საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2014 წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სტაჟიორ (პროკურორ) გიორგი რამიშვილის შუამდგომლობის განხილვა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მურმან აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად ბრალდებული მურმან აბაშიძე 2010 წლის ივნისიდან შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი (ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან და კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
ამ ნორმის ანალიზით ნათელია, რომ საკრებულოს წევრის საქმიანობის პირობები განისაზღვრება "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, რომლითაც რეგულირებულია საკრებულოს წევრის საქმიანობა, მათ შორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, არ ითვალისწინებს საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეჩერებას და არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს სასამართლო განჩინება.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად. მათ უფლება აქვთ აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.
ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი
უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული თანამდებობის პირის - საკრებულოს წევრის გადაყენება განხორციელდეს, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს და შეფასებული იქნეს საკრებულოს წევრ მურმან აბაშიძის კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევად, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის შესაფასებლად უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.