღები სასამართლო საერთოდ ინფორმირებულია ქონებაზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ;
- კრედიტორს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი გაასაჩივროს პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები/დადგენილებები რითაც პროკურატურა ნებას არ რთავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოახდინოს უძრავი ქონებების რეალიზაცია;
- აღსრულება შეჩერებულია არა სასამართლო აქტით, სადაც პირდაპირ და არაორაზროვნად იქნება მითითებული და ნამსჯელი მიმდინარე ქონებაზე აღსრულების პროცესის ან მიმდინარე პროცესში კონკრეტული უძრავი ნივთების რეალიზაციის შეჩერების მიზანშეწონილობაზე, არამედ აღსრულების ეროვნული ბიუროს და პროკურორის გადაწყვეტილებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ამ ნორმით დადგენილია ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოზე, ის არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ უზრუნველყოფს პირის სრულ სამართლებრივ დაცვას. იგი მოიცავს სასამართლოს მიერ საქმის სამართლიან განხილვას, კონკრეტული საკითხის გონივრულ ვადაში გადაწყვეტასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო − დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"., II-4).
იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება.
სააღსრულებო წარმოების შეჩერება წარმოადგენს გადაწყვეტილების შეჩერების ნაირსახეობას, სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების უფლებამოსილება კი მხოლოდ თავად სასამართლოს უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, დაუშვებელია, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს უფლება, შეაჩეროს სასამართლოს მიერ მიღებული აქტის მოქმედება, როგორც სრულად ასევე თუნდაც სააღსრულებო ფურცლის მხოლოდ ერთი პუნქტით, რომლითაც დადგენილია იპოთეკის საგნის რეალიზაცია. კრედიტორთა ინტერესები სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის და მისი შემდგომი აღსრულების პროცესში დაცულია იმდენად, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, უშუალოდ სასამართლოსაც კი უდგეს ვადას თუ რა ვადით შეიძლება გადაწყვეტილების აღსრულების გადადება და განაწილვადება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. საგულისხმოა რომ საუბარია ერთჯერადად 3 თვემდე ვადით აღსრულების გადადების შესაძლებლობაზე. აღნიშნული დათქმა ხაზს უსვამს უშუალოდ სასამართლო კონტროლის ერთგვარ შეზღუდვასაც კი არ დაირღვეს კრედიტორის ინტერესები გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში და აღსრულების პროცესი არ გადაიდოს არაგონივრული ვადით.
ნებისმიერი ნორმა, რომელიც არსებობს ან განიმარტება იმგვარად, რომ ზღუდავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების შესაძლებლობას, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. უფლებაში ჩარევა კი უნდა განხორციელდეს კანონის ნათლად ფორმულირებული წესის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული/თანაზომიერი საშუალებით.
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“, II-60).
სამართლიანი სასამართლოს უფლებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. სასამართლოს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით...“
წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით აშკარაა, რომ ბანკის როგორც კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ფაქტობრივად სრულად აღსრულება შეჩერებულია არა სასამართლოს მიერ, არამედ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და პროკურორის ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმაზე მითითებით, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია განჩინება უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე. განჩინება ცხადყოფს, რომ სასამართლოს მსჯელობს არა სააღსრულებო წარმოების პროცესში უძრავ ქონების რეალიზაციის შეჩერების საჭიროებაზე, არამედ ზოგადად ყადაღის დადების აუცილებლობაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოთა მოქმედება და სადაო ნორმის განმარტება აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დანაწესს, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით...“ ამ შემთხვევაში ნივთზე აღსრულების პროცესი შეჩერებულია არა სასამართლოს, არამედ პროკურორის გადაწყვეტილებით.
კანონმდებელი მკაფიოდ გამოხატავს თავის ნებას დაიცვას ადამიანი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკისგან და იმთავითვე შექმნას მოთხოვნის რეალურად დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი გარანტია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რაც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მოიცავს სასამართლოს მიერ საქმის სამართლიან განხილვას, კონკრეტული საკითხის გონივრულ ვადაში გადაწყვეტასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ამასვე მოწმობს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ( №ბს-325-316 (კ-08), 17 დეკემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი) , რომლის მიხედვით - „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას და პირს ართმევს ამ უფლებით სარგებლობის ყველანაირ პრაქტიკულ საშუალებას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს» უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. ყოველი პირი ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო აქტის გაცნობისთანავე თავისი ქმედებები შეუსაბამოს სასამართლო გადაწყვეტილებას და უშუალოდ შეასრულოს გადაწყვეტილება, თუ იგი მას ეხება ან სხვაგვარად შეუწყოს ხელი მის შესრულებას. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან, სამართალურთიერთობებში სააღსრულებო ფურცელი არ ენაცვლება სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ მხოლოდ ადასტურებს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ყოფნის ფაქტს.
ღირებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობა არ ათავისუფლებს კანონმდებელს ვალდებულებისგან, შეიმუშაოს აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული მკაფიო, განჭვრეტადი და არაორაზროვანი საკანონმდებლო რეგულაციები. ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების ამ კომპონენტის შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა გამოიყენოს უფლებაში ჩარევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნა შემდეგი - „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა არ იქნება ქმედითი უკეთუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს აქტი თავისდროულად არ სრულდება, ვინაიდან სასამართლო აქტი შედეგზე ორიენტირებული აქტია. უფლება სასამართლოს დაცვაზე ილუზორული იქნებოდა ძალაში შესული სასამართლოს სავალდებულო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განხილულ უნდა იქნეს სასამართლოს განუყოფელ ნაწილად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ §40, შპს «იზა» და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ §42, შპს «ამატ-ჯი» და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ §47, აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ §55,56, ბურდოვი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ §34). “სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ არ უნდა ქმნიდეს გაურკვევლობისა და საეჭვოობის, შესაბამისად, მისი აღუსრულებლობისა და კვლავ სადავოობის განცდას. ყოველივე აღნიშნული არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (იხ. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ამ მხრივ საგულისხმოა საქმეზე აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა.
სადავო ნორმებით განსაზღვრული ტერმინი „ყადაღა“ არის ზოგადი ხასიათის და იგი არ მოიცავს აღსრულების შეჩერებას. ფაქტია, რომ პროკურორი სარგებლობს მიღებული განჩინებით, რომელიც მხოლოდ ყადაღის დადებას ითვალისწინებს და შემდომ გადაწყვეტილებებს აღსრულების პროცესში ნივთის რეალიზაციაზე იღებს თავად, სასამართლო კონტროლის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო.“
წინამდებარე საქმეში დავა ეხება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს მითითებით „აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ ინტერპრეტირებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (იხილეთ Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports 1997-II, p. 510, § 40). სასამართლო შეგვახსენებს, რომ მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი (იხილეთ Golder v. the United Kingdom, judgment of 21 February 1975, Series A no. 18, pp. 13-18, §§ 28-36). სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას „საქმეში -შპს “იზა” და მ-ძე საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება “სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, # 59498/00, §34, ECHR 2002-III; ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, სასამართლო განაჩენებისა და გადაწყვეტილებების კრებული 1997-II, გვ. 510, §40)”.
სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც სრულად ასევე სარეზოლუციო ნაწილის ნებისმიერი პუნქტის აღსრულების შეჩერება მხოლოდ განსაკუთრებულ და კარგად გამოკვლეულ შემთხვევებში უნდა მოხდეს. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ სადავოა უშუალოდ ქონებაზე რეგისტრირებული უფლებების კანონიერების საკითხი, აშკარაა, კრედიტორის უშუალო შემხებლობა მიმდინარე გამოძიებასთან, გამოძიება უშუალოდ მიმდინარეობს იპოთეკის უფლების ან მოთხოვნის ნამდვილობიდან გამომდინარე და სხვ. მინიმუმ გამოძიება ხომ უნდა მიმდინარეობდეს იმ კუთხით მაინც რომ ყადაღადადებული ქონებები ამჟამინდელ მესაკუთრეებს დანაშაულებრივი გზით აქვთ მოპოვებული??. რათქმაუნდა ყველა ზემოაღნიშნულის კვლევა უნდა მოხდეს სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, რომლის მიღების დროსაც გამოკვლეული იქნება მხარეთა ინტერესები და მხარეებს მათ შორის კრედიტორს, მიეცემათ შესაძლებლობა როგორც განჩინების მიღების პროცესში არგუმენტების წარდგენის, ასევე მიღებული განჩინების გასაჩივრების.
დაუშვებელია სისხლის სამართლის საქმეზე დადებული ყადაღა ავტომატურად აჩერებდეს ყველანაირ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების მოქმედებას და მისი გაგრძელების შესაძლებლობას აძლევდეს მხოლოდ პროკურორს. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კანონმდებლობით განსაზღვრული მკაფიო, ნათელი და არაორაზროვანი კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზეც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება დადგენილი არ არის.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმის გამოყენება იმგვარად განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, რომ ილახება კრედიტორის ინტერესები ყოველგვარი კანონიერი მიზნის გარეშე. ფაქტობრივად აღსრულების შეჩერებისათვის, რადგან მოცემულ შემთხვევაში უძრავი ნივთების რეალიზაციის გარეშე შეუძლებელია აღსრულების პროცესის გაგრძელება, საჭირო გარემოებები სახეზე არ არის, თუმცა ნორმის არასწორი განმარტებიდან გამომდინარე, იგი შესაძლებლობას აძლევს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ნორმა იმგვარად განმარტოს, რომ შეაჩეროს აღსრულება იპოთეკის საგანზე, არა სასამართლოს განჩინებით, არამედ პროკურორის მომართვამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ქონებებზე ყადაღის დადების საფუძველზე ნივთის რეალიზაციის შეჩერება არღვევს კერძო სამართლის სუბიექტის (კრედიტორის) კანონიერ უფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა დაუშვას სადავო ნორმის იმგვარი განმარტება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის საპროცესო ღონისძიება, რომელიც შემხებლობაში არ არის მიმდინარე აღსრულებასთან, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე აძლევდეს შესაძლებლობას აღსრულების ეროვნულ ბიუროს და პროკურატურას შეცვალოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა.
ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის იპოთეკარის მოთხოვნები, გამოძიების დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაში აღმოჩნდება სადავო უძრავი ქონებები, საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება და ბანკის იპოთეკა ქონებაზე აქტიური იქნება. ერთადერთი სხვაობა, რასაც იძლევა დღევანდელი ნორმა არის ის, რომ იპოთეკარის ინტერესები ზიანდება, სასამართლოს მიერ კანონის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება აღუსრულებელი რჩება და ყოველგვარი პროგნოზის ფარგლებს სცდება მისი შეჩერების ვადები. ხოლო ნორმის ამგვარი შინაარსი არ ემსახურება რეალურად ვინმეს ინტერესის დაცვას და იწვევს მხოლოდ იპოთეკარის უფლებების დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ქონებაზე სისხლის სამართლის ყადაღის დადების შემდეგ, ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებას აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით პროკურორის წერილობითი თანხმობით, ან ასეთი თანხმობის მიღებამდე, სასამართლოს კონტროლის გარეშე, როდესაც სასამართლოს არ უმსჯელია სააღსრულებო წარმოების შეჩერების მიზანშეწონილობაზე.
უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმები იწვევს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში და ექვემდებარება კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა