„შპს იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/1553 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 მარტი 2022 16:58 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა“, „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტების სიტყვების: „ფიზიკური პირისათვის“ და „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტების სიტყვების: „ფიზიკური პირისათვის“ და „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები ‒ „შპს იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორები გიორგი ხეცურიანი და გიორგი თომაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ‒ ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური, ხატია პაპიძე და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1553) მომართა „შპს იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯიამ.“ №1553 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 2 დეკემბერს. №1553 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 15 ოქტომბერს.
2. №1553 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის ოდენობების ზედა ზღვრებს სამივე ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. კერძოდ, აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისათვის ‒ 5 000 ლარს; სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვარი ფიზიკური პირებისთვის შეადგენს 5 000 ლარს, იურიდიული პირებისათვის კი 7 000 ლარს; ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად, 6 000 და 8 000 ლარს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
5. №1553 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის, ფიზიკურ პირთან შედარებით, განსხვავებული, მაღალი ზღვრული ოდენობის დაწესება იწვევს იურიდიული პირის დისკრიმინაციას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გაუმართლებელია სახელმწიფო ბაჟის განსხვავებული ზედა ზღვრის დადგენა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მაშინ, როდესაც ისინი სასამართლოს მსგავსი საპროცესო მოქმედებისთვის მიმართავენ და დარღვეული უფლების აღდგენის თანაბარი ინტერესი გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან შესადარებლ პირთა დიფერენცირება გამომდინარებს მხოლოდ მათი სამართლებრივი სტატუსიდან, რაც ვერ გაამართლებს განსხვავებულ მოპყრობას.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დიფერენცირება გამომდინარეობს როგორც ფიზიკური პირისათვის პრივილეგიის მიმნიჭებელი, აგრეთვე იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრის დამდგენი ნორმების ერთობლივი წაკითხვიდან. მხოლოდ ფიზიკური პირის აღმჭურველი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისას სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვარი ფიზიკური პირებისთვის აღარ იარსებებს. ანალოგიური შედეგი დადგება მხოლოდ იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრის დამდგენი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი მათი ერთობლივად წაკითხვით უნდა შეაფასოს.
8. №1553 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრის დამდგენი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას სრულად, ხოლო ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრის დამდგენი ნორმიდან მხოლოდ სიტყვების ‒ „ფიზიკური პირისათვის“ გაუქმებას. ამ გზით, აღარ იარსებებს იურიდიული პირებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრები დამოუკიდებლად და შესაძლებელი იქნება, ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის უკეთესი ‒ 3 000, 5 000 და 6 000 ლარიანი ზედა ზღვრების ერთნაირად გავრცელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა. კერძოდ, ერთი მხრივ, ფიზიკური და იურიდიული პირების თანასწორობის უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი, არსებული სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრების იურიდიული პირებისათვის შემცირება.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
10. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე №1553 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის წარმომადგენლებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა“, „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტების სიტყვების: „ფიზიკური პირისათვის“ და „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტების სიტყვების: „ფიზიკური პირისათვის“ და „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა აგრეთვე უარი განაცხადეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, №1553 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულ შუამდგომლობაზე.
12. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, როდესაც საკითხი სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრების დამდგენ აღმჭურველ რეგულაციებს შეეხება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოსარჩელე მხარემ სადავოდ უნდა გახადოს ის რეგულაციები, რომლებიც ფიზიკურ პირებს უკეთეს სამართლებრივ რეჟიმში აყენებს იურიდიულ პირებთან შედარებით და ადგენს ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბალ ზღვრულ ოდენობებს. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის არა ფიზიკური პირებისათვის უკეთესი სამართლებრივი რეჟიმის დამდგენ რეგულაციებს სრულად, არამედ მხოლოდ კონკრეტულ სიტყვებს ‒ „ფიზიკური პირისათვის“. აღნიშნული სიტყვები კი, სახელმწიფო ბაჟის კონკრეტულ ზღვრულ ოდენობაზე მიბმის გარეშე, დამოუკიდებლად არ ადგენს გარკვეულ ქცევის წესს. სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად ფორმულირებით, მოსარჩელე მხარეს სურს ახალი ნორმატიული წესის შექმნა და იურიდიული პირების მოქცევა იმ ნორმების მოქმედების ფარგლებში, რომლებიც სხვა პირთა წრის ქცევის წესს არეგულირებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ №1553 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
13. ამავდროულად, მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმები აღმჭურველი ხასიათისაა და მიზნად ისახავს სასამართლოსადმი მიმართვისას პირებისათვის არაგონივრულად დიდი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების თავიდან აცილებას. სახელმწიფოს ამგვარ დამოკიდებულებას კავშირი აქვს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებასთან. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრული ოდენობა, შესაძლებელია, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ იმ მოცულობას მიაღწიოს, რომ ისინი მოკლებულ იქნენ შესაძლებლობას, მიმართონ სასამართლოს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიცირებულია უფლებამზღუდველი რეგულაცია. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს კონსტიტუციური სარჩელი და მიუთითოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
3. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ზღვრულ ოდენობებს. კერძოდ, აღნიშნული ნორმების მიხედვით, ფიზიკური პირების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში არ უნდა აღემატებოდეს 3 000, 5 000 და 6 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისათვის, შესაბამისად ‒ 5 000, 7 000 და 8 000 ლარს. ამრიგად, გასაჩივრებული ნორმები აღმჭურველი ხასიათისაა, ისინი ადგენენ არა ზოგადად ბაჟის გადახდის ვალდებულებას, არამედ განსაზღვრავენ სხვა ნორმების საფუძველზე გადასახდელი ბაჟის მაქსიმალურ ოდენობებს. ამავე დროს, აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ, სახელმწიფო ბაჟის ზღვრულ ოდენობებთან დაკავშირებით, ფიზიკური პირებისათვის დადგენილია უკეთესი სამართლებრივი რეჟიმი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, წარმოადგენს რა საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას ახორციელებს ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობის გზით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არა არსებული ნორმატიული მოცემულობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ, არამედ სადავო ნორმიდან შესაბამისი სიტყვების ამოღების გზით ახალი შინაარსის ნორმის მიღებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ‒ ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური უფლებამოსილება მოიაზრებს არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტში სიტყვების სასურველი თანმიმდევრობით გადაჯგუფებას და, ამ გზით, ახალი, განსხვავებული შინაარსის ნორმატიული აქტების მიღებას, არამედ კანონმდებლის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტების (მათი ნორმატიული შინაარსის) გაუქმებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/17/1301 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-7).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „ცალკეულ შემთხვევაში, სადავო ნორმის ტექსტის რომელიმე კონკრეტულ გრამატიკულ ერთეულში (სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი) შესაძლებელია, ამოკითხულ იქნეს დამოუკიდებელი, ავტონომიური ნორმატიული შინაარსი. ასეთ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესაფასებელ მოცემულობად იღებს ნორმის ამგვარ გამოხატულებას და აფასებს ამ გრამატიკულ ერთეულში გამოვლენილი ქცევის წესის კონსტიტუციურობას. თუმცა სასამართლო ცალკეული სიტყვის ან სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას არსებითად განსახილველად იღებს და აფასებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე ასაბუთებს, რომ სწორედ ამ ნაწილშია გამოხატული მისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსი და არა მაშინ, როდესაც მოსარჩელეს ნორმის ტექსტიდან სიტყვების მექანიკურად ამოღების გზით სურს ახალი, მისთვის სასურველი ნორმის მიღება. ამგვარად, სიტყვების მექანიკურად ამოღების გზით ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნა სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას და ამგვარი მოთხოვნა დაუსაბუთებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №2/5/1327 განჩინება საქმეზე „„შპს დუთი ფრი ჯორჯია“ და „შპს დუთი ფრი გლობალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
6. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა იგი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს ახალი სამართლებრივი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა. შ.. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ პირთა შორის განსხვავებული მოპყრობა მომდინარეობს როგორც ფიზიკური პირისათვის პრივილეგიის, აგრეთვე იურიდიული პირისათვის უარესი სამართლებრივი რეჟიმის დამდგენი ნორმების ერთობლივი წაკითხვიდან. მოსარჩელე მხარე ერთიან კონტექსტში ითხოვს იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრის დამდგენი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას სრულად, ხოლო ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრის დამდგენი ნორმებიდან მხოლოდ სიტყვების ‒ „ფიზიკური პირისათვის“ გაუქმებას. შედეგად, ერთი მხრივ, აღარ იარსებებს წესი, რომელიც ცალკე დაარეგულირებს იურიდიული პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას, ხოლო, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირთან დაკავშირებული მოწესრიგდება ჩამოყალიბდება იმგვარად, რომ მოიცვას იურიდიული პირიც. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის უკეთესი ‒ 3 000, 5 000 და 6 000 ლარიანი ზედა ზღვრების უნიფიცირებულად გავრცელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის გაუმართლებელი დიფერენცირების აღმოფხვრას, მეორე მხრივ კი, იურიდიული პირებისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრების შემცირებას.
8. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები აღმჭურველი ხასიათისაა. ისინი არ ადგენენ იურიდიული პირებისათვის რაიმე ოდენობით ბაჟის გადახდის ვალდებულებას. მათ შორის, ის, რომ ამა თუ იმ საქმეზე იურიდიულ პირს შესაძლოა დაეკისროს ‒ 5 000, 7 000 ან 8 000 ლარის ოდენობის ბაჟის გადახდა, არ გამომდინარეობს სადავო ნორმებიდან. შესაბამისად, სადავო ნორმების რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმება იურიდიული პირებისათვის ხსენებული ოდენობით ბაჟის გადახდის ვალდებულების გაუქმებას არ გამოიწვევს. ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება მოყვეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურაც ცნობას არის გადასახდელი ბაჟის ზედა ზღვრის გაუქმება ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის და, შესაბამისად, მხოლოდ ამ კონტექსტშია შესაძლებელი მათ არაკონსტიტუციურობაზე დავა.
9. აღნიშნული საპირისპიროდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე ითხოვს არა, ზოგადად, ფიზიკური პირებისათვის პრივილეგიის მიმნიჭებელი რეგულაციების გაუქმებას, არამედ მიზნად ისახავს, კონკრეტული სიტყვების, გრამატიკული ერთეულის არაკონსტიტუციურად ცნობის გზით, სადავო ნორმების შინაარსის გაფართოებას და სადავო ნორმების მოქმედების პირთა იმ წრეზე გავრცელებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ გასაჩივრებული ნორმების მოქმედების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამგვარად, ნათელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისაკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად ფორმულირება და ნორმიდან კონკრეტული სიტყვების ამოღებით მისი მოქმედების ფარგლების გაფართოების მოთხოვნა არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ნეგატიური კანონმდებლის უფლებამოსილებას.
10. ამრიგად, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის შინაარსის გაფართოებას, სადავო ნორმებიდან სიტყვების ამოღების გზით. ხსენებული მოთხოვნა კანონმდებლობაში პოზიტიური დანაწესის შექმნის იდენტურია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება. ხსენებულის გათვალისწინებით, №1553 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1553 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში