სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/228 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 18 აპრილი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე -- თავმჯდომარე;
2. იაკობ ფუტკარაძე;
3. ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები - თედო გოგნაძე და ქეთევან პერანიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 7 აპრილს გადმოეცა 228-ე ნომრით რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატის“ კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში 184-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან (მოსარჩელე - სააქციო საზოგადოება „საქგაზი“, მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი) გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. სასამართლო კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა ამ საკითხზე მიმდინარე წლის 15 აპრილს გაიმართა.
სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატმა“ კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2003 წლის 31 მარტს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე.
მოსარჩელეს - სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატს“ მიაჩნია, რომ სადავო მუხლი არაკონსტიტუციურია და მნიშვნელოვნად ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ მან 2002 წლის 31 მაისის საოქმო ჩანაწერით (N1/4/184) არსებითად განსახილველად მიიღო სააქციო საზოგადოება „საქგაზის“ 184ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი. მასში დავის საგანი იგივეა, რაც სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატის“ 228-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში. მოპასუხეც ერთი და იგივეა (საქართველოს პარლამენტი) და მოსარჩელეებიც ორივეგან იურიდიული პირებია. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ შესაძლებელია ამ ორი კონსტიტუციური სარჩელის ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და 45-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატის“ კონსტიტუციური სარჩელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
2. პირველ პუნქტში აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი ერთობლივი განხილვის მიზნით გაერთიანდეს 184-ე ნომრით რეგისტრირებულ და 2002 წლის 31 მაისის N1/4/184 საოქმო ჩანაწერით ასევე არსებითი განხილვისათვის მიღებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ - ‘’სააქციო საზოგადოება „საქგაზი“ და „თბილგაზოაპარატი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე „ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხაარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე(თავმჯდომარე)
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი(მომხსენებელი მოსამართლე)