საქართველოს მოქალაქე ლაშა კუჭავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/589 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 12 სექტემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლაშა კუჭავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე“კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №589) მიმართა საქართველოს საქართველოს მოქალაქე ლაშა კუჭავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 30 აპრილს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 12 სექტემბერი.
3. N589 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი აყალიბებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
5. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1344 მუხლის პირველი პუნქტით 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და მათი უფლებამოსილება ამოიწურება შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებისას.
6. სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ლაშა კუჭავა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 1 სექტემბრის №547 ბრძანებით დაინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს უფროს სპეციალისტად და დღემდე დასაქმებულია ქ. სენაკის მუნიციპალიტეტში.
7. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს პასუხისმგებლობის აკრძალვას იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროისთვის სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. ამასთან განსაზღვრავს, რომ მხოლოდ იმ კანონს შეიძლება მიენიჭოს უკუძალა, რომელიც ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგელობას.
8. №589 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის ამოქმედებით ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე ავტომატურად ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, რომელიც ადგენს შესაბამისი თანამდებობების კონკურსის წესით შევსებისა და კონკურსის ჩატარების ვალდებულებას, დადგენილია ის მაქსიმალური ვადა, რა დროის განმავლობაშიც საჯარო მოხელეს შეეძლება თავისი უფლებამოსილებების განხორციელება.
9. მოსარჩელე მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის პრინციპზე, რომელსაც ეწინააღმდეგება სადავო ნორმა, იქიდან გამომდინარე, რომ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელის ერთდროულად სამსახურიდან გათავისუფლებას მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი დანიშნულები იყვნენ თავიანთ თანამდებობებზე განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია საფრთხეს უქმნის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას და თუკი კანონმდებლის მიზანს წარმოადგენდა ამ ორგანოთა რეფორმირება, მისი განხორციელება კანონით განსაზღვრული სხვა საშუალებებით უნდა მოეხდინა, ნაცვლად საჯარო მოხელეთა მასიური და დაუსაბუთებელი გათავისუფლებისა.
10. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო სამსახურში დასაქმება მოიცავს კონკურსის გავლას და სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ ეტაპების წარმატებით გადალახვის და თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში მოხელეს უჩნდება მოლოდინი, რომ ის დანიშნულია უვადოდ. მუდმივობის განცდას, კონსტიტუციასთან ერთად, ლეგიტიმაციას ანიჭებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომლის თანახმადაც, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, მოხელე სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიიღება.
11. მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმის მიღებისას კანონმდებლის მიზანზე, რომელიც გამომდინარეობს მისი განმარტებითი ბარათიდან და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ემსახურება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, თუმცა მოსარჩელე დასძენს, რომ ეს უკანასკნელი საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს საერთოდ არ არეგულირებს. შესაბამისად, სადავო აქტი არ არის თანხვედრაში დასახელებულ მიზანთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ახლად ამოქმედებულმა ნორმამ არა მხოლოდ პასუხისმგებლობასთან მიმართებით, არამედ ზოგადად არ უნდა გააუარესოს მისი მოქმედების ქვეშ მოქცეული ადამიანების მდგომარეობა. საჯარო მოხელეს თანამდებობაზე უვადოდ ყოფნის ლეგიტიმური მოლოდინი განუმტკიცებს რწმენას, რომ მას შესაძლებლობა ექნება, მოიპოვოს საარსებო საშუალებები და დაიკმაყოფილოს სხვა მოთხოვნები. სადავო ნორმით ხდება იმ მოხელეთა უფლებებზე ზემოქმედება, ვინც დანიშნულ ან არჩეულ იქნენ თანამდებობებზე ამ მუხლის ამოქმედებამდე. აქედან გამომდინარე, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი.
13. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას.
14. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ავტომატურად, დამატებითი მოქმედებების განხორციელების გარეშე, იწვევს საჯარო სამსახურში არსებულ ყველა თანამდებობის შესავსებად კონკურსის გამოცხადებას და დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლებას, რაც გამოუსწორებელი შედეგის მომტანია. შესაბამისად, მოსარჩელე აუცილებლად მიიჩნევს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №589 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე“კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის №2479-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონით ცვლილებები შევიდა საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული მუხლი აყალიბებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
3. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, №589 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №589 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ლაშა კუჭავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი