ბათუმის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/583 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 4 ივლისი 2014 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის პირველ აპრილს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №583) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე დავით მამისეიშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2014 წლის 4 ივლისს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მურმან აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორის გიორგი რამიშვილის შუამდგომლობის განხილვა და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, არჩეული თანამდებობის პირის, კერძოდ, საკრებულოს წევრის თანამდებობიდან გადაყენება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისგან. დასახელებული კანონი არ ითვალისწინებს საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობას და არ არის განსაზღვრული თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია, აღასრულოს სასამართლო განჩინება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსახილველ საქმეში წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირის, საკრებულოს წევრის, თანამდებობიდან გადაყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. წარდგინების ავტორი არ მიუთითებს სადავო ნორმით სხვა იმ თანამდებობის პირების, გარდა საკრებულოს წევრებისა, კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე, რომლებთან დაკავშირებითაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება. წარდგინების ავტორი, სადავო ნორმის საფუძველზე, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩეული თანამდებობის პირის, საკრებულოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას მიიჩნევს კონსტიტუციის 29-ე მუხლის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარდგინებით, სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩეული თანამდებობის პირის, საკრებულოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარდგინებით მიმართა 2014 წლის პირველ აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის დროს სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისს მიიღო გადაწყვეტილება №3/1/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს სხვა ნორმებთან ერთად წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებას. შესაბამისად, წარდგინების ავტორის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, საქმის განხილვის მომენტისათვის, წარდგინების ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია. ამავე დროს, სახეზე არ არის სამართალწარმოების გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, №583 კონსტიტუციურ წარდგინებაზე უნდა შეწყდეს საქმე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს №583 კონსტიტუციურ წარდგინებაზე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი