საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 555 |
ავტორ(ებ)ი | აკაკი თოიძე |
თარიღი | 7 მაისი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკონსტიტუციო სარჩელის განსახილველად არ მიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქ. კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 21-ე, 30-ე,38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართბაში: 1. 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქ. ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზედ პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები; 2. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქ. კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი და 37-ე მუხლი; 3. საქართველოს კანონის „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქ. კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. პუნქტი 3.
საქმის ფაქტობრივი გარემოებანი:
1994 წლის 10 ნოემბერს, იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის #229-ე განკარგულებით დავინიშნე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, 10 წლის ვადით. 1999 წლის 15 მაისიდან ახალი სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს ამოქმედებასთან დაკავშირებით, 1997 წლის 13 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ,“ რომლის 86-ე პრიმა მუხლის მოთხოვნის თანახმად, ის მოქმედი მოსამართლეები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში არ გაივლიდნენ სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას, დათხოვნილი იქნებოდნენ თანამდებობიდან ვადაზე ადრე, ანუ 1999 წლის 15 მაისიდან, ე.ი იმ დროიდან, როდესაც ამოქმედდებოდა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, როგორც ცალკე სახელისუფლებო შტო. 1999 წლის თებერვლის თვეში, ჩავაბარე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის #383-ე განკარგულებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქ. ორგანული კანონის 85-ე მე-2 პრიმა მუხლის შესაბამისად, გამწესებული ვიქენი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 2004 წლის 10 ნოემბრამდე, ესე იგი, ადრე დანიშნული ვადის ფარგლებში, მაგრამ სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების კუთხით (რომელსაც ითვალისწინებდა ახალი კანონმდებლობა), ყველანაირად გათანაბრებული ვიყავი ახალი ვადით გამწესებულ/დანიშნულ მოსამართლეებთან. 2004 წლის ნოემბრის თვეში გამივიდა რა, სამოსამართლო უფლებამოსილების ათწლიანი საკონსტიტუციო ვადა, საქართველოს პრეზიდენტის ამავე წლის 22 დეკემბრის #606-ე ბრძანებულებით გათავისუფლებული ვიქენი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან საქ. ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 54-ე მუხლის I-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანუ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის დროისათვის ძალაში იყო და მოქმედებდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქ. ორგანული კანონის (1997 წლის 13 ივნისის რედაქცია) ძირითადი დებულების 82-ე მუხლის შემდეგი რედაქცია და აღმჭურველი საკანონმდებლო დანაწესი: „მუხლი 82 - მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვა. 1. მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით. აკრძალულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება. 2. მოსამართლის ხელფასი და მატერიალური შეღავათები არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასსა და მატერიალურ შეღავათებზე ნაკლები. დაუშვებელია მოსამართლის ხელფასის შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში. 3. მოსამართლეს, უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას, ან საპენსიო ასაკის მიღწევისას, ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.“
ამ რედაქციით მოქმედებდა ორგანული კანონის ეს მუხლი, 2006 წლის 01 იანვრამდე.
ამდენად, 2004 წლის 22 დეკემბრიდან, გამივიდა რა, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა, მისი გასვლისთანავე, ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი ადმინისტრაციული აქტის მიღების გარეშე (ვინაიდან დამატებით პირობას არ ითვალისწინებდა მოქმედი კანონმდებლობა), „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 82-ე მუხლის დანაწესის თანახმად გავხდი, შემდეგი სოციალური სტატუსის მქონე პირი, ანუ შემდეგი სოციალური უფლებებით აღჭურვილი სუბიექტი: 1. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო მოსამართლეთათვის კანონით დადგენილი განსაზღვრულ საპენსიო ასაკს მიღწეული პირი; 2. რომელმაც აღნიშნულის საფუძველზე იმავდროულად, მოვიპოვე უფლება სამისდღეშიო პენსიის დანიშვნაზე ხელფასის სრული ოდენობით. ესე იგი ამ დანაწესით მოვიპოვე სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის უფლება ნებისმიერ დროს მისი მოთხოვნისთანავე, და 3. ასევე, მოვიპოვე ის საკანონმდებლო დაცვის გარანტიაც, რომ სამომავლოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ნოვაციები, ამ უკვე შეძენილ სოციალურ სტატუსთან მიმართებაში საუარესოდ არ შეიცვლებოდა - „აკრძალულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება. ე.ი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის დროიდან, ანუ 2004 წლის 22 დეკემბრიდან ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი ადმინისტრაციული აქტის მიღებისა და გამოცემის გარეშე გავხდი მოსამართლეთათვის განსაზღვრული საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, რომელმაც იმავდროულად შევიძინე/მოვიპოვე სამიდღეშიო პენსიის დანიშვნის უფლება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა დამნიშნოდა მოთხოვნისთანავე და თუ როდის მოვითხოვდი მის დანიშვნას, ამასთან დაკავშირებით დროში შეზღუდული არ ვყოფილვარ, რამეთუ მისი მოთხოვნა ჩემს ნებაზე იყო დამოკიდებული და ამასთან გამაჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი, რაც გარანტირებული იყო ორგანული კანონის იმპერატიული დანაწესითაც, რომ იკრძალებოდა მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება. პენსიის დანიშვნა იმ დროისათვის არ მოვითხოვე მხოლოდ იმის გამო, რომ კვლავ ვაპირებდი რა მოსამართლედ გამწესებას და ამისათვის დადგენილი წესის თანახმად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, შესაბამისად თუ დადებითად გადაწყდებოდა ჩემი საკითხი, ანუ მოსამართლედ დავინიშნებოდი ახალი ვადით, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე დანიშნული პენსიის მიღება შემიწყდებოდა.
2005 წლის 23 დეკემბერს კი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეს მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა და მოქმედებაში შევიდა 2006 წლის 01 იანვრიდან: „მუხლი 82 - მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვა. 1. მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით. 2. მოსამართლის ხელფასი და მატერიალური შეღავათები არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასსა და მატერიალურ შეღავათებზე ნაკლები. დაუშვებელია მოსამართლის ხელფასის შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში. 3. მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“
ასევე, 2005 წლის 23 დეკემბერს „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქ. კანონის (შემდეგში გარანტიების შესახებ კანონი) მე-16 მუხლში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ეს მუხლი შემდეგი რედაქციით ყალიბდება და მოქმედებაში შედის 2006 წლის 01 იანვრიდან: „მუხლი მე-16. მოსამართლეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქ. ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტების და 86-ე პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელომწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქ. კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქ. კანონმა კი (შემდგომში კომპენსაციის შესახებ კანონი), რომელიც ასევე ამოქმედდა 2006 წლის 01 იანვრიდან მოსამართლეთა საპენსიო ურთიერთობები შემდეგნაირად მოაწესრიგა: მუხლი 12. საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია [.]. მაგრამ ამავე კანონის გარდამავალი დებულებანის 36-ე მუხლით განისაზღვრა კომპენსაციის შესახებ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება, რომლის პირველ პუნქტში დეფინიცირებულია შემდეგი დანაწესი - ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა, ხოლო ამავე კანონის 37-ე მუხლში კი, დეფინიცირებულია შემდეგი დანაწესი - ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
კომპენსაციის შესახებ კანონის 36-ე მუხლის დასათაურებისა და შინაარსიდან გამომდინარე ჩავთვალე რა, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოპოვებული უფლებები მქონდა შენარჩუნებული, 2007 წლის 05 იანვარს, სამისდღეშიო პენსიის/კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, მივმართე ამისათვის კომპეტენტურ ორგანოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს (ამჟამად, სოციალური მომსახურების სააგენტო). აღნიშნულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი მითხრა სახელმწიფოს მიერ შეპირებულ სოციალური გარანტიით სარგებლობაზე იმ მოტივით, რომ 2006 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ნოვაციამ ახლებურად მოაწესრიგა მოსამართლეთა საპენსიო ურთიერთობები, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები და ნოვაცია უკვე აღარ ითვალისწინებდა სამისდღეშიო პენსიის დანიშვნას მოსამართლეთათვის კანონით დადგენილი განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევის - სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში და ამჯერად საპენსიო ასაკად უკვე დაწესებული იქნა მხოლოდ, საერთო საპენსიო ასაკი - 65 წელს მიღწევა. სამისდღეშიო პენსიის დანიშვნაზე უარი, როგორც ადმინისტრაციული აქტი, გავასაჩივრე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და სარჩელში მივუთითე, რომ 2006 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ნოვაციებს, ჩემთან მიმართებაში, როგორც ამ საკანონმდებლო ცვლილებებამდე სამოსამართლო უფლებამოსილების ვადაგასული მოსამართლისათვის, რომელსაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქ. ორგანული კანონის 82-ე მუხლის 2006 წლამდე მოქმედი რედაქციის საფუძველზე, უკვე მიღწეული აქვს კანონით დადგენილი განსაზღვრული საპენსიო ასაკისათვის და შესაბამისად, იმავდროულად, მოპოვებული აქვს უფლება - სოციალური უზრუნველყოფით სარგებლობაზე მისი მოთხოვნისთანავე, რომ ამ უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა იმისდამიუხედავად, პენსიის დანიშვნის დროისათვის ძალაში არის თუ არა ის სამართლებრივი საფუძველი, რა სამართლებრივ საფუძველზედაც თავის დროზე წარმოეშვა სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება. ამასთან მიმაჩნდა რა, რომ, თავად კანონმდებელს „ნორმატიული აქტების შესახებ“ (იმ დროისათვის მოქმედი რედაქციით) საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად 2006 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებისა და ნოვაციისათვის უკუძალა არ დაუდგენია და მიუნიჭებია, რათა იგი გავრცელებულიყო მანამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც, რასაც ემატებოდა ასევე, 2006 წლამდე მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლით გათვალისწინებული ის საკანონმდებლო ამკრძალავი დანაწესიც, როგორიცაა - აკრძალულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება, მოვითხოვე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმება და სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა. როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებებით (02.05.08წ და 11.07.08წ.) ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითეს, რომ 2006 წლიდან ამოქმედებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ნოვაციამ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საპენსიო ურთიერთობები ახლებურად მოაწესრიგა, რომ ამ საკანონმდებლო ინოვაციებით გაუქმდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის კანონით დადგენილი განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევა და ვინაიდან მე არ მომითხოვია სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებებამდე, ანუ 2006 წლის 01 იანვრამდე, მოვექეცი ახალი სამართლებრივი რეგულირების რეჟიმში, რაც გამორიცხავს ჩემი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით კი, დასაშვებად არ იქნა ცნობილი ჩემი საკასაციო საჩივარი, რის გამოც ხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებები შევიდა კანონიერ ძალაში.
კანონით დადგენილი წესითა და ვადაში სარჩელი შევიტანე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, ვინაიდან მაინც მიმაჩნდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არასწორად განმარტეს 2006 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ინოვაციები, რომელთა მოქმედებაც გაავრცელეს ჩემზე, მაგრამ ევროპული სასამართლოს მ/წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ჩემი საჩივარი დასაშვებად არ იქნა ცნობილი და მოტივად მიმეთითა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე „ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ და ბაქრაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.“ ხონიაკინასა და ბაქრაძის საქმეებში დავის საგანს წარმოადგენდა დანიშნული პენსიის ოდენობის შემცირება, ხოლო ჩემს შემთხვევაში კი პენსიის დანიშვნის მოთხოვნა და შესაბამისად რა კავშირშია ჩემი მოთხოვნა ხონიაკინასა და ბაქრაძის საქმეებთან, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, მაგრამ სხვა რაიმე მექანიზმი, ჩემი სარჩელის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყცვეტილების გადასინჯვის თაობაზედ სამწუხაროდ არ არსებობს.
ამდენად, დასახელებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე გამოდის, რომ 2006 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქ. ორგანული კანონის 82-ე მუხლი და „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქ. კანონის მე-16 მუხლი) და ნოვაციას (კომპენსაციის შესახებ კანონი), კანონმდებლის მიერ მინიჭებული ჰქონია უკუძალა და იგი ვრცელდება მანამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, ანუ ჩემზეც, რის გამოც ვთვლი, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა და ნოვაციამ დაარღვია ჩემი კონსტოტუციით გარანტირებული უფლებები, კერძოდ საკუთრებისა და სოციალური დაცვის გარანტიის ხელყოფის, კანონის უკუძალისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპები.
1 - (კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევა): პენსია/კომპენსაცია და სხვაგვარი შემწეობა, რომ საკუთრებას წარმოადგენს და ამდენად დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ეს დადასტურებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილებებით, კერძოდ: ევროპულმა სასამართლომ 2002 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (იხ. Azinas v. Cyprus, application no. 56679/00, 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება) საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევა კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის მოთხოვნების დარღვევად მიიჩნია და დაადგინა, რომ პენსიის მიღების უფლება, რაც დამყარებულია შრომითი საქმიანობის სახეზე, გათანაბრებულია საკუთრების უფლებასთან. ამის საფუძველი კი ისაა, რომ დამქირავებელმა აიღო საერთო ვალდებულება, უზრუნველეყო დაქირავებული პირი პენსიით და ამდენად, ეს ვალდებულება შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია ისიც, რომ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზე თუ, სახელმწიფო სამსახურში შესულმა პირმა მოიპოვა პენსიის უფლება, იგი თავისი შინაარსით „საკუთრებას“ გულისხმობს, ამიტომ მისთვის იმ შეღავათების აღკვეთა, რაც სახელმწიფო სამსახურიდან წასულ პირებს ერგებოდათ, წარმოადგენს სახელმწიფოს ჩარევას საკუთრების უფლების განხორციელებაში. ევროპული სასამართლოს 2002 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაში, უილისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, აღნიშნულია, რომ მატერიალური ხასიათის შემწეობის მიღების უფლება ითვლება საკუთრებად კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის გაგებით მაშინაც კი, თუ მისი ფორმირება არ ხდებოდა პოტენციურ მიმღებთა ხარჯზე (Willis v. UK, application no. 36042/97, 2002 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება). ასევე პენსია/კომპენსაცია, რომ საკუთრებად უნდა იქნას განხილული ამას ადასტურებს ევროპული სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაც, პრავედნაია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (იხ. Pravednaya v. Russia, application no. 69529/01, 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება). საქმეში სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (იხ. Stec and Others v the UK, application nos. 65731/01 ანდ 65900/01, 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, $54) სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ იცავს საკუთრების შეძენის უფლებას. აღნიშნული მუხლი არ ერევა მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებაში თვითონ გადაწყვიტონ სოციალური დაცვის როგორ გარანტიებს შექმნიან, ან/და როგორი იქნება ასეთი გარანტიების ოდენობა და სახე. თუმცა, როდესაც სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დადგენილია მსგავსი სოციალური გარანტიები, ასეთი კანონმდებლობა უნდა ჩაითვალოს იმ პირისათვის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად, ვინც ამ კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და აღნიშნული კი უკვე ხვდება 1-ლი მუხლის დაცვის სფეროში (იხ. Rasmussen v. Poland, application no. 38886/05, 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, $ 71). ჩვენს შემთხვევაში ფაქტია, რომ 2006 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის თანახმად, მას შემდეგ, რაც გამივიდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა, ავტომატურად გავხდი მოსამართლეთათვის განსაზღვრული საპენსიო ასაკს მიღწეული პირი და იმავდროულად წარმომეშვა სამისდღეშიო პენსიის მოთხოვნისა და დანიშვნის უფლება, რაც კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას წარმოადგენს. ამდენად ფაქტია, რომ 2004 წლის 22 დეკემბრიდან გამივიდა რა, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა, მისი გასვლისთანავე, ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი ადმინისტრაციული აქტის მიღების გარეშე, გავხდი, შემდეგი სოციალური სტატუსის მქონე პირი, ანუ შემდეგი სოციალური დაცვის გარანტიებით აღჭურვილი სუბიექტი: 1. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო მოსამართლეთათვის კანონით დადგენილი განსაზღვრული საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, 2. რომელმაც აღნიშნულის საფუძველზე იმავდროულად, მოვიპოვე უფლება - სამისდღეშიო პენსიის დანიშვნაზე ხელფასის სრული ოდენობით, და 3. ასევე, მოვიპოვე ის საკანონმდებლო დაცვის გარანტიაც, რომ სამომავლოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ნოვაციები, ამ უკვე შეძენილ სოციალურ სტატუსთან (და საკუთრებასთან) მიმართებაში საუარესოდ არ შეიცვლებოდა - აკრძალულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება, და ჩემმა ამ შეძენილმა ქონებრივმა უფლებამ (საკუთრებამ) სოციალური დაცვის გარანტიის სახით დასრულებული სახე მიიღო მისი შეძენისთანავე და მისი შეძენის პროცესი დროში არ გაწელილა. ზემოხსენებული სოციალური უფლებები, როგორც შეძენილი ერთი მთლიანი სოციალური პაკეტი მისი დაცვის საკანონმდებლო გარანტიასთან ერთად, თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს იურიდიულ ხდომილებას/ფაქტს, როგორც დამდგარ სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან იგი შეძენისთანავე მხოლოდ დასრულებული სახით ფორმულირდება და ყალიბდება და შესაბამისად უნდა აგრძელებდეს მოქმედებასა და არსებობას ახალი კანონის შემოღების პირობებში იმ სამართლებრივი რეჟიმით, რომლის მოქმედების დროსაც წარმოიშვა ეს უფლებები, მიუხედავად იმისა თუ, როდის იქნებოდა ამის საფუძველზე სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა მოთხოვნილი და შესაბამისად დანიშნული, რომლის დანიშვნა(არდანიშვნა), სამართლებრივად ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენს ზემოხსენებული სოციალური უფლებების, როგორც საკუთრების უფლების შეძენის დასრულებული სახით ჩამოყალიბებაზე. საერთოდ სამართლებრივი სახელმწიფოს ურყევი პრინციპია, რომ კანონის საფუძველზე მოიპოვებს რა, პირი სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლებას, იგი იმის მუდმივ შიშსა და განცდაში არ უნდა იყოს, რომ შესაძლოა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით მან ეს უფლება დაკარგოს. სამართლებრივი სახელმწიფოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა, უფლებააღჭურვილ სუბიექტებთან მიმართებაში, უნდა იყოს მდგრადი, დინამიური და პოზიტიური, წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული ყოფა კარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, ირღვევა სამართლის ნორმის მიმართ ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ასეთ პირობებში კი, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს იკავებს კანონმდებლის სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა სამართლის ნორმისადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. კანონის მოქმედების გავრცელება სამართალურთიერთობაზე გულისხმობს ასევე, მისი შეფარდების შესაძლებლობას სწორედ ამ სამართალურთიერთობის სუბიექტზე. ე.ი 2004 წლის 22 დეკემბრიდან, ანუ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლიდან, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ავტომატურად მოვექეცი რა, ამ კანონმდებლობით მოწესრიგებულ სამართლებრივ რეჟიმში, აღნიშნულით შევიძინე სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება, რითაც დადგა სამართლებრივი შედეგი, ანუ იურიდიული ხდომილება/ფაქტი, რომელიც ჩემთან მიმართებაში, უნდა აგრძელებდეს მოქმედებასა და არსებობას ახალი კანონმდებლობის შემოღების პირობებშიც და ამ ახალმა კანონმდებლობამ, ადრე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე შედეგის მომცემი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს, მხოლოდ პოზიტიური კუთხით. ამდენად, ზემოხსენებული სოციალური სტატუსი - მოსამართლეთათვის კანონით დადგენილი განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევის გამო სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლების შეძენა და ის საკანონმდებლო ამკრძალავი დანაწესი, რომ აკრძალულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება, ერთობლიობაში, როგორც ერთი მთლიანი სოციალური პაკეტი წარმოადგენს ჩემს ქონებას, ანუ საკუთრებას, რამაც დასრულებული სახე მიიღო მისი შეძენისთანავე და მისი თავისუფლად სარგებლობა/გამოყენებაზე ხელშეშლა, აღქმული ინდა იქნას, როგორც საკუთრების უკანონო ხელყოფა. რაც შეეხება სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნასა და შესაბამისად მის დანიშვნას, ესაა თანამდევი შედეგი შეძენილი საკუთრების უფლების თავისუფლად სარგებლობისა. ე.ი თუ არ არსებობს საფუძველი, ანუ საკუთრების უფლება, შესაბამისად არ არსებობს მისით სარგებლობის - პენსიის მოთხოვნისა და დანიშვნის უფლებაც, რომლის მოთხოვნაზეც ხანდაზმულობის ვადა, არც ადრე და არც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დაწესებული არ ყოფილა და არის, ე.ი პენსიის მოთხოვნის უფლება, ხანდაზმულობის ვადით, დროში შეზღუდული არ არის, ანუ მოქმედებს პრინციპი - სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა შეუძლია პირს, ამ უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს /„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწ/, რაც თავისთავად იმის უტყუარი დადასტურებაცაა, რომ სოციალური დაცვის სტატუსი, მისი შეძენისთანავე, დასრულებული სახით ყალიბდება იმისდა მიუხედავად, მის საფუძველზე სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა მოთხოვნილი ან/და დანიშნული იქნა თუ არა საერთოდ, ესე იგი პენსიის დანიშვნა/არდანიშვნა, სამართლებრივად ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენს, მისი მოთხოვნის უფლების შეძენისთანავე, ამ უფლების დასრულებულ სახედ ჩამოყალიბებაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სადავოდ გახდილმა საკანონმდებლო ინოვაციებმა გამიუქმეს (ხელყვეს) საკუთრების უფლება შეძენილ სოციალურ გარანტიებზე, რაც მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მქონდა მოპოვებული და რაც მთავარია გამიუქმდა სტატუსი - მოსამართლეთათვის კანონით დადგენილი განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევა, რითაც დაირღვა ჩემი საკუთრების უფლება, რაც გარანტირებული და დაცულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
2 - (კონსტიტუციის 30-ე მუხლის დარღვევა): მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებების ერთობლიობა, რომლებიც აძლევენ მოქალაქეებს შესაძლებლობას სახელმწიფოსაგან გარკვეულ პირობებში მიიღონ გარკვეული მატერიალური სიკეთეები. მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს განეკუთვნება შრომის თავისუფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება და ა.შ. სოციალური უზრუნველყოფის უფლება გულისხმობს სხვადასხვა სოციალურ გარანტიებს. სოციალური დაცვა, იგივე სოციალური უზრუნველყოფა, მართალია ასეთი სიტყვათწყობით მოცემული არაა კონსტიტუციის რომელიმე მუხლში, მაგრამ თავად კონსტიტუციური ნორმის განმარტებიდან, მისი ინტერპრეტაციიდან და კონსტიტუციური სამართლიდან გამომდინარე, შრომის თავისუფლება მოიცავს სოციალური დაცვის გარანტიებსაც, რაც აღიარებულად და დაცულად ითვლება საქ. კონსტიტუციის 30-ე მუხლით. ამასთან, კონსტიტუციის 39-ე მუხლის შინაარსიც, სწორედ ასეთ შემთხვევებს ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არიან მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. გამომდინარე აქედან, სადავო საკანონმდებლო ინოვაციებით დაირღვა ჩემი საციალური უფლებები სოციალური უზრუნველყოფის სახით, რაც აღიარებული და დაცულია კონსტიტუციის 30-ე მუხლით.
3 - (კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლების დარღვევა): კანონის წინაშეყველას თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის კონსტიტუციური პრინციპები ჩემთან მიმართებაში იმიტომ ირღვევა, რომ კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკს მიღწეულ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ პენსია 2006 წლამდე, ახალი სამართლებრივი რეჟიმის პირობებშიც უნარჩუნდებათ ეს უფლებები, ანუ უნარჩუნდებათ, როგორც ადრე შეძენილი სოციალური სტატუსი - კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევა, შესაბამისად მის საფუძველზე დანიშნული სამისდღეშიო პენსიაც /კომპენსაციის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი/, მხოლოდ ამ უკვე დანიშნულ პენსიას ეცვლება სახელი და შემდგომში იგი იწოდება კომპენსაციად, ხოლო ასეთივე სოციალური სტატუსისა და დონის მქონე სუბიექტებს, რომლებსაც არ მოგვითხოვია 2006 წლამდე პენსიის დანიშვნა, მაგრამ მოვითხოვეთ ახალი სამართლებრივი რეჟიმის პირობებში, პენსია/კომპენსაცია აღარ გვენიშნება. ე.ი ერთიდაიგივე სოციალური სტატუსის მქონე პირები-სუბიექტები, ახალ სამართლებრივ რეჟიმში უკვე ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ და სამართლებრივად და სოციალურად დიფერენცირებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ანუ მოსამართლეთათვის კანონით განსაზღვრულ საპენსიო ასაკს მიღწეული და პენსიადანიშნული პირები ინარჩუნებენ ამ სოციალურ სტატუსსა და გარანტიებს, როგორც საკუთრებას 2006 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ინოვაციების პირობებშიც, ხოლო ასეთივე, ანუ თანაბარი დონის სოციალური სტატუსის მქონე სუბიექტმა კი, რომელსაც არ მომითხოვია 2006 წლამდე პენსიის დანიშვნა, ახალი საკანონმდებლო ინოვაციების პირობებში დავკარგე შეძენილი ეს სოციალურ სტატუსი, ანუ საკუთრების უფლება, რაც სხვა არაფერია თუ არადა კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის კონსტიტუციით აღიარებული და დაცული პრინციპების უხეში დარღვევა. ამდენად 2006 წლიდან ამოქმედებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ნოვაციამ გამოიწვია ერთი და იგივე სოციალური სტატუსის პირებთან მიმართბაში განსხვავებული მიდგომა რითაც ჩემთან მიმართებაში დაირღვა კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის კონსტიტუციით აღიარებული და დაცული პრინციპები.
4 - (კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების დარღვევა): ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა ამ საკანონმდებლო ინოვაციებით აღმეკვეთა რა, სოციალური დაცვის გარანტიით, როგორც საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლება, აღნიშნულით ფაქტიურად დადგენილი იქნა ჩემს მიმართ იურიდიული პასუხუსმგებლობა, ესე იგი „დავისაჯე,“ მაგრამ რის გამო, დღემდე ვერ გავრკვეულვარ, ანუ ამ საკანონმდებლო ინოვაციებს მიეცა რა უკუქცევითი ძალა, ამით ფაქტიურად ჩემს მიმართ დადგენილი იქნა პასუხისმგებლობა, ვინაიდან ჩამომერთვა საკუთრების უფლება, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების იმპერატიულ დანაწესს - კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუქმედებითი ძალა არა აქვს, რაც იმავე შინაარსის მატარებელია - კანონს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ გააჩნია. თავად სიტყვა „პასუხისმგებლობა,“ რომელიც მოცემულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებაში, მარტო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არ შეიძლება გულისხმობდეს, არამედ იგი მოიცავს სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც (რაც შეიძლება გამოიხატოს, რაიმე ქმედების განხორციელების ან მისგან თავის შეკავების ვალდებულებაში), რომლის ნათელი დადასტურებაც დეფინიცირებულია სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლში - არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ე.ი კონსტიტუციური ნორმის (დებულების, წინადადების, სიტყვის) ინტერპრეტაციის დროს გადამწყეტი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ დებულების ტექსტს, არამედ კანონის, როგორც გარანტის მიზანს. საჭიროების შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ნორმის ინტერპრეტაციის აუცილებლობას, განამტკიცებს კონსტიტუციის 39-ე მუხლის დებულება. საერთოდ კი, სამართლებრივ სახელმწიფოში დამკვიდრებული ე.წ ევოლუციური ინტერპრეტაციის პრინციპი, აღიარებს უფლებების შინაარსის დროთა განმავლობაში განვითარების შესაძლებლობას, ე.ი ხდება კონსტიტუციურ დებულებათა ისეთი ინერპრეტაცია, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო ამ უფლებათა პირველად მნიშვნელობას, არამედ ისე განმარტავს ამა თუ იმ უფლებას, რომ მან ასახოს საზოგადოებაში შეცვლილი ცნობიერება. ამ პრინციპს ხშირად მიმართავს ევროპული სასამართლო კონვენციის ნორმათა განმარტებისას, მაგ. „თაირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,“ სადაც სასამართლომ განმარტა, რომ კონვენცია არის ცოცხალი დოკუმენტი, რომლის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს თანამედროვე გარემოებების გათვალისწინებით, რა აზრიც გამომდინარეობს ასევე ჩვენი კონსტიტუციის 39-ე მუხლის დებულებიდანაც. ამასთან, კანონის უკუძალის პრინციპთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანია, რომ „პასუხისმგებლობის დადგენა ან დამძიმება“ თავისთავად იწვევს რა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, ასეთ შემთხვევაში კანონს მიეცეს უკუქმედებითი ძალა, დაუშვებელია. ამდენად მიმაჩნია, რომ 2006 წლიდან ამოქმედებულ ზემოხსენებულ საკანონმდებლო ინოვაციებს, რომლებმაც გამიუქმა შეძენილი საკუთრების უფლება - სოციალური დაცვის გარანტიის სახით, უკუძალა არ უნდა მისცემოდა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის ხსენებულ იმპერატიულ დანაწესს - კანონის უკუძალის პრინციპს, რაც ჩემთან მიმართებაში დარღვეულია.
(კონსტიტუციის მე-7 და 39-ე მუხლების დარღვევა): საერთოდ კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების გარამტიების განმტკიცებასა და პიროვნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების სრულყოფას. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოში კონსტიტუციური დებულებების საფუძველზე განხორციელებული მიზანმიმართული საკანონმდებლო საქმიანობა სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის სამართლებრივი რეგულირების სრულყოფისათვის. მოქალაქეთა კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსის ძირითადი პრინციპია საზოგადოერივი და პირადსი ინტერესების შერწყმა, რომ საერთო ინტერესები გამომდინარეობდეს თითოეულის ინტერესებიდან და პირიქით, რაც განმტკიცებულია კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტალურ დებულებაში (მუხ. 7) - სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად აღიარებს და იმპერატიულად აწესებს კონსტიტუციურ ნორმათა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და მის აუცილებლობას, თუ ამას კონკრეტული გარემოება მოითხოვს (მუხ. 39) - საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. სამართლის პრინციპის ერთ-ერთ სახეს „თანაბარზომიერების პრინციპი“ წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ შედგება დასაშვებობის, აუცილებლობისა და შესაბამისობის, ანუ პროპორციულობის ელემენტებისაგან. თანაზომიერების პრინციპის უწინარესი მოთხოვნაა, რომ ნორმატიული აქტი გარკვეული მიზნის მისაღწევად მისაღები საშუალება იყოს ე.ი. ნორმატიული აქტი, ანუ საშუალება, რომელიც მიზნის მიღწევას ართულებს ან მას შეუძლებელს ხდის, დაუშვებელია. ამასთან ნორმატიული აქტი აუცილებელი უნდა იყოს დასახული მიზნის მისაღწევად ე.ი. აუცილებელია ის ნორმატიული აქტი, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანია, როგორც საზოგადოებისათვის, ისე თითოეული ადამიანისათვის. პროპორციულობის კრიტერიუმი კი, განსაზღვრავს დამოკიდებულებას მიზანსა და საშუალებას შორის ე.ი. იმყოფება თუ არა ნორმატიული აქტით გამოწვეული უფლების შეზღუდვა, შეზღუდვის მიზანთან პროპორციულ, თანაზომიერ დამოკიდებულებაში. ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი სიტყვა შეზღუდული სიკეთისა და შეზღუდვის მიზნის შეფასებას, მათ შეპირისპირებას ეკუთვნის. მან უნდა უზრუნველყოს, რომ ერთი სიკეთე არ იქნება ცალმხრივად, მეორე სიკეთის ხარჯზე არაპროპორციულად შეფასებული. კანონმდებლის მიერ ადამიანის უფლებების შეზღუდვის სფეროში თანაზომიერების პრინციპის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერებას ითვალისწინებს. სამართლებრივ სახელმწიფოდ ორგანიზებული საზოგადოების თითოეული წევრი იმის მოლოდინშია, რომ საზოგადოებაში სიკეთეთა განაწილება სამართლიანი იქნება. ე.ი მიღებული ნორმატიული აქტები, პირველ რიგში, დასახული მიზნის მისაღწევად უნდა იყოს დასაშვები, მეორე იგი უნდა იყოს აუცილებელი, ანუ მინიმალური ზიანის მომტანი და ბოლოს პროპორციული, ანუ შეზღუდვით გამოწვეული ზიანისა და შეზღუდვის მიზნის თანაზომიერი შეფარდების გარანტი. ჩვენს შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 23 და 27 დეკემბერს მიღებული კანონებით (საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამარლოების შესახებ“ საქ. ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზედ პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები, საქართველოს კანონი „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქ. კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. პუნქტი 3. და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქ. კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი და 37-ე მუხლი) აშკარაა, რომ დაარღვია ზემოხსენებული „თანაზომიერების პრინციპი,“ რაც არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და „თანაზომიერი“ საშუალება, დასახული მართლზომიერი მიზნის მისაღწევად.
მართალია დღეის მდგომარეობით, ანუ 2009 წლის 08 დეკემბრიდან ამოქმედებულმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქ. ორგანული კანონის ახალმა რედაქციამ გააუმა, ძალადაკარგულად ცნო ამავე კანონის 1997 წლის 13 ივნისის რედაქცია და ასევე 2003 წლის 01 იანვრიდან მოქმედი „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქ. კანონი, მაგრამ ამ ძალადაკარგული კანონების ზემოხსენებული დანაწესების არაკონსტიტუციურად ცნობას იმიტომ ვითხოვ, რომ მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქ. კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალში შედის ეს ძალადაკარგული კანონები, რომელთა საფუძველზედაც დანიშნული პენსიების გაცემა გრძელდება მოქმედი კანონმდებლობის პირობებშიც და ჩემი მოთხოვნაც ამ ძალადაკარგული კანონებიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებს ეხება და ემყარება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა