საქართველოს მოქალაქეები – ლია ჯანაშვილი და ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/610 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 11 მარტი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ლია ჯანაშვილი და ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მეორე წინადადების და ამავე კანონის 203 მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების, აგრეთვე, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე, 38-ე და 58-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 22-ე მუხლთან და 41-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№610) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ლია ჯანაშვილმა და ხათუნა საგინაშვილმა. №610 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2014 წლის 24 სექტემბერს.
2. №610 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 11 მარტს.
3. №610 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლი.
4. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელია, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამავე კანონის 203 მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი შეიძლება გაიცეს, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო, შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანების 25-ე მუხლით განისაზღვრება შემთხვევები, როდესაც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს აქვს უფლებამოსილება, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გასცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. იმავე ბრძანების 38-ე მუხლით დადგენილია პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები და გაცემის წესი. აღნიშნული ბრძანების 58-ე მუხლი არის გარდამავალი დებულება და განსაზღვრავს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის იმ ტერიტორიული სამსახურების მიერ გაცემის წესს, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებულია ადამიანის პატივის და ღირსების უფლება. მე-19 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. 22-ე მუხლით აღიარებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2014 წელს მოსარჩელე ლია ჯანაშვილს ამოეწურა პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, აეღო პირადობის ელექტრონული მოწმობა. პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ მოსარჩელემ გააცნობიერა მისგან მომდინარე საფრთხეები და 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა განცხადებით პირადობის ელექტრონული მოწმობის გაუქმების და აღნიშნულის ნაცვლად, სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე. მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, იგი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული რიგი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ხათუნა საგინაშვილის კუთვნილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა იწურება 2017 წელს, რის შემდეგაც იგი აღმოჩნდება ანალოგიური პრობლემის წინაშე.
7. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პირადობის ელექტრონული მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესის განმსაზღვრელ ნორმებს, რომელთა თანახმად, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის, ხოლო პასპორტი - ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაიცემა გამონაკლის შემთხვევებში, გარკვეული წინა პირობების არსებობისას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, დადგენილია პირადობის ელექტრონული მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის არსებითად უალტერნატივო წესი, რაც გამორიცხავს ინდივიდის მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ამასთანავე, აღნიშნული დოკუმენტების გარეშე შეუძლებელია, პირი იყოს არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირადობის ელექტრონული მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის უალტერნატივო წესი განაპირობებს მოსარჩელეთა დისკრიმინაციას მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ზღუდავს მის შესაძლებლობას, გამოვიდეს იმ სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილედ, რომელთა დასამყარებლად პირადობის მოწმობის ფლობა უპირობოდ არის აუცილებელი და, შესაბამისად, სახეზეა ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში.
10. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებულ ადამიანის პატივის და ღირსების უფლებას. კერძოდ, მოსარჩელე მხარის აზრით, წარმოიშობა საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დამყარების საფრთხე, რაც ლახავს უზენაეს ადამიანურ ღირებულებას - ადამიანის ღირსებას. პირადობის ელექტრონული მოწმობების დანერგვის შემდეგ ინდივიდის მონაწილეობა სამართლებრივ თუ სოციალურ ურთიერთობებში სრულად მასზე ხდება დამოკიდებული, რის გამოც, ადამიანი შესაძლოა იქცეს სისტემის მართვაზე უფლებამოსილი სუბიექტის მხრიდან მანიპულირების ობიექტად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებაში.
11. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს გარკვეული რელიგიური მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინებითაც მოსარჩელეებს არ სურთ პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის აღება. კერძოდ, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა შეიცავს ქრისტიანული რელიგიის საწინააღმდეგო სიმბოლიკას და უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ.
12. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესის პირობებში, პირი იძულებულია იცხოვროს საკუთარი რწმენისა და სინდისის საწინააღმდეგოდ ან სრულიად იზოლირებული იყოს სოციალური ცხოვრებიდან. რწმენის თავისუფლებით კი დაცულია არა მხოლოდ პიროვნების შინაგანი რწმენა, არამედ მისი გამოვლენა და რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები აღნიშავენ, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის უალტერნატივო წესი არღვევს მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით.
13. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ნებისმიერი პირი დაინტერესებულია, ინფორმაცია მის შესახებ სახელმწიფოსთვის თუ სხვა სუბიექტებისთვის ცნობილი გახდეს მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მისთვის არის სუბიექტურად მისაღები. საქართველოს მოქალაქეთა მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობით და ბიომეტრიული პასპორტით სარგებლობის შედეგად კი, სახელმწიფოსათვის ხელმისაწვდომი ხდება ადამიანის საქმიანობის შესახებ დიდი მოცულობის ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია ფინანსური ტრანზაქციების, ქონებრივი მდგომარეობის, გადაადგილების მარშრუტის შესახებ. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ არსებული უსაფრთხოების სისტემა ვერ უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობის ცენტრალიზებული სისტემის აბსოლუტურ დაცვას. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში აღნიშნულ დოკუმენტებზე არსებულ მონაცემებზე არსებობს გარეშე პირთა წვდომის შესაძლებლობა და იზრდება რიგით მოქალაქეთა პირადობის ელექტრონული მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე არსებული მონაცემების შეცვლის ან წაშლის საფრთხე დანაშაულებრივი განზრახვის მქონე პირთა მხრიდან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ და 41-ე მუხლის მეორე პუნქტებს, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმთავრეს გარანტს წარმოადგენენ.
14. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის არქონის პირობებში, შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიის დატოვება საქმიანი თუ ტურისტული მიზნით, რითაც იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით უზრუნველყოფილი მიმოსვლის თავისუფლება.
15. მოსარჩელე მხარე იმავდროულად აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს მოქალაქეთა იდენტიფიცირება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე არსებული პირადობის მოწმობით და ბიომეტრიული შემცველობის არმქონე პასპორტით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი - საქართველოს მოქალაქეებს მიანიჭოს გარკვეული მომსახურებებით მარტივად სარგებლობის შესაძლებლობა, ვერ განიხილება მათი ძირითადი უფლებების შეზღუდვის თანაზომიერ საფუძვლად.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17 მუხლების, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 22-ე მუხლთან და 41-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
17. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
18. 2015 წლის 20 თებერვალს მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის №01/08-7), და მოითხოვა №610 კონსტიტუციური სარჩელზე საქმის შეწყვეტა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა - ლია ჯანაშვილმა და ხათუნა საგინაშვილმა 2015 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვეს სასარჩელო მოთხოვნაზე.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლია ჯანაშვილი და ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №610) უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №610 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქეები - ლია ჯანაშვილი და ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი