თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/1387 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2022 17:49 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის, შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2019 წლის 18 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1387) მომართა თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ‒ შორენა გუნცაძე). №1387 კონსტიტუციური წარდგინება, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2019 წლის 21 იანვარს. №1387 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 თებერვალს.
2. №1387 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, მათ შორის, ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა და შენახვა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. №1387 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე, პაატა ჩერქეზიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი მცენარე კანაფის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის. 2016 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით, მას, დამატებით, ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის.
6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო. იგი, სპეციალისტთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ კანაფის ფისი, არსებითად, მარიხუანის იდენტური ნარკოტიკული საშუალებაა. კერძოდ, ორივე მათგანი წარმოადგენს მცენარე კანაფის პროდუქტს. ამასთან, ისინი შეიცავს ერთი და იმავე სახის ნარკოტიკულ ნივთიერებას - ტეტრაჰიდროკანაბინოლს. შედეგად, ორივე მათგანს ახასიათებს ერთმანეთის მსგავსი ნარკოგენული ეფექტი.
7. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, 0,1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენს, დაახლოებით, ერთჯერადი ნარკოტიკული თრობისთვის გამოსადეგ ოდენობას, მაშინ, როდესაც 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა, დაახლოებით, 230-ჯერ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმავე მიზნით. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა-შენახვა წარმოადგენს 70 გრამი გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაზე უფრო ნაკლები საშიშროების ქმედებას. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, სანქციის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის შესაძლოა, წარმოადგენდეს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
8. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს სპეციალისტთა დასკვნებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს №1387 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს №1387 კონსტიტუციური წარდგინება.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. საქმის არსებითი განხილვა დაწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში