თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/1646 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 28 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 თებერვალი 2022 23:20 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე
საქმის დასახელება: თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 17 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1646) მომართა საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ლომიძემ. №1646 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 20 აგვისტოს. №1646 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 28 თებერვალს.
2. №1646 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311, 313 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181 მუხლის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ‒ გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება.
5. №1646 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ავტომობილის მართვისას, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო, ავტომობილის მესაკუთრისათვის ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს მესაკუთრის ქონების შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებას და იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის გაუმართლებელ შეზღუდვას. მოსარჩელის პოზიციით, აუცილებელია, სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობა განისაზღვროს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის შესაბამისად. დაუშვებელია პირის იმაზე მძიმედ დასჯა, ვიდრე იმსახურებს თავად ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ცალკეული დარღვევების ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია, პირი საკუთარი ქმედებით საფრთხეს უქმნიდეს მხოლოდ საკუთარ თავს, რიგ შემთხვევებში კი ‒ სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობით კი მძღოლი მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს საფრთხის წინაშე. სწორედ ამიტომ, გაურკვეველია, რატომ უნდა ჯარიმდებოდეს პირი იმაზე მეტი ოდენობის თანხით, ვიდრე ჯარიმდებიან ის პირები, რომლებიც, მაგალითად, ავტომობილით მოძრაობის დროს მობილურ ტელეფონზე საუბრობენ, არღვევენ ავტომობილის ექსპლოატაციის წესებს და მართავენ ისეთ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა ან/და გამონაბოლქვის ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181 მუხლი გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1646 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181 მუხლის კონსტიტუციურობა. გასაჩივრებული ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას და ადმინისტრაციული წესით დასჯადად აცხადებს ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობას, მეორე მხრივ კი, ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს არგუმენტაცია როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისა, ასევე სანქციის არაკონსტიტუციურობის თაობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/12/926 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა დისპროპორციულია და არ შეესაბამება თავად სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმეს. მოსარჩელის განმარტებით, გაუმართლებელია, რომ პირები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აყენებენ საფრთხის ქვეშ, იმაზე მძიმედ ისჯებოდნენ, ვიდრე პირები, რომლებიც სჩადიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართალდარღვევებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების სხვა წევრებსაც. სწორედ ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს.
5. ნათელია, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება სადავო ნორმით დადგენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის პროპორციულობას და საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის დისპოზიციიდან მომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის ფაქტს. სხვაგვარად, მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია, რა თვალსაზრისით ზღუდავს ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
6. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირებისა და ერთმანეთისაგან გამიჯვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-15-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12), რამდენადაც „კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, აუცილებელია, დადგინდეს, რამდენად არსებობს მიმართება განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ ნორმასა მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებას შორის.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის სტანდარტები გათვალისწინებულია თავად აღნიშნული უფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური დებულებებით. მაგ., საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ საფუძვლებს, ხოლო კონკრეტული სანქციის პროპორციულობის სპეციფიკური კონსტიტუციური სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს. ამასთანავე, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლისა თუ სხვა სფეროს მომწესრიგებელი კანონებით გათვალისწინებული ღონისძიება სასჯელად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართულია პირის დასჯისა და სასჯელის სხვა მიზნების (მაგ., დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია და ა. შ.) მიღწევისაკენ. ღონისძიება, რომელიც, მართალია, არის სახელწიფოს რეაქცია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, თუმცა არ აქვს სასჯელის ბუნება და მიმართულია რაიმე სხვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არ შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც სასჯელი. ამგვარ შემთხვევებში, რეგულაცია უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას, როგორც უფლებაშემზღუდველი ღონისძიება სასჯელისათვის განკუთვნილი კონსტიტუციური სტანდარტების მხედველობაში მიღების გარეშე.
8. შესაბამისად, სასჯელების/სანქციების პროპორციულობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და ამ მუხლით დადგენილ სპეციფიკურ სტანდარტებთან მიმართებით. ძირითადი უფლების დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით კი სადავო რეგულაციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა შეფასებადი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ღონისძიება, თავისი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ განეკუთვნება სადამსჯელო ღონისძიებას და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართება არ გააჩნია.
9. ამგვარად, შესაბამისი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, თავისი ბუნების, მიზნის ან დანიშნულების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სასჯელს/სანქციას საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის და მისი კონსტიტუციურობა არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.
10. საპირისპიროდ, განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული რეგულაციისა და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით ნათელია, რომ მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმით დადგენილი ადმინისტრაციული სანქციის პროპორციულობის შეფასებას. როგორც აღინიშნა, მსგავსი მოთხოვნა შეფასებადი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ამასთანავე, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების კავშირს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ ისეთ სტანდარტებთან, რომლებიც არ უკავშირდება ადმინისტრაციული სანქციის პროპორციულობას. ამგვარად, სადავოდ გამხდარი ღონისძიების კონსტიტუციურობა არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ №1646 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1646 კონსტიტუციური სარჩელი („თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე