საქართველოს მოქალაქე ლაშა კუჭავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 589 |
ავტორ(ებ)ი | ლაშა კუჭავა |
თარიღი | 30 აპრილი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ლაშა კუჭავას კონსტიტუციური სარჩელი: 1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; 2. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლაშა კუჭავა უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 3. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს; 4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; 5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებულ უფლებებს; 6. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა; 7. არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის შესწავლის გარეშეც შეუძლებელია სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 134 (4) მუხლი ადგენს, რომ: 1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კონკურსის წესით უნდა შეივსოს, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა. დასახელებული ნორმის პირველი პუნქტის ამოქმედების შემდეგ, რაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებას უკავშირდება, ლაშა კუჭავა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული პირი, ავტომატურად ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახურში არსებული თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი უნდა დაინიშნოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არა უგვიანეს 120-ე დღისა. შესაბამისად, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არა უმეტეს 120 დღე არის მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის მაქსიმალური ზღვარი. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კი ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა უშუალოდ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირთა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. რაც შეეხება მის კავშირს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ შრომის უფლებასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2-9-556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის განმარტებისას კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #№1/2/569 გადაწყვეტილება.) კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს (თანამდებობის დაკავება, თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელება, თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვა) განსაზღვრის შემდეგ, მიზანშეწონილია განვიხილოთ რაზე მიუთითებს ამავე მუხლის მე-2 პუნქტი. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. ნორმატიულ აქტს კი, რომელიც სახელმწიფო სამსახურის პირობებს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს იგი „ადგენს საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.“ (იხ. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“). სწორედ ამ კანონის ნაწილს წარმოადგენს სადავო აქტიც. შესაბამისად, უნდა შეფასდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები, სადავო აქტით დადგენილი ჩარევის ხასიათი, მისი მიმართება როგორც უფლების მარეგულირებელ კონსტიტუციურ ნორმასთან, ასევე კანონის სხვა ნორმებთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. (იხ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-16 მუხლი). აღნიშნულის პარალელურად სახეზე არ უნდა იყოს საჯარო სამსახურში დასაქმების გამომრიცხავი ისეთი გარემოებები, როგორიცაა ნასამართლეობა, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ა.შ. (იხ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლი). ეს არის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველ პირს წაეყენება. კონკურსის გავლა, სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება საჯარო სამსახურში დასაქმების შემდგომი ეტაპია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. პირს, რომელიც იკავებს ამა თუ იმ თანამდებობას, უნდა ჰქონდეს შეგნებული, რომ ეს თანამდებობა და შესაბამისი მდგომარეობა მუდმივი არ არის და შესაძლებელია დაექვემდებაროს გონივრულ შეზღუდვებს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბერის #2/2-389 გადაწყვეტილება). სასამართლოს აღნიშნულ განმარტებაში ყურადღებას ორი ტერმინი იქცევს: მდგომარეობის მუდმივობა და შეზღუდვების გონივრულობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ საჯარო სამსახურში დასაქმება მოიცავს კონკურსის გავლას, სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ ეტაპების წარმატებით გადალახვა წარმოქმნის მოხელის კანონიერი მოლოდინს, რომ დასაქმებულია უვადოდ. აღნიშნული მოლოდინის საფუძველია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, გარდა გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოხელე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით. რაც შეეხება შემთხვევებს, როცა სამსახურის მუდმივობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას ან უფლება შეზღუდვას დაექვემდებაროს, ასეთს წარმოადგენს გათავისუფლება დისციპლინური სამართალდარღვევის ჩადენის ან საშტატო ერთეულის შემცირების/ლიკვიდაციის საფუძველზე. ყველა სხვა შემთხვევაში, პირს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ დასაქმებულია უვადოდ. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ერთის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვის, ხოლო მეორეს მხრივ საჯარო სამსახურის სტაბილურობის გარანტიაა. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით, საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება - განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის # №1/2/569 გადაწყვეტილება) თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია იმის დადგენა, არსებობს თუ არა ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მისაღწევადაც შეეზღუდათ [...] საქმიანობის განხორციელების უფლება უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე და რამდენად სამართლიანად განისაზღვრა ბალანსი პირთა უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის # №1/2/569 გადაწყვეტილება). შესაბამისად, სადავო აქტით განსაზღვრული შეზღუდვის შესაფასებლად უნდა მოხდეს ლეგიტიმური მიზნის იდენტიფიცირება და შეზღუდვის პროპორციულობის განსაზღვრა. ,,ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება). განმარტებითი ბარათის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს ნორმებთან ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას უკავშირდება. ამდენად, უნდა შეფასდეს: 1. რამდენად რეალურია ლეგიტიმური მიზანი, ანუ არსებობდა თუ არა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების დაუძლეველი ინტერესი; 2. მიიღწევა თუ არა მიზანი განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით; 3. არის თუ არა სადავო აქტით დადგენილი ქცევის წესი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი და ამავდროულად პროპორციული ზომა. საკითხის საფუძვლიანი შესწავლა ადასტურებს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების გათავისუფლების საკითხს (როგორც უვადოდ დანიშნული, ასევე მოვალეობის შემსრულებელი) საერთოდ არ ეხება. შესაბამისად, არ არსებობს კავშირი ე.წ. „ლეგიტიმურ მიზანსა“ და სადავო აქტს შორის. მით უფრო, რომ საჯარო სამსახურში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარებას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი სადავო აქტისგან დამოუკიდებლად არეგულირებს. 134 (4) მუხლის მე-2 პუნქტი მხოლოდ კონკურსის ჩატარების ვადას აკონკრეტებს და მას სადავო აქტისგან დამოუკიდებლად შეუძლია არსებობა. უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება). იმის გათვალისწინებით, რომ კავშირი სადავო აქტსა და ლეგიტიმურ მიზანს შორის არ იკვეთება, შეუძლებელია შეფასება წარმოადგენს თუ არა სადავო აქტით დადგენილი ქცევის წესი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ და ამავდროულად პროპორციულ ზომას. საუბარი შესაძლებელია საუბარი კიდევ ერთ, კერძოდ საჯარო სამსახურის რეფორმის მიზანზე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება მიზნის მიღწევის ერთადერთი და მით უფრო პროპორციული ზომა ვერ იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს არა მოწყვეტილად, არამედ სხვა შესაბამის ნორმებთან კავშირში. ასევე მნიშვნელოვანია ნორმის პრაქტიკული გამოყენება. სადავო აქტის ამოქმედების შემთხვევაში, არა მხოლოდ დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, არამედ დაირღვევა „საჯარო სამსახურისშესახებ“ კანონით განსაზღვრული სტაბილურობის პრინციპი და საფრთხის ქვეშ დადგება თვითმმართველობის ორგანოების გამართული საქმიანობა. გარდა ამისა, რეფორმის განხორციელება, მათ შორის კადრების ოპტიმიზაცია შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით, რომლებიც ჩარევის უფრო დაბალი ხარისხით გამოირჩევა და გამართლებას ექვემდებარება. საქმეზე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააფიქსირა პოზიცია, რომლის თანახმადაც, სიტყვა „რეფორმა“ თავისთავად ნიშნავს, რომ ეს არ არის ერთდროული ღონისძიება და მისი თანდათან განხორციელება იგულისხმება ... სასამართლო რეფორმა მხოლოდ მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის. მას სხვა, უფრო დიდი მიზნები და განზომილებები აქვს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 03 ნოემბრის #2/80-9 გადაწყვეტილება, ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სასამართლოს აღნიშნული განმარტება ადასტურებს, ინსტიტუტის რეფორმა იქნება ეს სასამართლო თუ თვითმმართველობა, დასაქმებული პირების გათავისუფლებას არ გულისხმობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითმმართველობის რეფორმა გარდა ინსტიტუციური გარდაქმნისა დასაქმებული პირების ცვლილებას გულისხმობს, ეს უკანასკნელი შეიძლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი სხვა ფორმებით განხორციელდეს და არა დასაქმებულთა უპირობო გათავისუფლებით. თანამდებობის პირთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ეფექტურ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება მიიღოს პერმანენტული, შეუქცევადი ხასიათი, რაც არა მხოლოდ პირთა თანამდებობაზე გარკვეული ვადით განწესებას დაუკარგავს აზრს, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანოთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ზოგიერთი სახელმწიფო თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია. მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ინტერესი კი შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს საჯარო სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზანით. ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას ექნება ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის # №1/2/569 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების ანალიზი, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა ადასტურებს, რომ სადავო აქტი ერთის მხრივ არღვევს კონსტიტუციის 29-ე და მუხლით გარანტირებულ უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ წინააღმდეგობაში მოდის თავად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიზნებთან და პრინციპებთან. აღნიშნული კი სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველია. სადავო აქტი, შრომის უფლების გარდა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით განმტკიცებულ სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპსაც ეწინააღმდეგება, რომლის ფარგლებშიც ასევე განიხილება სამართლებრივი ნდობის პრინციპი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური პრინციპიები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება). სასამართლო განმარტავს, რომ „სამართლებრივი ნდობის პრინციპი ემსახურება მოქმედი სამართლის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას. დაუშვებელია სამართლის ადესატთა ნდობა შეირყეს კანონით მინიჭებული უფლებების გაუმართლებელი და ხშირი ცვლილებებით. მოქალაქეს უნდა ქონდეს ნდობის განცდა კანონით მინიჭებულ პრივილეგიებთან დაკავშირებით. კანონმდებლობა უნდა ასრულებდეს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფ ფუნქციას. ინდივიდებს უნდა შეეძლოთ პირადი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მყარ სამართლებრივ ფარგლებში წარმართვა. არსებითად განუსაზღვრელი და გაუთვლელი, არასათანადო სამართლებრივი განვითარება აჩენს გაურკვევლობის განცდას, რაც აფერხებს ადამიანის პიროვნულ განვითარებას. სამართლებრივი უსაფრთხოება ინდივიდის პიროვნული თავიუფლების მნიშვნელოვანი წინა პირობაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ლეგიტიმური მოლოდინები, რომელთა მიმართაც ინდივიდებს ნდობა გააჩნიათ. კანონით მინიჭებული უფლებების მიმართა მაღალია ნდობის ხარისხი. აღნიშნული ნდობის გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება სამართლის მიმართ ნდობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე.“ მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტი არღვევს თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ მათ მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაცული იქნებიან სამსახურიდან გათავისუფლებისგან. ეს თავის მხრივ განამტკიცებს მათ რწმენას, რომ შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ საარსებო საშუალებები და დაიკმაყოფილონ სხვა მოთხოვნები. სადავო აქტთან მიმართებით არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის სხვა ასპექტიც. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან კავშირში განიხილება. თუმცა, სადავო აქტთან კავშირში კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი შეიძლება განიმარტოს იმგვარადაც, რომ ახლად ამოქმედებულმა ნორმამ ზოგადად (და არა მხოლოდ პასუხისმგებლობის თვალსაზრისით) არ უნდა გააუარესოს მისი მოქმედების ქვეშ მოქცეული ადამიანების მდგომარეობა. ანალოგიური შინაარსის განმარტება გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი კანონით დაწესებული მოთხოვნები არ უნდა შეეხოთ მოსამართლეებს და იგი არ უნდა გახდეს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. რადგან, კანონს (ისე, როგორც ნორმატიულ აქტებს) უკუძალა არ აქვს, ე.ი. მათი მოქმედება არ ვრცელდება იმ ფაქტებზე, ურთიერთობებსა და გარემოებებზე, რომლებსაც ადგილი ქონდა ამ აქტის გამოცემამდე. ნორმა (კანონი) შესაძლებელია შეეფარდოს მხოლოდ იმ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვებიან მისი გამოცემის, მისი ძალაში შესვლის შემდეგ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი მოთხოვნების გავრცელება მიზანშეწონილად მიიჩნია მოსამართლეობის კანდიდატებზე და ვაკანსიის გაჩენის შემთხვევებზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასამართლო მიუთითებს პირთა იმ წრეზე, რომლებიც ნორმის ამოქმედების შემდეგ გამოთქვამენ ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების სურვილს და შესაბამისად მოუწევთ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილებაში და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მათი გავრცელება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებზე. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო აქტი თვითმმართველობის მოხელეთა გათავისუფლებას ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებითაც ვერ ხსნის და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ათავისუფლებს სამსახურიდან პირებს, რომლებმაც ეთრჯერ უკვე დააკმაყოფილეს საჯარო სამსახურში მიღების კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არა თავისი შეხედულებების მიხედვით. კანონმდებელი სახელმწიფოებრივად ვალდებულია შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს „არასასურველი” და „არასაიმედო” მოსამართლის სასამართლოდან წასვლას. სადავო აქტით დადგენილი ქცევის წესი კი, რომელიც თვითმმართველობაში დასაქმებულ პირთა სამსახურიდან მოტივაციის გარეშე გათავისუფლებას გამოიწვევს, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ თვითმმართველობის მისთვის არასასურველი კადრებისგან გათავისუფლებას ემსახურება. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ფასეულობებს. ამავდროულად ხელისუფლება შებოჭილი უნდა იყოს ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ვითვალისწინებთ რა საქართველოს კონსტიტუცის 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებული უფლებების უზენაეს ხასიათს, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მოვითხოვთ სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. ასევე მიზანშეწონილია რამდენიმე პროცედურული საკითხის დაზუსტება. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო აქტის ამოქმედება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან იგეგმება. შესაბამისად, აუცილებელია გაეცეს პასუხი შეკითხვას, რატომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში. 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. ნორმა, რომელიც სპეციალურია და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას შეეხება, სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად ტერმინს „მიღებული“ იყენებს და ნორმის მოქმედებაზე ხაზგასმას არ აკეთებს. 2. რაც შეეხება საკითხთან შემხებლობაში მყოფ სხვა ნორმებს და პრაქტიკას, ანალიზი ადასტურებს, რომ სასამართლოს სადავო აქტის მოქმედების საკითხზე 2 მიმართულებით აქვს ნამსჯელი: საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას [...]. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხოლოდ საქმის განხილვის მომენტისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. ამასთანავე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების შეწყვეტას. საკონსტიტუციო სასამართლო, კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით (2003 წლის 29 იანვრის #2/3/182,185,191 გადაწყვეტილება, 2002 წლის 12 მარტის #2/124/3 და 2005 წლის 11 ოქტომბრის #1/17/345 განჩინებები). მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევის რისკს. მოყვანილი მაგალითი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უარს აცხადებს იმ ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებაზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით არსებობა შეწყვიტეს. ცხადია, რომ პრაქტიკა არ მიუთითებს იმ შემთხვევებზე, როცა ნორმა ამოქმედებული არ არის, მაგრამ მომავალში ამოქმედებას ექვემდებარება. რაც შეეხება საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიდგომას ასამოქმედებელ ნორმებთან მიმართებით: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხოლოდ ნორმატიული შინაარსის მქონე აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. მოყვანილი ნორმები ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ნორმატიული შინაარსის მქონე ქცევის წესი, რომლის შესაბამისად მოქცევის შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლების დარღვევა. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს ნორმატიული შინაარსის მქონე აქტი, რომელიც ამოქმედებისთანავე გამოიწვევს ადამიანის უფლების დარღვევას, განსხვავებით იმ ნორმისაგან, რომელმაც არსებობა უკვე შეწყვიტა. რაც შეეხება იმ ნორმებს, რომლებმაც არსებობა უკვე შეწყვიტეს: „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. კანონმდებლის აღნიშნული მიდგომა ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან აცილების ანუ პრევენციული ფუნქციაც გააჩნია. ამავე მოსაზრებას ადასტურებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს რომ სადავო ნორმით დარღვეულია ან შეიძლება დაირღვეს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მისი უფლებები და თავისუფლებები. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას განიხილოს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი და შეაფასოს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მითითებულ ნორმებთან.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა