თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1387 |
ავტორ(ებ)ი | თბილისის საქალაქო სასამართლო |
თარიღი | 18 იანვარი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან იმ ნორმატიული აქტის შესაბამისობაზე, რომელიც უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ პაატა ელიზბარის ძე ჩერქეზიშვილის მიმართ, ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის არაერთგზის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
პაატა ჩერქეზიშვილისთვის 2016 წლის 8 დეკემბერს წარდგენილი ბრალის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით პაატა ჩერქეზიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პაატა ჩერქეზიშვილმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,1315 გრამი კანაფის ფისი, რასაც, ასევე, უკანონოდ პირადად ინახავდა 2016 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, დიდი დიღომი, III მ/რ-ნი, კორპუსი №18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალი და უდავოდ გახადა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. ამასთანავე, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა პაატა ჩერქეზიშვილმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის თაობაზე, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №1/17/882. ბრალდებულის კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, საქმეზე კი იწურება კანონით დადგენილი განხილვის ვადა. აღნიშნულის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით განსახილველი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის გარეშე გართულებულია საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ 2016 წლის 7 დეკემბერს ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, რომელიც, ბრალდებულის განმარტებით, მას ეკუთვნოდა, ქიმიური ექსპერტიზის №2088/სქ-2136-ქრ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს კანაფის ფისს, წონით 0,1315 გრამს, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: „ამოღებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოშავო ფერის, სხვადასხვა ზომის პლასტიკური მასები, საერთო წონით 1,5887 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს, 0,1315 გრამის ოდენობით“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, ბრალდებულ პაატა ჩერქეზიშვილის განმარტებით, ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით.
პაატა ჩერქეზიშვილს, წარსულში დიდი ოდენობით მცენარე კანაფის შეძენა-შენახვისთვის ნასამართლობის გამო, ბრალი წარდგენილი აქვს დანაშაულის არაერთგზის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა გადაწყვეტილებები, რომლითაც ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ განაჩენში. კერძოდ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით პაატა ჩერქეზიშვილის ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ პაატა ჩერქეზიშვილს დადგენილი სასჯელი მოხდილი აქვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით პაატა ჩერქეზიშვილის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად.
სამართლებრივი გარემოებები:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით (საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (ძველი რედაქცია) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო. ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივი ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება როგორც Ultima Ratio.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოცემული საჩივრის განხილვის ფარგლებში დაკითხული მოწმეების მოსაზრებები. კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა საქმეზე მოწმედ მოწვეული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსულტანტის, ექიმ-ნარკოლოგ ზაზა შენგელიას განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანას ცნების ქვეშ მოიაზრება მცენარე კანაფის ზედა ნაწილის დაწვრილმანებული ფოთლები ყვავილებით. მარიხუანას შემადგენელი აქტიური ნივთიერება არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომლის საშუალო ოდენობა დაახლოებით 3%-დან 15%-მდეა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის განსხვავებული პროცენტული შემცველობის მქონე ერთი და იმავე ოდენობის მარიხუანა, ზემოქმედების თვალსაზრისით, განსხვავებული შედეგების გამომწვევი იქნება. ამასთან, საქმეში არსებულ სხვა რელევანტურ მასალაზე დაყრდნობით, საბოლოო ჯამში, არ ყოფილა უარყოფილი მარიხუანას მოხმარების ჯანმრთელობისთვის პოტენციურად მავნებლობა, თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას. ამ მსჯელობაზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შეუსაბამოდ მიიჩნია პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისაკენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 70 გრამამდე მარიხუანა არ არის ის ოდენობა, რომელიც მაღალი ალბათობით მიანიშნებს მისი რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის გარდაუვალობაზე, თავისთავადობაზე. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს. ამდენად, მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლო მხედველობაში იღებს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის №3/1/708,709,710 განჩინებას, რომლის საფუძველი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინება, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (ძველი რედაქცია) შესაბამისობის დადგენას, რომლითაც გათვალისწინებული იყო სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას სადავო (12,49 გრამი) ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არ მიიჩნია დადასტურებულად მარიხუანას მოხმარებასა და სხვა დანაშაულის ზრდას შორის კავშირი და განმარტა, რომ მის მიერ 2015 წლის 24 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობა ვრცელდება მარიხუანას ნებისმიერი ოდენობისთვის (0,1-დან 70 გრამამდე), თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ზოგადად (არა მხოლოდ სადავო ნორმით გათვალისწინებული შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, არამედ ერთი დღითაც კი), როგორც სასჯელი, არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის №3/1/855 განჩინებას, რომლის საფუძველი გახდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (ძველი რედაქცია) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისობის დადგენის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანას“ (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სხვაობა აღნიშნულ სადავო და 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმების შინაარსს შორის გამოიხატება მარიხუანას როგორც ნარკოტიკული საშუალების მდგომარეობაში (გამომშრალი და ნედლი) და მოცულობაში. სადავო ნორმა აწესებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას შეძენისა და შენახვისათვის. საქმის განხილვისას მოწვეული ექპერტებისა და მხარეების განმარტებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მარიხუანას გამომშრალ და ნედლ მდგომარეობაში აქვს განსხვავებული მახასიათებლები და რომ განსხვავებულ მდგომარეობაში მისი არსებობა თავისთავად გავლენას ახდენს დასახელებული ნარკოტიკული საშუალებიდან მომდინარე საფრთხეების ხარისხზე. განსხვავება, რომელიც გამომშრალ და ნედლ მარიხუანაში არსებობს, განპირობებულია ნედლ მარიხუანაში წყლის მეტი შემცველობით. ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას მოცულობა, ნარკოტიკული თრობის ეფექტის თვალსაზრისით, არ არის 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოცულობაზე მეტი. ამდენად, აღნიშნული დავა ნაწილობრივ, ასევე, გადაწყვეტილი იყო 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ შემთხვევაშიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (ძველი რედაქცია) მიმართებით.
მარიხუანა, რომელზეც საუბარია ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებში და რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, არის მცენარე კანაფის ზედა ნაწილის დაწვრილმანებული ფოთლები ყვავილებით, ანუ მარიხუანას კანაფის მხოლოდ ეს ნაწილები წარმოადგენს. თბილისის საქალაქო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ2 ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კანაფი არის მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა ფოთლებისა და თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი, იმავე მუხლის ჰ1. გ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მცენარე კანაფი - Cannabis-ის გვარის ნებისმიერი სახეობა.
რაც შეეხება განსახილველ კანაფის ფისს, იგი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ3 ქვეპუნქტის თანახმად, არის მცენარე კანაფისგან მიღებული (გამოყოფილი), გაწმენდილი ან გაუწმენდავი ფისი.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფის მიხედვით, კანაფის ფისზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იწყება 0,05 გრამიდან, კანაფის ფისის სადავო ოდენობა, საქმეში არსებული ქიმიური ექსპერტიზის №2088/სქ-2136/ქრ დასკვნის მიხედვით, არის 0,1315 გრამი, რომელიც აღემატება ამ ოდენობას, თუმცა ვერ აღწევს კანონით დადგენილ დიდ ოდენობას - 0,5 გრამს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს, მათში მოყვანილ არგუმენტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ექიმ-ნარკოლოგ ზაზა შენგელიას გაზიარებულ განმარტებას (2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება), რომლის მიხედვითაც, მარიხუანას შემადგენელი აქტიური ნივთიერება არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომლის საშუალო ოდენობა დაახლოებით 3%-დან 15%-მდეა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის განსხვავებული პროცენტული შემცველობის ერთი და იგივე ოდენობის მარიხუანა, ზემოქმედების თვალსაზრისით, განსხვავებული შედეგების გამომწვევი იქნება. გამოდის, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის ის მოქმედი ნივთიერება, რომელიც იწვევს თრობას, რაც, ასევე, აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დაცვის მხარის შუამდგომლობით წარმოდგენილ, ექიმ-ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 27 წლიანი სამუშაო გამოცდილებით) წერილობით განმარტებაში, სადაც ნათქვამია, რომ კანაფის ფისის, ისევე, როგორც მარიხუანას შემთხვევაში, ძირითადი აქტიური ნივთიერება არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი. ამავდროულად, მარიხუანა წარმოადგენს გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარის ზედა ნაწილებს ფოთლებით და ყვავილებით, ხოლო კნაფის ფისი მზადდება მცენარე კანაფისგან ვეგეტაციის გარკვეულ პერიოდში და არის მწვანე, მუქი ყავისფერი ან შავი ფერის მასა. იგივე ექიმ-ნარკოლოგის განმარტებით, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა მარიხუანაში აღწევს 13-15%-ს, ხოლო კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა არის დაახლოებით 2%, თუმცა შესაძლებელია 9-10 % მიაღწიოს.
ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილის წერილობითი განმარტებით (დოქტორი (სამედიცინო ფსიქოლოგია და ფსიქოპათოლოგია, 24 წლიანი სამუშაო გამოცდლება)), რომელიც, ასევე, დაცვის მხარის მიერ წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მარიხუანაში ტეტრაჰიდროკანაბინოლის საშუალო შემცველობა ვარიირებს 5-დან 10%-მდე, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მარიხუანას 70 გრამამდე, რომლის პირადი მიზნით შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ნებისმიერი ვადით საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო არაკონსტიტუციურად, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შეადგენს 3,5-7 გრამს. ამავე ექიმ-ნარკოლოგის თქმით, კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის საშუალო შემცველობა 10-20%-ია, ხოლო სადავო 0,1315 გრამი კანაფის ფისი შეიცავს დაახლოებით 0,013-0,026 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს. შესაბამისად, 0,1315 გრამ კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა (0,013-0,026 გრამი) მნიშვნელოვნად ჩამორჩება 70 გრამამდე მარიხუანაში არსებულ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობას - 3,5-7 გრამს, რომლისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად არის ცნობილი. ამავე ექიმ-ნარკოლოგის წერილობითი განმარტებით, მარიხუანას და კანაფის ფისის მოხმარებისას ნარკოგენულ ეფექტს წარმოადგენს ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ასევე, კანაფის ამ ორი პროდუქტის მოხმარების ფორმა ერთნაირია (მოწევა) და მათი ერთჯერადი დოზით მოხმარების დროს ორგანიზმში ერთი და იგივე ოდენობის ტეტრაჰიდროკანაბინოლი ხვდება. დავით ოთიაშვილმა წერილობით განმარტებაში, ასევე, აღნიშნა, რომ კანაფის ფისის სადავო ოდენობა (0,1315 გრამი) არის დაახლოებით მოსახმარად ერთი დოზა, ხოლო 70 გრამი მარიხუანა არის დაახლოებით 230 დოზა, ვინაიდან გამომშრალი მარიხუანას ერთჯერადი მოხმარების დოზა არის დაახლოებით 0,25-0,3 გრამი.
იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურადაა ცნობილი თავისუფლების აღკვეთა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის, რომელიც შეიცავს დაახლოებით 3,5-7 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს და რომელიც მიჩნეულ იქნა, რომ არ მიუთითებს მისი გასაღების მიზანზე, თბილისის საქალაქო სასამართლო თვლის, რომ საფუძველსმოკლებულია საუბარი სადავო - 0,1315 გრამი კანაფის ფისის გასაღების მიზნის ქონაზე და ცხადია, რომ შესაძლო რისკები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჰქონდა 70 გრამ მარიხუანას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს.
რაც შეეხება ეფექტს, რომელსაც იწვევს კანაფის ფისი, ზემოხსენებული ექიმ-ნარკოლოგების განმარტებით, მარიხუანას ეფექტის მსგავსია, ხოლო 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დასაბუთებაში სასამართლოს მიერ გაზიარებულია ექიმ-ნარკოლოგ ზაზა შენგელიას მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარების ქცევითი ეფექტია რელაქსაცია, ფსიქომოტორული აქტივობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, დაშორების მანძილის შეფასების უნარის დარღვევა, ეიფორია, კეთილდღეობის შეგრძნება, უდარდელი მდგომარეობა, განგაში, წუხილისა და ხალისის მონაცვლეობის მდგომარეობა.
ამ ეფექტების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნულია, რომ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, მაგრამ სასამართლომ კონსტიტუციის შეუსაბამოდ მიიჩნია პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული სხვათა უფლებების დარღვევისკენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ეხება, ასევე, კანაფის ფისს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლო თვლის, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამი) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და ლახავდეს ადამიანის ღირსებას, რაც არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით და გაუმართლებელი იყოს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს.
დასკვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამამდე), პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო, შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა