შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 559 |
ავტორ(ებ)ი | შპს "გამომცემლობა ინტელექტი", შპს "გამომცემლობა არტანუჯი", შპს გამომცემლობა "დიოგენე", შპს "ლოგოს პრესი", შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს "საგამომცემლო სახლი ტრიასი", ირინა რუხაძე |
თარიღი | 1 ივლისი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს საქართველოს კანონის "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" მე-16 მუხლის მოთხოვნებს. სარჩელში მითითებულია: ა)საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები; გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი; დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი; ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას; ვ) მოთხოვნის არსი; ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას; თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011 წლის 25 თებერვალს გამოცემული იქნა ბრძანება №30/ნ, რომლითაც დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი. ხსენებული წესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კანონის "ზოგადი განათლების შესახებ" 26-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. სადავო აქტი წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. ჩვენს მიერ საკონსტიტუციო სასამართლში გასაჩივრებული ნორმები, როგორც ფორმალური ასევე მატერიალური თვალსაზრისით მიგვაჩნია რომ არაკონსტიტუციურია. გამომდინარე იქედან, რომ მათი ფორმალური კუთხით კონსტიტუციასთან შეუსაბამობას გააჩნია საერთო საფუძველი ამ ნაწილში საკუთარ მოსაზრებებსა და არგუმენტაციას წარმოგიდგენთ გაერთიანებული სახით, ხოლო თითოეული ნორმის მატერიალური შეუსაბამობის კუთხით არგუმენტაციასა და მსჯელობას - ინდივიდუალურად. სადავოდ გამხდარი ბრძანების შესაბამისი დებულებებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსარჩელეები დაავალდებულა, განაცხადის წარდგენისას წინასწარ განეცხადებინათ თანხმობა ცენტრთან ლიცენზიის (ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული) ხელშეკრულების გაფორმებაზე, ხოლო მათი წიგნისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ცენტრთან გაეფორმებინათ ხელშეკრულება ლიცენზიის გადაცემის შესახებ. სადავო ნორმით ცენტრს (უფლებამონაცვლეა სამინისტრო) ასევე მიენიჭა უფლება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ლიცენზიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება გადაეცა სხვა დაინტერესებულ პირთათვის. ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს საკუთრების ერთ-ერთ ნაირსახეობას და ის ისევეა დაცული საქართველოს კონსტიტუციით, როგორც სხვა ტიპის საკუთრება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და კომისიამ რამდენიმე საქმეში განსაზღვრეს, რომ ლიცენზია წარმოადგენს საკუთრების უფლების საგანს, თუკი პირს გააჩნდა იგი და ჰქონდა შემოსავლის მიღების გრძელვადიანი მოლოდინი. შესაბამისად, უნდა გაირკვეს ის საკითხი, თუ რამდენად გამართლებული იყო საკუთრების უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის დანაწესის გათვალისწინებით და რამდენად პასუხობს აღნიშნული კანონიერების მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად: „1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.“ ინტელექტუალური საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად: „ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია“. მიგვაჩნია, რომ როდესაც საკუთრების ამ ტიპიზეა (ინტელექტუალური საკუთრება) საუბარი, აუცილებელია მასთან მიმართებაში კონსტიტუციის 21-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაწესები ურთიერთშემავსებლად განვიხილოთ. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23-ე მუხლის შესაბამის დებულებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა არ აქვს. სადავო ნორმათა შინაარსი, სახელმწიფოს (სამინისტროს) აძლევს საშუალებას: 1. მოსარჩელეებს წინასწარ განაცხადებინოს თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე იმდაგვარად, რომ მათთვის უცნობია ხელშეკრულების სავარაუდო პირობებიც კი; 2. ავალდებულებს მოსარჩელეებს ხელი მოაწერონ ხელშეკრულებაზე, თუნდაც ის არ შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას (მათ შორის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონს“) და არსებითად არღვევდეს მოსარჩელეთა კანონიერ ინტეერსებსა და უფლებებს. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას ჩაერიოს საკუთრების უფლებაში და მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული უფლებები გადასცეს სხვა პირებს (მათ შორის მოსაჩელეებისათვის ანაზღაურების მიცემის გარეშე). სამივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს საკუთრების უფლებაში ჩარევა. კონკრეტულად კი ჩარევა ხდება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებაში - საკუთრება აღიარებულია და ხელშეუვალია, რაც მოიცავს მისი შეძენის ან გასხვისების თავისუფლებასაც. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, იმისათვის რომ სწორად განვსაზღვროთ ჩარევის ფორმა, აუცილებელია შევაფასოთ თავად ჩარევის ხარისხი. საქართველოს საკონსტიტუიცო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია მისი რეგულირება და შეზღუდვა კონსტიტუციით განსაზღვრული წესით. სასამართლოს პრეცედენტების მიხედვით დგინდება, რომ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას განაპირობებს საკუთრების ობიექტის სოციალური მნიშვნელობის მასშტაბი. კონსტიტუცია საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევის ორ ფორმას ცნობს. პირველ შემთხვევაში - საკუთრების უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევას. დამკვიდრებული პრაქტიკით საკონსტიტუციო სასამართლო პირველ რიგში განსაზღვრავს შესაბამის სტანდარტს, რომელთან მიმართებითაც შემდეგ მოხდება ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება. იმისათვის რომ სწორად მოხდეს სადავო ნორმის შინაარსისა და ჩარევის ფორმის განსაზღვრა, აუცილებელად მიგვაჩნია თავად ჩარევის სიმძიმის შეფასება. სადავო ნორმა საკუთრების მიმართ ორი განსხვავებული ფორმის ჩარევას გვთავაზობს. პირველ შემთხვევაში (განსაკუთრებული ლიცენზია), სახელმწიფოს ჩარევა უფლებაში მისი სიმძიმის გათვალსიწინებით შესაძლებელია შეფასდეს, როგორც საკუთრების უფლების შეზღუდვა. მართალია სახელმწიფო უფლების მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ ახდენს მათი უფლებით სარგებლობას (ამ უფლების მესამე პირებზე გადაცემის გზით), მაგრამ ამის სანაცვლოდ მოსარჩელეებს უსაზღვრავს ანაზღაურების მიღების გარკვეულ მექანიზმს. მეორე შემთხვევაში (როდესაც საუბარია ჩვეულებრივ ლიცენზიაზე), სახელმწიფო მფლობელისაგან მისი საავტორო უფლებების "მითვისებას" ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ახდენს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ამ ლიცენზიას მესამე პირს გადასცემს და ლიცენზიის თავდაპირველ მფლობელს აქვს უფლება მიიღოს ტირაჟის 10% ღირებულება. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ჩარევის სიმძიმის მიხედვით სახეზე გვაქვს უფლებაში უფრო მძიმე სახის ჩარევა. მიუხედავად ამისა, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს კვლავ რჩებათ უფლება, თავადაც გამოიყენონ სამინისტროს მიერ „წართმეული“ უფლება (დაბეჭდონ სახელმძღვანელოები), აღნიშული ჩარევაც განხილული უნდა იქნას საკუთრების უფლების შეზღუდვად კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. ორივე შემთხვევაში ჩარევის ხარისხს ამძიმებს ის ფაქტორიც, რომ სახელმწიფო თავადვე, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს შესაბამისი ბაზრის მომარაგებას. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით განხილულ საქმეებში, თავდაპირველად ამოწმებს შეზღუდვის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და შემდეგ ახდენს მის შეფასებას მატერიალურ კრიტერიუმებთან. ბუნებრივია თუ შეზღუდვა ფორმალურ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, სასამართლოსათვის ნაკლებმნიშვნელოვანი იქნება მატერიალურ კრიტერიუმებზე მსჯელობა, რადგან სადავო აქტი იმთავითვე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს აღქმული. სასამართლო ფორმალური კუთხით ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მხედველობაში იღებს დაწესებული შეზღუდვა მისი ფორმით შეესაბამება თუ არა კონსტიტუციის მოთხოვნებს. კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციის მოთხოვნა, დადეგნილი შეზღუდვისას ფორმალური კრიტერიუმების დაცვასთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ შეზღუდვა აუცილებლად დაწესებული უნდა იყოს კანონით (კანონის ძალის მქონე აქტით), რის შესახებ პირდაპირ უთითებს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი. შესაბამისად თუ სასამართლო ადგენს, რომ შეზღუდვა დაწესებულია კანონით, ის ამის შემდეგ გადადის სადავო აქტის მატერიალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებაზე. იმისათვის, რომ ნორმამ ფორმალური კრიტერიუმებთან შესაბამისობა გაიაროს კონსტიტუციურობის შესაფებისას, აუცილებელია განისაზღვროს წარმოადგენს თუ არა ის საკანონმდებლო აქტს. სასამართლო პრაქტიკა ასევე დასაშვებად მიიჩნევს ხსენებული ბარიერის გადალახვას, თუ შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და ამავდორულად მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტით. მიგვაჩნია, რომ ჩვენს შემთხვევაში სადავო ნორმები არ შეესაბამებიან კონსტიტუციის მიერ დაწესებულ ფორმალურ კრიტერიუმს. გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს კანონქვემდებარე აქტს. მართალია აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებები, მაგრამ ხსენებული ნორმები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საკითხის ზოგადად რეგულირების უფლებამოსილებას ანიჭებენ და არა საკუთრების უფლებაში ჩარევის (მათ შორის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეზღუდვის დაწესების) კომპეტენციას. შესაბამისად ცხადია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს არ გააჩნდა უფლებამოსილება გამოეცა მსგავსი შინაარსის ნორმატიული აქტი, რადგანაც საკუთრების უფლების შეზღუდვის დაწესებისათვის აუცილებელია სათანადო საკანონმდებლო რეგულაციის არსებობა. გამომდინარე ზემოთქმულიდან, მსგავსი შეზღუდვის არსებობა, ისე რომ აღარ გაგრძელდეს მსჯელობა მის მატერიალურ მხარეზე უკვე არაკონსტიტუციურია. რაც შეეხება დაწესებული შეზღუდვის მატერიალურ სამართლებრივ შეფასებას, ჩვენს მოსაზრებებს წარმოგიდგენთ საკუთრების უფლების შეზღუდვის ტესტის თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით: საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საკუთრების უფლების შეზღუდვის თითოეული ფაქტი უნდა გადიოდეს შეზღუდვის ტესტს. აღნიშნული ტესტი შეგვიძლია შემდეგ პუნქტებად დავყოთ: • შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; • უნდა არსებობდეს შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი (აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება); • დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი. რადგანაც სარჩელის ნაწილი უკვე დავუთმეთ იმ პრობლემის მიმოხილვას, რომელიც დაკავშირებულია დაწესებული შეზღუდვის „კანონით გათვალისწინებულობასთან“, აქ მსჯელობას გავაგრძელებთ, შეზღუდვის შესაბამისობის დასადგენად ტესტის მომდევნო მოთხოვნებთან. ლეგიტიმური მიზანი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, როგორც უკვე აღინიშნა საკუთრების უფლების შეზღუდვას შესაძლებლად მიიჩნევს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას“. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების საკანონმდებლო დეფინიცია, რომელიც უნივერსალური ხასიათის იქნებოდა და მოერგებოდა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას შეუძლებელია არსებობდეს. შესაბამისად სასამართლოს თითოეულ შემთხვევაში უწევს მსჯელობა, შეაფასოს ნორმის მიმღების მიერ დაწესებული შეზღუდვის უკან შესაძლებელია თუ არა იყოს აუცილებელი საზოგადოებირივი საჭიროება. ამავდროულად არ უნდა დაგვაბნიოს თავად სადავო აქტში გამოყენებულმა ტერმინმა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“. მართალია სიტყვათა წყობა და შესაძლოა შინაარსიც იმავე ხასიათის იყოს, რაც კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტითაა დადგენილი, მაგრამ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ინდივიდუალური სამართალწარმოების შემთხვევებში. შესაბამისად მისი შეფასება ვფიქრობ ცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ის კონკრეტული დავის განხილვისას საერთო სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამავდროულად სადავო აქტების მიერ დადგენილი შეზღუდვის (ა. გარიგების დადებაზე წინასწარი თანხმობის ვალდებულება; ბ. ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება; გ. უფლების სხვა პირზე გადაცემის უფლებამოსილება.) შესაბამისობა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“ მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყოფილი აქვს ორი კრიტერიუმი, რომელთა მეშვეობითაც მოწმდება კონკრეტული ღონისძიების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მასშტაბი: ა) საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია ზოგადად საზოგადოებისთვის, მისი ნორმალური არსებობისა და განვითარებისთვის; ბ) საკუთრების უფლების ობიექტის არსი, მისი შესაძლო სოციალური დატვირთვა. მოსარჩელე მხარეს კარგად გვესმის თუ რა შეიძლება ყოფილიყო ის აუცილებელი საჭიროება, რის გამოც სახელმწიფომ მსგავსი რეგულაციის დაწესება გადაწყვიტა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეგულაციის მართებულობას ვეთანხმებით. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება ეკისრება უზრუნველყოს ზოგადი განათლების მიცემა საკუთარი მოსახლეობისთვის. შესაბამისად თუ რომელიმე ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებდა წიგნების დაბეჭდვაზე, იმისათვის რომ სახელმწიფოს თავიდან აეცილებინდა სასწავლო პროცესის შეფერხება, მას შესაძლოა ემოქმედა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ფარგლებში (იმის გათვალისწინებით, რომ ეს ასევე უნდა ყოფილიყო განსაზღვრული კანონით). შესაბამისად შემზღუდველი ნორმები იძლევიან საშუალებას ამოვიცნოთ ის გარემოებები, რომლიც სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება განვიხილოთ. მიუხედავად აღნიშნულისა, მიგვაჩნია სახელმწიფოს შეეძლო აღნიშნული საკითხის განსხვავებული რეგულირება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა როგორც ჩვენი უფლებების დარღვევას, ასევე სახელმწიფოს საკუთარი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უზრუნველყოფდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას, თუმცა "იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი." სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას აუცილებელია გავერკვეთ შემოღებული შეზღუდვები ხომ არ არის იმდაგვარი ხასიათის, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა სწორედ ხსენებულ დანაწესთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკით "...კანონმდებლის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვისას არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საკუთრების უფლება, რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, კანონმდებლის მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა.“ საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე საკითხზე მსჯელობისას დასძინა: „ის ფაქტი, რომ შეზღუდვის შედეგად ფორმალურად მესაკუთრეს რჩება საკუთრების შინაარსისათვის დამახასიათებელი ელემენტები, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრებაში ჩარევა გამართლებულია. უფლების შინაარსის შეზღუდვის ფარგლებზეა დამოკიდებული ამ უფლების არსის შენარჩუნება, ვინაიდან სწორედ შინაარსია არსის განმსაზღვრელი გარემოება. საკუთრების შინაარსის შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრება უნდა დარჩეს საკუთრებად და მან უნდა შეძლოს ამ შეზღუდვით გამოწვეული ტვირთის ტარება.“ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა, ლიცენზიის მფლობელად აქცევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, თუ სამინისტრო თავად გადაწყვეტს უფლებით სარგებლობას, რასაც უკვე აქვს ადგილი და ეს შეუქცევადი პროცესია, ფაქტია საავტორო უფლების სხვა მფლობელთა მიერ საკუთარი უფლებით სარგებლობა აზრს დაკარგავს. თუ სახელმწიფო ყველა საჯარო სკოლას თავად მოამარაგებს სახელმძღვანელოებით, საავტორო უფლებათა თავდაპირველ მფლობელებს მხოლოდ ფორმალურად დარჩებათ საავტორო უფლება და საკუთრება დაკარგავს მის ნამდვილ შინაარსს. ცხადია და საკამათო არ უნდა გახდეს, რომ ხსენებული ნაწარმოებების შექმნა (რომელშიც თანაბარი წვლილი მიუძღვით ავტორებსა და გამომცემლებს) ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. ისინი სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო პროცესისთვის იყო განკუთვნილი და მათი სხვა სახით გამოყენება შეუძლებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შეზღუდვას წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც ინტერესთა სამართლიანი დაბალანსება ხდება და არა მესაკუთრისა და უფლების სუბიექტის სრული გაუცხოება: „კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას მაშინ აქვს გამართლება, როცა ლეგიტიმური მიზანი ისე მიიღწევა, რომ არ მოხდება შეზღუდვას დაქვემდებარებული სიკეთისა და მისი მატარებელი სუბიექტის ერთმანეთისაგან გაუცხოება. შეზღუდვა გულისხმობს ინტერესთა სამართლიან დაბალანსებას და არა ისეთ შემთხვევას, როცა ერთი ინტერესის ადგილს მეორე იკავებს.“ თანაზომიერების პრინციპი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „თანაზომიერების პრინციპი“ კონსტიტუციის 21–ე მუხლის მეორე პუნქტის მიზნებისთვის განმარტებულია, სადაც ხაზი გაესვა მის ხასრისხობრივ მაჩვენებლს: „თანაზომიერების პრინციპი... უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება. რაც უფრო მეტად ერევა ხელისუფლება ადამიანის თავისუფლებაში, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გამართლებისათვის.“ თანაზომიერების პრინციპთან მიმართებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკვე არსებული საკუთრების უფლების შეზღუდვა უფრო მეტ კონსტიტუციურ–სამართლებრივ დასაბუთებას და გამართლებას მოითხოვს, ვიდრე საკუთრების უფლების შეძენის კომპონენტის ჩარჩოებში მოქცევა: „ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული საკუთრების გასხვისების ვალდებულების დადგენა, საკუთრების შეძენის აკრძალვასთან შედარებით, გარკვეულწილად უფლების შეზღუდვის უფრო მძიმე ფორმადაც შეიძლება იქნეს განხილული, ვინაიდან ამ შემთხვევაში უკვე არსებობს მნიშვნელოვანი სამართლებრივი კავშირი პირსა და ქონებას შორის.“ საკონსტიტუციო სასამართლო თანაზომიერების შეფასებისას მხედველობაში იღებს სამ კრიტერიუმს: ა) შეზღუდვის დასაშვებობა („მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება“); ბ) შეზღუდვის აუცილებლობა; გ) კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობა. შეზღუდვის დასაშვებობისას მხედველობაში მიიღება ის ფაქტი, თუ რამდენად კანონიერია თავად ღონისძიება. 2012 წლის 26 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ თანაზომიერების პირველ კომპონენტად განიხილა არა „შეზღუდვის დასაშვებობა“, არამედ, „მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება“. ამ შემთხვევაში სასამართლომ შეაფასა თუ რამდენად არსებობდა ლოგიკური კავშირი საკანონმდებლო რეგულირებას და კანონიერ მიზანს შორის. 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სამართლებრივი აქტი არ იძლეოდა ლეგიტიმური მიზნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიღწევის შესაძლებლობას და ამ მოტივით ცნო არაკონსტიტუციურად. ჩვენს შემთხვევაშიც, სადავო აქტი არამხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში აიძულებს მოსარჩელეებს საკუთარი უფლებები გადასცენ სამინისტროს, არამედ ყველა შემთხვევაში. აღნიშნული ბუნებრივია ქმნის რისკს, რომ სამინისტრო ისარგებლებს ამ უფლებით იმდაგვარად, რომ შეილახოს მოსარჩელეთა ინტერესი. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახელმწიფოს (სამინისტროს) მხრიდან სწორედ მსგავს ნაბიჯს ქონდა ადგილი. სახელმძღვანელოების ბეჭდვის საკუთარ თავზე აღება და მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვის გამართლება სახელმწიფოს მხრიდან სწორედ სადავოდ ქცეულ დებულებებზე დაყრდნობით მოხდა. „შეზღუდვის აუცილებლობის“ შეფასებისას დამკვირდებული პრაქტიკით საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს იმას, თუ რამდენად აუცილებელია სადავოდ გამხდარი ღონისძიების შინაარსი შესაბამისი კანონიერი მიზნების მისღწევად. ამ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს მიზნის მისაღწევად ხომ არ არსებობდა „ნაკლებმტკივნეული“ საშუალებები, რომელიც სახელმწიფოს იმავე მიზნის განხორციელებაში დაეხმარებოდა. კონკრეტულ შემთხვევაში მიგვაჩნია ასეთი საშუალებები არსებობდა, თუმცა სახელმწიფომ აირჩია მისთვის ყველაზე მარტივი და მოსარჩელეთა უფლებების შემლახავი გზა. სამინისტროს შეეძლო აღნიშნული რეგულაციები დაეწესებინა არა ბრძანებით, არამედ დაერეგულირებინა ინდივიდუალურად, თითოეულ გამომცემელთან გაფორმებული ხელშეკრულებით. მათ შორის გაეთვალისწინებინა იმ ე.წ. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები, როდესაც მას ექნებოდა ლიცენზიით სარგებლობის უფლება. ამავდროულად ხელშეკრულებითვე ყოფილიყო გათვალისწინებული ამ შემთხვევებში საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მექანიზმიც. სამინისტროს ასევე შეეძლო შემოეტანა ისეთი რეგულაციები, რომელიც გამომცემელთა უფლებების შეზღუდვას შესაძლებლად გახდიდა სასამართლო ხელისუფლების მონაწილეობის პირობებში და სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში, თუმცა მან განსხვავებული გზა აირჩია. თანაზომიერების შეფასების მესამე კრიტერიუმს წარმოადგენს პროპორციულობა, რომელიც კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დამცველ ღონისძიებას წარმოადგენს. მისი საშუალებით მიიღწევა სიტუაცია, როდესაც არცერთი სამართლებრივი სიკეთის ხარჯზე არ ხდება მეორის არაპროპორციული შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ საქმეში მხედველობაში იღებს სადავო სამართლებრივი აქტების რეგულირებას და სხვადასხვა კანონმდებლობას, რათა შეაფასოს ის გარანტიები, რომლებიც რჩებათ მესაკუთრეებს და შემდგომ ადარებს მათ საჯარო ინტერესებს. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული პრინციპი უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მხრიდან. სადავო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა ცენტრს უნდა წარუდგინოს: თ.ა) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, ცენტრისათვის მისი გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემაზე; თ.ბ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის შემთანხმებელი კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციის – „გამორჩეულად საუკეთესო” საფუძველზე გრიფის მინიჭების შემთხვევაში ცენტრისათვის მისი გამოყენების უფლებით განსაკუთრებული ლიცენზიით ავტორობის გადაცემაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ; ხოლო, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია ბ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს ცენტრს; გ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის შემთანხმებელი კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციის – „გამორჩეულად საუკეთესო” საფუძველზე გრიფის მინიჭების შემთხვევაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს ცენტრს; სადავოდ გამხდარი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თ.ა) და თ.ბ) ქვეპუნქტები გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს (რომელთაც განეკუთვნებიან მოსარჩელეები) ავალდებულებს წინასწარ წარუდგინოს ცენტრს (რომლის უფლებამონაცვლეც განათლებისა და მეცნეირების სამინისტროა) წერილობითი თანხმობა გამოყენების (ან ავტორობის) ჩვეულებრივი (ან განსაკუთრებული) ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემაზე. კანონმდებლობით ამდაგვარი დანაწესის შემოღება კაბალურ პირობებს უწესებს კონკურსში მონაწილე სუბიექტს. აბსოლუტურად გასაგები შესაძლებელია იყოს სამინისტროს სურვილი, თავიდან აიცილოს ლიცენზიის მფლობელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება (წიგნების ბეჭვდვის ვალდებულების შეუსრულებლობა), თუმცა დაწესებული რეგულირება ძალიან მკაცრია და არ შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილ ფარგლებს. ჩანაწერი, რომელიც კონკურსანტს უწესებს ვალდებულებას, წინასწარ განაცხადოს თანხმობა ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის შინაარსი მისთვის უცნობია, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად კერძო სამართლის პრინციპებთან. აღნიშნული მხარეს ართმევს საშუალებას, გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოავლინოს ნება სამომავლო ხელშეკრულების დასადებად. კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია საკუთრების გასხვისების უფლება, საკუთარ თავში მოიცავს პირის უფლებას, თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დადოს გარიგება. რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პირს ავალდებულებს, თანხმობა განაცხადოს გარიგების დადებაზე იმ ეტაპზე, როდესაც მისთვის უცნობია გარიგების ძირითადი პირობები, კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებიდან ლიცენზიის ხელშეკრულების თანახმად ანაზღაურების საკითხს შეეხება მხოლოდ თ.ბ) ქვეპუნქტი და ღიად რჩება ანაზღაურების საკითხი ჩვეულებრივი ლიცენზიის შემთხვევაში. აღნიშნული ჩანაწერი ასევე წინააღმდეგობას ქმნის იმ საკანონმდებლო ბაზასთან, რომელიც კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცული საავტორო უფლებების დასაცავად პარლამენტის მიერაა მიღებული საქართველოში, კერძოდ "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონთან, რომელიც სავალდებულოდ მიიჩნევს საავტორო ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას და არეგულირებს ხელშეკრულების შინაარსაც (მათ შორის ფასის საკითხს). მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო დებულებები მსგავსად უკვე განხილული დებულებებისა, საავტორო უფლების მფლობელს უწესებს ვალდებულებას ლიცენზიის ხელშეკრულება გააფორმოს ცენტრთან და საკუთარი უფლებები გადასცეს ცენტრს. აღნიშნული ნორმა შეეხება ორ დამოუკიდებებლ შემთხვევას: ა) როდესაც ცენტრისათვის ხდება ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით უფლების გადაცემა ამ შემთხვევაში უფლების მფლობელი ყოველგვარი მოტივაციის (მათ შორის ფინანსური) გარეშე ვალდებულია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საკუთარი უფლება გადასცეს სამინისტროს. ბ) როდესაც ცენტრთან ფორმდება განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში უფლების მფლობელი ვალდებულია საკუთარი უფლება გადასცეს სამინისტროს და ანაზღაურებად მიიღოს გარკვეული საფასური, რომელიც ობიექტურად არ შეესაბამება უფლების ღირებულებას. ამ შემთხვევაშიც არ არსებობს რაიმე სახის აუცილებელი საჭიროება. სადავო აქტის მე-10 მუხლის მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად ცენტრს უფლება აქვს: "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების მფლობელის მიერ ჩვეულებრივი ლიცენზიის ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება გადასცეს ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საავტორო უფლების მფლობელისთვის დაინტერესებული პირის მიერ ჰონორარის სახით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ტირაჟის ღირებულების 10% გადახდას);“ სამინისტროს უფლება ენიჭება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას საავტორო უფლება გადასცეს დაინტერესებულ მესამე პირებს. ეს დებულება თავად ქმნის გარკვეულ წინააღმდეგობას სხვა სადავო დებულებებთან. თუ მიჩნევთ, რომ სადავოდ გამხდარი არაკონსტიტუციური დებულებების საფუძველზე ცენტრი (სამინისტრო) უკვე არის უფლების მფლობელი, მას ხსენებული უფლების გადაცემა სხვა პირთათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გარეშეც შეუძლია. შესაბამისად აზრს კარგავს მოცემული ჩანაწერი. ამავდროულად თუ მივიჩნევთ, რომ სამინისტროს მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას აქვს კომპეტენცია ხსენებული უფლება გადასცეს დაინტერესებულ მესამე პირებს, ნორმა მაინც შეუსაბამო გამოდის კონსტიტუციურ მოთხოვნებთან, რადგანაც საერთოდ არ ითვალისწინებს განსაკუთრებული ლიცენზიის შემთხვევებში ანაზღაურების მექანიზმს. ასევე დაწესებული ტირაჟის ღირებულების 10%-ის ანაზღაურება ჩვეულებრივი ლიცენზიის შემთხვევაშიც აბსოლუტურად არაადეკვატურია. შესაბამისად, ბრძანებით დაწესებული საკუთრების უფლების შეზღუდვა, რომელიც ასახულია ყველა სადავო ნორმაში, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და არღვევს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ უფლებას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა