შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 611 |
ავტორ(ებ)ი | შპს „მადაი”, შპს “პალიასტომი 2004” |
თარიღი | 24 სექტემბერი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს შპს ,,მადაი." ამ უკანასკნელს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 28 სექტემბრის #13/458 ბრძანებით დაუდგინდა შავ ზღვაში სანაპირო ზოლიდან არაუმცირეს 300 მეტრის დაშორებით 2012-2013 წლებისათვის სამრეწველო თევზჭერის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით (თევზით) სარგებლობის შემდეგი კვოტა: ა) ქაფშია - 15 000 ტონა ბ) სტავრიდა - 375 ტონა გ) მერლინგი - 200 ტონა; დ) ხონთქრა- 200 ტონა; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 სექტემბრის #329 ბრძანებით (ბრძანების ასლი იხილეთ დანართში) შპს ,,პალიასტომი 2004-ს"დაუდგინდა შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან არაუმცირეს 300 მეტრის დაშორებით 2013-2014 წლებისათვის სამრეწველო თევზჭერის მიზნით თევზით სარგებლობის კვოტა თევზის შესაბამისი სახეობის წონის მიხედვით. სადავო ნორმის შესაბამისად, შპს ,,მადაის" მიერ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა იანგარიშება კვოტით განსაზღვრული მოსაპოვებელი თევზის სრული ოდენობიდან და არა ფაქტობრივად მოპოვებული თევზის ოდენობიდან. სადავო ნორმით 2013 წლის 15 ივლისამდე ,,მადაი" ვალდებული იყო ქაფშია მოპოვებისათვის გადაეხადა 375 000 ლარი (კვოტით განსაზღვრული მოსაპოვებელი ქაფშიას ოდენობა - 15 000 ტონა მრავლდება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დართულ ცხრილში XII ჯგუფში მოცემულ ერთ ტონამდე ქაფშიას ღირებულებაზე, რაც არის 25 ლარი). 2013 წლის 15 ივლისამდე, ,,მადაიას" რომ ვერ მოეპოვებინა კვოტით განსაზღვრული ქაფშიას მაქსიმუმი 15 000 ტონა, მაგრამ მოეპოვებინა, მაგალითად 13 000 ტონა, სადავო ნორმით, ,,მადაი" მაინც ვალდებულია გადაიხადოს 375 000 ლარი და არა მაგალითად, 325 000 ლარი (ფაქტობრივად მოპოვებული 13 000 გამრავლებული 25). მეორე სადავო ნორმა ადგენს რეგულირების გადასახადს იმავე პრინციპზე დაყრდნობით. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს #1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,მადაიმ" 2013 წლის 31 იანვარსა და 31 ივლისამდე უნდა გადაიხადოს 225 000 -225 000 ლარი (რაც არის ,,მადაისათვის კვოტით განსაზღვრული 15 000 ტონისა ნამრავლი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს #1 ბრძანების #1 დანართში მოცემულ ცხრილში 1 ტონა ქაფშიისათვის განსაზღვრულ რეგულირების საფასურთან - 15 ლართან). საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო ამჟამად ლიკვიდირებულია. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა. აღნიშნულ ჩანაწერში იგულისხმება არა მხოლოდ ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომელმაც აქტი გამოსცა, არამედ ისიც, რომელსაც აქტის გამომცემი თანამდებობის პირის/ორგანოს გაუქმების შემდეგ მიენიჭა აღნიშნული აქტის გამოცემის უფლება. ასეთ ორგანოს კი წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 10 მაისის #27 ბრძანების მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს თევზჭერის ლიცენზიას. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის #27 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს, ეს ნორმა აძლევს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს ცვლილებები შეიტანოს სადავო ნორმაში ან გააუქმოს აღნიშნული სადავო ნორმატიული აქტი. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამგვარად არ განმარტავს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტს, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ ანალოგიით უნდა გამოიყენოს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ვინ უნდა იყოს უფლებამონაცვლე ორგანო: საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა თუ ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანო. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (იხილეთ დანართი) დგინდება, რომ მურმან ხარაბაძე არის შპს. ,,მადაიას" დირექტორი. ,,მადაის" წესდების (იხილეთ დანართი) მე-10.2 მუხლის თანახმად, დირექტორს ენიჭება საზოგადოების სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. დირექტორი წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთან) ნებისმიერ კანონით დადგენილ ურთიერთობაში. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (იხილეთ დანართი) ირკვევა, რომ შპს ,,პალიასტომი 2004"-ის დირექტორია გურამ დოლბაია არის საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. შპს. ,,პალიასტომი 2004"-ის წესდების მე-13.5 მუხლის თანახმად, დირექტორს ენიჭება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ეს ჩანაწერი ანიჭებს გურამ დოლბაიას შპს ,,პალიასტომი 2004"-ის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოშიც. იმის გამო, რომ სადავო ნორმა ავალდებულებს მეწარმეს მოსაკრებელი და რეგულირების საფასური გადაიხადოს არა ფაქტობრივად მოპოვებული, არამედ კვოტით განსაზღვრული მოსაპოვებელი თევზის ოდენობის მიხედვით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, ასევე 30-ე მუხლის მეორე პუნქტს. ამგვარად, მოსარჩელე არის ის პირი, რომელსაც ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სადავო ნორმებმა უშუალოდ დაურღვიეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ,,მადაიმ" 2013 წლის 15 ივლისამდე გადაიხადა 375 000 ლარი მოსაკრებელი, ხოლო ამავე წლის 31 იანვარსა და 31 ივლისს 225 000-225 00 ლარი. შესაბამისად, დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
აღნიშნულ საქმეში სადავო ნორმას წარმოადგენს ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვები: ,,თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით.“ სადავო ნორმით, შავ ზღვაში თევზჭერაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა გადაიხადოს მოსაკრებელი მოსაპოვებელი და არა ფაქტობრივად მოპოვებული თეზჭერის რესურსის სრული ოდენობით. მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისათვის არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება აითვისა თუ არა სრულად ლიცენზიის მფლობელმა თევჭერის ყოველწლიურ კვოტაში თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტი სრულად. ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად, მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ მათთვის ... სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივ მოსაკრებელს წარმოადგენს სალიცენზიო მოსაკრებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ფლობს შავ ზღვაში კვოტით განსაღვრული პროცენტის ფარგლებში თევზის ჭერის ლიცენზიას. ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი აწესებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ეს ოდენობა განისაზღვრება, მათ შორის სახელმწიფოს მოსალოდნელი შემოსავლების გათვალისწინებით. იმის გამო, რომ სახელმწიფო უშუალოდ არ არის ჩაბმული თევზჭერის შედეგად შემოსავლების მიღებაში, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს მიერ მისაღები ეკონომიკური სარგებელი მიბმულია თევზჭერაზე ლიცენზიის მფლობელის მიერ მისაღებ მოგებასთან. შესაბამისად, სადავო ნორმით დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს ლიცენზიის მფლობელის მიერ მიღებულ ფაქტობრივ სარგებელთან მიმართებაში. ამ სარჩელით დავის საგანს ასევე წარმოადგენს ,,რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს #1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი, სადაც აღნიშნულია: ,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას, რეგულირების საფასური გადაიხდება შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშია) - სარგებლობისათვის - თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარწილად წელიწადში ორჯერ, კერძოდ, არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გლეშოუს საქმეში განაცხადა: ,,დასაბეგრი შემოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს უდავო გამდიდრებას და როდესაც აღნიშნულ შენაძენზე გადამხდელს აქვს სრული კონტროლის შესაძლებლობა. სახელმწიფოს უფლებამოსილება - განახორციელოს დასაბეგრი ღონისძიება, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია უფლებამოსილი პირის მიერ საკუთრების საგნის რაოდენობის ზრდასთან. თუნდაც კანონმდებლი ვარაუდობდეს, რომ პირმა შემოსავალი მიიღო, დაბეგვრა არაკონსტიტუციური იქნება, თუკი ... სუბიექტის საკუთრებას არაფერი ემატება." თუკი გადასახადის გადამხდელის საკუთრება საერთოდ არ იზრდება ან იზრდება, მაგრამ არა იმ მოცულობით, რასაც კანონმდებელი ვარაუდობს, ასეთი დაბეგვრა არ არის გამართლებული.. როდესაც მოსაკრებლის გადახდის მომენტისათვის არ შეცვლილა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებული პირის მდგომარეობა ან არ განუცდია იმ გადასახდელის ოდენობის პროპორციული ზრდა, რისი გადახდაც მოეთხოვება კანონმდებლობით, მოსაკრებლის დაკისრება იქნება საკუთრებისა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების უფლების არაპროპორციული შეზღუდვა. შესაძლოა, გადამხდელმა რაღაც ცვლილება განიცადოს, მაგრამ ეს შენაძენი შესაძლოა, არ იყოს იმ თანხის ოდენობის, რითაც სუბიექტი იბეგრება. ამიტომ სუბიექტის ამგვარი დაბეგვრა იქნება საკუთრების უფლებაში იმაზე უფრო მეტი ჩარევა, ვიდრე ეს გადასახადის ან მოსაკრებლის დასაწესებლად კანონით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად არის საჭირო. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ეიზნერი მაკომბერის წინააღმდეგ საქმეში განაცხადა: კაპიტალის კავშირი შემოსავალთან მრავალჯერ გამხდარა ეკონომისტების დისკუსიის საგანი. კაპიტალს ადარებენ ხეს და მიწას, შემოსავალს ნაყოფს და მოსავალს. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება ტერმინ ,,შემოსავლის“ ზუსტი განსაზღვრება. შემოსავალი არის ის სარგებელი რაც მომდინარეობს კაპიტალიდან ან შრომიდან, ან ორივესგან ერთად. იქვე სასამართლომ მიუთითა, რომ კაპიტალის გამოყენების მეშვეობით ხდება ქონების დაგროვება ან მისი ღირებულების ზრდა. სწორედ კაპიტალის გამოყენების გზით გაზრდილი ქონება უნდა გამხდარიყო დაბეგვრის ობიექტი და არა თავად კაპიტალი. ნათელია, რომ ხელისუფლების მიერ დადგენილი კვოტის სრული ოდენობით დაბეგვრა რეალურად არ უკავშირდება ზღვაში ფაქტობრივად დაჭერილი თევზების რაოდენობას და ლიცენზიის მფლობელის გამდიდრებას. კანონით დადგენილი კვოტა წინასწარ ადგენს ვარაუდს იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობით მდიდრდება ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, მაგრამ იმავდროულად რჩება იმის შესაძლებლობა, რომ კვოტით გათვალისწინებული სრული შემოსავალი მეწარმემ შესაძლოა საანგარიშო წელს ვერ მიიღოს. მოსაკრებელი რაც, რესურსების გამოყენებასთან არის დაკავშირებული, ტვირთს უწესებს არა რესურსების გამოყენებით მიღებულ შემოსავალს, არამედ კაპიტალს, რომელიც შემოსავლის მიღებისკენ არის მიმართული. ხელისუფლება კანონის მიღებით მიზნად ისახავდა იმას, რომ ლიცენზიის მფლობელს სათანადო საფასური გადაეხადა ბუნებრივი რესურსით მიღებული სარგებლის სანაცვლოდ. სინამდვილეში სადავო ნორმები არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსაკრებელი იქნეს გადახდილი შავ ზღვაში ფაქტობრივად მოპოვებული თევზის რაოდენობის და ღირებულების შესაბამისად. არ შეიძლება სახელმწიფომ მოსაკრებლით დაბეგროს მეწარმე, როდესაც მან შესაძლოა, საერთოდ ვერ მიიღოს ვერავითარი შემოსავალი ბუნებრივი რესურსის იგივე კაპიტალის გამოყენების შედეგად ან შემოსავლი არ იყოს მოსაკრებლით დასაბეგრი ოდენობის შესაბამისი. მოსაკრებლის გადასახდელად და შესაბამისად, ლიცენზიის შესანარჩუნებლად მეწარმეს მოუწევს, არა წმინდა მოგებიდან, არამედ კაპიტალში დაბანდებული თანხის ხარჯვა, რაც სამეწარმეო საქმინობას წამგებიანს გახდის. სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება, დაბეგროს პირი მის მიერ მიღებულ საკუთრებასთან დაკავშირებით ან აღნიშნული საკუთრების ღირებულებისა და მოცულობის ფარგლებში. შესაბამისად, სახელმწიფოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება პირის დაბრგვრა იმ ქონებასთან მიმართებაში, რომელიც პირის საკუთრებაში ჯერ არ მოქცეულა (ასეთ შემთხვევასთან გვექნება საქმე, თუკი ლიცენზიის მფლობელი შავი ზღვის რესურსის გამოყენებისას მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ გახდება ქონებრივი სიკეთის მესაკუთრე) ასევე თუკი მოსაკრებლის ღირებულება არ შეესაბამება ფაქტობრივად მოპოვებული საკუთრების ოდენობასა და ღირებულებას. საკუთრების უფლებასთან შეუსაბამობაში მოდის სახელმწიფოს მიერ დაკისრებული იმგვარი ტვირთი, რაც აცდენილია პირის მიერ მიღებულ რეალურ შემოსავალს. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეში Stratton's Independence, Ltd. v. Howbert-ში ისაუბრა იმ თავისებურებაზე, რაც დამახასიათებელია მინერალების მოპოვებასთან. ეს მსჯელობა ასევე გამოდგება ზღვაში არსებული რესურსების დაბეგვრის კონსტიტუციურობის შესაფასებლად. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების თავისებურება ნათელია. სანამ მოპოვებითი სამუშაო დაიწყება შეუიარღებელი თვალით ჩანს ხრიოკი მიწის ნაკვეთი, რომელსაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია მის სიღრმეში არსებული რესურსების გარდა. დაზვერვითი, მოპოვებითი და გადამამუშავებელი საქმიანობის შემდეგ, თუკი ის სრულყოფილად წარიმართება, წყდება საკითხი იმის თაობაზე, ღირს თუ არა მინერალების ამოღება. თეორიულად, საბადოს მთელი ღირებულება, ცნობილია მის მოპოვებამდე. ამის მიუხედავად, პრაქტიკულად და კომერციული თვალსაზრისით, რესურსის ღირებულება, რაც ფულში გამოსახება და განისაზღვრება საბაზრო ფასებით, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თავდაპირველად შესაძლოა საბადოს ღირებულება იყოს მცირე, შემდეგ ძიებისა და დამუშავების კვალდაკვალ, სწრაფად და მუდმივად გაიზარდოს. იგივე შეიძლება ითქვას ზღვაში თევზის მოპოვებაზეც. რა რაოდენობის თევზი შეიძლება მოიპოვოს და შესაბამისად, რა ოდენობის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს კომპანიამ, ამის თქმა წინასწარ ძალიან ძნელია. წლიური მოსაკრებლის ოდენობა უნდა განისაზღვრებოდეს თევზის მოპოვებისა და მისი გადამუშავების პროცესის დასრულების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რამდენად აკმაყოფილებს მოპოვებული თევზის ოდენობა ბაზრის მოთხოვნებს და ხომ არ ხდება მეწარმისათვის ამით მძიმე ტვირთის დაკისრება. თევზის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესის დაწყებამდე, სახელმწიფოსათვის უცნობი შეიძლება იყოს მოპოვებული თევზის ოდენობა, მისი საბაზრო ღირებულება. რაც სახელმწიფომ ამ დროს იცის, არის ის, რომ არსებობს წყლით დაფარული ტერიტორია, რომლის ფასეულობა განისაზღვრება მის სიღრმეში არსებული სასარგებლო ბუნებრივი რესურსით. ამ რესურსის ოდენობა და მისი საბაზრო ფასი შეიძლება იყოს ცვალებადი, ამიტომ წინასწარ შეუძლებელია მოსაკრებლის ოდენობის თევზჭერის კვოტის სრულ ოდენობასთან დაკავშირება. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ზემოხსენებულ საქმეში ასევე განაცხადა: ,,განსახილველი კანონით არ ხდება საშემოსავლო გადასახადის დაკისრება, არამედ ეს მოსაკრებელია, რითაც იბეგრება სამეწარმეო სუბიექტის სტატუსით მოქმედი პირი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისათვის. ამის მიუხედავად, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება იურიდიული პირის შემოსავლის ოდენობით..." ჰოუბერტის საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ასევე განაცხადა: ,,გამოცდილებიდან გამომდინარე, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მოსაპოვებელი საკუთრების სრული ღირებულების წინასწარ განსაზღვრა, თავისი არსით, ღრმად სპეკულაციურია. იმ საკუთრების ღირებულება, რომელსაც მოპოვებითი საქმიანობის შედეგად შეიძენს სუბიექტი, წინასწარ უცნობია. ეს რესურსები შეიძლება ძალიან ბევრი ან არაფერი არ ღირდეს... არ არის გამართლებული ამ რესურსის ღირებულება მის მოპოვებამდე ფიქსირებული, სტანდარტული ფასით იყოს შემოსაზღვრული... ბუნებრივი რესურსის მომპოვებელი კორპორაციის ნამდვილი შემოსავალი არის იმ სარგებლის რეალური ღირებულება, რაც კორპორაციის საკუთრებაში აღმოჩნდება მოპოვებითი სამუშაოს შედეგად. ბუნებრივი რესურსის ძიება ნათელს ხდის ამგვარი რესურსის ღირებულებას, რაც მანამდე უცნობია ... რაც არ უნდა იყოს ბუნებრივი რესურსის წინასწარ დაფიქსირებული ღირებულება ან მისი მოპოვების ხარჯი, არასწორია იმის თქმა, რომ საბოლოოდ ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ფასი კვოტით განსაზღვრულ სრულ ოდენობაზე მეტიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ყველა შემთხვევაში. არასწორია ის, რომ ასეთი მოსალოდნელი შედეგის დადგომა ამართლებდეს რესურსის ღირებულების სრული ოდენობის წინასწარ განსაზღვრას და ამის საფუძველზე მეწარმის დაბეგვრას. სასამართლომ უნდა მოახდინოს იმ საკანონმდებლო აქტის სწორი ინტერპრეტაცია, რომელიც გათვალისწინებულია იმისათვის, რომ გაზარდოს ხელისუფლების არსებობისათვის აუცილებელი შემოსავლები. ამის განსახორციელებლად აუცილებელია წლიური გადასახდელების დაწესება იმ კორპორაციებისათვის, რომლებიც შექმნილია მოგების მისაღებად. მოსაკრებლის რაოდენობა უნდა განისაზღვროს, კორპორაციის მის მიერ წლიურად მიღებული შემოსავლის შესაბამისად. კანონი ეხება კორპორაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან ბიზნეს საქმიანობაში და სავარაუდოდ მოქმედებენ ბიზნეს პრინციპების შესაბამისად." ჰოუბერტის საქმეში ასევე ნათქვამია: ,,რა თქმა უნდა, სადავო არ არის ის, რომ ბიზნესში შემოსავალი მოდის საკუთრების (მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივი რესურსის ლიცენზია) გამოყენების შედეგად და ეს საკუთრება დროთა განმავლობაში შეიძლება არაეფექტური გახდეს. ამის გამო გონივრული შეღავათები არის აუცილებელი საკუთრების (ლიცენზიით მისაღების სარგებლის) შესაძლო გაუფასურების გამო. საკუთრების შეფასება და მოსალოდნელი გაუფასურების რაოდენობის გამოთვლა უნდა ხდებოდეს არა უცნობი და გაუგებარი წინასწარ განსაზღვრული კვოტებით, არამედ იმით თუ რა გავლენას ახდებს ბუნებრივი რესურსის მოპოვება საბაზრო ფასებზე და იმ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ბიზნესის მენეჯმენტში. მოსაკრებლის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კორპორაციის ინტერესიც, რომელებიც შექმნილნი არიან მოგების მისაღებად და ბიზნეს საქმიანობას ეწევიან სარგებლის მიღების მიზნით." თუკი წინასწარ დადგენილი ქვოტიდან გამოყვანილი მოსაკრებლის ღირებულება არ შეესაბამება მეწარმის მიერ შავ ზღვაზე მოპოვებული თევზის საბაზრო ღირებულებას, მოსაკრებლის ოდენობა არათუ მეწარმისათვის რაიმე შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფს, არამედ, ამ მოსკრებლის წყალობით, მეწარმე კაპიტალისა და საინვესტიციო დაბანდების ხარჯებსაც ვერ გაისტუმრებს და სადავო ნორმით გათვალისწინებული საქმიანობა წამგებიანი ხდება. ამით სახეზეა საკუთრების უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი) დარღვევა, ასევე აღნიშნული ნორმა არღვევს მეწარმეობის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტით. ის, რომ სადავო ნორმებით დაწესებული არაადეკვატური მოსაკრებელი ართმევს მეწარმეს შემოსავალს, ამით სახეზეა შეჭრა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში, ხოლო იმის გამო, რომ სადავო ნორმით იმავდროულად, პირის საქმიანობა წამგებიანი ხდება და მეწარმე საინვესტიციო ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს, ამით სადავო ნორმა იჭრება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტით დაცული მეწარმეობის თავისუფლების სფეროში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 10 იანვარს გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე აირზენა საქართველოს ავიახაზები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისათვის დაწესებული რეგულირების საფასური, რისი გადახდის ვალდებულებაც ეკისრებოდათ საავიაციო კომპანიებს. სასამართლოს აზრით, რეგულირების გადასახადი ატარებდა როგორც გადასახადის, ისე მოსაკრებლის ნიშნებს. რეგულირების საფასური იანგარიშებოდა წლიური შემოსავლებიდან. აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ საფასურის შემოღებამ გაზარდა წარმოების ხარჯები, გამოიწვია ფასების ზრდა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეში სასამართლომ ასევე დაადგინა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევა (გადაწყვეტილების მე-4 პარაგრაფი). რეგულირების საფასურისა და მოსაკრებლის მიბმა კვოტით გათვალისწინებული მოსაპოვებელი თევზების სრულ ოდენობასთან, შესაძლოა, აიძულოს თევზის მწარმოებელი გაზარდოს ფასები, რაც ასევე დააზიანებს მომხმარებელთა ინტერესებსაც. ამიტომ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა იმავე პრობლემას წავაწყდეთ, რაც ,,აირზენას" საქმეში გვქონდა. ამგვარად, იმის გამო, რომ სადავო ნორმებით შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი მოსაკრებლისა და რეგულირების საფასურის ღირებულება განისაზღვრება არა ფაქტობრივად მოპოვებული თევზის რაოდენობის, არამედ წინასწარ დადგენილი კვოტის სრული პროცენტული რაოდენობის შესაბამისად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, ასევე 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა