შპს „იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1553 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს „იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ |
თარიღი | 30 ნოემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსი
ბ. სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა.“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ფიზიკური პირისათვის“ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ.“ ქვეპუნქტი; 1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ა.“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ფიზიკური პირისათვის“ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტი; 1.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა.“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ფიზიკური პირისათვის“ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ბ.“ ქვეპუნქტი; 2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ფიზიკური პირისათვის“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტი. 2.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ფიზიკური პირისათვის“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი; 2.2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ფიზიკური პირისათვის“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი;
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. იგი წარდგენილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ. ასევე, სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები/ჩანაწერი მართლსაწინააღმდეგოდ, პოტენციურად გვირღვევს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებს. კერძოდ, პოტენციურად გვეზღუდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტი სრულყოფილი სარგებლობა.
სადავო ნორმების თანახმად, ერთი და იმავე საპროცესო მოქმედებაზე, სასამართლოსთვის მიმართვის დროს, დარღვეული უფლების აღსადგენად იურიდიული პირები ფიზიკური პირებისგან განსხვავებით იხდიან შედარებით მაღალ სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვარს (სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვარი: პირველი ინსტანცია: ფიზ. პირები 3000 ლარი; იურიდიული პირები - 5000 ლარი; მეორე ინსტანცია: ფიზ. პირები - 5000 ლარი; იურიდიული პირები - 7000 ლარი; მესამე ინსტანცია: ფიზ. პირები: 6000 ლარი; იურიდიული პირები - 8000 ლარი ). აღნიშული ჩანაწერი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს იურიდიული პირის უფლებებსა და ინტერსებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამეწარმეო იურიდულ პირებს.
ხსენებული ნორმების დისკრიმინაციული ჩანაწერი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენი კოპმპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსიდან გამომდიანრე, მიგვაჩნია, რომ პოტენციურად ირღვევა ჩვენი უფლებები, ვინაიდან, სადავოობისას სასამართლოში ბაჟის სახით მოგვიწევს შედარებით მაღალი თანხის გადახდა. ამასთან, სასამართლო დავის ხარჯების გაზრდის თვალსაზრისით, ამგვარმა ჩანაწერიმა შესაძლოა შექმნას სასამართლოში დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართვის ბარიერები, რაც ცხადია ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოსა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპებს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნერმები ეხება სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვარს (სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვარი: პირველი ინსტანცია: ფიზ. პირები 3000 ლარი; იურიდიული პირები - 5000 ლარი; მეორე ინსტანცია: ფიზ. პირები - 5000 ლარი; იურიდიული პირები - 7000 ლარი; მესამე ინსტანცია: ფიზ. პირები: 6000 ლარი; იურიდიული პირები - 8000 ლარი ). მიგვაჩნია, რომაღნიშული ჩანაწერი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს იურიდიული პირის უფლებებსა და ინტერსებს. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი შეეხება ადამიანის ორ ფუნდამენტურ უფლებას – „თავისუფლებასა” და „თანასწორობას”. კანონის წინაშე თანასწორობა, უწინარესად, ყველასთვის თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტებით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე და, რომლებიც ასეთივე თანაბარ მოვალეობებს უკავშირდება. დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის წინაშე თანასწორობა ერთ-ერთი უმთავრესი სამართლებრივი პრინციპია. ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი რასობრივი, ენობრივი, სოციალური, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა კუთვნილებისა, ექვემდებარება ერთი და იმავე კანონს, რომ ეს კანონი თანაბრად უნდა იქნეს მათ მიმართ გამოყენებული. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და გააჩნია თანაბარი სამართლებრივი დაცვა კანონის საფუძველზე. ყველას გააჩნია თანაბარი დაცვა დისკრიმინაციისა და ასეთი დისკრიმინაციისაკენ წაქეზების წინააღმდეგ.კანონის წინაშე თანასწორობა გულისხმობს მხოლოდ ადამიანთა იურიდიულ თანასწორობას. როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების პროცესში სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. „კანონის წინაშე თანასწორობა” არ გულისხმობს ფაქტობრივ თანასწორობას და ადამიანთა სრულ გათანაბრებას ყველგან და ყველაფერში. ეს არ გამორიცხავს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. კანონის წინაშე თანასწორობა არა თუ გამორიცხავს ადამიანთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, არამედ, შესატყვის შემთხვევებში, მოითხოვს კიდევაც ამას.
ერთგვაროვანი მიდგომები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთგვაროვანი, მსგავსი მოცემულობების მიმართ.თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ შეეხება მხოლოდ პიროვნებებს, თუმცა, მისი მოქმედება ასევე ვრცელდება იურიდიულ პირებზეც. კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ხორცშესხმული და დაზუსტებულია კონსტიტუციის სხვა მუხლებითა და კანონმდებლობით. მასვე ემსახურება აგრეთვე ყველასათვის თანაბარი საპროცესო უფლებების მინიჭება. მართლმსაჯულების განხორციელებისას მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი და ყველა ის უფლება, რასაც იგი მოიცავს. თანასწორობის უფლება უზრუნველყოფს, რომ ყველას სამართლებრივი დაცვის თანაბარი საშუალებები გააჩნდეს და არ დაიჩაგროს ფინანსური უმწეობის, სამართლებრივი ფორმის, სამართალწარმოების ენის არცოდნის, ანდა სხვა მიზეზით. თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის საშუალებად განიხილება ე.წ. შესაძლებლობათა თანასწორობაც.
კოსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს ყველასათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას და სამართლიანი კრიტერიუმების გამოყენებას. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს, არ დაუშვას (მათ შორის, კერძო სექტორში) პირთა პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია. იმისათვის, რომ განსხავებული მოპყრობა აკრძალულ საფუძველზე დისკრიმინაციად შეფასდეს, აუცილებელია, დადგინდეს, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი განსხვავებულ მოპყრობას და მართლაც იყო თუ არა ეს დაკავშირებული აკრძალულ საფუძველთან, ანუ პირის რასობრივ, რელიგიურ თუ სხვა კუთვნილებასთან. „განსხავებული მოპყრობის” იდენტიფიკაცია. აქ შემთხვევათა ორი ჯგუფი გამოიყოფა. პირველი, როდესაც პირებს ან პირთა ჯგუფს სახელმწიფო ეპყრობა უფრო უარესად, ვიდრე მსგავს ვითარებაში მყოფ სხვა ჯგუფს. მეორე, როდესაც სახელმწიფო პირებს, ან პირთა ჯგუფისათვის ვერ უზრუნველყოფს, რომ მანაც ისარგებლოს ისეთივე შეღავათით ან უპირატესობით, როგორითაც სარგებლობს სხვა ჯგუფი მსგავს ვითარებაში. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმას, განსხვავებული მოპყრობის შესაძლებლობა კანონით იყო გათვალისწინებული, თუ ასეთი რამ კანონის გამოყენების პროცესში იყო დაშვებული და ის აკრძალულ საფუძველს უკავშირდებოდა. განსხვავებულ ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის ვალდებულება. ადამიანის უფლება, იყოს დისკრიმინაციისაგან თავისუფალი, ირღვევა, როდესაც სახელმწიფო, „ობიექტური და გონივრული გამართლების” გარეშე, არ (ან ვერ) უზრუნველყოფს, რომ არაერთგვაროვნად მოეპყროს ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებიან.
სარჩელში წარმოდგენილი ნორმატიული აქტების სადავო ნორმების მიხედვით იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ბაჟს უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე ფიზიკური პირები, როდესაც ისინი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ასეთი განსხვავებული მიდგომა და მოთხოვნები აშკარად არის არაკონსტიტუციური და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც აღიარებულია კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა განურჩევლად რაიმე ნიშნისა.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. აქედან გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლება ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზე მიუხედავად მათი სტატუსისა.
მიუხედავად ამისა, სადავო ნორმები პირდაპირ ახდენენ იურიდიული პირებისათვის ამ უფლების დარღვევას მათი სტატუსის გამო. კანონის წინაშე თანასწორობა პირველ რიგში ნიშნავს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობის უფლებას. შესაბამისად ყველა პირისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი მართლმსაჯულება და სამართლებრივი დაცვა კანონის საფუძვეზე. შესაბამისად თუკი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პუნქტის მიხედვით არ იქნება უზრუნველყოფილი პირთა თანასწორობა, ასევე არ იქნება თანაბარი შესაძლებლობა უზრუნველყოფილი ყველა პირისათვის მიმართოს და დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოს საშუალებით.
თანასწორობის პრინციპი ასევე მყარად არის დაკავშირებული სამართლიანობის პრინციპთან, ვინაიდან თანასწორობა სამართლიანობის გარეშე მოკლებულია თავის შინაარს თუ დანიშნულებას ისევე როგორც, სამართლიანობის ერთ-ერთი კრიტერიუმია თანასწორობა. აქედან გამომდინარე რთულია სამართლებრივად გამოინახოს ისეთი დასაბუთება, რითაც გამართლდება და სამართლიანად ჩაითვლება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ასეთ განსხვავებული ვალდებულება და მიდგომა როგორც საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. შესაბამისად, ამ ნორმიდან გამომდინარეობს ის აზრი, რომ ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა იყოს იმგვარად ჩამოყალიბებული და არ უნდა აწესებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებითაც ამ უფლების რელიზაციის პროცესში ბარიერებს წარმოქმნის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ბარიერი გამომდინარეობს ფიზიკურ პირებთან შედარებით იურიდიული პირებისთვის განსვხავებული ოდენობის სახელმწიფო ბაჟის დაწესებით. თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციაა, უზრუნველყოს სამართლებრივი მშვიდობა და სამართლებრივი უსაფრთხოება. მას აქვს ძალაუფლების მონოპოლია და კრძალავს მოქალაქეთა მიერ თვითიუსტიციის განხორციელებას. სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, ადამიანებისათვის უზრუნველყოს უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სამართლებრივი გზა და ამით სოციალური კონფლიქტები მოაქციოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ სამართლებრივ პროცესებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის (სარჩელის შეტანის) შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამასთან, კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ მოიცავს პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის; მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენის მოთხოვნის; თავისი მოსაზრებების გამოთქმისა და პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის; მისი საქმის გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება. კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას სამართლებრივი დაცვის სისტემა.
მოცემულ ვითარებაში, სადავო ნერმებთან მიმართებით საგულისხმოა, რომ ხსენებული მადიფერენცირებელი ჩანაწერი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ გამომდინარეობს. შესაბამისად, ჩვენთვის სასურველი შედეგის დასადგომად სადავოდ ვხდით მადიფერენცირებელ ნორმებს. მაგალითისათვის: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს; ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს. განსახილველ შემთვევაში, მხოლოდ ცალკეული ნორმების (მაგ.: მხოლოდ ა.ა. ან ა.ბ. ქვეპუნქტის) არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ დააყენებს ჩვენთვის სასურველ შედეგს, ვინაიდან, მხოლოდ, ა.ა. ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად/ძალადაკარგულად ცნობისას სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვარი ფიზიკური პირებისთვის აღარ იარსებებს. ანალოგიური შედეგი დადგება მხოლოდ ა.ბ. ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად/ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაშიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი მიზნის მისაღწევად, იურიდიული პირებისათვის შედარებით მაღალი სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრის ოდენობის გაუქმების მიზნით სადავოდ ვხდით ფიზიკური პირებისთვის დაბალი სახელმწიფო ბაჟის ზედა ზღვრის განმსაზღვრელი ნორმის ნაწილს, სიტყვები: „ფიზიკური პირისათვის“ ( მაგ.: ხსენებული ა.ა. ქვეპუნქტის ჩანაწერი) და იურიდიული პირისათვის მაღალი ბაჟის განმსაზღვრელ ნორმას სრულად (მაგ.: ხსენებული ა.ბ. ქვეპუნქტი სრულად). ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული სამაგალითო ნორმა იარსებებს შემდეგი შინაარსით: „სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ა.ა) 3 000 ლარს;“ (აღნიშნული პრინციპით ჩამოყალიბდება სხვა სადავო ნორმების შინაარსიც). ამ მოცემულობით, სასამართლო სახელმწიფო ბაჟის ზედა ზვღვრული ოდენობა არ გაუქმდება არც ერთი სამართლის სუბიექტისათვის, მას აღარ ექნება მადიფერენცირებელი ელემენტები და იგი საერთო იქნება ყველა პირისათვის. შესაბამისად, გამართლდება დისკრიმინაციული ჩანაწერის გაუქმების ლეგიტიმური მიზანი.
პ.ს.: აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დასაბუთებისთვის იხ. სხვა შუამდგომლობების გრაფა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი