შპს "STAR GROUP" ("სტარ გრუპი") საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/605 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 7 ოქტომბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს “STAR GROUP” („სტარ გრუპი“) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №40 დადგენილების პირველი მუხლის სიტყვების „მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№ 605) მომართა „შპს “STAR GROUP”-მა (შპს „სტარ გრუპმა“) კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2014 წლის 29 ივლისს.
2. №605 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 7 ოქტომბერს.
3. №605 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №40 დადგენილების პირველი მუხლი განსაზღვრავს, რომ ამანათის მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტა“ არის უფლებამოსილი განახორციელოს ისეთი საფოსტო საქმიანობა, როგორიცაა საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი ამანათის შემოტანა, დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის გამგზავნისაგან მიღება, დამუშავება და გაგზავნა; ასევე სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოტანილი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო გზით ტრანსპორტირება, მისი დამუშავებისა და ადრესატისთვის ჩაბარების (მათ შორის დატარებით) ან გაგზავნის მიზნით.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „STAR GROUP” აღნიშნული სახელით საფოსტო საქმიანობას ახორციელებს 2012 წლიდან. დადგენილების სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე კი, მოსარჩელესთან ერთად, ყველა სხვა კომპანიას, რომელიც საქონლის გადაზიდვით იყო დაკავებული, დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობა აეკრძალა.
6. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამავე პუნქტის მეორე წინადადება კი ადგენს, რომ მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა, აკრძალულია.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, შექმნას მაქსიმალურად თანაბარი პირობები, რათა სუბიექტებმა ობიექტურად შეძლონ უპირატესობის მოპოვება. ამასთან, მოსარჩელის აზრით, სუბიექტის უფლებას - თავისუფლად აირჩიოს და განახორციელოს საქმიანობის ესა თუ ის სახე, უკავშირდება სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტის სადავო სიტყვებით დადგენილი რეგულაცია, ლეგიტიმური მიზნების არსებობის გარეშე, ზღუდავს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლებას და შესაბამის სფეროს მონოპოლისტად აქცევს შპს „საქართველოს ფოსტას“. აღნიშნული მოსარჩელისათვის იწვევს გადაზიდვის საქმიანობით დაკავებული სუბიექტების ხელოვნურ ლიკვიდაციასა და მათი ბაზრიდან განდევნას, რასაც მომხმარებელთათვის შესაბამისი უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
9. №605 კონსტიტუციურ სარჩელში საუბარია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 და სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსის 2013 წლის 6 თებერვლის №5257 ბრძანებებზე, რომელთა მიხედვითაც, იმ სუბიექტებს, რომლებიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით იყვნენ დაკავებული, დამატებითი მოთხოვნები დაუწესდათ. დადგენილი ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილება კი მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეძლო. დასახელებული ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ამ უკანასკნელმა კი 2013 წლის 27 მაისის №3/362-13 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ბათილად ცნო ორივე გასაჩივრებული აქტი. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად ცნო, შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
10. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტი დასახელებული ბრძანებებისაგან რაიმე პრინციპული ხასიათის ცვლილებებს არ შეიცავს და მათ ანალოგიურ ქცევის წესს ადგენს. გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმაში ჩამოთვლილი საქმიანობები სრულიად მოიცავს საფოსტო საქმიანობას, რომელთა ექსკლუზიურ განმახორციელებელსაც შპს „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს. შესაბამისად, ეს უკანასკნელი არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისითაც ერთადერთ სუბიექტად გვევლინება საფოსტო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის.
11. №605 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსარჩელე იძულებული გახდა შპს „საქართველოს ფოსტასთან“ დაედო მომსახურების ხელშეკრულება და ამ გზით გადმოეკვეთა საქართველოს საბაჟო საზღვარი მის მიერ გადაზიდულ ტვირთს, რაც, ბუნებრივია, გარდა იმისა, რომ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, არღვევს შპს “STAR GROUP”-ის როგორც სამეწარმეო სუბიექტის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
12. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო აქტის კონსტიტუციურობას ვერ უზრუნველყოფს მისი დროებითი ხასიათი. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მართალია, საქართველოს მთავრობის დადგენილება დროებითია და მისი მოქმედება განისაზღვრება ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის ვადით, მაგრამ მოსარჩელისათვის მნიშვნელოვანია, მიიღწევა თუ არა დასახული მიზანი სახელმწიფოს მიერ შერჩეული გზით და არა ის, არის თუ არა არსებული სადავო რეგულაცია მუდმივი ხასიათის. მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ შეირჩა კონკრეტულად „საქართველოს ფოსტა“ ამ საქმიანობის განმახორციელებლად.
13. კონსტიტუციურ სარჩელში საუბარია იმაზე, რომ თავად კონსტიტუცია უშვებს „კანონით გათვალისწინებულ“ შემთხვევებში მონოპოლიას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია შემთხვევები და სფეროები, სადაც არ არის აკრძალული მონოპოლიური საქმიანობა და ასეთად დასახელებულია ბუნებრივი მონოპოლია და სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფეროები, რომლის განსაზღვრებაც მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღსანიშნავია, რომ, მოსარჩელის აზრით, ზემოხსენებული კანონის ჩამონათვალი საფოსტო გადაზიდვების სახელმწიფოს მიერ რეგულირებას არ შეიცავს.
14. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარების ინსტიტუტს, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური აგენტის მიმართ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრული მიზნებისთვის, რასაც მოსარჩელის მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში შპს „საქართველოს ფოსტის“ მიმართ ადგილი არ ჰქონია.
15. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფოს მიერ დანიშნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც ახორციელებს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. ამავდროულად, ის წარმოადგენს 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ს მოსარჩელის აზრით, სადავო დადგენილებით სახელმწიფომ მიანიჭა რა შპს „საქართველოს ფოსტას“ ექსკლუზიური უფლებამოსილება საფოსტო საქმიანობის განხორციელებაზე, აკრძალა სხვა სუბიექტების დაშვება ბაზარზე, რის შედეგადაც აღნიშნულ სექტორში აიკრძალა წლების მანძილზე დამკვიდრებული კონკურენტული გარემო და არამართლზომიერად შეიქმნა მონოპოლია.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მთავრობის №40 დადგენილების პირველი მუხლის სადავო სიტყვები: „მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს“ არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.
17. მოსარჩელე მხარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, ითხოვს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწყვიტა საქონლის გადაზიდვის საქმიანობა, რამაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა და გაკოტრებამდე მიიყვანა. ამ მდგომარეობის გაგრძელებით კი, მოსარჩელის განცხადებით, მისთვის შეუძლებელი გახდება როგორც საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება, ისე ბაზარზე დაბრუნება, რაც გამოუსწორებელი შედეგის მომტანია.
18. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №605 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №40 დადგენილების პირველი მუხლის სიტყვების: „მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
2. 2014 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №586 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №40 დადგენილება.
3. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, №605 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისთვის, სადავო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა.
4. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სამართალწარმოება №605 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №605 კონსტიტუციურ სარჩელზე („შპს “STAR GROUP” („სტარ გრუპი“) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი