საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/555 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 3 აპრილი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „„მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 37-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე და 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №555) მომართა საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2013 წლის 9 მაისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2014 წლის 3 აპრილს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლი.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№2452-რს) 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების, „„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-ე მუხლის და „„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№2453-რს) 2005 წლის 23 დეკემბრის საქარველოს კანონის პირველის მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
5. „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით განხორციელდა ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის საქართველოს ორგანულ კანონში და 82-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების რედაქცია განისაზღვრა ახლებურად. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“.
6. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა“. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტში, ინტერ ალია, მოცემულია საკანონმდებლო აქტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და „მოსამართლეთა სოციალური დაცვისა და სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი 37-ე მუხლი ადგენს, რომ „ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე“.
8. „„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქარველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განხორციელდა ცვლილება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მოსამართლეს სასამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტების და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს დისკრიმინაციის აკრძალვას და განსაზღვრავს, რომ „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
11. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვის დასაშვებ შემთხვევებს. კერძოდ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“. ნორმის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რაც „...დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან“.
12. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას და ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური გარემო. ნორმაში აღნიშნულია, რომ „შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“.
13. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების მეორე პუნქტში აღნიშნულია: „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“.
14. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
15. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება განსაზღვრავს კანონის უკუძალის საკითხებს და მიუთითებს, რომ „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
16. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს 2004 წლის ნოემბრში ამოეწურა რა სამოსამართლო უფლებამოსილება, მან, ავტომატურად, შეიძინა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სოციალური უფლებები: ა) მოსარჩელემ მიაღწია მოსამართლეთათვის კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს; ბ) ამავდროულად, მან მოიპოვა უფლება სამისდღემშიო პენსიაზე; გ) იგი გახდა საკანონმდებლო დაცვის გარანტიის სუბიექტი, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ განხორციელებული, პოტენციურად მისი მდგომარეობის გამაუარესებელი საკანონმდებლო ცვლილებები და ნოვაციები, მას არ შეეხებოდა. სადავო ნორმების მოქმედების გამო, მას წაერთვა შესაძლებლობა, მოითხოვოს მოსამართლისათვის განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნა.
17. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ეს სოციალური უფლებები წარმოადგენენ იურიდიულ ხდომილებას/ფაქტს, როგორც დამდგარ სამართლებრივ შედეგს, რამაც იმთავითვე გამოიწვია კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების წარმოშობა. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებები, სადაც პენსიის მიღების უფლება საკუთრების უფლების ჭრილშია დანახული. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს კანონიერ ნდობაზე, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ურყევ პრინციპზე. ასევე, უფლებააღჭურვილ სუბიექტებთან მიმართებაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის მდგრადობაზე, დინამიურობასა და პოზიტიურობაზე, როგორც საზოგადოებაში სამართლებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტებზე.
18. მოსარჩელის აზრით, სამოსამართლო უფლებამოსილების გასვლისთანავე, მან შეიძინა სოციალური სტატუსი – მოსამართლისათვის კანონით დადგენილი განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, სამისდღემშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება, იმ ამკრძალავ საკანონმდებლო დანაწესთან ერთად, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება. ყოველივე ეს, ერთობლიობაში, წარმოადგენს საკუთრებას და ექცევა კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში. ის ფაქტი, რომ მასთან მიმართებით აქამდე არ მომხდარა სამიდღემშიო პენსიის დანიშვნა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არარსებულ უფლებაზე მოთხოვნის საფუძვლად, ვინაიდან, მოსარჩელის აზრით, პენსიის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა, არც ადრე და არც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დაწესებული არ არის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებმა გამოიწვია მისი სტატუსის გაუქმება და, შესაბამისად, ხელყო მისთვის მინიჭებული სოციალური გარანტიები. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან.
19. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებების ერთობლიობა, რომელიც აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან, გარკვეულ პირობებში, მიიღონ გარკვეული მატერიალური სიკეთეები. ამ ასპექტში, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს განეკუთვნება შრომის თავისუფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, რომლებიც გულისხმობს სხვადასხვა გარანტიებს. მოსარჩელის აზრით, მართალია, სოციალური დაცვა, ისევე როგორც სოციალური უზრუნველყოფა, სიტყვასიტყვით კონსტიტუციის რომელიმე ნორმაში მითითებული არ არის, მაგრამ ის წარმოადგენს შრომის თავისუფლების შემადგენელ მნიშვნელოვან ელემენტს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დაირღვა მისი სოციალური უფლებები, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან.
20. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევენ კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპებს, ვინაიდან მის მიმართ ხორციელდება განსხვავებული მოპყრობა. კერძოდ, კანონით განსაზღვრულ საპენსიო ასაკს მიღწეულ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც 2006 წლამდე უკვე დანიშნული აქვთ პენსია, ახალი სამართლებრივი რეჟიმის პირობებშიც უნარჩუნდებათ ადრე შეძენილი სოციალური სტატუსი, მხოლოდ მათ მიმართ დანიშნული პენსია იწოდება კომპენსაციად. რაც შეეხება მოსარჩელეს, ანუ პირს, რომელსაც 2006 წლამდე არ მოუთხოვია პენსიის დანიშვნა, პენსია (კომპენსაცია) არ ენიშნება. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თანაბარი სოციალური სტატუსის მქონე სუბიექტები ახალ სამართლებრივ რეალობაში ერთმანეთისგან რადიკალურად დიფერენცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამგვარად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლების დარღვევა.
21. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებმა მის მიმართ დააწესეს პასუხისმგებლობის სახე – ქონების ჩამორთმევა, რამაც გააუარესა მისი მდგომარეობა. აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული უკუძალის პრინციპის დარღვევას. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებაში მითითებული პასუხისმგებლობა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, არამედ იგი მოიცავს სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც. Aამის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2006 წელს ამოქმედებულმა სადავო ნორმებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებით განმტკიცებული უკუძალის აკრძალვის პრინციპი.
22. მოსარჩელის აზრით, საზოგადოებრივი და პირადი ინტერესების შერწყმა მოქალაქეთა კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსის ძირითადი პრინციპია, რომლის მიხედვითაც, საერთო ინტერესები გამომდინარეობს თითოეული ინდივიდის ინტერესებიდან და პირიქით. აღნიშნული პრინციპი, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-7 მუხლით. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი სახეა „თანაბარზომიერების პრინციპი“, რომელიც, თავის მხრივ, შედგება დასაშვებობის, აუცილებლობისა და შესაბამისობის ელემენტებისაგან. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებმა დაარღვიეს თანაბარზომიერების პრინციპი, რასაც მოსარჩელე კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ სიკეთედ მიიჩნევს. ამგვარად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია კონსტიტუციის მე-7 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის სუბიექტებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 12 მარტის №2/124/3, 2005 წლის 11 ოქტომბრის №1/17/345, 2008 წლის 4 აპრილის №1/1/426, 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინებები). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
3. №555 კონსტიტუციურ სარჩელში სხვა ნორმებთან ერთად სადავოდ არის გამხდარი „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „„მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე და 39-ე მუხლებთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნული გარემოება დასტურდება როგორც მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მსჯელობის, ასევე კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული სადავო ნორმატიული აქტის ტექსტის შესწავლის საფუძველზე.
4. აღნიშნული ნორმებით ცვლილებები შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის საქართველოს ორგანული კანონის და „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონის რიგი ნორმები. „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის საქართველოს ორგანული კანონი და „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ 2009 წლის 4 დეკემბრის ორგანული კანონის 80-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე 2009 წლის 8 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსარცელემ, აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მომართა 2013 წლის 7 მაისს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტისათვის აღნიშნული ნორმატიული აქტები, მათ შორის ის ნორმები, რომლებშიც სადავო აქტებით განხორციელდა ცვლილებები, ძალადაკარგული იყო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მათი კონსტიტუციურობის საკითხზე. ამდენად, სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და კონსტიტუციური სარჩელი №555 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე და 39-ე მუხლებთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
6. კონსტიტუციური სარჩელი, ასევე, უნდა შეესაბამებოდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
7. №555 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებულია ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებთან, მათ შორის მე-7 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
8. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. კონსტიტუციის მე-7 მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მე-2 თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 37-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და, შესაბამისად, სახეზეა მისი განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
9. როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ საქმეზე მოსარჩელე არის ფიზიკური პირი. ფიზიკური პირების საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
10. მოსარჩელე ითხოვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 37-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
11. მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული ნორმებით გაუქმდა კანონმდებლობის საფუძველზე მოპოვებული მისი სოციალური გარანტიები, რაც იწვევს მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
12. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული, კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა“, ხოლო ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე“.
13. სადავო კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია გარკვეული საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ კომპენსაციასა და აკადემიურ სტიპენდიაზე, მათ შორის, „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დანიშნულ კომპენსაციებზე.
14. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 37-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს ნორმები ადგენენ სამართლებრივ რეჟიმს აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე გარკვეული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე დანიშნული ან/და გაცემული პენსიების მიმართ. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი შეეხება ისეთ გასაცემლებს, რომელთა მიღებასაც ითვალისწინებს აღნიშნული კანონი, ხოლო ამავე კანონის 37-ე მუხლით დადგენილი რეჟიმი შეეხება ისეთ პენსიებს, რომელთა მიღებასაც ეს კანონი არ ითვალისწინებს.
15. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მას არ დანიშვნია პენსია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, ხსენებული სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია არ შეეხება მოსარჩელეს და არ ახდენს გავლენას უშუალოდ მის უფლებრივ მდგომარეობაზე. ამასთანავე, სადავო ნორმები ვერ შეფასდება თანასწორობის ძირითადი უფლებების მზღუდველ ნორმებად, რადგან აღნიშნული ნორმები ადგენენ არა მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა მოსამართლეებისათვის პენსიის დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს, არამედ ერთ შემთხვევაში განსაზღვრავენ უკვე დანიშნულ/გაცემულ პენსიებზე ახალი საკანონმდებლო რეგულირების გავრცელების შესაძლებლობას, ხოლო მეორე შემთხვევაში უშვებენ უკვე დანიშნული პენსიების გაცემას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“კანონის მიღებამდე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით, სადავო ნორები არ გამოყოფენ მოსარჩელეს პირთა (მოსამართლეთა) საერთო წრიდან და არ იწვევენ მათ მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას.
16. საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმები არ არის შემხებლობაში მოსარჩელესთან და, შესაბამისად, ვერ იქნება განხილული მისი კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველ ნორმებად. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებას, იგი უფლებამოსილია, იდავოს საერთო სასამართლოებში საკუთარი უფლებების დასაცავად და დაეყრდნოს კონსტიტუციურ უფლებებს, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №555 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 37-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38, 39-ე მუხლებთან და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №555 (საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „„მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 37-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე და 39-ე მუხლებთან და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი