შპს "STAR GROUP" ("სტარ გრუპი") საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 605 |
ავტორ(ებ)ი | შ.პ.ს. STAR GROUP |
თარიღი | 28 ივლისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
შ.პ.ს. STAR GROUP აღნიშნული სახელწოდებით საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ახორციელებს 2012 წლიდან, ხოლო მის დამფუძნებლებს აქვთ ანალოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სადავო აქტით უშუალო და პირდაპირი ზიანი მიადგა შ.პ.ს. STAR GROUP-ს, რის გამოც სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება სარჩელის ფორმალურ მხარეს, სარჩელი: 1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; 2. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შ.პ.ს. STAR GROUP უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 3. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს; 4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; 5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ უფლებებს; 6. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა; 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მომენტისთვის არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის შესწავლის გარეშეც შეუძლებელია სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2014 წლის 06 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო #40 დადგენილება ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ (შემდგომში #40 დადგენილება). დადგენილების თანახმად, ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, საფოსტო გზავნილის – ამანათის მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტა“ არის უფლებამოსილი განახორციელოს: 1. საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი ამანათის შემოტანა, დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის გამგზავნისაგან მიღება, დამუშავება და გაგზავნა; 2. სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოტანილი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო გზით ტრანსპორტირება, მისი დამუშავებისა და ადრესატისათვის ჩაბარების (მათ შორის დატარებით) ან გაგზავნის მიზნით. ამავე დადგენილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა დაევალა. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და 2014 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდა. შესაბამისად, ყველა სხვა კომპანიას, მათ შორის შ.პ.ს. STAR GROUP-ს, რომელიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით იყო დაკავებული, დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობა აეკრძალა. პრობლემის არსი კი უკეთ ჩანს იმ პროცესებიდან, რომელიც #40 დადგენილების მიღებას უძღოდა წინ. კერძოდ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის #290 ბრძანებაში (შემდგომში #30 ბრძანება). ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 06 თებერვლის #5257 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/ საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 01 აგვისტოს 12858 ბრძანებაში (შემდგომში # 5257 ბრძანება). დასახელებული აქტებით, იმ სუბიექტებს, რომლებიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით არიან დაკავებული დამატებითი მოთხოვნები დაუწესდათ. ახალი რეგულაციის თანახმად, საქონლის გადამზიდველს საქართველოს შემოსავლების სამსახურის „სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში“ დაშვების ვალდებულება დაეკისრა. თავის მხრივ გადამზიდველი „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში“ დაშვების უფლებას მოიპოვებს თუ აქვს: 1. საქონლის ორგანიზებულად გადაზიდვის სათანადო გამოცდილება და კარგი რეპუტაცია; 2. საბაჟო საწყობი; 3. საქართველოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს საქონლის წინასწარი დეკლარირება სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით; 4. იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო (შეფასების სუბიექტური კრიტერიუმები, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მოსამზადებლად განსაზღვრული მცირე ვადა, შემოსავლების სამსახურის მიერ საკითხის განხილვის გაჭიანურება), საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლეს. შპს ,,საქართველოს ფოსტა’’ აღმოჩნდა ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში“ დაშვების და აქედან გამომდინარე, საქმიანობის უფლება ქონდა. აღნიშნული გარემოების გამო, შ.პ.ს. STAR GROUP -ის ადმინისტრაციამ ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის # 3/362-13 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. STAR GROUP - ის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანება. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად გამოცხადდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 06 თებერვლის #5257 ბრძანება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის # 3/362-13 გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 06 მარტის # ბს-571-551 (2კ-13) განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ცნობილი იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლო დავის პარალელურად 2013 წლის 08 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სადავო რეგულაციები გაუქმებას დაექვემდებარა. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრძანების თანახმად, რეგულაციები 2014 წლის 01 იანვრიდან უნდა გაუქმებულიყო. შესაბამისად ნათელია, რომ ერთის მხრივ სადავო ბრძანებების მოქმედების ვადის გასვლა, ხოლო მეორეს მხრივ წარუმატებელი სასამართლო დავები დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის #40 დადგენილების გამოცემას, რომელიც პრინციპული ხასიათის ცვლილებებს არ შეიცავს და გაუქმებული ბრძანების ანალოგიურ ქცევის წესს ადგენს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ #30 ბრძანება ფორმალურად შეიცავდა დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ხოლო #40 დადგენილება მიუთითებს, რომ საქართველოს ფოსტა დადგენილებაში ასახული საქმიანობის (რაც სრულად მოიცავს საფოსტო საქმიანობას) ექსკლუზიური განმახორციელებელია. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. შესაბამისად, მიზანშეწონილია განვიხილოთ: 1. ნორმის პრაქტიკული გამოყენება და მისი გავლენა მოსარჩელის ინტერესებზე; 2. შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის შინაარსი და ფარგლები. შ.პ.ს. STAR GROUP (ს.კ. 404429757) აღნიშნული სახელწოდებით საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ეწეოდა 2012 წლის ოქტომბრის თვიდან. თუმცა, მის დამფუძნებელ პირებს აქვთ საქონლის გადაზიდვის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. როგორც უკვე აღინიშნა, ფინანსთა მინისტრის #30 ბრძანების მიღების შემდეგ, შ.პ.ს. იძულებული გახდა საქმიანობა შეეწყვიტა. შემოსავლების სამსახურისთვის არაერთგზის მიმართვის და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, შ.პ.ს. STAR GROUP–ის ადმინისტრაციამ საქონლის გადაზიდვის ნებართვა ვერ მოიპოვა. სიტუაციის ზედმიწევნითმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ახალი რეგულაციის მიღების შემდეგ „საქართველოს ფოსტა“ აღმოჩნდა ერთადერთი ეროვნული გადამზიდველი და შესაბამისად, ბაზარზე ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. სიტუაცია არ შეცვლილა #30 ბრძანების გაუქმების და #40 დადგენილების ამოქმედების შემდეგ. უფრო მეტიც, ამჯერად "საქართველოს ფოსტა" არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ სამართლებრივადაც ერთადერთი მოთამაშე გახდა. აღნიშნულია პარალელურად, "საქართველოს ფოსტა" ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს სთავაზობს საქმიანობა მისი ქოლგის ქვეშ გააგრძელონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შექმნილი ბარიერის გამო შპს STAR GROUP იძულებული გახდა, მომსახურების ხელშეკრულება გაეფორმებინა შპს “საქართველოს ფოსტასთან” და ისე გადმოეკვეთა საქართველოს საბაჟო საზღვარი მის მიერ გადაზიდულ ტვირთს. აღნიშნულით ერთის მხრივ დაირღვა სამეწარმეო სუბიექტის თავისუფლება, ხოლო მეორეს მხრივ მას მოუხდა შპს ,,საქართველოს ფოსტისთვის’’ დამატებითი საფასურის გადახდა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუციის დასახელებული ნორმა სახელმწიფოს ვალებულებას აკისრებს: 1. ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას; 2. აკრძალოს მონოპოლიური საქმიანობა. კონკრეტული სარჩელის მიზნებისთვის საინტერესო პირველი და მეორე კომპონენტის შინაარსი და ფარგლებია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.” საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კი, თავისუფალი მეწარმეობის უფლება გულისხმობს სუბიექტის შესაძლებლობას „თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი’’ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.2) . რაც შეეხება კონკურენციის განვითარებას, “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურენცია განიმარტება როგორც შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება შექმნას მაქსიმალურად თანაბარი პირობები, რათა სუბიექტებმა ობიექტურად შეძლონ უპირატესობის მოპოვება. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის საძირკველს. კონკურენციის განვითარების ხელის შეწყობა, ცალკეულ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების იმ სფეროშიც, რომელშიც ბუნებრივი მონოპოლიებია გაბატონებული ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.5).“ აღნიშნული განმარტებიდან ნათელია, რომ სუბიექტის უფლებას - თავისუფლად აირჩიოს და განახორციელოს საქმიანობის ესა თუ ეს სახე, უკავშირდება სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას. სახელმწიფოს მიერ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების მხარდაჭერა 2 გზითაა შესაძლებელი: შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნით და ეფექტური რეალიზაციით. პირველი კომპონენტის ფარგლებსში ,,მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს.... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის #2/2/277 განჩინება საქმეზე მურმან ბაკურაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, პ.3)’’ რაც შეეხება მეორე კომპონენტს, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაა, დაიცვას მომხმარებელი მესამე პირთა უსამართლო ძალაუფლებისაგან. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში. სახელმწიფო, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიმართულებით, პოზიტიური ეფექტის მისაღწევად უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველაზე გონივრულ და ყველაზე გამართლებულ საშუალებებს.’’ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებზე მსჯელობისას ასევე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი განმარტება: ,,მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს." (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.21). სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულების პარალელურად გასთვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება, ისევე როგორც მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა არ არის აბსოლიტური და განსაზღვრულ შეზღუდვებს ექვემდებარება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მეწარმეობის თავისუფლება არ გამორიცხავს გონივრული შეზღუდვების დაწესებას. „ადამიანის უსაფრთხოების, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროდუქციის რეალიზაციის სათანადო წესების დადგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა ვერანაირად ვერ ჩაითვლება [...] თავისუფალი მეწარმეობის განვითარებისათვის ხელის შეშლად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 13 ივნისის #1/4/154,200 გადაწყვეტილება). შესაბამისად, იმის შესაფასებლად, არის თუ არა უფლების შეზღუდვა გამართლებული, უნდა გაირკვეს არის თუ არა შეზღუდვა კანონით განსაზღვრული, ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და ამავდროულად არის თუ არა მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. სხვაგვარად რომ ვთქვათ [...] კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას. მოცემულ შემთხვევაში დაცულ სფეროში ჩარევა მთავრობის დადგენილებით, ანუ კანონქვემდებარე აქტით ხდება, რაც უფრო ნაკლები ლეგიტიმაციის მქონეა, ვიდრე კანონი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ფიქსირდება შემთხვევები, როცა სასამართლომ კანონქვემდებარე აქტით უფლების შეზღუდვა საკმარის ფორმალურ საფუძვლად მიიჩნია და მისი შინაარსობრივი მხარე შეაფასა. შესაბამისად, უნდა შეფასდეს #40 დადგენილების შინაარსობრივი მხარე. კერძოდ: 1. მიზნები, რომელთა მიღწევასაც ის ემსახურება; 2. რამდენად პროპორციულია ჩარევა. როგორც წესი, უფლების შეზღუდვის საფუძვლების და ლეგიტიმური მიზნების შესახებ საკანონმდებლო აქტის განმარტებით ბარათშია მითითებული. #40 დადგენილებიდან ირკვევა, რომ იგი დროებითი ხასიათისაა და ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე მოქმედებს. თუმცა, რატომ შეირჩა საქართველოს ფოსტა ერთადერთ სუბიექტად, დადგენილება მითითებას არ შეიცავს. მიუხედავად ამისა, შეიძლება პარალელები გაივლოს #30 ბრძანებასთან, რომლის თანახმადაც, ასევე “საქართველოს ფოსტა” აღმოჩნდა უპირატეს მდგომარეობაში. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, #30 ბრძანების მიღება კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით გახდა აუცილებელი (იგივე მიზნის შესახებ მიუთითებდნენ საერთო სასამართლოში საქმის განხილვისას ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა, კონკრეტული შემთხვევები, ისევე როგორც ბრძანების გამოცემის შემდეგ მიღწეული დადებითი შედეგი მათ მიერ ნაჩვენები არ ყოფილა). იმ შემთხვევაშიც კი თუ ვივარაუდებთ, რომ #40 დადგენილების მიღების ლეგიტიმური მიზანი კოტრაბანდასთან ბრძოლაა, დაწესებული შეზღუდვა მიზნის მიღწევის ერთადერთი და მით უფრო პროპორციული ზომა ვერ იქნება რადგან: 1. კონტრაბანდასთან, როგორც დანაშაულის სახესთან ბრძოლა სამართალდამცავი ორგანოების მოვალეობას წარმოადგენს; 2. საბაჟო ადმინისტრირების პროცესში რისკის (მათ შორის, არალეგალური ტვირთის გადატანის) მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავდება საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული მოდელისგან. რისკის მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკა საბაჟო გამშვებ პუნქტში „მწვანე“, „ყვითელი“, „წითელი“ და „ლურჯი“ საბაჟო კონტროლის დერეფნების დანერგვას გულისხმობს. სისტემაში ინტეგრირებული გადამზიდველის რისკის პროფილების გამოყენების საფუძველზე ხდება საქონლის შერჩევითი ინსპექტირება და, შესაბამისად, საბაჟო კონტროლის ადეკვატური დერეფნის განსაზღვრა. დადგენილებაში მითითებული ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის საერთაშოორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზანი - დღემდე შესრულებული არ არის. რაც შეეხება ნორმის დროებით ხასიათს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს რომ “წესი, რომელიც მოქმედებს შეზღუდული ვადით, შესაძლებელია იწვევდეს უფლების იმაზე ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვას, ვიდრე მუდმივად მოქმედი წესი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება საქმეზე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). შესაბამისად, შეზღუდვას ვერც მისი დროებითი ხასიათი ამართლებს. უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტის მოქმედების ვადას, არც იმ შემთხვევაში აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდესაც [...] დადგენილია, რომ კონსტიტუციური უფლების დარღვევა გარდაუვალია სადავო ნორმით უფლებაში ჩარევის ინტენსივობის მიუხედავად. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება საქმეზე, მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ნათელია, რომ უფლების შეზღუდვის არა მუდმივი ხასიათის მიუხედავად სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს, მიიღწევა თუ არა დასახული მიზანი შერჩეული გზით. კონკრეტულ შემთხვევაში კი ლეგიტიმური მიზნები ერთის მხრივ ბუნდოვანია, ხოლო თუ ასეთად ახალი კანონმდებლობის მომზადებას ან/და კონტრაბანდის წინააგმდეგ ბრძოლას ჩავთვლით, დავრწუნდებით, რომ დადგენილი აკრძალვა მიზნების მიღწევის არა თუ ერთადერთი, არამედ ზოგადად შეუფერებელი ფორმაა. კონკრეტული სარჩელის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განიმარტოს “კანონით განსაზღრული” შემთხვევები, რომელთა არსებობის დროსაც მონოპოლიური საქმიანობა არ იკრძალება. უპირველეს ყოვლისა, ასეთად უნდა მივიჩნიოთ ბუნებრივი მონოპოლიები და სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფეროები. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ რეგულირებად სფეროებს. ასეთს წარმოადგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, აგრეთვე მუნიციპალური მომსახურების სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას. ჩამონათვალი არ შეიცავს მითითებას საფოსტო გადაზიდვების სახელმწიფოს მიერ რეგულირების შესახებ. ბუნებრივი მონოპოლიებისა და სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საქმიანობების პარალელურად ყურადღებას იქცევს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, რომელტა შორისაა “საქართველოს ფოსტა”. საქართველოს ფოსტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "საქართველოს ფოსტა" - სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც ახორციელებს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. ამავდროულად „საქართველოს ფოსტა“ 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შ.პ.ს.-ს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ გააკრიტიკა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმინილი საწარმოების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება. სასამართლოს პოზიციით ,,…ასეთი სამართალგანვითარების პირობებში სადავო ნორმა გამოიყურება ერთგვარ უკან გადადგმულ ნაბიჯად. იგი ფაქტობრივად ხელს უწყობს საკუთრების ფორმების რეანიმაციას და პრივილეგიური მესაკუთრის ინსტიტუტის შემოღებას. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, თანაბარ პირობებში უნდა იქნენ ჩაყენებული სხვა საწარმოებთან, რომლებშიც სახელმწიფოს წილი არ გააჩნია. ...აღნიშნული სუბიექტებისათვის უსაფუძვლო პრივილეგიების მინიჭება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან… (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის #1/4/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და ,,ანაჯგუფი’’ (ყოფილი «თბილგაზოაპარატი») საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.2.) “კანონით განსაზღრული” შემთხვევები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი მონოპოლიურ საქმიანობას მიიჩნევს დასაშვებად, ამომწურავად განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, ნებისმიერი მონოპოლიური საქმიანობის “კანონით განსაზღვრულის” სტატუსით გამართლების თავიდან ასაცილებლად სახელმძღვანელო წესები დადგენილია კანონით „კონკურენციის შესახებ“. კანონის მიზანია: • სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; • ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; • ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; • ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; • სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას; დასახელებული ნორმის ანალიზი ადასტურებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა დაკისრებული ვალდებულება დაარღვია. სახელმწიფომ, კონკრეტულად კი საქართველოს მთავრობამ #40 დადგენილების მიღებით მიანიჭა რა საქართველოს ფოსტას ექსკლუზიური უფლებამოსილება, აკრძალა სხვა სუბიექტების დაშვება ბაზარზე და შექმნა არამართლზომიერი კონკურენციის პირობები. შედეგად, #40 დადგენილებით აიკრძალა საქართველოს ბაზარზე, აღნიშულ სექტორში, წლების მანძლზე დამკვიდრებული კონკურენტული გარემო და არამართლზომიერად შეიქმნა მონოპოლია ამ საქმიანობაზე. აღნიშნული კი აკრძალულია “კონკურენციის შესახებ” კანონის მე-10 მუხლით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უკრძალავს კონკურენციის შემზღუდავი ქმედების განხორციელებას. მათ შორის ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იგივე ქმედება ასევე შეიძლება დაკვალიფიცირდეს სახელმწიფო დახმარებად – ეკონომიკური აგენტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებად. "კონკურენციის შესახებ" კანონის მიხედვით იგი მოიცავს გადასახადისაგან გათავისუფლებას, გადასახადის შემცირებას ან გადავადებას, ვალის ჩამოწერას, რესტრუქტურიზაციას, სესხის ხელსაყრელი პირობებით გაცემას, საოპერაციო აქტივების გადაცემას, ფულადი დახმარების გაწევას, მოგების მიღების გარანტიის მიცემას, შეღავათების მინიჭებას და ა.შ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახელმწიფო დახმარების განხორციელება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრული მიზნებისთვის შეიძლება რასაც ადგილი არ აქვს. ხოლო ეკონომიკური აგენტისათვის ან კონკრეტული სახის საქმიანობისათვის სახელმწიფო დახმარება ნებისმიერი ფორმით, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, “კონკურენციის შესახებ” კანონით აკრძალულია. “კონკურენციის შესახებ” კანონის დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის #40 დადგენილებით განსაზღვრული ქცევის წესი არ შეიძლება განხილული იქნეს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ “კანონით გათვალისწინებულ” გამონაკლისად, რომელიც მონოპოლიურ სამქმიანობას დასაშვებად მიჩნევს. აღნიშნული გარემოებების გამო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 იანვრის #40 დადგენილების სიტყვები “მხოლოდ საქართველოს ფოსტა” ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებასთან წინააღმდეგობის გამო. ვინაიდან, აღნიშნული ჩანაწერი, შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების არარსებობის გარეშე ზღუდავს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლებას და შესაბამის სფეროს მონოპოლისტად აქცევს საქართველოს ფოსტას. აღნიშნული კი თავის მხრივ იწვევს გადაზიდვის საქმიანობით დაკავებული სუბიექტების ხელოვნურ ლიკვიდაციას და ბაზრიდან განდევნას, შესაბამისი უარყოფითი შედეგებით მომხმარებლისათვის. საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის ანალიზის საფუძველზე ხაზგასმით განმარტავს, რომ ყველა შემთხვევაში, სუბიექტის საქმიანობის დასასრული, ეს ნორმატიული ჩარევით მოხდება თუ მის გარეშე, ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური ანგარიშსწორებით. მეწარმეს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლება არსებობაზე მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ის მზადაა განახორციელოს თავისუფალი მეწარმის ყველა ფუნქცია, ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენებით და აქედან გამომდინარე, იტვირთოს თანაბარი რისკი. ის შეუცვლელი და ხელშეუხებელია (დაცულია) მანამ, სანამ თავისუფალ ბაზარზე, თავისუფალი შეჯიბრებით (კონკურენციით), მზადაა გამოავლინოს თავისი სარგებლიანობა ამ ფუნქციებისათვის. ...’’(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.3;) საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მას. შესაბამისად, ვითვალისწინებთ რა დასახელებულ გარემოებებს, მოვითხოვთ #40 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მეორე წინადადებასთან წინააღმდეგობის გამო. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა