თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/4/1660 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2022 17:59 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1660) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე − ბადრი ნიპარიშვილი). №1660 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 26 ნოემბერს. №1660 კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 თებერვალს.
2. №1660 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტიო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაცულია ადამიანის თავისუფლება.
5. №1660 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირველი წარდგენის სხდომაზე განიხილავდა ბრალდების მხარის მიერ სადავო ნორმის საფუძველზე დაყენებულ შუამდგომლობას ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს, ხოლო მისი გადახდის უზრუნველსაყოფად პატიმრობის შეფარდების შესახებ. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის ფორმულირება ითვალისწინებს არა უფლებამოსილებას, არამედ ვალდებულებას, დაკავების ფაქტის გამო, გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნეს პატიმრობა. სადავო ნორმიდან გამომდინარე, არ რჩება ადგილი პატიმრობის შეფარდების მართლზომიერების შეფასებისთვის, რის გამოც სასამართლო ბრალდებულს პატიმრობას უფარდებს ყველა შემთხვევაში და არამხოლოდ მაშინ, როდესაც ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
6. №1660 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს იმ შემთხვევაშიც არ რჩება შეფასების თავისუფლება, როდესაც პროკურორი არ ითხოვს, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, პატიმრობის შეფარდებას, ვინაიდან დაკავების ფაქტი, თავისთავად, მისი გამოყენების წინაპირობაა. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ასეთ ვითარებაში მოსამართლე ირგებს ბრალმდებლის როლს და იყენებს უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიებას, ვიდრე ეს პროკურორმა მოითხოვა.
7. №1660 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საპროცესო სამართლებრივი ღონისძიება - დაკავება, რომელიც მაქსიმუმ 72 საათით გამოიყენება, გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენების შემთხვევაში, გრძელვადიან პატიმრობად გარდაქმნის იერს იძენს. წარდგინების ავტორის პოზიციით, აღნიშნულს ფორმალურად აღკვეთის ღონისძიება - „პატიმრობა“ ჰქვია და სასამართლოც, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, ვალდებულია, იგი გამოიყენოს, თუმცა, თუ პირს პატიმრობა მხოლოდ იმიტომ ეფარდება, რომ დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ დაკავება - „პირის თავისუფლების შეზღუდვა/აღკვეთა“ - 72 საათის შემდეგაც განაგრძობს მოქმედებას.
8. №1660 კონსტიტუციური წარდგინებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაკავებული პირის მიმართ გირაოს შეფარდებისას პატიმრობა ავტომატურად გამოიყენება, ხოლო სხვა აღკვეთის ღონისძიებების (მაგ., პირადი თავდებობა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ) შეფარდების შემთხვევაში. პირი დაუყოვნებლივ თავისუფლდება დაკავებიდან, თუმცა იმის კატეგორიულად თქმა, რომ გირაო უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებაა, ვიდრე დანარჩენი, რთულია.
9. №1660 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მტკიცებით, „საპატიმრო გირაოს“ გამოყენების პრაქტიკაში ნაკლოვანებას წარმოადგენს გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტიც, რაც სადავო ნორმიდან გამომდინარეობს. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო კონსტიტუციურ წარდგინებაში მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილი მყიფე საკანონმდებლო წესის საფუძველზე, ავალდებულებს მოსამართლეს, გამოიყენოს პატიმრობა, რაც ადგილს აღარ უტოვებს არგუმენტირებულ მსჯელობას და, შესაბამისად, დასაბუთების საჭიროებას. ამასთან, წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ საერთო სასამართლოთა პრაქტიკით, დასაბუთებას ექვემდებარება მხოლოდ გირაოს შეფარდება, ხოლო პატიმრობის შეფარდების საკითხი, დასაბუთების გარეშე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილით წყდება. მისი აზრით, ყოველივე აღნიშნული განაპირობებს გასაჩივრების უფლების შეზღუდვას.
10. №1660 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სადავო ნორმა წინააღმდეგობრივია, როდესაც, ერთი მხრივ, პატიმრობის გამოყენება მიიჩნევა დაუშვებელ და არასაჭირო ზომად, რადგან გირაო უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, ხოლო აღნიშნული დასკვნის მიუხედავად, პირს შეეფარდება პატიმრობა, რომელიც გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, ბრალდებულის განგრძობადი პატიმრობის საბაბად გადაიქცეს. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ე.წ. „საპატიმრო გირაოს“ შეფარდებისას სასამართლო ასაბუთებს გირაოს გამოყენების მიზანშეწონილობას, რაც იმას გულისხმობს, რომ აღკვეთის ღონისძიების ძირითადი სახე სწორედ გირაოა და ნიშანია, რომ პირის დაპატიმრება აუცილებელი აღარ არის, ხოლო, მეორე მხრივ, ვინაიდან პირი ფაქტობრივად პატიმრობაში რჩება, მის მიმართ პარალელურად გამოყენებულია მეორე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
11. №1660 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმა პატიმრობის ინსტიტუტის თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. კერძოდ, თუ ბრალდების მხარე ვერ შეძლებს, წარმოადგინოს დაპატიმრებისათვის საკმარისი გარემოებები, მას აქვს საშუალება, დააკავოს პირი, მოითხოვოს გირაო და ამ გზით მოხდეს პირისათვის პატიმრობის შეფარდება. გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში კი (მისი გადაჭარბებული ოდენობით შეფარდების შემთხვევაში), პატიმრობის ვადა შესაძლოა, ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ამ თვალსაზრისითაც ნიშანდობლივია, რომ დაკავების ფაქტი არ არის ადეკვატური, სათანადო კრიტერიუმი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ბრალდებულის განგრძობით პატიმრობას.
12. დამატებით, №1660 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაკავების განჩინება არასწორად გაიცა, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას მოსამართლე ვერ გადასინჯავს დაკავების განჩინების საფუძვლიანობას, რის გამოც, პირი, ასეთი დაკავების გამო, შესაძლოა, დაემორჩილოს განგრძობად პატიმრობას.
13. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, №1660 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს.
14. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, №1660 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1660 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1660 კონსტიტუციური წარდგინება.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. №1341 და №1660 კონსტიტუციური წარდგინებები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში