საქართველოს მოქალაქეები – ლია ჯანაშვილი და ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 610 |
ავტორ(ებ)ი | ლია ჯანაშვილი, ხათუნა საგინაშვილი |
თარიღი | 22 სექტემბერი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები არ არსებობს, რამეთუ: ა) კონსტიტუციური სარჩელი თავისი ფორმით და შინაარსით პასუხობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეაქვთ უფლებამოსილ პირებს, თანახმად "საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პ. 1, ქვ/პ "ე" და 39-ე მუხლის პ. 1, ქვ/პ "ა"; გ) კონსტიტუციური სარჩელით წამოჭრილი სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან ეხება "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონისა და "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის #98 ბრძანების რამოდენიმე ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობას და მათ არაკონსტიტუციურად ცნობას; დ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ განხილულა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხების მიმართ ხანდაზმულობის ვადა დარღვეული არ არის; ზ) სადავო აქტი არის როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ასევე კანონის ნორმაც. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოში 2011 წელს დაიწყო სტანდარტული პირადობის მოწმობების ელექტრონული პირადობის მოწმობებით, ე.წ. ID-ბარათებით ჩანაცვლების პროცესი, რაც სამართლებრივად უზრუნველყოფილ იქნა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით. აღნიშნული ნორმატიული სამართლებრივი აქტებით დადგინდა ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის არსებითად უალტერნატივო წესი. კერძოდ, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა შესაძლებლად გამოცხადდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამავდროულად, ამავე ნორმატიული აქტების საფუძველზე, შემოღებულ იქნა ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის არსებითად უალტერნატივო წესი და ბიომეტრული მონაცემების გარეშე პასპორტის გაცემა შესაძლებლად გამოცხადდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის გაცემის უალტერნატივო წესი არღვევს მოსარჩელეების - ლია ჯანაშვილისა და ხათუნა საგინაშვილის საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19, მე-20, 22-ე და 41-ე მუხლებით უზრუნველყოფილ ყოველგვარი დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების, ადამიანის ღირსების, რწმენის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, მიმოსვლის თავისუფლებისა და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის დაცვის ძირითად უფლებებს. 2014 წელს მოსარჩელე ლია ჯანაშვილის კუთვნილ სტანდარტულ პირადობის მოწმობას ამოეწურა მოქმედების ვადა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, აეღო პირადობის ელექტრონული მოწმობა. მოგვიანებით, მოსარჩელემ გააცნობიერა მნიშვნელოვანი საფრთხეები, რომლებსაც ელექტრონული პირადობის მოწმობა პიროვნების ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის ღირსების, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით უკავშირდება. გარდა ამისა, როგორც მორწმუნე ქრისტიანმა, მან გააცნობიერა აღნიშნული საფრთხეების კავშირი აპოკალიფსის ბიბლიურ წინასწარმეტყველებასთან. აღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით და რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2014 წლის 14 აპრილს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით მისი კუთვნილი ელექტრონული პირადობის მოწმობის გაუქმებისა და აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად, სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე. თუმცა, ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უალტერნატივო წესიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიღო უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსი და დასაბუთება ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ანალოგიურად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე ირღვევა მოსარჩელე ხათუნა საგინაშვილის ძირითადი უფლებები, რომელსაც, ამავე მოსაზრებებით, კატეგორიულად არ სურს ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება. საქართველოს მოქალაქის პასპორტის არქონის პირობებში, მოსარჩელე ვერ ახერხებს საქართველოდან გასვლას საქმიანი თუ ტურისტული მიზნით, რითაც უხეშად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით მისთვის უზრუნველყოფილი მიმოსვლის თავისუფლების ძირითადი უფლება. გარდა ამისა, 2017 წელს, მოსარჩელე ხათუნა საგინაშვილის კუთვნილი სტანდარტული პირადობის მოწმობის ვადის გასვლის შემდეგ, მას აღეკვეთება შესაძლებლობა, გამოვიდეს სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილედ, რომელთა დასამყარებლად პირადობის მოწმობის ფლობა უპირობოდ არის აუცილებელი. ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მიზანი საქართველოს მოქალაქეთათვის მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი თუ კერძო მომსახურებებით მარტივად სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებაა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს სამომავლოდ მიეცემა შესაძლებლობა, ინტერნეტის საშუალებით გახსნას საბანკო ანგარიში, ნოტარიულად დაამოწმოს დოკუმენტები, რეგისტრაციაში გაატაროს ქონება ან ორგანიზაცია და შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი. გარდა ამისა, ID-ბარათი მოქალაქეს გაუწევს სამგზავრო, საბანკო, დაზღვევის, სტუდენტური თუ სამსახურებრივი ბარათების მაგივრობას და ა.შ. მიუხედავად ელექტრონული პირადობის მოწმობის აღნიშნული უპირატესობებისა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში რიგითი ადამიანების და მეცნიერთა (იურისტების, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების და ა.შ.) დიდი ნაწილი მათ დანერგვას უარყოფითად აფასებს და ამ ფაქტს საზოგადოებრივი ინტერესებისათვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქვამს. ამასთან, ამგვარ დამოკიდებულებას ხშირად საფუძვლად უდევს როგორც სამართლებრივი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, ისე რელიგიური შეხედულებები. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს მათ საკუთარი განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, ასევე ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითად უფლებას, რომელიც ადამიანის ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და 41-ე მუხლებით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის დაცვის ძირითად უფლებებს. ყოველი ადამიანი ობიექტურად არის დაინტერესებული, ინფორმაცია მის შესახებ სახელმწიფოსთვის თუ სხვა სუბიექტებისთვის ცნობილი გახდეს მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მისთვის არის სუბიექტურად მისაღები. როგორც ცნობილია, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში განსაკუთრებული სამართლებრივი ზომები მიიღება. კერძო სამართლის სუბიექტის მიერ ცალკეული ადამიანის შესახებ მიღებული ინფორმაციის (პირის ჯანმრთელობის შესახებ ცნობების, მისი საბანკო გადარიცხვების შესახებ მონაცემების და ა.შ.) სახელმწიფოსათვის გადაცემა, გარდა მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისებისა, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავად აცხადებს ამაზე თანხმობას. გამომდინარე იქიდან, მოთხოვნის არსი და დასაბუთება
რომ დემოკრატიულ ქვეყნებში კერძო სექტორი ობიექტურად არის დაინტერესებული, დაიცვას ადამიანის უფლებები და არ დაუშვას მათი დაცვის სფეროში სახელმწიფოს არათანაზომიერი ჩარევა, ამგვარი სისტემა ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის მყარ გარანტიას ქმნის. საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების ფუნქციური განვითარების შემდეგ, კერძო სექტორის გავლისა და ადამიანის თანხმობის გარეშე, სახელმწიფოს ხელში თავს მოიყრის ძალზე დიდი მოცულობის ინფორმაცია ადამიანის შესახებ. საქართველოს მოქალაქეთა მიერ ელექტრონული პირადობის მოწმობით ხელმისაწვდომი მომსახურებებით სარგებლობის საფუძველზე, სახელმწიფოსათვის ხელმისაწვდომი გახდება ძალზე დიდი მოცულობის ინფორმაცია ადამიანის საქმიანობის შესახებ (ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ ტრანზაქციებს, ქონებრივ მდგომარეობას, გადაადგილების მარშრუტს, სამსახურებრივ ურთიერთობებს და ა.შ.), რომლით სარგებლობა საჯარო ხელისუფლებას საზოგადოების მანიპულირების ძალზე ფართო შესაძლებლობას მისცემს. შესაბამისად, ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესი ქმნის უშუალო საფრთხეს იმისა, რომ ID-ბარათები იქცეს ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტად იმ სუბიექტისთვის, რომელიც მართავს ელექტრონულ სისტემას - ანუ სახელმწიფოსთვის. ID-ბარათების სისტემის სრული დანერგვა შესაძლებელს გახდის ადამიანების „კატალოგიზაციას“ სახელმწიფოს მხრიდან, რასაც მოსარჩელეები, მათი ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე სერიოზული საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქვამენ. ID-ბარათების სისტემა სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შექმნას ყოველი მოქალაქის სრულფასოვანი „პროფილი“, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება როგორც პიროვნების თავისუფალი განვითარების, ისე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის დაცვის ძირითად უფლებებს. გარდა ამისა, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესის შემოღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებულ ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას. კერძოდ, ადამიანების კატალოგიზაციის პირობებში, წარმოიშობა მათი ინსტრუმენტალიზაციის და საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დამყარების საფრთხე, რაც ლახავს ადამიანის ღირსებას - უზენაეს ადამიანურ ღირებულებას. ელექტრონული პირადობის მოწმობების დანერგვის შემდეგ, ინდივიდის მონაწილეობა სამართლებრივ თუ სოციალურ ურთიერთობებში სრულად ხდება დამოკიდებული ID-ბარათებზე, რითაც ადამიანი ძალზე მარტივად შეიძლება იქცეს სისტემის მართვაზე უფლებამოსილი სუბიექტის მხრიდან მანიპულირების ობიექტად. მოსარჩელეებს ადამიანების უსაფრთხოების ესოდენ მაღალი რისკის ქვეშ დაყენება სრულიად გაუმართლებლად და დაუშვებლად მიაჩნიათ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესის შემოღებით, არათანაზომიერი კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესი იმთავითვე შეუქცევად სახეს იძენს, ხოლო ნეგატიური შედეგის დადგომა გარდაუვალი ხდება, რის საფუძველზეც მოსარჩელეთა უფლებები დარღვეულად უნდა ჩაითვალოს არა სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების მომენტიდან, არამედ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესის შემოღებისთანავე. დამატებით, მოსარჩელეეები ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც ელექტრონული პირადობის მოწმობების ცენტრალიზებული სისტემის შემოღების გაუმართლებლობასა და დაუშვებლობაზე მეტყველებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთი თანამედროვე საინფორმაციო სისტემა არ არის დაცული მანიპულირებისგან. უფრო მეტიც, რაც უფრო მარტივდება სისტემა, მით უფრო მარტივდება მასში შეღწევა ან მისი დაზიანება. ვერც ერთი მოთხოვნის არსი და დასაბუთება უსაფრთხოების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ID-ბარათების ცენტრალიზებული სისტემის აბსოლუტურ დაცვას. აქედან გამომდინარე, ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების მიზანშეწონილობის წინააღმდეგ, გარდა სამართლებრივი ასპექტებისა, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებებიც ცხადად მეტყველებს. ყოვლად დაუშვებელია, იმგვარი სისტემა, რომლის გამართული მუშაობა როგორც სახელმწიფო, ისე სოციალური სისტემის ყოველდღიური ფუნქციონირების საფუძვლად უნდა იქცეს, დადგეს მანიპულირების თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ. ამასთან ერთად, ცხადია, ID-ბარათების და ბიომეტრიული პასპორტების არსებობისას ინფორმაციის მოპოვება გაცილებით მარტივდება. სამწუხაროდ, ასევე მარტივდება აღნიშნულ დოკუმენტებზე არსებულ მონაცემებზე გარეშე პირთა წვდომის შესაძლებლობაც მათი მოპარვის შემთხვევაში, რამდენადაც სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. „წამკითხველები“ თავისუფალად ხელმისაწვდომი გახლავთ. აღნიშნულის გამო პროპორციულად იზრდება რიგით მოქალაქეთა ID-ბარათის ან ბიომეტრიული პასპორტის ელ. მატარებელზე არსებული მონაცემების შეცვლის ან წაშლის საფრთხე დანაშაულებრივი განზრახვის მქონე პირთა მხრიდან. საზოგადოებაში ასევე არსებობს ყურადსაღები და ანგარიშგასაწევი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები შეიცავს ქრისტიანობის საწინააღმდეგო სიმბოლიკას, რის გამოც მათი შემოღება შეზღუდავს ადამიანის რწმენის თავისუფლებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითად უფლებებს. ეს უფლებანი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-19 მუხლებით არის დაცული და სხვა ასპექტების გარდა, ისინი ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის ან მსოფლმხედველობრივი თავისუფლების პატივისცემასა და დაცვას და ასევე პიროვნების პერსონალური მონაცემების დაცვას ითვალისწინებს. აღნიშნულ საფრთხეებს უშუალოდ უკავშირდება ის რელიგიური მოსაზრებებიც, რომელთა გათვალისწინებითაც მოსარჩელეებს არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის აღება. კერძოდ, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ტოტალური კონტროლის სისტემის დანერგვა უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ. ამრიგად, ელექტრონული პირადობის მოწმობათა ანტიქრისტიანული სიმბოლიკის შემცველობასთან ერთად, მათი ფლობა მოსარჩელეთათვის პრინციპულად მიუღებელია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესი უშუალოდ და უხეშად არღვევს მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლების ძირითად უფლებას. რწმენის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას დაქვემდებარებული ძირითადი უფლება. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, „რწმენის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, დამოუკიდებლად, თავად განსაზღვროს საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი თუ მორალურ-ეთიკური განვითარების მიმართულებები. წარმოადგენს რა ადამიანის პიროვნული განვითარებისა და ავტონომიის საყრდენს, რწმენის თავისუფლება იმავდროულად მთლიანად საზოგადოების არქიტექტურას განაპირობებს, მისი დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლება ადამიანის აზროვნების შინაგანი სფეროს დაცვას გულისხმობს. რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გამოვლენის - რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში რწმენის თავისუფლება არარეალური და არარეალიზებადი იქნება“. რწმენის თავისუფლების ძირითადი უფლების სამართლებრივი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ცალკეულ შემთხვევაში, მას სიცოცხლის უფლების მიმართაც კი ენიჭება უპირატესობა. როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რწმენის მოთხოვნის არსი და დასაბუთება თავისუფლების ძირითადი უფლების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვერ აიძულებს განსაზღვრული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს სისხლის გადასხმას მაშინაც კი, როდესაც ამგვარი სამედიცინო ჩარევა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ, უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს. მოსარჩელეთათვის უდავოა, რომ თუ სახელმწიფო რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე ადამიანს სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელ მკურნალობაზე უარის თქმის საშუალებას აძლევს, მას მით უმეტეს უნდა მიეცეს საშუალება, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარი თქვას ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე. რწმენის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი და არსებითი შემადგენელი ნაწილია პიროვნების თავისუფალი ნება, მისი არჩევანის თავისუფლება, რომელიც ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესის შემოღებით უხეშად შეეზღუდათ არა მხოლოდ მოსარჩელეებს, არამედ აგრეთვე საქართველოს ასი ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც არაერთგზის მიმართეს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირადობის მოწმობისა და პასპორტის ალტერნატიული ფორმის დაკანონების მოთხოვნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი რწმენის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად აცხადებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი „გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს“. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეთა სურვილი, უარი თქვან ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის აღებაზე არ ლახავს სხვათა უფლებებს, მოცემულ შემთხვევაში, რწმენის თავისუფლების ძირითადი უფლების შეზღუდვა მოკლებულია თუნდაც ფორმალურ კონსტიტუციურ საფუძველს. ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესის პირობებში, პირი იძულებულია ან საკუთარი რწმენისა და სინდისის არჩევანის საწინააღმდეგოდ იცხოვროს ან სოციალური ცხოვრებიდან სრულ იზოლაციას დაექვემდებაროს, რაც უხეშად ხელყოფს ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, უნდა გაუქმდეს ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესი და დაშვებულ უნდა იქნეს ალტერნატიული დოკუმენტების აღების შესაძლებლობა, რაც არაერთი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობითაა უზრუნველყოფილი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი, სულაც უარი თქვეს ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებაზე, რასაც ID-ბარათების მიმართ მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ ძირითად უფლებათა შეზღუდვის გაზრდილი რისკის გაცნობიერება დაედო საფუძვლად. დიდ ბრიტანეთში ტონი ბლერის მთავრობის გადაწყვეტილება ID-ბარათების შემოღების თაობაზე ჯერ გორდონ ბრაუნის მთავრობამ შეარბილა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ალტერნატიული ბარათების აღების შესაძლებლობა მიანიჭა, ხოლო მოგვიანებით დევიდ კემერონის მთავრობამ ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებაზე სრულად თქვა უარი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას უკვე რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია ჰქონდა ამ სფეროში განხორციელებული. იტალიაში რამდენიმე წლის წინ იქნა შემოღებული ელექტრონული პირადობის მოწმობები. თუმცა, ამ ქვეყანაში პირადობის მოწმობებს ადგილობრივი თვითმმართველობები გასცემენ და მათი თავშეკავებული პოზიციის გამო, დღემდე, მოთხოვნის არსი და დასაბუთება პრაქტიკულად, მხოლოდ მუნიციპალიტეტების მცირე ნაწილში არის დაწყებული ID-ბარათების გაცემის პროცესი. აშშ-ში გადაწყვეტილება ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების თაობაზე 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ, კონტროლის მექანიზმის გასაძლიერებლად იქნა მიღებული და ამ გადაწყვეტილების ამოქმედების ვადად 2008 წელი განისაზღვრა. თუმცა, შტატების წინააღმდეგობის გამო, აღნიშნულმა ვადამ ჯერ 2013 წლამდე, ხოლო მოგვიანებით - 2017 წლამდე გადაიწია. დღევანდელი მდგომარეობით, ელექტრონული პირადობის მოწმობების ცენტრალიზებული სისტემის წინააღმდეგ 29 შტატი გამოდის. საზღვარგარეთულ პრაქტიკაზე მსჯელობისას, შეგვიძლია გამოვიტანოთ საერთო დასკვნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების ხელისუფლებები და საზოგადოებები ავლენენ საკმაოდ ფრთხილ დამოკიდებულებას ელექტრონული პირადობის მოწმობების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის, მათ შორის მოსარჩელეების ნეგატიური დამოკიდებულება ID-ბარათების მიმართ რაციონალურ საფუძველს ემყარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესის გაუქმება არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში იქნა შეთანხმებული, არ მოითხოვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დატვირთვას ბიომეტრული მონაცემებით. შესაბამისად, eMRTD-ფორმატში დამზადებული დოკუმენტების MRTD-ფორმატში ბიომეტრული მონაცემების შემცველობის გარეშე დამზადებული დოკუმენტებით ჩანაცვლების პირობებში (MRTD-ფორმატში დამზადებული ბიომეტრიული მონაცემების არშემცველი პირადობის მოწმობა ვიზუალურად გამოიყურება როგორც ელექტრონული პირადობის მოწმობა; მიუხედავად იმისა, რომ იგი არ შეიცავს რედაქტირების ფუნქციას, დოკუმენტი „წაკითხვადია“, ანუ გადამოწმებადია შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების მქონე აპარატურით), უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს შეუფერხებელი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესი არათანაზომიერად ზღუდავს და ლახავს მოსარჩელეების ლია ჯანაშვილისა და ხათუნა საგინაშვილის საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19, მე-20, 22-ე და 41-ე მუხლებით უზრუნველყოფილ ყოველგვარი დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების, ადამიანის ღირსების, რწმენის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, მიმოსვლის თავისუფლებისა და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის დაცვის ძირითად უფლებებს. საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიცირება საქართველოს სახელმწიფოს საკმარისად წარმატებით შეუძლია განახორციელოს არაელექტრონული პირადობის მოწმობებითა და ბიომეტრიული შემცველობის არმქონე პასპორტებითაც, ხოლო სახელმწიფოს დეკლარირებული სურვილი, საქართველოს მოქალაქეებს მიანიჭოს საზოგადოებრივი თუ კერძო მომსახურებებით მარტივად სარგებლობის შესაძლებლობა, ვერ განიხილება მათი ძირითადი უფლებების შეზღუდვის თანაზომიერ საფუძვლად. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მეორე წინადადების, მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების და საქართველოს მოთხოვნის არსი და დასაბუთება იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანების 25-ე, 38-ე და 58-ე მუხლების ძალადაკარგულად გამოცხადებას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა